კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიხეილ სააკაშვილს პროფესიული კავშირების საერთაშორისო ფედერაციამ მშრომელთა უფლებები შეახსენა

11 მაისი, 2010
 თამთა კაკაურიძე, ზესტაფონი

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისა და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი მაღაროს თანამშრომლების მდგომარეობით მსოფლიოს პროფესიული საერთაშორისო კავშირის ფედერაცია და სხვადასხვა ქვეყნის პროფკავშირები დაინტერესდნენ. ასეთი შედეგი მოჰყვა 20-22 აპრილს ზესტაფონსა და ჭიათურაში ერთდროულად გამართულ საპროტესტო აქციებს. 

6 მაისს ზესტაფონის კინო-კლუბში ქიმიური, ენერგეტიკის, მაღაროსა და მონათესავე დარგების მუშაკთა პროფესიული კავშირის საერთაშორისო ფედერაციის (ICEM) წარმომადგენელი მანფრედ ვარდა და ქიმიური მრეწველობის წარმომადგენელი, ქემალ ოზკანი გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელობას და ფეროშენადნობთა ქარხნის დასაქმებულებს შეხვდნენ. ვარდა და ოზკანი, მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის სახელით, ერთი კვირის განმავლობაში ადგილზე გაეცნობიან და გამოიკვლევენ საქართველოში გაერთიანების თავისუფლების, პროფკავშირზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებსა და მიიღებენ ინფორმაციას მშრომელთა უფლებების შესახებ. ამ პროცესში, სავარაუდოდ, საქართველოს მთავრობაც ჩაერთვება.

„დღეს ზესტაფონი და ჭიათურა მთელ მსოფლიოში მშრომელთა უფლებებთან ასოცირდება. ICEM აერთიანებს 180-მდე ორგანიზაციას მსოფლიოში, რომელსაც 20 მილიონი წევრი ჰყავს. ისინი ამ ხალხს მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ. თქვენმა ბრძოლამ  გარკვეულ წარმატებას მიაღწია. იმედი მაქვს, ადმინისტრაციის უფროსი, ბატონი ვიშნევსკი და მისი მეგობრები უფრო მეტი ყურადღებით მოუსმენენ დასაქმებულებს. მაგრამ თუკი მათ მაინც შეხვდებათ პრობლემა ამ გზაზე, მე მზად ვარ, შევკრიბო მსოფლიოს გაერთიანებული პროფკავშირები და გავუწიო მათ დახმარება. მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ თქვენი მთავრობა ეპატიჟება საერთაშორისო კომპანიებს და სთავაზობს, აკეთონ ბიზნესი საქართველოში. ოღონდ ეს არ უნდა ხდებოდეს ხალხის, დასაქმებულების ინტერესების იგნორირების ხარჯზე. ჩვენ ვაიძულებთ საქართველოს მთავრობას, აღიაროს მშრომელთა უფლებები“, – აცხადებს humanrights.ge-სთან საუბრისას მანფრედ ვარდა.

პროფკავშირი და მისი ეროვნული შრომის ცენტრი, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება (GTUC) ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისა და ჭიათურის მანგანეზის მაღაროების  ხელმძღვანელობას უპირისპირდებიან.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაცია და აქციონერები წინააღმდეგი იყვნენ, მოლაპარაკებათა პროცესში საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები ჩარეულიყო - „ეს ხალხი პრობლემებს პროფკავშირების გარეშეც მოაგვარებსო“. თუმცა, დასაქმებულთა კატეგორიული მოთხოვნით, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები მოლაპარაკებათა პროცესში მაინც ჩაერთო, როგორც დასაქმებულთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია.

„ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაცია შიშობს და არ იცის, როგორ ებრძოლოს ახლადშექმნილ პროფკავშირს. ცდილობენ, ბზარი შეიტანონ ამ ხალხის ერთობაში, მაგრამ ჩვენ ასე ადვილად ვერ შეგვაჩერებენ. ამ გაფიცვას მოჰყვება საპროტესტო წერილები საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ამ ხალხის გვერდით დღეს მსოფლიოს პროფკავშირების საერთაშორისო ფედერაციის წევრი 20 მილიონი ადამიანი დგას“, – აცხადებს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციამ უკვე მიიღო თურქი მაღაროელების წერილი ზესტაფონსა და ჭიათურაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით: „ჩვენ შევიტყვეთ თქვენი კომპანიიდან ორი მუშის გათავისუფლების შესახებ, რისი მიზეზიც მათი პროფკავშირული საქმიანობა გახდა. ძალიან ვწუხვართ, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ ცდილობს, დაასუსტოს პროფკავშირი და ქმნის უსაფუძვლო კონფლიქტს. ეს გაუმართლებელი დათხოვნაა და ეწინააღმდეგება ადამიანის, მშრომელთა უფლებებს. თურქ მაღაროელთა გაერთიანების სახელით, რომელიც ოცი ათასზე მეტ მაღაროელს აერთიანებს, გთხოვთ, შეწყვიტოთ მშრომელთა გასაჩუმებლად რეპრესირებული მეთოდების გამოყენება და მოგიწოდებთ, დაიწყოთ დიალოგი მუშებსა და მათ პროფკავშირთან“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც თურქ მაღაროელთა გაერთიანების პრეზიდენტი ისლამ ასლანი აწერს ხელს.

პროფესიული კავშირების საერთაშორისო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გაი რაიდერმა სპეციალური წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს. მან მიხეილ სააკაშვილს სთხოვა, უზრუნველყოს საქართველოში ფუნდამენტური საერთაშორისო პრინციპების, მშრომელთა უფლებებისა და პროფკავშირელთა თავისუფლების დაცვა სახელმწიფოს მხრიდან.

იმერეთის მეტალურგთა და სამთო მრეწველთა პროფკავშირები დაუყოვნებლივ მოითხოვს აღიარებას, რეალური მოლაპარაკებების განახლებას, ხელფასების მნიშვნელოვან მატებას, ღამით ნამუშევარი საათების ანაზღაურებას და უვადო ხელშეკრულებების გაფორმებას. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, დასაქმებულთა ათ ძირითად მოთხოვნას, რომლის გამოც გაფიცვა მოაწყვეს, კიდევ 4 მოთხოვნა უნდა დაემატოს: რეალური დაზღვევა, მავნე პირობებიანი სამუშაოების ანაზრაურება, დასაქმებული ადამიანების რაციონალიზმი და საპენსიო ფონდის შექმნა.

ICEM უერთდება ბრძოლას დასაქმებულთა ინტერსების დასაცავად. საქართველოში გამომგზავრებამდე მანფრედ ვარდა დაუკავშირდა მეტალურგთა საერთაშორისო ფედერაციის (IMF)  გენარალურ მდივან იურკი რაინას და არსებული სიტუაცია გააცნო. რაინა, თავის მხრივ, ასევე სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს მეტალურგთა და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირს.
 
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირისა და იმერეთის მეტალურგთა და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის განცხადებით, თუ დასაქმებულთა მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება, ისინი პროტესტის უფრო მასშტაბურ ზომებს მიმართავენ.

ახალი ამბები