კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ პატიმარი პროცესზე არ დაასწრო

27 აპრილი, 2010
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ აპოლონ გიორგაძის საქმე განიხილა. გიორგაძეს ბადრაგირებისას ციხის ადმინისტრაციაზე წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად. ამას ემატება ქურდული სამყაროს წევრობა, რასაც  თავად პატიმარი  უარყოფს. 2010 წლის ქუთაისის საქალაქო განაჩენის მიხედვით, აპოლონ გიორგაძეს 6 წელი (ქურდული სამყაროს წევრობისთვის) და 10 თვე (დაუმორჩილებლობისთვის) აქვს მისჯილი.

ოფიციალური ინფორმაციით, 2005 წლის 24 დეკემბერს ქუთაისის ძველი ციხიდან ახალში ბადრაგირებისას პატიმრები ციხის თანამშრომლებს არ დაემორჩილნენ. ციხის მაშინდელი ხელმძღვანელობის განცხადებით, პატიმრებს ქურდული სამყაროს წარმომადგენლებისგან მკაცრი დირექტივა ჰქონდათ მიღებული. ბადრაგირების პროცესი შეფერხდა, საბოლოოდ კი, შეხლა-შემოხლითა და რამდენიმე ადამიანის ფიზიკური დაშავებით დასრულდა.

„ეს თავიდან ბოლომდე შეთითხნილი ამბავია. იმ პერიოდში ხელისუფლებას პიარი ჭირდებოდა და ეს წარმოდგენა დადგა. სინამდვილეში თვითონ ციხის ადმინიტრაციის მხრიდან იყო ზეწოლა პატიმრებზე. ან ჩემი შვილი და ან დანარჩენები როგორ მიიღებდნენ ბრძანებას ქურდებისგან, როცა საკნებიდან თავისუფლად ვერ გადაადგილდებოდნენ? ისინი იმ დღეებში (ბადრაგირებამდე) განსაკუთრებით მკაცრ რეჟიმში იყვნენ. ჩემი შვილი სასამართლოს ეხვეწებოდა, რომ მისი გამართლება მომხდარიყო. იძახდა, რომ არ იყო ამ ბუნტის მონაწილე, რომ არც ქურდული სამყაროს წევრია და ნორმალური ცხოვრება უნდა. მაგრამ ამ ქვეყანაში არავის აინტერესებს პატიმრებს და საერთოდ, ადამიანებს რა უნდათ“, - ამბობს აპოლონ გიორგაძის დედა მზია გიორგაძე.

2005 წლის 24 დეკემბერს ფაქტზე ეჭვმიტანილებს სასამართლომ განაჩენი 5 წლის დაგვიანებით, მიმდინარე წლის 8 თებერვალს გამოუტანა. გამამტყუნებელ ვერდიქტს პატიმრის საპროტესტო აქცია მოჰყვა. აპოლონ გიორგაძემ პირი და თვალები ამოიკერა.

დაცვის მხარემ განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა. ასევე, მოითხოვა პროცესს დასწრებოდა თავად პატიმარი, რომელზეც მას უარი ეთქვა. მოსამართლე მურთაზ კაპანაძის განმარტებით, აპოლონ გიორგაძეს ერთხელ უკვე აქვს მიცემული ჩვენება (პირველი ინსტანციის სასამართლოზე) და მისი პროცესზე დასწრება აუცილებლობას არ წარმოადგენდა.

იურისტთა განმარტებით, ამით სასამართლომ საპროცესო კანონი დაარღვია და მხარეს არ მისცა შესაძლებლობა სამართლიანი სასამართლოს მეშვეობით ებრძოლა საკუთარი უფლებების დასაცავად.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ნინო ანდრიაშვილის განმარტებით, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად, თითოეული მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულებისა და უტყუარობის თვალსაზრისით უნდა შეფასდეს. ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება - მათი ერთობლიობით დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის V ნაწილის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას“.   

აპოლონ გიორგაძის ადვოკატის ბელა წულაიას განმარტებით, პატიმარი თავს დამნაშავედ არ ცნობს და მიაჩნია, რომ გამოძიება არაობიექტურადაა ჩატარებული, რომ სასამართლო ვალდებული იყო დაეკითხა გიორგაძე და მისი აზრი მოესმინა.

„ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა, საქმე ზეპირი განხილვით წარემართა (რაც თავის თავში გულისხმობს ყველა იმ პრინციპის დაცვას, რასაც საპროცესო კანონი ითვალისწინებს), იგი ვალდებული იყო, საქმე სრულად ჩაეტარებინა. ეს იმ შემთხვევაში, თუ რა თქმა უნდა, მხარეები არ იშუამდგომლებდნენ საქმის შეკვეცილ განხილვაზე. სხდომების დროს დაცული უნდა ყოფილიყო შეჯიბრობითობის პრინციპი და ორივე მხარეს (როგორც ბრალდების, ისე - დაცვის) საშუალება უნდა მისცემოდა, საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად  შუამდგომლობები და მტკიცებულებები წარმოედგინა. სასამართლოს კი, განაჩენი საქმის ობიექტურად განხილვისა და მტკიცებულებათა შეკრების შემდეგ უნდა გამოეტანა,“ - ამბობს იურისტი ნინო ანდრიაშვილი.

სააპელაციო სასამართლომ აპოლონ გიორგაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი - 6 წელი (ქურდული სამყაროს წევრობისთვის) და 10 თვე (ციხის თანამშრომლების დაუმორჩილებლობისთვის) 6 თვით შეუმცირა. დაცვის მხარე თვლის, რომ იგი უდანაშაულოა და განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

ახალი ამბები