კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინასაარჩევნო „სპეცოპერაცია“ მესტიაში

5 მაისი, 2010
პაატა ლაგვილავა, გაზეთი „თავისუფალი სიტყვა“

4 მაისს ღამის 00 საათისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია, მისი მოადგილე ერეკლე ჯაფარიძე, სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა, მესტიის გამგებელი კახა კვიციანი, შსს-ს მაღალჩინოსანი ანზორ მარგიანი და სამხარეო საფინანსო პოლიციის უფროსი გიორგი შედანია თანმშრომლებთან ერთად მესტიის გამგეობას სტუმრობდნენ. გამგეობაში ძალის გამოყენებით მიიყვანეს პარტია „თავისუფლების“ მაჟორიტარი კანდიდატები: ვახტანგ და ლერი ნაკანები. ლერი ნაკანს ზეწოლის ქვეშ ხელი სპეციალურად გამზადებულ განცხადებაზე მოაწერინეს, რომლის თანახმადაც, ნაკანი უარს ამბობს თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატობაზე. ვახტანგ ნაკანისგან კი მსგავსი ხელმოწერის მიღება ვერ მოასწრეს, რადგან ამ დროს, კაბინეტში შესულმა ადგილობრივი  ოპოზიციის  წარმომადგენლებმა მისი გამოყვანა შეძლეს.

ნაკანებს კანდიდატურის მოხსნას სიის წარდგენის დღიდან სთხოვდნენ. ლერი ნაკანი ცნობილი მოკრივეა და მესტიის ამომრჩეველში ავტორიტეტით სარგებლობს.  

„მუქარა მანამდეც იყო, მაგრამ წუხელ სახლში მომივარდნენ, წამიყვანეს გამგეობაში და განცხადება დამაწერინეს. ჩემს შვილს შარშან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა პოლიციასთან და დამემუქრნენ, ხელს თუ არ მოაწერ, შენს შვილს დავიჭერთო. შემეშინდა და ხელი მოვაწერე. ეს ხელმოწერა ძალით განხორციელდა და მის ბათილად ცნობას მოვითხოვ“, - განაცხადა ლერი ნაკანმა.

პარტია „თავისუფლების“ სიის მეორე ნომერი, ვახტანგ ნაკანი ამ დროს საფინანსო პოლიციის უფროსს, გიორგი შედანიას ჰყავდა კაბინეტში შეყვანილი და ბიზნესის ჩაძირვით ემუქრებოდა, მაგრამ ამ დროს კაბინეტში ადგილობრივმა ოპოზიციამ შეძლო შეღწევა და მისი კაბინეტიდან გამოყვანა მოახერხა.

როგორც „ალიანსი საქართველოსთვის“ მესტიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და სიის პირველი ნომერი, ნელი ნავერიანი ჩვენთან საუბარში ამბობს, მესტიაში პოლიტიკური ტერორი კანდიდატების წარდგენის დღიდან დაიწყო: „წუხელ სახლში იარაღით მიუვარდა ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელი, ანზორ მარგიანი პარტია „თავისუფლების“ მაჟორიტარს, ლაშა პირველს და მუქარით განცხადებაზე ხელს აწერინებდნენ, ატყუებდნენ - თქვენი პირველი ნომერი გადადგა და შენც ხელი უნდა მოაწერო, თუ არ მოაწერ, აქ ვერ იცხოვრებ, სულს ამოგაძრობთო. ერთმანეთში რომ არ დაგვერეკა, მესტიაში რამდენიმე დღეა, შუქი გამორთულია, ტელეფონები დამჯდარი გვაქვს. წუხანდელი ღამე მეორედ მოსვლა გვეგონა: პიკაპებით და ჯიპებით ამოგვივარდნენ. უკან იარაღასხმული პოლიციელები მოყვებოდნენ, დახლოებით 40-მდე ავტომანქანა. არ ვიცით, რა მდგომარეობაა სოფლებში წარდგენილ კანდიდატებთან. ვიცით, რომ მათთანაც იყვნენ გასული, მაგრამ ტელეფონები დამჯდარია და ვერ ვურეკავთ. გოროზიამ და მარგიანმა აქ წუხელ სპეცოპერაცია ჩაატარეს“.

წუხანდელი მოვლენების ვიდეოფირზე დაფიქსირება სცადა მე-10 კლასელმა მარი ნაკანმა, რომელიც პოლიციამ შეამჩნია და ძალის გამოყენებით ვიდეოკამერა წაართვა. კამერის წართმევის დროს მარი ნაკანს მეგობარი არასრულწლოვანი  ჯემალ ჯაფარიძე გამოესარჩლა, რის შემდეგაც ჯაფარიძე პოლიციელებმა დააკავეს და მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს: „ბიჭი დაიჭირეს და მანქანაში ჩატენეს. წუხელ მთელი ღამე არ გამოჩენილა. ამ დილით მშობლებისთვის ფარული ნომრიდან დაურეკავს, კარგად ვარო. ახლა მშობლები დაწყნარდნენ. ვფიქრობ, უკვე გამოშვებული იქნება. ჯემალის მშობლები კონტაქტზე არ გამოდიან, ალბათ, დააშინეს“, - ამბობს „ალიანსის“ მესტიის ლიდერი, ნელი ნავერიანი.

4 მაისის „სპეცოპერაციის“ დროს, ლერი ნაკანის გარდა, პარტია „თავისუფლების“ კანდიდატებს - მირზა დადვანსა და ივანე გულბანს, სოფელ ცხუმარის ოპოზიციონერ კანდიდატებს - ნუგზარ არღვლიანსა და ვლადიმერ არღვლიანს კანდიდატურის მოხსნის თაობაზე განცხადებებზე მოაწერინეს ხელი.

მესტიაში 4 მაიის დილიდან არ გამოჩენილა საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი, ნათია გიგანი, რომელსაც ადგილობრივთა განცხადებით, ღამით მესტიის გამგებელმა გოჩა ჭელიძემ ტელეფონით დაურეკა და მისი არასრულწლოვანი ქალიშვილის გაუპატიურებით დაემუქრა - თუ მე გამგებლად არჩეული კვლავ არ ვიქნები და გონს თუ არ მოეგები, მესტიას ისე არ დავტოვებ, რომ არ გაგამწაროო.

მესტიის საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრის, ლეიბორისტ ალექსანდრე ხერგიანის განცხადებით, ნათია გიგანს გამგებელი დღესაც ემუქრება და ღამით ხელმოწერილი განცხადებების გატარებას თხოვს: „გიგანი ამ დრომდე საოლქოში არ გამოჩენილა. ამაღამ რა გველის, არ ვიცით. შუქს ისევ არ გვაძლევენ. გვეშინია, წუხანდელი ღამე არ განმეორდეს. სრულიად დაუცველები ვართ“.

ამ დროისათვის მესტიაში ისევ იმყოფება გუბერნატორი გოროზია, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდით. მას მესტიაში ყოფნის ფაქტი არ უარუყვია, მაგრამ  მომხდარი უარყო: „მესტიაში ხშირად ჩამოვდივარ და ეს გასაკვირი არ არის. ახლაც განაშენიანების პროექტისთვის ვარ ჩამოსული. წუხელ ამ პროექტის დეტალებს ვადგენდით. ოპოზიცია რაღაცას გაიძახის, მაგრამ ეს სიმართლეს მოკლებულია“, - განაცხადა მან სატელეფონო საუბრისას.

                   წყარო: http://tavisupalisitkva.blogspot.com/

ახალი ამბები