კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აურზაური ილიას უნივერსიტეტის წინ

5 მაისი, 2010
ნინო გელაშვილი

4 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ  სიტყვის თავისუფლების დასაცავად შეკრებილი ახალგაზრდები „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“  (სმმ) ახალგაზრდულმა ფრთამ და „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა“ (მმკ) დაარბიეს.

აქცია 17:00 საათზე დაიწყო ლოზუნგებით: „მოვითხოვთ სიტყვის თავისუფლებას!“ „არა ფაშიზმს!“ მიტინგში 15-მდე კაცი მონაწილეობდა, მათ შორის: ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე, უფლებადამცველი ბექა მინდიაშვილი და კინომცოდნე თეო ხატიაშვილი. ისინი 3 მაისს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მიერ გამართულ აქციას აპროტესტებდნენ, რომელზეც ახალგაზრდა ავტორის, ერეკლე დაისაძის წიგნის „საიდუმლო სირობის“ პრეზენტაციის გამო, გიგი თევზაძის რექტორობიდან გადაყენებას და წიგნის გაყიდვიდან ამოღებას მოითხოვდნენ.

4 მაისის აქციის ორგანიზატორებიდან უმეტესობას წიგნი წაკითხული არ ჰქონდა. „ჯერ არ წამიკითხავს, დღეს შევიძინე და წავიკითხავ. არა აქვს მნიშვნელობა, რა წერია შიგნით. ოცდამეერთე საუკუნეა და ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება, რომელსაც აქ ვიცავთ“, - განაცხადა ნინია კაკაბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

თეო ხატიაშვილის თქმით, თუ საბჭოთა კავშირიდან თავის დაძვრენა გვინდოდა, იმიტომ რომ ვიღაც გვკარნახობდა, როგორ გვეცხოვრა და როგორ გვეფიქრა, არ უნდა გავაკეთოთ იგივე, ოღონდ სხვა ფასეულობების თავზე მოხვევით.

აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მომიტინგეებს ახალგაზრდების ჯგუფი ყვირილით შეურთდა:  „არაკაცები და არადამიანები ხართ თქვენ! არ გინდათ, შვილი გაგეზარდოთ?! მე მეშინია პედოფილების, ზოოფილების. ფაშისტები და ქართველების მტრები ხართ!“ - ყვიროდნენ ისინი. ცოტა ხანში ახალგაზრდებმა აქცია დატოვეს, მაგრამ მალევე უფრო მრავალრიცხოვანი შემადგენლობით დაბრუნდნენ.
 
 
გინება და სიტყვიერი დაპირისპირება თანდათან ჩხუბში გადაიზარდა. ილიას უნივერსიტეტის დაცვა სიტუაციის განმუხტვას შეეცადა. ამასობაში აქციაზე მმკ-ს წევრები მოვიდნენ, რომელთაც განახადეს, რომ წიგნის მხარდამჭერები შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს  წარსულს, აწმყოს და მომავალს, სარწმუნოებას და ადამიანობას. „ესენი არიან უღირსი, გარყვნილი ადამიანები, რომლებსაც უნდათ სიბილწე სასწავლებლებში შეიტანონ“, - იძახდნენ მმკ-ს წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეების ნაწილმა ტერიტორიის მშვიდობიანად დატოვება გადაწყვიტა, თუმცა მოწინააღმდეგები თან გაყვნენ. მათ ჟურნალისტების თვალწინ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, სიმონ ჯანაშიას და აქციის მონაწილე ახალგაზრდებს.
   
მიტინგზე მალე სამღვდელო პირები გამოჩდნენ. „ვიღაც ავადმყოფი რომ გამოჩნდება, იმას მკურნალობა უნდა და არა პროპაგანდა. „საიდუმლო სირობა დაარქვეს“. ბიჭის დედასთან და მამასთან ურთიერთობა აღწერეს. ნახეთ, რა დღეშია ხალხი, ვეღარ ვაჩერებ“,- ამბობდა ჩიტაძის წმინდა ნინოს მოძღვარი, დეკანოზი დავითი. 

18 საათისთვის აქციაზე საპატრულო პოლიცია გამოჩნდა, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსთან, გიორგი გეგეჭკორთან ერთად. სიტყვის თავისუფლების დასაცავად მისულებს მამა დავითი გაესაუბრა. მოგვიანებით მან საზოგადოებას დაშლისკენ მოუწოდა. წიგნის მოწინააღმდეგეები გიგი თევზაძის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების პირობით დაიშალნენ. აქცია დაახლოებით 20:00-ზე დასრულდა.

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, გიორგი გეგეჭკორის თქმით, სერიოზული ფიზიკური დაზიანება არავის მიუღია და არც არავინ დაუკავებიათ.

ერეკლე დეისაძის წიგნის „საიდუმლო სირობის“ პრეზენტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურულ კაფე „ლიგამუსში“ 15 აპრილს გაიმართა. კაფეში ამბობენ, რომ მათ წიგნის სულ 20 ეგზემპლარი ჰქონდათ. ამ დროისთვის კი გასაყიდი წიგნი აღარ დარჩათ. წიგნზე მოთხოვნა განსაკუთრებით 3 მაისს - წიგნის საწინააღმდეგო აქციის დროს გაიზარდა. 
     

ახალი ამბები