კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მატჩი, რომელიც არ გაშუქდა - შსს-ს აგრესიული გულშემატკივრები „აზოტის“ გულშემატკივრებს თავს დაესხნენ

11 მაისი, 2010
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

Freedom House-ს პრესის თავისუფლების ახალ რეიტინგში საქართველო 126-ე  ადგილზეა. ისტორია, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ, გარკვეულწილად ხსნის, თუ რატომ მივიღეთ ასეთი დაბალი შეფასება და პრესის თავისუფლების კუთხით რატომ აღმოვჩნდით ნეპალის სამეზობლოში.

27 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს კალათბურთის გუნდმა და რუსთავის  „ენერჯი ინვესტმა“ ეროვნული ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი ითამაშეს. მას შემდეგ, რაც შეხვედრა ოცქულიანი სხვაობით „ენერჯი ინვესტის“ გამარჯვებით დამთავრდა, რუსთავის „აზოტის“ სპორტკომპლექსში არეულობა დაიწყო. ("რუსთავის ამბების" ფოტო)

აურზაურის დეტალებს ჩვენთან საუბრისას „რუსთავის ამბების“ ჟურნალისტი გიორგი  მაზმიშვილი იხსენებს: „შსს-ს გუნდის წაგებამ მათი გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია. მათ შორის აქტიურობით გამოირჩეოდნენ შსს-ს თანამშრომლები. თამაშის ჩაშლის რამდენიმე მცდელობაც იყო. მოედანზეც ატყდა შეხლა-შემოხლა, მაგრამ შემდეგ თამაში დამშვიდდა. საბოლოოდ „ენერჯი ინვესტმა“ 20 ქულის უპირატესობით გაიმარჯვა.

სწორედ თამაშის შემდეგ, როცა რუსთაველი გულშემატკივრები და ჟურნალისტები გარეთ გამოვედით, შსს-ს წარმომადგენლებმა ალყაში მოაქცია 20-მდე ახალგაზრდა და დაუწყეს ცემა. ჩვენ ვეცადეთ, გვემუშავა და ფაქტი გადაგვეღო, თუმცა ამის საშუალება არ მოგვცეს სამოქალაქო ფორმაში გადაცმულმა პოლიციელებმა. ადგილზე ვიყავი მე - გაზეთ „რუსთვის ამბების“ ჟურნალისტი, ასევე მუშაობდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რეგიონული ტელევიზიის - „ქვემო-ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ გადამღები ჯგუფები.

როცა ნახეს, რომ ვიღებდით, პირველი არხისა და რეგიონული ტელევიზიის თანამშრომლები გვერდით გაიყვანეს. მათ კამერები ჩამოართვეს. მე გადავუღე ფოტო იმ ფაქტს, თუ როგორ გაყავდათ ისინი. მეორე ფოტო, რომლის გადაღებაც იმ დღეს მოვახერხე, იყო პოლიციელთა მხრიდან გულშემატკივრების ცემა.

სამართალდამცავების ყურადღება  ჩემი ფოტოაპარატის განათებამ მიიქცია. ეგრევე მოვიდნენ და მთხოვეს, გვერდით გავყოლოდი. გარშემო შემომეხვივნენ და მკითხეს - რა გადაიღეო. მე ვუთხარი, რაც მქონდა გადაღებული. მომთხოვეს აპარატურა. მეუბნებოდნენ, რომ თუ არ ვაჩვენებდი იმ კადრებს, რაც გადავიღე, ფოტოაპარატს დამიმტვრევდნენ.  იძულებული გავხდი, აპარატურა გადამეცა. შემდეგ პირადობის მოწმობა მომთხოვეს. ამაზეც არ მითქვამს უარი. მოგვიანებით ერთ-ერთმა პოლიციელმა დარეკა და ასე უთხრა ვიღაცას ჩემზე ტელეფონში - ნუ გეშინიათ, ავიყვანეთ, უკვე ჩვენ გვყავსო.

ასევე ჩამომართვეს დიქტოფონი, ციფრულიდან ჩიპი ამოიღეს და მობილური ტელეფონიც წამართვეს. მეუბნებოდნენ, რომ აპარატურას დაიტოვებდნენ  ჩემგან საჩუქრად. თქვეს, რომ ეს ნივთები იაფფასიანია და მე მათ შეძენას კიდევ შევძლებ. როცა ვკითხე, რატომ იქცეოდნენ ასე, მიპასუხეს, რომ გადაღებაზე ექსკლუზიური უფლება შსს-ს ჰქონდა“.
 
რეგიონული მედიის ტრადიციული პრობლემები

დარბაზში და დარბაზს გარეთ მომხდარი ჩხუბი თავის გაგრძელებებით - ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის დეტალებით, ადგილზე მომუშავე არც ერთ სატელევიზიო ჯგუფს არ გაუშუქებია. ხელისუფლებისადმი ლოიალური განწყობებით ცნობილმა რეგიონალურმა ტელევიზიამ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მსგავსი ინფორმაცია თავის მაყურებელს არ მიაწოდა. „რუსთავი 2“-ზე მხოლოდ გაკვრით და გაუგებრად ახსენეს შსს-ს გულშემატკივართა უკმაყოფილება.

კოლეგებისგან განსხვავებით, ჟურნალისტი გიორგი მაზმიშვილი იმ დღეს მომხდარზე გაჩუმებას არ აპირებს: „სპორტკომპლექსის ეზოში ჩემს გარშემო მყოფ ძალოვანებს შორის თბილისის პოლიციის თანამშრომლები სახეზეც ვიცანი. მოგვიანებით, როცა სხვა მასალისთვის სპორტის სასახლეში მოვხდი, დამცინავად მითხრეს - შენ კიდევ გადასაღებად მოხვედიო?!“

მაზმიშვილის თქმით, იმ დღეს პოლიციელებმა ჟურნალისტების თვალწინ 20-მდე გულშემატკივარი ცემეს და მანქანებში ჩატენეს. რაც შეეხება გიორგისთვის ჩამორთმეულ გადასაღებ ტექნიკას, მის დაბრუნებაში გუბერნატორის მოადგილე ზაქრო დარჩიაშვილი დაეხმარა. „ათ წუთში დამიბრუნა ყველაფერი. ცხადია, ფოტოები წაშლილი იყო. თუმცა, დახმარებისთვის დარჩიაშვილს ჩემს სტატიაში, რომელიც ამ თემას ეხებოდა, მთელი რედაქციის სახელით, მადლობა გადავუხადეთ“, – ამბობს ჟურნალისტი.

Humanrights.ge-მ კომენტარი გუბერნატორის მოადგილეს სთხოვა. დარჩიაშვილმა არ უარყო მისი მხრიდან ჟურნალისტის დახმარების ფაქტი, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა ძალოვან უწყებებს არ დააკისრა.

„დიახ, მე დავეხმარე ჟურნალისტს. დავუბრუნე კუთვნილი აპარატურა, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყვი ეს ნივთები კონკრეტულად ვის ჰქონდა. არ ვიცი, ისინი სამართალდამცავი პირები იყვნენ თუ, უბრალოდ, მოქალაქეები. მას შემდეგ უკვე საკმაო დრო გავიდა... მეტს ვერაფერს დავამატებ“, - გვითხრა ზაქრო დარჩიაშვილმა.

იმ დღის ხმაურიან თამაშს რუსთავში „ნაციონალების“ სიის პირველი ნომერი მამუკა ჩიქოვანიც ესწრებოდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი მას რუსთავის #4 ყვითელ ავტობუსში წინასაარჩევნოდ მძღოლად „მუშაობისას“ ვკითხეთ. „მე ეს ინფორმაცია გაზეთიდან გავიგე. ჩემთვის არავის მოუმართია და როგორც მეუბნებიან, ასეთი რაღაც არ მომხდარა“, - გვითხრა ჩიქოვანმა.

შსს-ს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოსგან კითხვებზე, ტრადიციულად, პასუხი არ მიგვიღია.  

პოლიციის მხრიდან ძალადობაზე ინფორმაციის გავრცელება შესაძლოა, გაზეთ „რუსთავის ამბებისათვის“ პრობლემების მომტანი აღმოჩნდეს.
თამარ ბატიაშვილი, „რუსთავის ამბების“ რედაქტორი: „რამდენიმე დღის წინ მოვიდა ადამიანი, ვისგანაც ნაქირავები გვაქვს ეს ფართი რედაქციისათვის. გვითხრა, რომ უნდა დავცალოთ აქაურობა - თქვენ რაღაც რადიკალურად განწყობილი ხალხი ყოფილხართ და თქვენს გამო ორგანოში მომუშავე ჩემს შვილს პრობლემები ექმნებაო. ამბობდა, რომ ზეწოლა მასზე სამხარეო პოლიციის უფროსისგან მოდიოდა.

ჩვენ არ ვაპირებთ ფართის დაცლას. მესაკუთრესთან დადებული გვაქვს კონტრაქტი, რომლის არც ერთი პუნქტი არ დაგვირღვევია. იმ შემთხვევაში, თუ ამ საქმეს სასამართლომდე მივიტანთ, მაინტერესებს, რას იზამს მესაკუთრე? ნუთუ ადგება და მოსამართლეს ეტყვის, რეალურად, რა მიზეზით გვთხოვს ფართის დაცლას?! მე დიდი ხანი ვმუშაობდი რეგიონულ მედიაში და პირდაპირ შემიძლია ვთქვა - იგივეს აკეთებენ, რასაც შევარდნაძის დროს აკეთებდნენ. მეთოდები ნამდვილად არ დაძველებიათ“.

ახალი ამბები