კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

6 მაისი ვანო მერაბიშვილმა ძალადობის დღესასწაულად აქცია

7 მაისი, 2010
 ალეკო ცქიტიშვილი

რადიკალურმა ოპოზიციამ პირობა შეასრულა - ხელისუფლების მიერ გამოცხადებული „პოლიციის დღე“ ჩაშალა. თუმცა, „ეროვნული საბჭოს“ მხარდამჭერებს ეს „გამარჯვება“ საკმაოდ ძვირად დაუჯდათ. თავგატეხილი ადამიანები საავადყოფოებში მოხვდნენ. სისხლიანი შოუ გრძელდება!

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პოლიციის დღე ყოველწლიურად 10 ნოემბერს აღინიშნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროფესიული ზეიმი ზუსტად ემთხვეოდა კომუნისტური პერიოდის საბჭოთა მილიციის დღეს, დამოუკიდებელი საქართველოს შს მაღალჩინოსნებს და რიგითებს არასოდეს ჰქონიათ უხერხულობის განცდა. და აი, სააკაშვილმა და მერაბიშვილმა  დაარღვიეს მრავალწლიანი ტრადიცია და პოლიციის დღედ არც მეტი, არც ნაკლები 6 მაისი გამოაცხადეს - გიორგობის დღესასწაული.

რელიგიურად ზედმეტად ანგაჟირებულ წრეებში ეს გადაწყვეტილება შეფასდა, როგორც „გიორგობის დღესასწაულის გაუქმება“. პოლიტიკურად დამუხტულმა საზოგადოებამ კი შარშანდელი 6 მაისი გაიხსენა, როცა თბილისის პოლიციის სამმართველოს წინ პოლიციამ ხალხს კანონით აკრძალული პლასტიკური ტყვიები დაუშინა და რამდენიმეს მომიტინგეს თვალი გამოსთხარა. ამიტომაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა ხელისუფლების გადაწყვეტილებას ცინიკური უწოდა.

6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადება პოლიციის შემადგენლობაშიც ბევრს არ მოეწონათ- არა მარტო იმიტომ, რომ პოლიციელებიც ადამიანები არიან და 6 მაისი მათთვისაც, პირველ რიგში, გიორგობის დღესასწაულია. უფრო იმიტომაც, რომ წინა დღეს ახალგაზრდული ოპოზიციური მოძრაობების წარმომადგენლებმა დაიქადნეს, რომ ვანო მერაბიშვილს ხალხის დაცინვას არ აპატიებდნენ და კახეთის გზატკეცილზე დაგეგმილ აღლუმს არ ჩაატარებინებდნენ. ეს კი უკვე ნიშნავდა, რომ პოლიცია არა დღესასწაულისთვის, არამედ არეულობისათვის და ძალადობისთვის უნდა მომზადებულიყო.

მართლაც, წლევანდელ 6 მაისსაც საქართველოში კვლავ არა გიორგობა, ან თუნდაც პოლიციის დღე, არამედ ძალადობის დღესასწაული აღინიშნა (შეიძლება ითქვას - უკვე ტრადიციული). მეორე წელიწადია, 6 მაისს ვანო მერაბიშვილის საპოლიციო მანქანა საკუთარ ხალხს ებრძვის. პოლიციის უპასუხისმგებლობას ემატება ოპოზიციის რადიკალიზმი, რაც დაძაბულობას კიდევ უფრო ზრდის.

სააკაშვილი ისევ „ნულოვანი ტოლერანტობის“ ერთგულია

ამერიკული არდადეგებიდან დაბრუნებული სააკაშვილი, ქუთაისის წინასაარჩევნო ტურნეს შემდეგ 6 მაისს დილით კახეთის გზატკეცილზე, შსს-ს შენობასთან  გამოცხადდა და პოლიციის აღლუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან პოლიციელებს არა მარტო პოლიციის დღე, არამედ გიორგობის დღესასწაულიც მიულოცა. სააკაშვილის თქმით, წმინდა გიორგი განასახიერებს სიკეთის გამარჯვებას ბოროტებაზე და სიმბოლურია, რომ „ქართული პოლიციის მოღვაწეობაც ბნელეთის ძალებზე გამარჯვებაა“. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაამართლა წლების წინ მის მიერ ინიცირებული „ნულოვანი ტოლერანტობის“ კამპანია.

„ჩვენ გავიზარდეთ ქვეყანაში, სადაც ყაჩაღებს უდგამდნენ ძეგლებს. ამ ტრასაზე კრიმინალურ ავტორიტეტებს ზარ-ზეიმით აცილებდა მაშინდელი შს მინისტრი, მაგრამ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ჩვენ შევძელით, სოციალური პრობლემების დაძლევასთან ერთად, დაგვემარცხებინა კრიმინალური მენტალიტეტი. ვინც არ უნდა გაგვაკრიტიკოს, მინდა გითხრათ, რომ ნულოვანმა ტოლერანტობამ კარგად იმუშავა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

„საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე ხელის აღმართვას ქართული პოლიციისგან შესაბამისი პასუხი გაეცემა“, - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა და აღლუმის მონაწილეების წინაშე იმ პოლიციელების სია წაიკითხა, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ. დაღუპული პოლიციელების ხსოვნას აღლუმზე პატივი მიაგეს.

წიგნი ფიცისა

სწორედ იმ დროს, როცა შსს-ს სიახლოვეს პოლიციის აღლუმი იმართებოდა, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ, ე. წ. უცნობმა, „ეროვნული საბჭოსა“ და ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ მოწყობილ საინფორმაციო მიტინგზე „ფიცი დადო“, რომ 6 მაისი საქართველოში არასოდეს იქნება პოლიციის დღე.

„ვდებ ფიცს, რომ ეს დღე არასოდეს იქნება პოლიციის დღე. დღეს არის გიორგობა და გილოცავთ ამ დღეს სულით და გულით“, – მიმართა „უცნობმა“ პოლიციის ვედანაყოფებსა და სპეცრაზმს, რომლებიც მოშორებით იდგნენ. მან, ასევე, განაცხადა, რომ აღმოაჩინა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მისასვლელი პატარა გზა და მოუწოდა მხარდამჭერებს, ამ გზით მისულიყვნენ შენობასთან.

კახეთის გზატკეცილთან შეკრებილ მომიტინგეებთან „ალიანსი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარიც მივიდა. მან 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადება და პოლიციის აღლუმის ჩატარება ხელისუფლების მიერ საკუთარი ხალხის დაცინვად შეაფასა.

„ერთი წლის წინ ამ დღეს პოლიცია საკუთარ ხალხს გაუსწორდა, რის შედეგადაც ორმა ადამიანმა  მხედველობა დაკარგა. მერაბიშვილმა კი ეს დღე პოლიციის დღედ გამოაცხადა. ეს არის საკუთარი ხალხის დაცინვა, აბუჩად აგდება და მე მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ ჩემი ხალხი აბუჩად არ უნდა აიგდოს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მოულოდნელად „უცნობმა“ კახეთის გზატკეცილის გვერდით მდებარე ცენტრალური სარკინიგზო მაგისტრალისკენ გადაუხვია. მომიტინგეებმა რკინიგზა გადაკეტეს თუ არა, პოლიციის სპეცრაზმიც გამოჩნდა. მოგვიანებით, ჟურნალისტების კითხვაზე - რკინიგზის გადაკეტვა წინასწარ ჰქონდა თუ არა ოპოზიციას დაგეგმილი, „ეროვნული საბჭოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა:  „რა მნიშვნელობა აქვს, წინასწარ იყო თუ არა გადაწყვეტილი?! წამოვიდა „უცნობი“ და წამოვყევით ყველა“.

სწორედ რკინიგზაზე მოხდა შეტაკება პოლიციის ქვედანაყოფებს, სპეცრაზმსა და მომიტინგეებს შორის. მათ ერთმანეთს ქვები დაუშინეს, რის შედეგადაც ათამდე ადამიანი დაშავდა.

„წმინდა გიორგი და ვანო მერაბიშვილი არ აგერიოთ ერთმანეთში“, - მოუწოდებდა თბილისის მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური სპეცრაზმელებს, რომლებიც ხელჯოხებით სცემდნენ მომიტინგეებს.  სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა, სამართალდამცავების მხარეს მდგარმა ერთ-ერთმა პირმა ერთ-ერთ მომიტინგეს გაარტყა. შედეგად მომიტინგემ მას ყვითელი საღებავი შეასხა. ლევან გაჩეჩილაძეს  ე.წ. დუბინკა  ნეკნებში მოარტყეს. დროდადრო შეიარაღებული სპეცრაზმის თანამშრომლების მხრიდან ისმოდა შეძახილები: „წადით! წადით!“

როგორც ოპოზიციონერმა ლიდერებმა განაცხადებეს, შეტაკებისას ექვსი ადამიანი დაშავდა და ექვსივე მძიმე მდგომარეობაშია და მე-5 საავადმყოფოში იმყოფებიან.  მე-5 საავადმყოფოს ექიმმა გოდერძი გუგუნაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ აცნობა, რომ მომიტინგეები - კახა ბერიშვილი და თენგიზ მაზმიშვილი შესაბამის მკურნალობას საავადმყოფოში გადიან. მისივე თქმით, თენგიზ მაზმიშვილი ასაკოვანია და ამიტომ მისი მდგომარეობა უფრო რთულია. თანაც ტრავმა თავის არეში აქვს მიყენებული.

საავადმყოფოში დაშავებულები ეკა ბესელიამ, სოზარ სუბარმა, დაჩი ცაგურიამ და ნანა კაკაბაძემ მოინახულეს. ეკა ბესელიას განცხადებით, ცნობილია კიდევ მესამე დაშავებული - დავით კამლაძე, რომელიც გადაყვანილია რესპუბლიკურ საავადმყოფოში. კიდევ რამდენიმე დაშავებული ე.წ. არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოპოზიციის ლიდერებმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშულეს. როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, ვანო მერაბიშვილმა საკუთარ ხალხს პროვოკაცია მოუწყო. მისი თქმით, სპეცდანიშნულების რაზმის უკან მობილიზებული იყო სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცები, რომლებმაც პირველებმა ისროლეს ქვები ოპოზიციის მხარდამჭერების მიმართულებით. მხარდამჭერთა მხრიდან კი, მოჰყვა საპასუხო რეაქცია, რის შედეგადაც დაახლოებით  ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი მონაწილე, „ხალხის პარტიის“ აქტივისტი, საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. 

ბესელიას განცხადებით, „ოპოზიცია შეეცადა, რამდენიმე ადგილიდან უფრო ახლოს მისულიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, სადაც პოლიციის აღლუმი ტარდებოდა. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, მიიღოს აღლუმში მონაწილეობა“. თუმცა, მისი თქმით, ვანო მერაბიშვილმა ყველა მისასვლელი გზა გადაკეტა, ის ადგილებიც კი, სადაც არ არის განთავსებული ადმინისტრაციული შენობები. ბესელიას თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრს ამის უფლება არ ჰქონდა.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში შეტაკებისას დაზარალებული ათამდე პოლიციელი გადაიყვანეს. მათ ქირურგიულ-ტრამვატოლოგიურ კაბინეტში პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. პოლიციელებს აღენიშნებათ დაზიანებები სახისა და თავის არეში, რომლებიც, სავარაუდოდ, შეტაკებისას ნასროლი ქვებით არის მიყენებული.

საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა მომხრეებს მოუწოდეს, წასულიყვნენ ეკლესიაში, სადაც გიორგობის დღის აღსანიშნავად სანთლები დაანთონ, ხოლო 17.00 საათზე შეიკრიბონ სააკაძის მოედანზე მშვიდობიან მანიფესტაციაზე.მათ, ასევე, განაცხადეს, რომ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს ქართველი ხალხი და არა  - ხელისუფლება. ქართველი ხალხი ჩაიბარებს აღლუმსაც.

„ეს იქნება პასუხი ხელისუფლების ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც არ შევეგუებით“, - აცხადებენ ოპოზიციის ლიდერები. მათივე თქმით, მშვიდობიანი აქციები პერმანენტულად გაგრძელდება და ბრძოლა არ შეჩერდება.

ახალი ამბები