კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მითხარით, რომელმა სხვა ქვეყანამ გააკეთა იგივე?“ - მსოფლიო ბანკს დევნილთა კოტეჯები მოსწონს

7 მაისი, 2010
საბა წიწიკაშვილი, გორი

იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი კოტეჯების მდგომარეობის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. გარდა იმისა, რომ ანგარიშში აღწერილია საცხოვრებელი პირობების მდგომარეობა, აღნიშნულია, რომ საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა შესაძლოა, დამატებითი დაფინანსება საქართველოს მთავრობას დეფექტური კოტეჯების გამოსასწორებლად გამოუყოს. სავარაუდოდ, ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა კოტეჯების მშენებელ კომპანიებს ერთწლიანი საგარანტიო ვადა გაუვა, ანუ როდესაც კოტეჯების დეფექტის გამოსწორება მათ ფუნქციებში აღარ იქნება.

„ბრავო!“ - კოტეჯებით აღფრთოვანებული მსოფლიო ბანკი 

ახალ კოტეჯებში საცხოვრებელი პირობები შორს იყო იდეალურისგან. პრობლემებს შორის ყველაზე აშკარა – სველი და ცივი ოთახები - დაგეგმვისა და მშენებლობის სწრაფი ტემპით და სამშენებლო მასალის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემებით აიხსნა. კედლების სისველის გამო კოტეჯებში არაერთი სხვა დეფექტი წარმოიქმნა, რის გამოც ქართულმა მედიამ და ბევრმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კოტეჯური დასახლებები საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ამ ბრალდებების დიდ ნაწილს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან“ საუბარში უარყოფს და მათ ყვითელი პრესის სენსაციებზე გათვლილ და „პოლიტიზებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს“ მიაწერს: „როცა ჩვენ პრესიდან პრობლემის შესახებ ვიგებთ, მაშინვე მივდივართ იმ სოფელში და ვეძებთ სტატიაში აღწერილ სახლს. სახლის პატრონი, როგორც წესი, გვეუბნება - ხო, რომელიღაც ორგანიზაციიდან იყვნენ, დაათვალიერეს აქაურობა, კედელზე ჩამოცლილი საღებავი ნახეს და მერე თქვეს, რომ კედელი დაინგრაო“.

დაგეგმვისა და მშენებლობის პროცესში ჩართული უწყებები და ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან“ საუბარში მიიჩნევენ, რომ წარმოქმნილი პრობლემები, მშენებლობის დროს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, გარდაუვალი იყო.

მსოფლიო ბანკის ურბანული მენეჯმენტის მთავარი სპეციალისტის აჰმედ ეივეიდას (რომელიც დაგეგმვის საწყის ეტაპზე და მოგვიანებით, კოტეჯების დაფინანსების პროცესში იყო ჩართული) თქმით, პრობლემების გამართლება შეიძლება: „ასეთი სწრაფი რეაგირების დროს მთავრობას უწევდა, გარკევული ბალანსი მოეძებნა სამ რამეს შორის. ეს იყო: ტემპი, ხარჯი და ხარისხი. თითქმის შეუძლებელია, სამივე კომპონენტი მაღალ დონეზე იყოს. თუ იმას მიაღწიე, რომ ორი გქონდეს მაღალ დონეზე – ბრავო!“

მსოფლიო ბანკმა ახალი კოტეჯების ნაწილის მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობას შეღავათიანი სესხები გამოუყო. ეივეიდასვე თქმით: „მთავრობას ხარჯების გაწევისას არ უძუნწია. დევნილებს აქვთ ტელევიზორები, ავეჯი და ა.შ. მითხარით, რომელმა სხვა ქვეყანამ გააკეთა იგივე?“

მშენებლობის სწრაფ ტემპს იცავს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრიც: „ცეცხლის შეწყვეტიდან სამ თვეში კარავში არავინ ცხოვრობდა. შრი-ლანკაში ხალხი ახლაც კარვებში ცხოვრობს“. შესაძლოა, ეს შეფასება გადაჭარბებულია, თუმცა, მისი არსი მნიშვნელოვანია, რადგან ის ხსნის მთავრობის გადაწყვეტილებას სწრაფი მშენებლობის სასარგებლოდ.

 კოტეჯების ხარისხის შეფასება დამოუკიდებელი ინჟინრის მიერ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მკვლევარებითა და დამოუკიდებელი ინჟინრით დაკომპლექტებული ჯგუფი 2009 წლის მარტში, ორი დღის განმავლობაში, ხუთ დასახლებაში ჩავიდა (კარალეთში, ხურვალეთში, შავშვებში, სკრაში და ბერბუკში), ხოლო 2009 წლის დეკემბერში, ერთი დღის განმავლობაში – ოთხ დასახლებაში (კარალეთში, ხურვალეთში, შავშვებში და ახალსოფელში).

ჯგუფებმა კოტეჯები შიგნიდანაც დაათვალიერეს და გარედანაც. დეფექტების გამოვლენის შემდეგ, დამატებითი განმარტებების მისაღებად, შესაბამისი კოტეჯების მცხოვრებლებსაც გაესაუბრნენ. მესამე დათვალიერებისას ამჯერად უცხოელმა ინჟინერმა, რომელსაც დიდი საერთაშორისო და ქართული გამოცდილება აქვს, კოტეჯების ტექნიკური დიზაინი შეამოწმა. მან „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ჩვენს მიერ ნახსენები ანგარიშის მომზადების დროსაც გაუწია კონსულტაცია.

დამოუკიდებელი ინჟინრის დასკვნით, პრობლემების უმრავლესობა გამოწვეულია არა მშენებლობის ჩქარი ტემპით, როგორც ამას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და სხვები თავიდან ვარაუდობდნენ, არამედ არქიტექტურული დაგეგმარების დროს დაშვებული შეცდომებით.

ნაიჯელ რუტილომ, „საქართველოსა რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ (GRDC) ინჟინერმა, რომელმაც კოტეჯური ტიპის დასახლებების არქიტექტურულ პროექტები შეამოწმა, განმარტა, თუ რატომ არის კოტეჯები ჯერ კიდევ ნესტიანი.

მისი თქმით, პირველ რიგში, საჭიროა, სამშენებლო მასალის ფიზიკურ თვისებებში გავერკვეთ. ბეტონი თავისთავად წყალგაუმტარი მასალა არ არის, თუ ის სხვა მასალას არ შეერია, ან რაიმე სახის დამცავი არ გაუკეთდა. კოტეჯების კედლები ბეტონის ბლოკებით არის აშენებული (რომლებიც წყლის, ცემენტის, ქვიშისა და მყარი მასალების, მაგალითად, ქვა-ღორღის შერევით არის დამზადებული) და მათში დარჩენილია მცირე სიცარიელეები, რაც წყალს (წვიმას ან გრუნტის წყლებს) აძლევს საშუალებას, კაპილარული გზით ინფილტრაცია განიცადოს.

ასე რომ არ მოხდეს, უნდა აშენებულიყო ბეტონის ძალიან სქელი -  50 სანტიმეტრიდან 1 მეტრამდე სისქის კედელი. ასეთ დროს სინესტე გარედან კედლებში შედის, თუმცა მისი სისქე იმდენად დიდია, რომ შიდა მხარემდე ვერ აღწევს. ბატონი რიტულოს თქმით, ასეთი სისქის კედლების აშენება ძალიან ძვირი ჯდება. ქართულ კოტეჯებში კი კედლის სისქე 20 სანტიმეტრს არ აღემატება.

ამჟამად მსოფლიო ბანკი, ევროკომისია და USAID, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, მუშაობენ ახალ ფინანსურ პაკეტზე, რომლითაც კოტეჯების თავდაპირველ დაგეგმვაში არსებული ხარვეზებით გამოწვეული დეფექტების გასწორება დაფინანსდება. სავარაუდოდ, შესაკეთებელი სამუშაოები 2010 წლის გაზაფხულ-ზაფხულში ჩატარდება, თუმცა, ამ ანგარიშის გამოქვეყნების პერიოდისთვის დაფინანსების ახალი დეტალები ცნობილი არ იყო. ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, კონკრეტულად რა სახის სამუშაოები შევა ამ პაკეტში და ჯამში რა თანხა დაიხარჯება.

მშენებლობის პროცესის და ხარჯების მიმოხილვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ექსპერტების აზრით, კოტეჯების მშენებლობაში არსებული პრობლემები ორ ძირითდ კატეგორიად შეიძლება დაიყოს:

1. ხელისუფლების ბრალეულობით გამოწვეული დეფექტები. დეფექტების ეს ტიპი არქიტექტურულ გეგმებში დაშვებული შეცდომებისა და მშენებლობის სწრაფი ტემპის – მთავრობის მიერ სამშენებლო კომპანიებისთვის დადგენილი შემჭიდროებული ვადების – შედეგია. ასეთ დეფექტებს განეკუთვნება დანესტიანებით გამოწვეული პრობლემები, მათ შორის, ჩამოცლილი საღებავი, ობი, იატაკის ფიცრებს შორის არსებული ღარები და ა.შ. (მუნიციპალური განვითარების ფონდის თანახმად, ეს არის `შიდა კედლების, ჭერისა და იატაკის” დეფექტები.) მთავრობა ღიად იღებს პასუხისმგებლობას ამ ხარვეზების გამოსწორებაზე.

2. სამშენებლო კომპანიების ბრალეულობით გამოწვეული დეფექტები. ეს დეფექტები უყურადღებობის, არაკომპეტენტურობისა და დროის მოგების მცდელობის შედეგია. დეფექტების ამ ტიპს განეკუთვნება ცუდად ჩასმული კარებები და ფანჯრები,
კიბეებზე ჩამოშლილი ცემენტი, დაკლებული სამშენებლო მასალა (მაგალითად, იატაკს ქვეშ ფიცრების არარსებობა), ფანჯრებისა და კარებების მოშლილი სახელურები და სხვა მსგავსი პრობლემები.

ხურვალეთში კომპანიებმა დეფექტები ნაწილობრივ აღმოფხვრეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ხურვალეთის დეფექტების სიისა და დევნილების ხელმოწერების დოკუმენტის ასლი მოიპოვა და 2010 წლის 14 იანვარს ამ დასახლებაში ჩავიდა, რათა ჩატარებული სამუშაოები შეეფასებინა.
მათ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 12 კოტეჯი შეარჩიეს, თითოეული დაათვალიერეს და მცხოვრებლებიც გამოვკითხეთ. 

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შემოწმებისას გამოვლინდა, მიუხედავად იმისა, რომ შესაკეთებელი სამუშაო ყველა კოტეჯში ჩატარდა, ნანახი კოტეჯების თითქმის ნახევარში დეფექტები ჯერ კიდევ იყო დარჩენილი. ამის მიზეზი რამდენიმეა: ზოგიერთ კოტეჯში სამშენებლო კომპანიამ ხარვეზების ნაწილი არ აღმოფხვრა (მაგალითად, ერთ კოტეჯში კიბეები შეკეთებული იყო, დაზიანებული ფანჯარა კი – ისევე დატოვებული, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის დეფექტებისა და ხელმოწერების სიაში ფანჯარაც იყო მითითებული და კოტეჯის მცხოვრებს ხელმოწერით დადასტურებული ჰქონდა, რომ ორივე შესაკეთებელი სამუშაო შესრულდა), ხოლო ზოგიერთში მუნიციპალური განვითარების ფონდს დეფექტები თავიდანვე არასრულად ჰქონდა აღრიცხული.

ახალი ამბები