კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საარჩევნო უბნები - ჩამსხვრეული ფანჯრებით და დაგვიანებული სიებით

6 მაისი, 2010
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„ქუთაისი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მოუწესრიგებელი საარჩევნო უბნებით ხვდება. არჩევნების თარიღი არაოფიციალურად 6 თვის წინ გახდა ცნობილი. მიუხედავად ამისა, არაფერი გაკეთებულა და მთელი თვის განმავლობაში კომისიის წევრებს წარმოუდგენლად საშინელ პირობებში მოუწევთ მუშაობა“, - ამ განცხადებას რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ოფისი ავრცელებს.

ქუთაისის საარჩევნო უბნები ყოველთვის, ყველა არჩევნების დროს იყო განსჯის საგანი. აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრს შენიშვნები მუდმივად ჰქონდა, თუმცა - უშედეგოდ. როგორც ჩანს, გამონაკლისი არც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება.

„საარჩევნო უბნები მიტოვებულ და დავიწყებულ ობიექტებს უფრო ჰგავს, ვიდრე იმ ადგილს, სადაც მთელი ერთი თვის მანძილზე ადამიანებმა (ვგულისხმობ კომისიის წევრებს) მთელი დატვირთვით უნდა იმუშაონ. უბანზე, სადაც მე კენჭს ვიყრი, როგორც მაჟორიტარი, სამი საარჩევნო უბანია და სამივე ერთმანეთზე უარეს ვითარებაშია. 27-ე საარჩევნო უბანზე იქ არსებული მდგომარეობისა და ადამიანებისთვის მძიმე სამუშაო პირობების გამო საარჩევნო სიები სამი დღის დაგვიანებით გამოაკრეს. მანამდე იგი თავმჯდომარეს სახლში ჰქონდა. არაფერს ვამბობ, სანიტარულ მდგომარეობაზე. არ არსებობს ტუალეტი და საერთოდ, სველი წერტილი“, - აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება „ალიანსი საქართველოსთვის“ ქუთაისის ძელქვიანის მაჟორიტარული ოლქის კანდიდატი ნატო ქათამაძე.

აღნიშნულ საარჩევნო უბანზე, სადაც ადრე შპს „ხომლი“ იყო განთავსებული, კომისიის წევრები სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პირობებში იკრიბებიან. არ არის საჭირო ინვენტარი, თუ არ ჩავთვლით მაგიდას და ოთხ სკამს, რომელიც კომისიის 13 წევრისთვის საეჭვოა, რომ საკმარისი იყოს. სამაგიეროდ, ბევრია სილა, ცემენტი და სხვა სახის სამშენებლო მასალა, რომელსაც საარჩევნო უბანზე გაცილებით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ვიდრე საარჩევნო სიებს და ა. შ.

„ძალიან ცუდი პირობებია. მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა, არჩევნებს დავკვირვებოდი, ზუსტად ვიცი, რომ იქ და მსგავს უბნებზე არ მივალ. ვფიქრობ, არავინ მივა... სადაც სკამი არ არის და არც ტუალეტია, მუშაობა შეუძლებელი იქნება. მეტიც, არსებული მდგომარეობა საქმისადმი სერიოზულად ვერ განგაწყობს... თუ სხვაგან გამიშვებენ, წავალ (თუ, რა თქმა უნდა, პირობები იქნება), თუ არადა, საერთოდ უარს ვიტყვი არჩევნებს დავაკვირდე“, - აცხადებს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქუთაისში სულ 126 საარჩევნო უბანი გაიხსნა. აქედან ნორმალური სამუშაო პირობები მხოლოდ რამდენიმე ობიექტზეა. თუმცა, არის ისეთებიც, სადაც შესვლაც კი წარმოუდგენელია.

„ძალიან მძიმე ვითარებაა და სანიტარული პირობები დაცული არაა მე-17 საარჩევნო უბანზეც. ასევეა 111- ე უბანიც. ანუ, ძელქვიანის მაჟორიტარული ოლქის სამივე უბანზე ერთმანეთზე უარესი ვითარებაა. ნუთუ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის ასე ძნელი იყო ნორმალური პირობების შექმნა?“ - ამბობს ნატო ქათამაძე.

ერთ-ერთი საარჩევნო უბანი, რომელიც მის მაჟორიტარულ ოლქში შედის, დღის ნებისმიერ პერიოდში მტრედებითაა სავსე, რაც ხუმრობის საგანი უკვე გახდა.

საოლქო საარჩევნო კომისიაში კი, აცხადებენ, რომ დემოკრატიული არჩევნების ნორმალურ პირობებში ჩასატარებლად ქუთაისში ყველაფერი მზადაა და არავითარი ხელისშემშლელი მომენტები არ არსებობს.

ახალი ამბები