კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჰაიდი ტალიავინი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების პასუხისმგებლობა საქართველოს ეკისრება

29 აპრილი, 2010
 28 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე საქართველო-რუსეთის ომის შემსწავლელი მისიის ხელმძღვანელმა, ჰაიდი ტალიავინიმ ომის პროვოცირებაში ქართული მხარე კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. თუმცა არც რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების „სუბსტანციური და მრავალჯერადი“ დარღვევებისთვის აუვლია გვერდი. ტალიავინის გამოსვლამ სესიაზე საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. ამის შესახებ წერს გაზეთი „რეზონანსი“ მალხაზ გაგუას მიერ სტრასბურგიდან მოწოდებულ სტატიაში - „ტალიავინიმ ომის გაჩაღებაში ევროსაბჭოშიც დაგვდო ბრალი“.

სტატიის თანახმად, ყველა გამომსვლელი თავს ვალდებულად მიიჩნევდა, სიტყვა რამდენიმე ასეთივე „სუბსტანციური“ კომპლიმენტით დაეწყო შვეიცარიელი დიპლომატის მიმართ. საქებარი სიტყვები არც ქართველმა და რუსმა დეპუტატებმა დაიშურეს. თუმცა, ყოველი მათგანი იმ ასპექტებზე ამახვილებდა ყურადღებას, რაც მისთვის იყო მისაღები. ტალიავინის გამოსვლის პარალელურად ასამბლეას რუსეთ-საქართველოს ომის პოლიტიკურ შედეგებზე რეზოლუციაც უნდა განეხილა და კენჭი ეყარა, მაგრამ ორ თანამომხსენებელს - მათიას იორშსა და დევიდ უილშერს შორის არსებული არანაკლები „სუბსტანციური“ შეუთანხმებლობის გამო, საკითხი ოქტომბრისთვის გადაიდო. ამ დროისთვის კი იორში - „პროქართული“ თანამომხსენებელი, ასამბლეის წევრი უკვე აღარ იქნება.

თავისი გამოსვლის ფაქტობრივი ნაწილი ჰაიდი ტალიავინიმ, როგორც თავად უწოდა, „ყველაზე ხშირად გაჟღერებულ“ კითხვაზე პასუხით დაიწყო - ვინ მოახდინა ომის პროვოცირება? კომისიის აზრით, ეს საქართველოა, რომელმაც 7-8 აგვისტოს ღამით ცხინვალი მძიმე არტილერიით დაბომბა და სამხედრო შეტევა წამოიწყო.

„არც ერთი ახსნა-განმარტება, რაც ქართულმა მხარემ შემოგვთავაზა ომის დაწყების გასამართლებლად, დეტალური შესწავლის შემდეგ დადასტურებული არ იქნა“, - განაცხადა ევროკავშირის მიერ შექმნილი და დაფინანსებული მოვლენათა დამდგენი მისიის თავმჯდომარემ და დაუმატა: „მეტიც, არ დასტურდება ქართული მხარის მტკიცება, თითქოს 7 აგვისტომდე რეგიონში რუსეთის რეგულარული შენაერთების მნიშვნელოვან შემოჭრას ჰქონდა ადგილი“.

ამასთანავე, ტალიავინის განცხადებით, 7 აგვისტოს შეტევა „იზოლირებული“ შემთხვევა არ არის. მას წინ უსწრებდა „დაპირისპირების, ინციდენტებისა და ურთიერთობების გაუარესების თვეები და წლებიც კი, რაშიც დამნაშავე ორივე მხარეა“. მართალია, უშუალოდ ომის დაწყების პასუხისმგებლობა საქართველოს ეკისრება, თუმცა რუსეთიც დამნაშავეა საერთაშორისო კანონმდებლობის სუბსტანციურ და მრავალჯერად დარღვევებში. ამაში ტალიავინი აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობის უმრავლესობისთვის  რუსული პასპორტების დარიგებას გულისხმობს. ასევე, ღრმად შეჭრას საქართველოს ტერიტორიაზე, რაც შეუძლებელია აიხსნას საკუთარი სამშვიდობოების დაცვის მოტივით. ამასთანავე, შვეიცარიელი დიპლომატი საერთაშორისო კანონმდებლობასთან შეუთავსებელს უწოდებს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას.

„უსაფუძვლოა რუსული და სამხრეთ ოსური მხარეების მტკიცება ქართული შენაერთების მიერ ჩატარებული გენოციდზე“, - განაცხადა ტალიავინიმ და ამავე დროს, დადასტურდა ეთნიკური წმენდის ფაქტები ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ. მისივე თქმით, სერიოზული პრეტენზიებია რუსული არმიის მიმართაც, რომელმაც მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე „ვერ ან არ შეუშალა ხელი ცხინვალის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ჩადენილ მხეცობებს“.

„პრინციპში, ტალიავინის ამ გამოსვლაში ახალი არაფერი იყო მათთვის, ვინც ზედაპირულად მაინც იცნობდა კომისიის დასკვნას. შედეგად, დებატებიც, ცოტა არ იყოს, დუნედ წარიმართა. გამომსვლელთა უმრავლესობა რუსეთისგან წინა რეზოლუციების შესრულებას და ან თუნდაც „პატივისცემას“ ითხოვდა, თუმცა რამე ქმედით ნაბიჯზე, რაც შეიძლება შეუსრულებლობას ან „უპატივცემულობას“ მოჰყოლოდა, კონკრეტული არაფერი თქმულა“, - აღნიშნავს გაზეთ „რეზონანსის“ კორესპონდენტი.

„ევროსაბჭოს თანამომხსენებლების პოზიცია გაყოფილია. ამ საკითხზე ზოგადად ევროსაბჭოშიც განხეთქილებაა“, - განაცხადა ტალიავინის შემდეგ გამოსულმა მათიას იორშმა, რომელიც მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელია საქართველო-რუსეთის ომზე, ბრიტანელ დევიდ უილშერთან ერთად.

„აქ ბევრი ფიქრობს, რომ ახალ რეალობას უნდა შევეგუოთ. ჩემი აზრით, ევროპამ ახალი იალტა არ უნდა დაუშვას. მე მსუბუქი გულით ვტოვებ საბჭოს, რადგან იმედი მაქვს, ჩემი კოლეგები ამას არ შეურიგდებიან“, - აღნიშნა იორშმა.

სწორედ ამ განხეთქილების გამო წინა დღეებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ რუსეთ-საქართველოს საკითხი ვერ განიხილა. საქმე ისაა, რომ ეორშმა და უილშერმა დიამეტრალურად განსხვავებული მოხსენებები დადეს. იორშის პოზიცია ქართველი მკითხველითვის კარგად არის ნაცნობი, დევიდ უილშერი კი პირიქით, რუსეთის ხელისუფლებასთან ძალიან თბილი ურთიერთობითაა გამორჩეული.

„ეს საკითხი სესიის გახსნამდე, მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე დადგა და შემდეგ ორშაბათს ბიუროზე გავიდა, სადაც ქართული მხარის ინიციატივით მიიღეს გადაწყვეტილება, საკითხი სესიაზე არ გასულიყო და მხოლოდ ტალიავინის მოხსენებით შემოფარგლულიყვნენ. ამის მიზეზად კი ქართულმა დელეგაციამ დევიდ უილშერის მიერ მოსკოვში ცხინვალის სეპარატისტული „საელჩოს“ სტუმრობა დაასახელა, რაც მომხსენებლის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. აღსანიშნავია, რომ იორშს ვადა მაისში ეწურება და მის ადგილას მალე ახალ მომხსენებელს დანიშნავენ.

„საქართველო-რუსეთის ომის შესახებ რეზოლუციას ასამბლეა ოქტომბრის სესიაზე განიხილავს. შედეგით აშკარად კმაყოფილი ჩანდა რუსეთის დელეგაცია. მისმა ხელმძღვანელმა კონსტანტინ კოსაჩოვმა არაორაზროვნად აღნიშნა კიდეც, სიტუაცია ნელ-ნელა უმჯობესდება ჩვენს სასარგებლოდო. ასეც არის - შარშანდელი სესიებისგან განსხვავებით, აპრილში რუსეთის გარიცხვის საკითხი არათუ დღის წესრიგში არ დამდგარა, საერთოდ არც გახმიანებულა. ერთი-ორი დეპუტატი დებატებზე, უბრალოდ, მოსკოვისთვის წინა რეზოლუციების შეუსრულებლობის შეხსენებით შემოიფარგლა“, - დაასკვნის „რეზონანსის“ სტატიის ავტორი.

„ინტერპრესნიუსის“ პრესის მიმოხილვის მიხედვით

ახალი ამბები