კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაციონალური პიარი მსხვერპლით

30 აპრილი, 2010
ნატალია სარქისაშვილი, გელა მთივლიშვილი

23 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით ნაციონალური ტელეკომპანიების საინფორმაციო გამოშვებების მთავარი თემა სოფელ ველისციხეში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა იყო. დილის, დღის და საღამოს „კურიერში“, „მოამბესა“ და „ქრონიკაში“ შინაგან საქმეთა, იუსტიციის, რეგიონული განვითარების, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის მინისტრები, კახეთის გუბერნატორი, ვიცე გუბერნატორი და გურჯაანის გამგებელი ტრიალებდნენ.

„გაფრთხილებთ, სასწრაფოდ დატოვეთ სახლები!“

ველისციხეში ევაკუაცია 22 აპრილს, 21:00 საათისთვის გამოცხადდა. ხევისუბანში საპატრულო პოლიციის მანქანებიდან მოსახლეობას მოუწოდებდნენ, რომ სახლები დაუყოვნებლივ დაეტოვათ. ვისაც ტრანსპორტი ჰქონდა სოფლიდან თავად გასულიყო, ვისაც არა, მათთვის სოფლის ცენტრში მიკროავტობუსები იდგნენ.

გულიკო მამულაშვილი, სოფელ ველისციხის მკვიდრი: „რატომ უნდა დაგვეტოვებინა სახლები, მიზეზი არ უთქვამთ. მხოლოდ იმას ყვიროდნენ, რომ უსაფრთხოების მიზნით ხევისუბნის ტერიტორიიდან უნდა გავსულიყავით. რამდენიმე წუთში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის და პატრულის მანქანები ერთმანეთში აირივნენ. ხალხი ქუჩაში გამოვიდა. არავინ არაფერი ვიცოდით. ვინ საით გარბოდა, ვეღარ გაგვეგო. მანქანის გამოყვანაც კი ვერ მოვიფიქრეთ, ბავშვებს ხელი დავავლეთ და გავრბოდით. საშინელი პანიკა იყო. პატრულებს ვეკითხებოდით რა ხდებოდა, მაგრამ არავინ არაფერს ამბობდა. გვითითებდნენ, რომ სოფლის ცენტრში წავსულიყავით. რამდენიმე წუთში კულტურის სახლის წინ ადგილი აღარ იყო. ხმაურზე მარტო ხევისუბნის კი არა, სხვა უბნების მაცხოვრებლებიც გამოცვივდნენ. სოფლის ცენტრში კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი და გურჯაანის გამგებელი გიორგი ჩივიაშვილი დაგვხვდნენ. გვითხრეს, რომ ჭერმის ტბაა ადიდებული და შეიძლება წყალი ყოველ წუთს გადმოვარდეს და მდინარის პირას ყველაფერი დაანგრიოსო. ვისაც ახლობელი გვყვავდა ახლოს მდებარე სოფლებში, მიკროავტობუსებით მათთან გაგვგზავნეს, ვისაც არა კულტურის სახლში შეუშვეს“.

სოფელში იმდენად ძლიერი პანიკა იყო, რომ თელავი - თბილისის ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეფერხდა. ველისციხე მოსახლეობისგან იცლებოდა. გუბერნატორის დავალებით, სოფლის ახლოს მდებარე ბენზინგასამართი სადგურები მუშაობის სადღეღამისო რეჟიმზე გადავიდნენ.

ევაკუაციის დაწყებიდან ერთ საათში ველისციხეში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე ჩავიდა, სამინისტროს პიარსამსახურის გადამღებ ჯგუფთან ერთად. „ჩვენ არ გვაქვს უფლება თუნდაც ერთი მოქალაქე დავტოვოთ საფრთხის წინაშე. ამიტომ ვიღებთ შესაბამის ზომებს. ამ წუთში მიმდინარეობს მუშაობა. არსებობს გარკვეული რისკი. ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს ამ რისკის ქვეშ თუნდაც ერთი ადამიანი დავტოვოთ“, - ეს განცხადება ხაჩიძემ ტელეკომპანიების „პირველი არხის“, „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ კორესპონდენტებთან გააკეთა.

რამდენიმე წუთში სოფლის ცენტრი და მიმდებარე ტერიტორია შსს-ს სამაშველო სამსახურის, კახეთის პოლიციის სამხარეო და რაიონული სამმართველოების, საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებს ვეღარ იტევდა. გურჯაანის გარდა ველისციხეში იყვნენ მობილიზებულნი თელავის და ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ბრიგადებიც. ექიმები გამოძახებას ვერ აუდიოდნენ. ბევრი ადამიანი სირბილისგან და შიშისგან ქუჩაში ძირს ეგდო და ექიმები მათ მოსულიერებას ცდილობდნენ. სოფლის ცენტრში მყოფი ათასამდე ადამიანი საცხოვრებელი სახლების დატოვების აუცილებლობის მიზეზის განმარტებას ითხოვდა. „ჭერმის წყალსაცავი ადიდებულია და შეიძლება ნებისმიერ დროს გადმოვარდეს. თქვენი ევაკუაცია ამიტომაც მოხდა. ამაღამ ახლობლებთან გაათიეთ. ჩვენ ყველაფერში დაგეხმარებით, რაც გჭირდებათ“, - აცხადებდა კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი. „ვისაც მანქანა გყავთ, თვითონ გადით სოფლიდან, ვისაც არა, ჩვენ მოგეხმარებით. ყველაფერს გაგიკეთებთ“, - ეუბნებოდა მიკროავტობუსებთან რიგში მდგომ ველისციხელებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ჩივიაშვილი.

კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილი და სხვა ოფიციალური პირები კატეგორიულად უარყოფდნენ მოსახლეობაში გავრცელებულ ინფორმაციას, პანიკის შედეგად ქალბატონის გარდაცვალების შესახებ. ოფიციალური ცნობით, ევაკუაციის გამოცხადების შემდეგ ორი ადამიანი, ზაქარია ვარაზაშვილი და ტარიელ გაბელაია ინსულტით და გულის ინფარქტით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ზინა აბელაშვილი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა. ოჯახის წევრების თქმით, ქალბატონს შიშისაგან გული გაუსკდა. „რომ აცხადებდნენ, სახლები დატოვეთო, შეეშინდა. ვერ გაგვეგო რა ხდებოდა. ძალიან ღელავდა. უცებ ავად გახდა და სანამ ექიმები მივიდოდნენ, დაიღუპა“, - გვითხრა გარდაცვლილის შვილმა გივი აბელაშვილმა. მას შემდეგ რაც პანიკის შედეგად ადამიანის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა, გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ჟურნალისტებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ „ქალბატონი ავად იყო, მწვავე კოლიტი ჰქონდა და ამის შედეგად დაიღუპა. პანიკა არაფერ შუაშია“.

23:50 საათზე ველისციხეში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი შოთა ხიზანიშვილი გამოჩნდა, რომელსაც დაახლოებით 10 წუთში შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი მოყვნენ. მინისტრები, ხაჩიძის ჩათვლით, კახეთის გუბერნატორთან ერთად ველისციხის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ოთახში შეიკრიბნენ და დახურული შეხვედრა გამართეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მერაბიშვილმა, ადეიშვილმა და ტყეშელაშვილმა ველისციხე ისე დატოვეს, რომ კომენტარი არ გაუკეთებიათ. ცნობილი გახდა, რომ საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელსაც კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი უხელმძღვანელებდა.

შს მინისტრის წასვლიდან ერთ საათში ველისციხეში სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგდა. ის ღამე ხევისუბნის მაცხოვრებლების დიდმა ნაწილმა ქუჩაში გაათენა. შტაბის მონაცემებით 22 აპრილს ველისციხიდან 600-მდე ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.

23 აპრილი

დილის საინფორმაციო გამოშვებებში ტელეკომპანიებმა მოსახლეობის ევაკუაციის კადრები და გარემოს დაცვის მინისტრის კომენტარი გაავრცელეს. გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ევაკუირებული მოსახლეობის ნაწილი საცხოვრებელ სახლებს მაინც დაუბრუნდა. 23 აპრილს გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ჭერმის წყალსაცავის ადიდების მიზეზების შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, წყალსაცავში წყლის ადიდება, მეწყერის შედეგად ზედმეტი წყლის გამშვები არხის ჩანგრევამ გამოიწვია. „წყლის გადმოვარდნის შემთხვევაში სტიქია ხევისუბანს წალეკავს და ძალიან დიდი მსხვერპლია მოსალოდნელი“,- განუცხადა სიბაშვილმა ჟურნალისტებს. მისივე ინფორმაციით, ძლიერი წვიმის მიუხედავად, 23 აპრილს, დილიდან, წყალსაცავში წყლის დონის შესამცირებლად სამუშაოები დაიწყო, რომელსაც გარემოს დაცვის მინისტრი და კახეთის გუბერნატორი ადგილზე ხელმძღვანელობდნენ.

11:00 საათზე სოფელ ველისციხეში „რუსთავი 2“-ის და სხვა ტელეკომპანიების პირდაპირი ჩართვის მანქანები ჩავიდნენ და მოვლენების პირდაპირ ეთერში გაშუქება დაიწყეს. 19:30 საათზე, ველისციხეში მოსახლეობის განმეორებითი ევაკუაცია დაიწყო. შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამმართველოს უფროსის მოადგილე ფრიდონ სადუნიშვილი აცხადებდა, რომ რისკის ზონაში, კერძოდ, ხევისუბანში, სადაც 1000-მდე ოჯახი ცხოვრობს, მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, რის გამოც მათ მიეცათ გაფრთხილება მდინარე ჭერმის ხევის მიმდებარე ტერიტორია დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ. მთელი დღის და საღამოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში სამივე ნაციონალური ტელეკომპანია მოვლენებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა და ხაზგასმით, არაერთხელ აღნიშნავდნენ, რომ მთავრობის წევრები სტიქიური საშიშროების ადგილზე იყვნენ და ვითარების გამოსასწორებლად ყველაფერს აკეთებდნენ. ჟურნალისტებს კომენტარი მისცა პრემიერ - მინისტრმა ნიკა გილაურმაც. პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობის წევრები ველისციხეში იმყოფებიან და ვითარებას ადგილზე აკონტროლებენ.

24 აპრილს, დილით, ევაკუირებული მოსახლეობის ნაწილი საცხოვრებელ სახლებს ისევ დაუბრუნდა. საღამოს მოსახლეობის ევაკუაცია აღარ მოუხდენიათ. 25 აპრილს ველისციხეში შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ისევ ჩავიდა და თქვა, რომ წყალსაცავის დაზიანებული ზედმეტი წყლის გამშვების მილი, მისი გახსნის მიზნით, ტროტილით ააფეთქეს. „ამ და სხვა ღონისძიებების შედეგად, იცით, რომ დამონტაჟდა ე.წ. „სიფონის ძაბრი“, წყალსაცავში წყლის დონემ დაიწია და მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს“, - აღნიშნა შს მინისტრმა.

„მადლობა, რომ გადაგვარჩინეთ“

26 აპრილს ნაციონალური ტელეკომპანიები მთელი დღის განმავლობაში ველისციხის მაცხოვრებლების კომენტარებს ავრცელებდნენ, რომლებიც მთავრობას და ადგილობრივ ხელისუფლებას გადარჩენისთვის მხურვალე მადლობას უხდიდნენ.

„წუხანდელი ღამე მთელმა სოფელმა ჩვენ ჩვენს სახლებში გავატარეთ. ძალიან დიდი მადლობა ხელისუფლებას, მინისტრებს და განსაკუთრებით ჩვენს გუბერნიას, რომ ასე გვერდზე დაგვიდგნენ, მხარი დაგვიჭირეს. ორგანიზებული იყო ყველაფერი და დღეისათვის მდგომარეობა არის ნამდვილად სტაბილური“, - ამბობდა ველისციხის მკვიდრი ქეთი გელიტაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის აქტივისტი.

კახეთის გუბერნატორი ჭერმის წყალსაცავიდან დაახლოებით 16:00 საათისთვის დაბრუნდა, თუმცა ჟურნალისტებთან არსებული მდგომარეობის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. 18:00 საათზე ის „კურიერის“ სტუდიას ველისციხიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთო და საგანგებო მდგომარეობა გაუქმებულად გამოაცხადა. იმავე საღამოს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ჩივიაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. იგი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ 2010 წლის 30 მაისის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში, გურჯაანის რაიონში კენჭს იყრის.

27 აპრილს ველიციხეში განვითარებულ მოვლენებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. „სამაშველო სამსახურის თავგანწირული შრომის შედეგად მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება, რაც უდაოდ მისასალმებელი ფაქტია. ესენი კი ის ადამიანები არიან, ვისზეც ამბობდნენ, რომ სამაშველო სამსახურებში პარტიულ აქტივისტებს იღებენო. იქნებ ახლა მაინც მიხვდეს ყველა, რისთვის შეიქმნა სამაშველო სამსახური და იქ ადამიანებს რა კრიტერიუმებით იღებენ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ზურაბ მელიქიშვილმა.

იმავე დღეს, საღამოს, ველისციხის მოვლენებს აშშ-ში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „რუსთავი 2“-ის ეთერით გამოეხმაურა. „ამ დღეებში დიდი საფრთხე იყო, რომ დიდი სოფელი ველისციხე წყალსაცავს წაეღო. ბოლო სამი დღეა არ მძინებია. ვიცი დღედაღამე მუშაობდნენ ადგილობრივი მმართველობის ხელმძღვანელები, მინისტრები. თვალი არ მოუხუჭავთ, წკიპზე მივასწარით, რომ ევაკუაცია მოხდა. წყალსაცავიდან დაიწყო წყლის ამოტუმბვა და ვფიქრობ რომ არ ყოფილიყო ასეთი კოორდინაცია სხვადასხვა დონის ხელისუფალთა  შორის, რათქმაუნდა ვიღაცა დაიკმაყოფილებდა თავის ამბიციას, მაგრამ ველისციხელების მდგომარეობა როგორი იქნებოდა ამ შემთხვევაში? ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ დგას საფრთხეების წინაშე, მაგრამ ერთიანი გუნდის ერთად დგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ჭერემის წყალსატევის ისტორია

ჭერემის წყალსატევი მდინარე ვეტის ჭალაშია. აქ ადრე ბუნებრივი ტბა არსებობდა, რომელზეც წყალსაცავი და კაშხალი XX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში მელიორაციისა და წყალმომარაგების მიზნით გაკეთდა. წყალსატევი ნაწილობრივ მდინარე ვეტის ჩამონადენით და ნაწილობრივ მექანიკურად უნდა შევსებულიყო. წყალსატევი 10 ჰექტარზეა გაშენებული და პირვანდელი პროექტით 28 მეტრი სიღრმისაა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, წყალსატევი საირიგაციო ფუნქციას აღარ ასრულებდა. 2006 წელს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ წყალსატევის აქციების 50 % გაასხვისა და ის შპს „კაჭრეთის პროდუქტებმა“ შეიძინა.

როგორც კახეთის გუბერნატორის ადმინისრაციაში განმარტეს, წყალსატევზე არსებული საგანგაშო მდგომარეობის შესახებ მათ სწორედ აღნიშნული კომპანიის დირექტორმა აცნობა. „მისი წერილის საფუძველზე წყალსატევზე არსებული მდგომარეობა სპეციალისტებმა შეისწავლეს და დასკვნა დადეს. საგანგებო მდგომარეობა სწორედ ამ დასკვნაში მოცემული ინფორმაციის გათვალისწინებით გამოვაცხადეთ“, - აღნიშნავს გიორგი სიბაშვილი.

სპეციალისტებმა ჭერმის წყალსატევზე ზედმეტი წყლის გამშვები არხი 22 აპრილს დაათვალიერეს. „არხი ამჟამად არის მძიმე ავარიულ მდგომარეობაში. უხვი ნალექების შედეგად, ტბაში წყლის დონემ აიწია და მიაღწია ზედმეტი წყლის გადმომღვრელ არხს, საიდანაც გადავიდა და მოხდა გადამღვრელი არხის ნაწილობრივი ჩანგრევა ადვილად მრეცხ გრუნტთან ერთად, რამაც წარმოქმნა ღრმა ხევი ჩანჩქერით. ჩანჩქერი ამჟამად არის გზაზე გამავალი ხიდის ქვეშ, რომელსაც გამოცლილი აქვს ბურჯების ქვეშ ნიადაგი და იმყოფება ჩანგრევის საშიშროების წინაშე. აღსანიშნავია, რომ არსებული ჩანჩქერის სიმაღლე დაალოებით 3-4 მეტრია და ტბის ნაპირიდან დაშორებულია 10 მეტრით. პერიოდულად ხდება ფილებისა და გრუნტის ჩაშლა ამ ჩანჩქერის მიერ და უახლოვდება ტბის ნაპირს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამჟამად არ არის გამტარუნარიანი ტბის დამცლელი 500 მმ მილი და ვერ ხერხდება ტბის დაცლა. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, იქმნება ჭერმის ტბის გადმოხეთქვის საშიშროება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სოფლების ველისციხისა და მუკუზანის წალეკვა და მოსახლეობის დიდი მსხვერპლი“, - ნათქვამია ოქმში, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის თანამშრომლები, ასევე მეწარმე ს. ბარამიძე აწერენ ხელს.

წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, გივი გავარდაშვილის განმარტებით, შექმნილი სიტუაციის განსამუხტავად აუცილებელი იყო წყალსაცავში წყლის დონის დაწევა, ნებისმიერი მეთოდით, მათ შორის სიფონის გამოყენებით, ოღონდ გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, რომ წყლის დონის დაწევის სიჩქარეს არ უნდა გადაეჭარბებინა 20 სმ-ს დღე-ღამეში და ამ მიზნით უნდა განხორციელებულიყო მუდმივი მონიტორინგი. ამავე დროს აუცილებელი იყო წყალგამშვები მილის ფუნქციონირების აღდგენა.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჭერემის წყალსატევზე ასვლა ვერ მოვახერხეთ. საგანგებო მდგომარეობის დროს იქ ასვლის საშუალება საპატრულო პოლიციამ არ მოგვცა, რომელსაც ჭერემისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი ჰქონდა. წყალსატევის კადრები და იქ მიმდინარე სამუშაოები მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროს პიარსამსახურის ოპერატორს გადააღებინეს. კადრებში, რომელიც ტელეკომპანიების ეთერით გავიდა, კარგად ჩანს, რომ ჭერემის წყალსატევზე „ნივის“ მარკის ავტომანქანითაც იყვნენ ასულები, თუმცა, როგორც ჩვენთან სატელეფონო საუბარში ჭერემის მაცხოვრებლებმა აღნიშნეს, დღეს იქ ასვლა მხოლოდ სამხიდიანი მანქანით არის შესაძლებელი და ისიც საეჭვოა. „წვიმების შემდეგ გზა ისედაც ტალახდებოდა ხოლმე, მაგრამ მას შემდეგ რაც სამუშაოები დაამთავრეს და აქედან წავიდნენ, სხვადასხვა ადგილზე გზა ტრაქტორით გადათხარეს, რის გამოც მანქანების გადაადგილება შეუძლებელია“, - გვითხრეს სოფელ ჭერემის მაცხოვრებლებმა. მათივე თქმით, ჭერემის წყალსატევზე ზედმეტი წყლის გამშვები მილი თავადაც ნახეს რომ დაზიანებული იყო, თუმცა წყალსატევიდან ზედმეტი წყალი მაინც გადიოდა. „ბოლო რამდენიმე წელია წყალსატევს ყურადღებას არავინ აქცევს, ეგ მილი ეხლა კი არ დაზიანდა? დიდი ხანია ამოვსებული იყო და წყალს არ ატარებდა“, - აღნიშნეს ჭერემის მაცხოვრებლებმა.

„სოფელს საფრთხე არ ემუქრებოდა“

ჭერემის წყალსატევზე არსებული მდგომარეობა რომ საგანგაშო არ იყო, ამის შესახებ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან საუბარში ერთ-ერთმა სპეციალისტმაც განაცხადა, რომელმაც ითხოვა, მისი ვინაობა საჯაროდ არ გამჟღავნებულიყო.

„ეს წყალსატევი 28 წელია, რაც ექსპლუატაციაშია და ბოლო 20 წელია არავის მიუხედია. მსგავს ობიექტებს წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ნახვა, აღწერა, დასკვნა, შეფასება და ღონისძიებების დაგეგმვა. შესაბამისად, ასეთი სამსახური უნდა არსებობდეს. ადრე ამას ახორციელებდა მელიორაციის სამინისტრო, შემდგომ მელიორაციის ექსპლუატაციის სამსახურები, რომელიც ყველა რაიონში იყო.

- რამდენად რეალური იყო საფრთხე?

- წყალსაცავიდან სოფლამდე 22 კმ-ია. წინასწარი მონაცემებით, კაშხლის გახეთქვის შემთხვევაში, სოფელ მუკუზანის ქვედა ნაწილს და ხევისუბანს (ველისციხე) შეიძლებოდა გარკვეული პრობლემები შექმნოდა. წყალი წაიღებდა დამხმარე ნაგებობებს, რომლებიც ხევის პირზეა. იქაურები კი ამბობენ, ხევი გვივარდებაო, მაგრამ სინამდვილეში, პირიქით, ხევს თვითონ უვარდებიან. თუმცა, ადგილზე ჩასვლისთანავე გაირკვა, რომ სოფელს საფრთხე არ ემუქრებოდა.

ეს არის ქვანაყარი კაშხალი. ინტენსიური რეცხვა უფრო საშიში მიმართულებით რომ წასულიყო (რაც არ მომხდარა), არსებობდა გარკვეული საფრთხე (2-3 %-იანი ალბათობა), რომ კაშხალს ვერ გაეძლო. თუმცა, მთელი წყლის დაცლა არც ამ შემთხვევაში მოხდებოდა. შეიძლებოდა დაცლილიყო ზედაპირიდან მაქსიმუმ 6 მეტრი, ანუ ჩანჩქერის სიმაღლე. თუმცა, ესეც თანდათანობით, ნახევარ - ნახევარი მეტრი. გართულების შემთხვევაში, პროცესი ნახევარმეტრიან ჩაგდებებს გამოიწვევდა და წყალიც თანდათან, ნახევარ-ნახევარი მეტრით დაიწევდა.

დღეისათვის კაშხლის სიღრმე საპროექტო მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება და 18-19 მეტრია. დანარჩენი უკვე ამოვსებულია. მთლიანად დაცლის ალბათობა არ იყო, თუმცა 0, 0001 % აქაც არსებობს“.

ამ ინფორმაციას „საქწყალპროექტის“ დირექტორი გეიდარ ფალავანიშვილიც ადასტურებს: „ისეთი ავარია, რომელიც წყალსატევიდან მთელი წყლის დაცლას და დასახლებული პუნქტის დაზიანებას გამოიწვევდა, არ შეიძლება მომხდარიყო. რასაც თქვენ სპეციალისტი გეუბნებათ, რომლის ვინაობის ანონიმურობასაც იცავთ, აბსოლუტურად სწორია. წყალსატევზე ჩვენი თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ და მე ვიცი, რომ კაშხალი თავისი მდგომარეობით კარგ და მდგრად მდგომარეობაშია. დაზიანებული იყო მხოლოდ ზედმეტი წყლის გამშვები არხი. საერთოდ, კაშხალში შემოსული წყალი უნდა გადაიღვაროს, მაგრამ ბევრი წყალი მანდ ისედაც არ შედიოდა. ჭერმის ხევს აქვს ძალიან პატარა შენაკადი, საიდანაც წყალი შედის. დაზიანებულ ადგილზე წყალმა დაიწყო ჩარეცხვა, მაგრამ საგანგაშო მდგომარეობა არ იყო. ისეთი რაღაც რომ კაშხალი დანგრეულიყო და იქ ხალხი დამხრჩვალიყო, ასეთი საშიშროება არ იყო“.

ახალი ამბები