კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამტრედიის საოლქო კომისიის თავჯდომარეს „ალიანსი“ „ნაცმოძრაობასთან“ ახლო ურთიერთობაში ადანაშაულებს

13 მაისი, 2010
მარიკა ვაჭარაძე, სამტრედია

„ალიანსი საქართველოსთვის“ ინფორმაციით, სამტრედიაში საარჩევნო კომისიების პირველი სხდომა დარღვევებით ჩატარდა. სამტრედიის საოლქო კომისიში 50 საარჩევნო უბანი და 49 000 ამომრჩეველია დარეგისტრირებული, თუმცა საარჩევნო სიაში ცვლილებები ეტაპობრივად კიდევ მიმდინარეობს. სხვა ოპოზიციური პარტიებიდან განსხვავებით, დარღვევები მხოლოდ „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, იმედა გოგავამ გააპროტესტა.

გოგავას ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევები ქალაქის მე-40 და სოფელ წიაღუბანის 32-ე საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა. თუმცა, სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარე ავთო ლომია დარღვევებს არ აღიარებს.

იმედა გოგავას განცხადებით, ქალაქის 40-ე საარჩევნო უბნის „ახლადგამომცხვარი თავჯდომარე“, ციცინო ხურცილავა მთელი სხდომის მანძილზე დირექტივებს „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბიდან იღებდა. მან კატეგორიულად მოსთხოვა თანამდებობიდან გადადგომა მდივნად არჩეულ მაია გაბედავას, რომელიც საარჩევნო უბანზე პარტიამ „ჩვენ თვითონ“ წარმოადგენა. მიუხედავად იმისა, რომ ოქმი შედგენილი იყო და მდივანიც ხმების უმრავლესობით იყო არჩეული, ხურცილავა მაინც ჯიუტად ითხოვდა მის გადადგომას. საუბნო კომისიის თავჯდომარემ სხდომათა დარბაზიდან პერსონალურად გაიყვანა მდივანი, რომელიც მისგან მოითხოვდა უარი ეთქვა ამ თანამდებობაზე.

გოგავას თქმით, ამ ყველაფერს საოლქო კომისიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ ხურცილავას ახსნა-განმარტება მოსთხოვეს, მისგან კი შეურაცხყოფა მიიღეს.  40-ე საარჩევნო უბნის თავჯდომარემ სატელეფონო კონსულტაციის შემდეგ სხდომის გაგრძელება გადაწყვიტა. აღნიშნული ფაქტის შესახებ საოლქო კომისიას ეცნობა, თუმცა მისგან კონკრეტული რეაგირება არ მომხდარა.

ავთო ლომია, სამტრედიის საოლქო კომისიის თავჯდომარე: „საოლქო საარჩევნო კომიაში მოდის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. ჩემთან არც ერთ საარჩევნო უბანზე დარღვევა არ დაფიქსირებულა. ეს ინფორმაცია, რასაც თქვენ მაწვდით, ჩემთვის არის ჭორი. მე მჭირდება ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც დარღვევა იქნება დაფიქსირებული. სამტრედიის 50-ე უბანზე რა მოხდა, ეს სწორედ ოქმით უნდა გავიგო. ჩემამდე პრეტენზიით არავინ მოსულა. როგორც ვიცი, შეხლა-შემოხლა თავად ამ ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს შორის იყო და მათ ჩხუბში საოლქო კომისიის წარმომადგენლები არ ჩარეულან. პატარ-პატარა დარღვევებს ადგილი ზოგიერთ უბანზე მართლაც ჰქონდა, მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილა. ახლა უკვე რაიონის ყველა უბანზე არჩეულია მდივანი, მოადგილე და თავჯდომარე და ყველა საუბნო საარჩევნო კომისია არჩევნების დღისთვის ემზადება“.

ციცინო ხურცილავა, რომელიც 40-ე საარჩევნო უბნის თავჯდომარეა, სამტრედიის საკრებულოს მთავარი სპეციალისტია, რაც მის საარჩევნო საქმიანობასთან შეუთავსებელია. ჩვენ შევეცადეთ მასთან ტელეფონით დაკავშირება, მაგრამ - ამაოდ.

„ალიანსი საქართველოს“ სამტრედიის პარტიული სიის პირველი ნომერი იმედა გოგავა ავთო ლომიას შესახებ რამდენიმე საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის: „ბატონი ლომია დღემდე „ნაციონალების“ ფავორიტია სამტრედიაში, რაც მას საშუალებას აძლევს, მყარად იჯდეს საოლქო კომისიის ხელძღვანელის სავარძელში. ამას ვერ ვიტყოდით მის ქალიშვილზე, რომელიც „ოპოზიციური“ პარტია „ჩვენ თვითონ“-ის კვოტით გახლავთ კომისიის წევრი მე-6 საარჩევნო უბანზე. რაც შეეხება მის მეუღლეს, ნინო ლომიას, იგი 21-ე საარჩევნო უბანზე „ნაცმოძრაობის“ ინტერესებს იცავს“.

humanrights.ge-სთან საუბრისას ავთო ლომიამ არ უარყო, რომ მისი ოჯახის წევრები ჩართულნი არიან საარჩევნო პროცესში. „იმედა გოგავამ ჯერ შეისწავლოს ჩემი პიროვნება და ასეთი განცხადებები მერე გააკეთოს. მამაჩემი ორთოდოქსი კომუნისტი იყო. მე კი არც ერთი პარტიის წევრი არ ვიყავი, მაშინაც კი, როცა გამგებლის მოადგილედ ვმუშაობდი. პარტია ვის წარმოადგენს საუბნო კომისიაში თავის წევრად, მე ამ საკითხში არ ვერევი. მე მას ვცნობ. ის, რომ ჩემი ოჯახის წევრები კომისიაში ამა თუ იმ პარტიამ წარმოადგინა, ეს დანაშაულია? ჩვენ მათ კანდიდატებს კი არ ვნიშნავთ, არამედ ვცნობთ და საბუთებს ვუმოწმებთ თუ რამდენად მოწესრიგებული აქვთ“, - განაცხადა ავთო ლომიამ.

წინასაარჩევნო პერიოდი სამტრედიაში განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩევა, თუ არ ჩავთვლით ცენტრალური ხელისუფლების ხშირ ვიზიტებს. რაიონის მთავარი პარტიული სიის ჩამოსაყალიბებლად სამტრედიაში თავად პარლამენტის თავჯდომარე, დავით ბაქრაძე ჩამოვიდა, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ ფავორიტი მოსახლეობას თავად გააცნო.

ახალი ამბები