კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამარცხვინო პარადოქსი - სავიზო რეჟიმი საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე

3 მაისი, 2010
 მარი ოთარაშვილი

ახალგორში წასვლა უკვე ე. წ. ვიზით არის შესაძლებელი. „ვიზა“ - ვადიანი ცნობაა, რომელსაც მცხეთის რაიონის უშირშროების სამსახური გასცემს. ახალგორში წასვლის მსურველმა აქვე უნდა გაიაროს გასაუბრება. მისი  გამგზავრების საკითხი გარკვეულ ვადაში განიხილება და გადაწყვეტილების მიღებას რამდენიმე დღე  სჭირდება. მცხეთის რაიონის უშიშროების სამსახური, ფაქტობრივად, საკონსულოს ფუნქციას ითავსებს. სამსახურის უფროსი კი - კონსულის ფუნქციებით არის აღჭურვილი. ხალხურ მეტყველებაში ახალგორში გადასასვლელ ცნობას უკვე „ვიზას“ უწოდებენ.

ე. წ. ვიზის აღება, ძირითადად, იმ ადამიანებს  უწევთ, ვინც ახალგორში დარეგისტრირებულ-ჩაწერილნი არ არიან. ამ ე. წ. ვიზებს, ანუ ცნობებს თავისი ვადა აქვს. ზოგი ერთდღიანია, ზოგი - სამდღიანი, ზოგიც - ერთთვიანი. თუკი ამა თუ პიროვნებამ მცხეთის უშიშროებისგან გამგზავრების ნებართვა - „ვიზა“ მოიპოვა, ახალგორში მასში მითითებულ ვადაშივე უნდა გაემგზავროს, თორემ „ვიზა“ ვადაგასულად ჩაეთვლება და გამგზავრების უფლებაც წაერთმევა.

ახალგორის მოსახლეობა ამბობს, რომ ძალიან ხშირად მცხეთის უშიშროება გამგზავრების საკითხს უარყოფითად წყვეტს და მგზავრობის მსურველს ცნობას, ანუ „ვიზას“ საერთოდ არ აძლევს.

ვადიანი ცნობების შემოღების შესახებ თავად ახალგორის ლეგიტიმური ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ვალოდია შერმადინი გვესაუბრაება. მისი თქმით, ახალგორში შესვლის მსურველს ცნობას მცხეთის უშიშროების სამსახურში სპეციალური პროცედურის გავლის შემდეგ განსაზღვრული ვადით (ერთდღიანს, სამდღიანს თუ ერთთვიანს) იმ მგზავრებს აძლევს, ვინც ახალგორში არ არიან რეგისტრირებულები და იქ არც სახლ-კარი აქვთ.

ვალოდია შერმადინი: „ახალგორში გამგზავრებასთან დაკავშირებით რა წესიც მოქმედებდა, ძირითადად, იგივე შენარჩუნდა. ვისაც იქ სახლ-კარი და რეგისტრაცია აქვს, ასეთ პირზე რწმუნებულისგან გაიცემა ცნობა და ეს საკმარისია ქართულ პოსტზე გასატარებლად. თუკი ადამიანს ახალგორში არაფერი აქვს, მისი ვიზიტი ექვემდებარება გარკვეული სამსახურების მიერ გადამოწმებას - სად მიდის, რა მიზნით მიდის და ა.შ. გამგზავრების ცნობაში ახალგორში ყოფნის გარკვეული ვადაა მითითებული, მაგალითად - ერთთვიანი ან სამდღიანი და ა.შ. არის ერთდღიანი ცნობებიც. იმ პიროვნებებზე, რომელთა სახელზეც ახალგორში სახლი ირიცხება, მაგრამ რეგისტრაცია იქ არა აქვთ, შესაძლებელია, უვადო ცნობა გაიცეს. დანარჩენებზე – ახალგორის მცხოვრებლების ოჯახის წევრებზე, გარენათესავებზე თუ ახლობლებზე ვადიანი ცნობები გაიცემა. ისინი გადასვლა-გადმოსვლისას ვადაში შეზღუდულები იქნებიან“.

შერმადინის თქმით, ვადიანი ცნობების გაცემას და ადამიანების მიმოსვლის გაკონტროლებას გარკვეული მიზეზები აქვს: „გადაადგილება ძირითადად იმიტომ იზღუდება, რომ ჩვენ არ ვიცით, სად ვაგზავნით ადამიანს. როცა მას ნებას აძლევ, ახალგორში შევიდეს, სერიოზულ პასუხიმგებლობას იღებ მის ბედზე. თუკი არ იცნობ ადამიანს, ანუ იგი თუ იქ მცხოვრების ნათესავის ნათესავია, ვერც მის ქმედებაზე აიღებ პასუხისმგებლობას (რას იზამს იქ, ან საერთოდ რისთვის მიდის) და ვერც მის უსაფრთხოებაზე იზრუნებ. კი, იქ არაფერი ხდება ისეთი, მაგრამ დაზღევული არაფრისგან არა ვართ. გარდა ამისა, თუკი ადამიანი 10-20 წელი არ ყოფილა ახალგორში და მაინცდაიმაინც ახლა მოინდომა იქ წასვლა, ბუნებრივად ჩნდება კითხვა – რატომ მოუნდა?! ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ძირითადი მიზანია ადამიანების უსაფრთხოების დაცვა. ვისაც კარგად არ ვიცნობთ, მათთვის გარკვეული შეზღუდვები დაწესდა“.

აღნიშნულ წესის შემოღებას ზურგს უმაგრებს კანონი საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შეახებ“. მასში მითითებულია: „ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ კანონის მოქმედების ვადით ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, აგრეთვე - განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რაც გულისხმობს შეზღუდვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების, ამ კანონით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გარიგების დადებისა და ამ კანონით განსაზღვრულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით“.

კანონის მეოთხე მუხლს პირდაპირ ასე ჰქვია - „თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე“. მასში აღნიშნულია: „1. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულის გარდა, ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. 3. განსაკუთრებულ შემთხვევაში, შეიძლება, გაიცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის სპეციალური ნებართვა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის ან ჰუმანიტარულ მიზნებს“.

როგორც ჩანს, სწორედ ამ კანონის მე-3 მუხლით სარგებლობს მცხეთის უშიშროება, როცა ახალგორში წასვლის მსურველებზე ვადიან ცნობებს გასცემს. ხმამაღლა კი მოქალაქეთა უსაფრთხოებას იმიზეზებენ.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ცალსახად ამბობს, რომ ვადიანი ცნობების ანუ „ვიზების“ შემოღება რეალურად ემსახურება არა  „სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის ან ჰუმანიტარულ მიზნებს“, როგორც ეს კანონში წერია, არამედ ახალგორის ტერიტორიის მოსახლეობისგან დაცლას.

„ეს არის მოსახლეობის სრული დატერორების, დაშინების პოლიტიკა, რათა ხალხს მობეზრდეს იქ ცხოვრება. სამარცხვინო ქართულ პოლიტიკას ადასტურებს დედა-შვილის ისტორიაც, რომლებიც სამკურნალოდ მოდიოდნენ თბილისში და ქართული პოლიცია მათ აქეთ არ უშვებდა. შემდეგ მხოლოდ მღვდლის ჩარევის შემდეგ მისცეს თბილისკენ წამოსვლის ნება“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

იმავეს ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის - „კანონი ხალხისთვის“ უფროსი, იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი.

ზაქარია ქუცნაშვილი: „როგორც ჩანს, კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, მოაბეს გამგზავრების ამგვარი ნებართვები და ამის საფუძველზე გასცემენ ცნობებს. სხვა სამართლებრივი საფუძველი, რაც შეიძლება იქნას გამოყენებული საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეების გადადგილებასთან დაკავშირებულ ცნობების გაცემასთან, არ არსებობს. ხალხმა სწორედ ამ ნებართვებს დაარქვა ვიზები“.

ქუცნაშვილი დასძნეს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციულ საზღვრებზე გადაადგილება და საერთოდ ამ მიმართულებით მოძრაობა არათუ შეზღუდული, არამედ პირიქით - ნებადართული და წასახალისებელიც უნდა იყოს: „ჩვენ ბრიერები კი არ უნდა შევუქმნათ ჩვენს მოქალაქეებს თავიანთ სახლში დასაბრუნებლად, არამედ პირიქით - უნდა წავახალისოთ, რომ დარჩნენ ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს ცნობა-ნებართვები კი ბარიერს ქმნის მშონლიურ სახლში დასაბრუნებლად, რაც არათუ წაახალისებს, პირიქით, საერთოდ  დაუკარგავს ადამიანს იქ გამგზავრების სურვილს, რაც ძალიან ცუდია“.

მართლაც, საკითხავია - კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ როგორ უწყობს ხელს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, როცა კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის ელემენტარული ადამიანური ურთიერთობების აღდგენასაც კი ვერ უზრუნველყოფს? ამ თემას  humanrights.ge კიდევ არაერთხელ დაუბრუნდება.        

ახალი ამბები