კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორ ამხედრდა ძვირადღირებულ ჯიპზე პოლიციის უფროსი

4 მაისი, 2010
 შორენა ღლონტი, გურია

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს 36 288 აშშ დოლარად „ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო“ შეუძინა.

საქართველოში „ტოიოტას“ ოფიციალურმა დილერმა შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ პრეზიდენტმა ირაკლი გურჩიანმა, დამკვეთმა შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა შოთა ჭანუყვაძემ და მყიდველმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გოგუაძემ 2009 წლის 9 სექტემბერს ხელშეკრულება გააფორმეს. ხელშეკრულების თანახმად, მყიდველმა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2008 წელს გამოშვებული შავი ფერის „ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო“ 36 288 აშშ დოლარად (გადახდის დღისთვის კურსი 61 690 ლარს შეადგენდა) შეიძინა და გურიის პოლიცმეისტერს შოთა ჭანუყვაძეს გადასცა.

ხელშეკრულების ფასში არ შედის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების მოპოვების, საკუთრების უფლების გადაცემასთან დაკავშირებული, მათ შორის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოში რეგისტრაციის ხარჯები. ამ ხარჯებს მყიდველი თავის თავზე იღებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2009 წლის ბიუჯეტით, „პოლიციის სამსახური და სახელმწიფო დაცვა“ 139 593  ლარით დაფინანსდა. ამ დროს, ამავე წელს ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და უმუშევართა სოციალურ დაცვაზე ერთი თეთრიც არ იყო გათვალისწინებული. მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალურ დაცვაზე  19 800 ლარი, ხოლო უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე მთელი წლის განმავლობაში 195 766 ლარი გამოყო.

„პოლიციისთვის მანქანის ყიდვა ან პოლიციის მომსახურება არანაირად არ განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. მორალური თვალსაზრისითაც პოლიციის მომსახურება არ არის გამართლებული“, - ამბობს „კივიტას გეორგიკას“ კონსულტანტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ალექსანდრე კალანდაძე.

საინტერესოა, რა დანაშაული აქვს ჩადენილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომ პოლიციამ, თავისი მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად, ბიუჯეტიდან სოლიდური თანხის გამოყოფა დაავალდებულა?

თავის მხრივ, სამმართალდამცავები ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელს უნდა უმადლოდნენ, რადგანაც სწორედ მისი ხელმოწერით დადასტურებული 2006 წლის 24 მარტის #135 განკარგულებით გახდა დასაშვები ადგილობრივი ბიუჯეტიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მატერიალური და ტექნიკური უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა დაფინანსება.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს შსს-ს ტერიტორიული ორგანოების დამატებითი მატერიალური და ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, ეთხოვებათ ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებს „პოლიციის შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს შსს-ს ტერიტორიული ორგანოებიდან წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, ადგილობრივ ბიუჯეტში გაითვალისწინონ (მუხლებით - „სხვა საქონელი და მომსახურება“ და „კაპიტალური ხარჯები“) განსაზღვრულ ღონისძიებათა ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო სახსრები“. ამ განკარგულებას ხელს მთავრობის მაშინდელი ხელმძღვანელი ზურაბ ნოღაიდელი აწერს.

„პოლიციის შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის თანახმად, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. (11.11.2005. 2103)

„რეგიონებში ბევრი პრობლემაა და გაუმართლებელია, როცა თვითმმართველობები აფინანსებენ პოლიციის, განათლებისა და ჯანდაცვის ხარჯებს. წესით, ეს სფეროები ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდეს. ანუ აქ ხდება საბიუჯეტო პოლიტიკის დეფორმაცია. რეალურად, თვითმმართველობა საკუთარ თავზე იღებს დამატებით ფუნქციებს იმ დროს, როცა ძირითად ფუნქციებს ვერ ასრულებს. ამ დროს შემოდის საბიუჯეტო ქაოსის საკმაოდ სერიოზული პრობლემა, რასაც მძიმე მდგომარეობამდე მივყავართ. თვითმმართველობები თავიანთ ბიუჯეტებს ძალიან გვიან და შესაბამისად, ძალიან ცუდად გეგმავენ“, - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი რეზო საყევარიშვილი.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის - „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის“ ეკონომისტის ლევან ჩხაიძის თქმით, ის თანამდებობის პირები, რომელთაც ქვეყანაში სამართლისა და წესრიგის დაცვა ევალებათ, არ უნდა ჩადიოდნენ ისეთ ქმედებებს, რაც ეწინააღმდეგება გურიაში და მის მუნიციპალიტეტებში არსებულ გარემოებებს. 

„კერძოდ, ვგულისხმობ მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას. გურიაში მრავლად არიან ადამიანები, რომლებსაც დღე ისე უთენდებათ, რომ ლუკმა-პური ენატრებათ. თვითმმართველობის არსი ისაა, რომ მოსახლეობამ მათ წინაშე არსებული ლოკალური პრობლემები, მათივე არჩეული ხელისუფლების მეშვეობით მოაგვაროს. ხოლო თუ ხელისუფლება მოსახლეობის კანონიერ ინტერესებს ძალზე დაშორდება, ის ხალხისთვის მხოლოდ ტვირთს წარმოადგენს.  61 690 ლარით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში უამრავი მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდებოდა, თუნდაც - სასმელი წყლის, რაც ლანჩხუთის მოსახლეობას მრავალი წელია აწუხებს“, - გვითხრა ლევან ჩხაიძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება „პოლიციის შესახებ“ კანონის 32-ე მუხლს, ეს კანონი და მით უმეტეს, ეს მუხლი ვერავითარ შემთხვევაში ვერ დადგება „თვითმმართველობის შესახებ“ კანონზე მაღლა, რადგანაც უკანასკნელი წარმოადგენს ორგანულ კანონს, ხოლო „პოლიციის შესახებ“ კანონი გაცილებით დაბალი იერარქიის კანონია. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციით, პოლიცია განეკუთვნება სახელმწიფოს უმაღლესი ორგანოების უფლებამოსილებას – შესაბამისად, შსს რეგიონული სამმართველო უნდა დაფინანსდეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან. „მივიჩნევ, რომ ნოღაიდელმა სრულიად უპასუხისმგებლო განკარგულება გამოსცა“, - აცხადებს ჩხაიძე.

აქვს თუ არა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ფუფუნება, რომ გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს 36 288 აშშ დოლარად „ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო“ შეუძინოს? როგორც ექსპერტები ამბობენ, პოლიციისთვის მანქანის ყიდვა ან პოლიციის მომსახურება, არანაირად არ განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. თუ ასეა, რომელი კანონის საფუძველზე იხელმძღვანელა გიორგი გოგუაძემ, როცა პოლიციისთვის გამოყოფილი 135 ათასი ლარიდან 62 ათასი ავტომანქანის შეძენისთვის გადაიხადა? - ამ კითხვებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მივმართეთ.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად, შსს-ს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ვინაიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველო წარმოადგენს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება განხორციელდა ზემოაღნიშნული კანონის სრული დაცვით“, - ასეთია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის გიორგი გოგუაძის კომენტარი.

ახალი ამბები