კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საარჩევნო კომისიებში ოპოზიციამ ადგილები „ნაციონალებზე“ გაასხვისა

5 მაისი, 2010
                                                                                                           ნინი თოფურიძე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ობიექტურად და სამართლიანად ჩატარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, საარჩევნო კომისიებში წარმოდგენილი იყოს ოპოზიცია, რასაც საარჩევნო კოდექსი უზრუნველყოფს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კოორდინატორები და humanrights.ge-ს კორესპონდენტები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან იტყობინებიან, რომ ოპოზიციის ადგილს საარჩევნო კომისიებში მასობრივად იკავებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. როგორც ირკვევა, მათ ადგილებს განსაკუთრებული და უცნაური მონდომებით, „ჩვენ თვითონ“ და „მრეწველები“ უცვლიან.

„ცაგერში არჩევნები უკვე გაყალბებულია“, - აცხადებს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ცაგერიდან კარლო  კოპალიანი. თავის დროზე იგი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი იყო, ამჟამად კი პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსი აქვს. კოპალიანი „მრეწველებსა“ და პარტიას „ჩვენ თვითონ“ საარჩევნო კომისიებში საკუთარი მანდატების „ნაციონალებისთვის“ მიყიდვაში ადანაშაულებს. თუმცა, არ აკონკრეტებს „მიყიდვა“ რა ფორმით განხორციელდა - გარკვეული თანხის საფასურად, თუ გარიგებით. დეპუტატს ეჭვები „მრეწველების“ ერთ-ერთ ლიდერთან, ზურაბ ტყემალაძესთან შეხვედრის შემდგომ გაუმძაფრდა.

„მე, როგორც ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი, ბუნებრივია, დაინტერესებული ვარ, რომ ცაგერის რაიონში არჩევნები სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდეს, ამ მიზნით, შევხვდი ზურაბ ტყემალაძეს. ვიცოდი, რომ „მრეწველებს“ არა აქვთ თავიანთი პარტიული ოფისები ცაგერში და მსურდა მათთვის დახმარება შემეთავაზებინა. შეხვედრისას ტყემალაძემ მითხრა, რომ ცაგერში არჩევნების მსვლელობას მისი მეგობარი ზურაბ ჩხეტიანი, გააკონტროლებდა. მოგეხსენებათ, ცაგერი პატარაა. მე იქ შევხვდი ზურაბ ჩხეტიანს, რომელიც მძიმედ იყო ავად. ზურაბ ტყემალაძე კი მას არც დაკავშირებია და არც არაფერზე შეთანხმებია. დარწმუნებული ვარ, „მრეწველებმა“ „ნაციონალებს“ საკუთარი ადგილები გადასცეს“, - აცხადებს კარლო კოპალიანი.

ოპოზიციური პარტიების კვოტებს ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში პრინციპული მნიშვნელობა აქვს. საარჩევნო კომისია 13 წევრისაგან შედგება. კომისიები დაკომპლექტებულია 7 პარტიის წარმომადგენლისაგან (იმ პარტიებისგან, რომლებმაც წინა არჩვენებზე 5%-იანი ბარიერი გადალახეს) და ექვსი არჩევითი წევრისგან. 7 პარტიიდან 6 ოპოზიციურია: „კონსერვატორები“, „მრეწველები,“ „ჩვენ თვითონ“, „ლეიბორიტები“, „ქრისტიან-დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“. თითო პარტია კომისიაში თითო წევრითაა წარმოდგენილი. მათ გარდა საარჩევნო კომისიების წევრები არიან: კომისიის თავჯდომარე, მოადგილე და კომისიის მდივანი. დანარჩენი სამი პიროვნება პროფესიული ნიშნითაა შერჩეული. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კომისიის მდივნის თანამდებობა ოპოზიციონერი წევრისაა და ამ თანამდებობაზე დანიშვნა, ოპოზიციურ პარტიებს შორის შიდა შეთანხმებით წყდება. ეს კიდევ ერთი საშუალებაა ოპოზიციისათვის, გააკონტროლოს არჩევნების მსვლელობა.

 კარლო კოპალიანის მტკიცებით, ცაგერის თითქმის ყველა უბანში ადგილები ორმა პარტიამ - „მრეწველებმა“ და „ჩვენ თვითონ“ წინდაწინვე გაყიდა. თუ რის სანაცვლოდ ხდება ადგილების გაყიდვა და ხომ არ თმობს საკუთარ კვოტებს ოპოზიცია გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ამას მაჟორიტარი დეპუტატი ვერ აკონკრეტებს: „რის სანაცვლოდ თმობენ ადგილებს, ჩემთვის უცნობია. ვერ გეტყვით, იღებენ თუ არა ამისათვის ფულს. არ ვიცი, რა პოლიტიკური ქვეტექსტია ყოველივე ამაში, მაგრამ თუ მათ სიებს გადახედავთ, ნახავთ რამდენი ნაციონალი ჰყავთ საარჩევნო კომისიაში შეყვანილი“.

მისივე თქმით, „მრეწველებს“ ცაგერის საოლქო საარჩევნო კომისაში ერთ–ერთ წევრად „ნაციონალის“, ცაგერის პოლიციის უფროსის ბიძაშვილი ჰყავთ სიაში. „ამ კაცის სახელი არ ვიცი, მაგრამ გვარად ლეთოდიანია. თქვენ როგორ ფიქრობთ, პოლიციის უფროსის ბიძაშვილი როგორ აღმოჩნდებოდა „მრეწველთა“ სიაში, ეს ადგილი გაყიდული რომ არ იყოს?! საქვეყნოდაა ცნობილი, რომ ყველა ძალოვან სტრუქტურას ხელისუფლება აკონტროლებს და ხელისუფლების მხარდამჭერია. ვისი ნათესავი გაბედავს ოპოზიციის სიაში მოხვედრას?! ვფიქრობ, მარტო ეს ფაქტი ყველაფერზე მეტყველებს“.

„მრეწველების“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ტყემალაძე გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კოპალიანთან მოლაპარაკებას არ უარყოფს. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა, დაიკავოს ოპოზიციის ადგილები. ტყემალაძის თქმით, მან კოპალიანს სთხოვა იმ უბნების დასახელება, სადაც მსგავს პრეცენდენტს ჰქონდა ადგილი. შეხვედრაზე „მრეწველები“  და კოპალიანი ასეთი ტიპის თანაშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„ჩვენი ლაპარაკი მხოლოდ ეს იყო. მერე არ ვიცი, საიდან დაასკვნა, რომ მის მიერ კანდიდატების დანიშვნაზე ვიყავით თანახმა. ძალიან ცდება, თუ ჰგონია, რომ ასეთი განცხადებების შემდეგ კომისიის წევრებს მივცემთ“, –  აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.

პარტია „ჩვენ თვითონის ლიდერი“ პაატა დავითაია საქართვლოში არ იმყოფება. კომენტარი კოპალიანის ბრალდებაზე ახლადშექმნილი წინასაარჩევნო ბლოკის - „ჩვენ თვითონისა“ და „ქრისტიან-დემოკრატების“ სახელით ლევან ვეფხვაძემ გააკეთა. მისი თქმით, ვინ, როგორ და სად არის დანიშნული, ამის გარკვევა მხოლოდ პაატა დავითაიას საქართველოში დაბრუნების შემდგომ იქნება შესაძლებელი.

მთელი საქართველოს მასშტაბით ამჟამად 3615 საარჩევნო უბანია. ყველა უბანზე კომისიაში წარმოდგენილ პარტიებს თავიანთი წევრი ჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ „მრეწველებს“ და პარტიას „ჩვენ თვითონ“ რაიონული ორგანიზაციები არა აქვთ, კახეთის რეგიონის საუბნო საარჩევნო კომისიებში, მდივნის თანამდებობები „ქრისტიან - დემოკრატებმა“, „მრეწველებმა“ და პაატა დავითაის პარტიამ დაინაწილეს.

„კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ცნობით, გადანაწილება ასე გამოიყურება: ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში 34  საარჩევნო უბანია, რომლებშიც „ჩვენ თვითონ“ - 10 ადამიანით არის წარმოდგენილი; „ქრისტიან-დემოკრატები“ - 7, „მრეწველები“ კი - 16-ით;  საგარეჯოში 49 საარჩევნო უბანში: „ჩვენ თვითონ“ -19, „ქრისტიან-დემოკრატებს“ - 7, მრეწველებმა კი - 12 ადგილი დაიკავეს;  გურჯაანში 51  საარჩევნო უბანში მანდატები ასე გადანაწილდა: „ჩვენ თვითონ“ - 12; „ქრისტიან-დემოკრატები“ - 7; „მრეწველები“ - 20 ადგილი; ახმეტის საარჩევნო ოლქში 29 საარჩევნო უბანია. აქედან  „ჩვენ თვითონ“ - 7 ადგილი დაიკავა; „ქრისტიან-დემოკრატებმა“ - 6; „მრეწველები“ - 5; თელავის საარჩევნო ოლქის 54  საარჩევნო უბანში: „ჩვენ თვითონ“-ს 18 ადგილი ერგო; „ქრისტიან-დემოკრატებს“ - 8; მრეწველებს კი - 9;

რატომ არ გაუჩნდათ სხვა ოპოზიციურ პარტიებს პრეტენზია საარჩევნო კომისიის მდივნის თანამდებობაზე და ფლობენ თუ არა ინფორმაციას ოპოზიციური პარტიების მხრიდან ადგილების დათმობის შესახებ – ამის გასარკვევად რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს თინა ხიდაშელს მივმართეთ.

„მრეწველებისა“ და „ჩვენ თვითონ“-ის მხრიდან ადგილების გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას არ ვაკეთებთ. ფორმალურად მაინც, მათ ოპოზიციური პარტიები ჰქვიათ. რა თქმა უნდა, პრეტენზია გაგვიჩნდა, მაგრამ, მოგეხსენებათ, მდივნის თანამდებობა პარტიებს შორის შიდა არჩევნების გზით ნაწილდება. ვინაიდან ლეიბორისტები არჩევნებში არ მონაწილეობენ, მათ  შიდა კენჭისყრასაც ბოიკოტი გამოუცხადეს, შესაბამისად ოპოზიციურ კონსულტაციებში უმრავლესობა მოიპოვეს „მრეწველებმა“, „ჩვენ თვითონ“-მა და „ქრისტიან დემოკრატებმა“. მათ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედებას „რესპუბლიკელები“ და „კონსერვატორები“ ვეღარ ვახდენთ. მათ ადგილები ერთმანეთში გადაინაწილეს და ჩვენ ამ სქემიდან ამოვარდით. ვთვლი, რომ ეს უპატიოსნო საქციელია“, – განმარტავს თინა ხიდაშელი.

ხიდაშელის ინფორმაციით, სწორედ ამ სამ პარტიას შორის გადანაწილდა მდივნის თანამდებობები სხვა რეგიონებშიც - აჭარაში, გურიასა და ლეჩხუმში. 

humanrights.ge-ს გურიის რეგიონალური კორესპონდენტის ინფორმაციით, ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიაში ოპოციზიურმა პარტიებმა  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომელი წარადგინეს. თითქმის ანალოგიური სიტუაციაა საუბნო კომისიებშიც, ოპოზიციური პარტიებიდან წარდგენილი კანდიდატები ფაქტობრივად „ნაციონალები“ არიან. უფრო მეტიც - მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობენ ( www.humanrights.ge/index.php?a=news&id=7737&lang=ge ).

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ რამდენიმე წელია, საქართველოში არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება. ორგანიზაციის თავჯდომარე ეკა სირაძე კარლო კოპალიანის განცხადებაში გამოთქმულ ეჭვებს ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს.

„დიახ, მე ინფორმირებული ვარ კოპალიანის განცხადების თაობაზე, თუმცა ამ განცხადებაში გადმოცემული ინფორმაციის არც დადასტურება და არც უარყოფა არ შემიძლია. ეს ინფორმაცია მხოლოდ ჭორის დონეზე გავრცელდა. ზოგადად, მსგავსი მოსაზრება, რომ საარჩევნო კომისიებში ოპოზიციამ ადგილები გაყიდა, პირველად გაჟღერდა. წინა არჩევნებზე მსგავსი ჭორები არ ყოფილა და ჩვენს დამკვირვებლებსაც ამდაგვარი დარღევა არ დაუფიქსირებიათ. ამიტომ ასეთ ფაქტებს მე ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ“.

რა გავლენას იქონიებს საარჩევნო კომისიებში შექმნილი სიტუაცია არჩევნების მსვლელობაზე, წარმოადგენენ თუ არა პარტიები ერთმანეთის მიმართ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელ ფაქტებს და რამდენად დაზარალდება საზოგადოება ასეთი ვითარებით, ეს არჩევნების დღეს გამოჩნდება. ამ დროს კი, შესაძლოა, შედეგები გამოუსწორებელი აღმოჩნდეს.     

ახალი ამბები