კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლუიზა მაშა: „ჰააგის სასამართლოს პროკურორის საქართველოში ვიზიტი 2010 წლის ივნისისთვის არის დაგეგმილი“

29 აპრილი, 2010
კობა ბენდელიანი, „ინტერპრესნიუსი“

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს ხელისუფლების თანამშრომლობაზე, საერთაშორისო ორგანიზაცია „კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის“ საქართველოში ჩამოსვლის მიზნებსა და ამოცანებზე „ინტერპრესნიუსი“ ამავე კოალიციის ევროპის კოორდინატორს, ლუიზა მაშას ესაუბრა.

- ქალბატონო ლუიზა, რას ითვალისწინებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით თქვენი ორგანიზაციის წინასწარი ანალიზი, ანუ ახლა რა მასალებს აანალიზებთ?

- მინდა დავაზუსტო, რომ მე წარმოვადგენ „კოალიციას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის“ - საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს 2000-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას მსოფლიოს 150 ქვეყანაში. კოალიციის მიზანია, ხელი შეუწყოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს სამართლიანობას, ეფექტურობასა და დამოუკიდებლობას.

თავად საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო არის მართლმსაჯულების საერთაშორისო ორგანო, რომელიც იურისდიქციას ახორციელებს ინდივიდებზე, ვისაც ჩადენილი აქვს გენოციდი, ომისა და/ან კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები. 

ამჟამად სასამართლო აწარმოებს 2008 წლის აგვისტოს ომის წინასწარ ანალიზს, რაც ნიშნავს, რომ სასამართლო აანალიზებს და ამოწმებს სხვადასხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციასა და მასალებს, რათა დაადგინოს, არსებობს თუ არა საკმარისი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი გამოძიების დასაწყებად.

აქვე მინდა დავაზუსტო, რომ ჩვენ, როგორც საერთაშორისო კოალიცია, არ ვიკავებთ პოზიციას კონკრეტულ საქმეებთან მიმართებაში, უნდა დაიწყოს თუ არა სასამართლომ გამოძიება.

კოალიციის თბილისში ვიზიტი მიზნად ისახავდა შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან, საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან, როგორებიც არის ევროკავშირი და ევროსაბჭო, ასევე - ქვეყნის ხელისუფლებასთან. შეხვედრების თემატიკა, ძირითადად, იყო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევები. განვიხილეთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ისევე როგორც სამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა მექანიზმების გამოყენების საკითხები.  შევხვდი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს და მედიას სასამართლოს, მისი ფუნქციისა და მანდატის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით. ჩვენი მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებისთვის ადეკვატური  და სწორი ინფორმაციის მიწოდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ.

- 2008 წლის ომთან დაკავშირებით თანამშრომლობს თუ არა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს ხელისუფლება?

- საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და მისი პირველი მოადგილის ჰააგაში ვიზიტის შემდეგ სასამართლომ ოფიციალურად გაავრცელა განცხადება, რომ სასამართლოს პროკურორი მიესალმება თანამშრომლობას საქართველოს მთავრობის მხრიდან. კოალიციაც, ასევე, მიესალმება ამ თანამშრომლობას; გვინდა, ხაზი გავუსვათ საქართველოს მიერ სასამართლოსთვის საჭირო მხარდაჭერის გამოხატვის მნიშვნელობას მომავალშიც, კონკრეტულად კი - სასამართლოს პროკურორის ვიზიტის დროს საქართველოში, რომელიც 2010 წლის ივნისისთვის არის დაგეგმილი.

- თქვენი შეფასებით, რამდენად სრულყოფილად გამოიძია ქართულმა მხარემ 2008 წლის ომთან დაკავშირებული საქმე?

- გამოძიება ეროვნულ დონეზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამიტომ სრულყოფილი შეფასების გაკეთება ამ ეტაპზე რთულია. ომის დანაშაულებისა და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულების გამოძიება კომპლექსური საკითხია და მოითხოვს სპეციფიურ ცოდნას, გამოცდილებას, მათ შორის - სამხილების შეგროვების, მოწმეთა ინტერვიუებისა და საქმის მასალების მომზადებაში. მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ სამართლის აღსრულებას სჭირდება დრო, მსხვერპლს არ უნდა მოუხდეს დიდხანს ლოდინი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფა, რომ მსხვერპლი და ომის დროს ჩადენილი საშინელებების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ადამიანები ინფორმირებული იყვნენ ეროვნულ დონეზე მიმდინარე ქმედებების შესახებ, რომლებიც მიმართულია მძიმე დანაშაულების ჩამდენთა დასჯისკენ. მართლმსაჯულება ხილვადი უნდა იყოს მსხვერპლთათვის და მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავიანთი შეხედულებები რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე წარუდგინონ გამოძიებას.

- შეიძლება ითქვას, რომ სისხლის სასამრთლის საერთაშორისო სასამართლოს ომთან დაკავშირებული საქმის გამოძიების დაწყება შეუძლია?

_ დიახ. სასამართლოს აქვს იურისდიქცია ომის დანაშაულებზე და/ან დანაშაულებზე კაცობრიობის წინააღმდეგ, რომლებიც შესაძლებელია, ჩადენილი იყოს საქართველოს ტერიტორიაზე აგვისტოს ომის დროს. წინასწარი ანალიზი, რომელიც მიმდინარეობს სწორედ იმას ადასტურებს, რომ სასამართლოს აქვს იურისდიქცია. თუმცა, ზოგადად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ფუნქციონირების სპეციფიკა ისეთია, რომ იგი მხოლოდ მაშინ დაიწყებს საქმის გამოძიებას, თუკი თავად სახელმწიფო არ გაასამართლებს დამნაშავეებს. შესაბამისად, თავისი წინასწარი ანალიზისას სასამართლოს პროკურორის ოფისი, ასევე, აწარმოებს საქართველოში ეროვნულ დონეზე მიმდინარე გამოძიების მონიტორინგს.

- რამდენად სავარაუდოა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ თავად დაიწყოს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული საქმის გამოძიება? თუ ამგვარი ალბათობა რეალურია, ვინ მიმართავს სასამართლოს საქმის აღძვრის წინადადებით - რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფო, გაერო-ს უშიშროების საბჭო თუ  - სასამართლოს პროკურორი?

- ეს დამოკიდებულია, სასამართლოს პროკურორს სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულების ჩადენის დამადასტურებელი რა სახის და რა რაოდენობის მასალები ექნება ხელთ. თუ ჩადენილ დანაშაულებს მისი ოფისი შესაბამისი სიმძიმის მქონედ მიიჩნევს, გამოძიება დაიწყება.

არსებობს სამი გზა, რომ სასამართლომ დაიწყოს თავისი იურისდიქციის განხორციელება: საქართველო არის სასამართლოს წევრი სახელმწიფო 2003 წლიდან, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია, თავად გამოამჟღავნოს ინიციატივა და მიმართოს პროკურორს გამოძიების დაწყების წინადადებით. საქართველოს ხელისუფლებას ჯერ ეს არ გაუკეთებია; პროკურორს შეუძლია, თავისი ინიციატივით დაიწყოს გამოძიება; გაეროს უშიშროების საბჭოს შეუძლია, მიიღოს რეზოლუცია გაეროს ქარტიის მე-7 თავის თანახმად და გადასცეს საქმე განსახილველად სასამართლოს. ამ უკანასკნელი სცენარის განვითარების შანსი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ყველაზე ნაკლებსავარაუდოა.

- იმის გამო, რომ რუსეთი სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებს, რა აზრი 2008 წლის ომთან დაკავშირებული საქმის აღძვრას? 

- რუსეთი არ არის სასამართლოს წევრი სახელმწიფო. თუმცა სასამართლოს აქვს იურისდიქცია დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილია ან რომელთა ჩადენის ბრძანება გაცემულია რუსების მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე (რადგან საქართველო არის სასამართლოს წევრი სახელმწიფო). ეს არის ტერიტორიული იურისდიქციის პრინციპი. თუკ პროკურორი გადაწყვეტს, დაიწყოს გამოძიება, მაშინ იგი გამოიკვლევს შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე ნებისმიერი მხარის, მათ შორის რუსეთის მიერ ომისა და კაცობრიობის წინააღდმეგ მიმართული დანაშაულების ჩადენის შესაძლო ფაქტებს.

* * *
ცნობისთვის: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2002 წელს შეიქმნა. იგი პირველი დამოუკიდებელი, მუდმივმოქმედი საერთაშორისო ორგანოა, რომელიც იძიებს გენოციდს, ომის დანაშაულს, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების, აგრესიის ფაქტებს და ამ დანაშაულებისთვის კონკრეტულ ინდივიდებს ასამართლებს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო რომის სტატუტის საფუძველზე შეიქმნა. დღეისთვის რომის სტატუტის რატიფიცირება 110-მა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ (2003 წელს) მოახდინა, რითაც ამ ქვეყნებმა აღნიშნული სასამართლოს იურისდიქცია აღიარეს. ეს ქვეყნები მოიცავს მთელ სამხრეთ ამერიკას, ევროპის სახელმწიფოების უმრავლესობასა და, დაახლოებით, აფრიკის კონტინენტის ნახევარს, ასევე  - აზიის სახელმწიფოებს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო წინამორბედი ტრიბუნალებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. იგი ორიენტირებულია არ მხოლოდ დამნაშავეთა გასამართლებაზე, არამედ მსხვერპლის უფლებების აღდგენაზე, რაც, სხვა ღონისძიებებთან ერთად, მიღებული ზარალის მატერიალურ კომპენსაციასაც გულისხმობს.

ამჟამად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო განიხილავს ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებს ხუთ ქვეყანაში: კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, უგანდაში, სუდანსა და კენიაში.

სასამართლოს პროკურორის ოფისი რამდენიმე ქვეყანაში აწარმოებს წინასწარ ანალიზს ისეთ ფაქტებზე, რომლებზეც შესაძლოა, დაიწყოს გამოძიება. ეს ქვეყნებია: ავღანეთი, კოლუმბია, პალესტინა, კოტ დიუარი, გვინეა და საქართველო (რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით).

სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება შემდეგ დანაშაულებზე:  1. გენოციდი, 2 დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, 3. ომის დანაშაული. 4. აგრესიის დანაშაული.

თითოეული დანაშაულის განმარტება, გარდა აგრესიის დანაშაულისა, მოცემულია რომის სტატუტში. აგრესიის დანაშაულის განმარტებაზე სახელმწიფოები ჯერ არ შეთანხმებულან.

იურისდიქცია დროში – სასამართლო იძიებს და ასამართლებს დანაშაულებს, რომლებიც ჩადენილია 2002 წლის 1 ივლისს ან ამ თარიღის შემდეგ. ამ დღეს რომის სტატუტი ოფიციალურად შევიდა ძალაში. იმ  სახელმწიფოებთან მიმართებაში კი, რომლებიც 2002 წლის 1 ივლისის შემდეგ გახდნენ სტატუტის ხელმომწერები, სასამართლოს იურისდიქციის განხორციელება შეუძლია სტატუტის ამ სახელმწიფოს მიმართ ძალაში შესვლის შემდეგ მომხდარ დანაშაულზე.

პროკურორს საქმის აღძვრის წინადადება შეუძლია მიაწოდოს რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოს; გაერო-ს უშიშროების საბჭოს; პროკურორს ასევე საკუთარი ინიციატივით შეუძლია, დაიწყოს სიტუაციის შესწავლა მისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

სასამართლოს არ შეუძლია, მიიღოს საქმე განსახილველად თუ: ეროვნული სასამართლო იძიებს იგივე შემთხვევებს, როცა ეროვნული სასამართლო უუნაროა ან არა აქვს სურვილი, სრულყოფილად გამოიძიოს საქმე; ეროვნულმა სასამართლომ გამოიძია საქმე, მაგრამ არ აღძრა სისხლის სამართლებრივი დევნა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შიდასახელმწიფოებრივი ინსტანცია უუნაროა ან არ სურს სათანადოდ წარმართოს გამოძიება ან სისხლის სამართლებრივი დევნა; ეროვნულმა სასამართლომ უკვე გაასამართლა პირი; საქმე არ არის ისეთი მნიშვნელობის, რომ მასზე გამოძიება დაიწყოს.

ახალი ამბები