კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„პრესა.გემ“ როინ შავაძის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა მოიპოვა

19 მაისი, 2010
ნინო მიქიაშვილი, პრესა.გე

„პრესა.გემ“ როინ შავაძის ცხედრის სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის ორი დასკვნა – N1739/1–111 და N2963/1 მოიპოვა, რომელთა თანახმად, 2008 წლის აგვისტოს ომიდან სახლში ორი დღის დაბრუნებული უფროსი სერჟანტი როინ შავაძე ჯერ აწამეს და შემდეგ დახვრიტეს.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის მიერ მომზადებულ, ზემოხსენებულ დასკვნებთან დაკავშირებით, „პრესა.გე“ გთავაზობთ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ ხელმძღვანელის, ალექსანდრე გეჯაძის პოზიციას, რომელსაც სასამართლო მედიცინაში მუშაობის 32–წლიანი სტაჟი აქვს.

როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე N170080069 წინასწარი გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (ნარკოტიკული დანაშაული) და სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს, რის შესახებაც მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს კითხვებით 12 მარტს მივმართეთ, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

ტელეფონით ვესაუბრეთ როინ შავაძის ოჯახის ინტერესების დამცველ ადვოკატს, რამინ პაპიძეს, რომელსაც საქმის მასალების გაცნობის საშუალებას ისევ არ აძლევენ. „პრესა.გე“ როინ შავაძის ქვრივს, ციცინო შავაძესაც შეხვდა და ესაუბრა, რომელიც დაზარალებულად დღემდე არ უცვნიათ.

ცხინვალის ომიდან სახლში 2 დღის დაბრუნებული როინ (რომა) შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს ბათუმის ცენტრში, ოქროს ბირჟასთან ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს. „ძირს დაგდებულ ქართველ ჯარისკაცს დაახლოებით 20 ნიღბიანი სპეცრაზმელი რომ ურტყამდა, გვეგონა მტერი შემოვიდა და ჩვენი ოქროულობის ჩალაგება დავიწყეთ, პანიკაში ჩავვარდით; ისიც კი ვიფიქრეთ, ტყვედ არ აგვიყვანონ–თქო. ძალიან დაუნდობლად და საცოდავად აიყვანეს“, – ეს ამბავი მომხდარიდან სამი კვირის შემდეგ, ბათუმში ყოფნისას, თვითმხილველებმა გვიამბეს.

ჯარისკაცის დაკავების ამბავი მის მეუღლეს ტელეფონით შეატყობინეს. მას ოჯახი სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ერთად, მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა. გვიან საღამოს, უბნის პოლიციის თანამშრომლებმა სახლში მყოფ შავაძეებს ქუჩიდან შესძახეს – რომა რეანიმაციულ განყოფილებაშიაო.

საავადმყოფოში მისულებს ჯარისკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში კი არა, პროზექტურაში დახვდათ, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლად მყოფმა სამართალდამცავებმა ჯარისკაცის ქვრივსა და ნათესავებს ხმის ამოღება აუკრძალეს. მათზე ზეწოლა რამდენიმე თვის შემდეგ ტერორში გადაიზარდა – გაჩუმების სანაცვლოდ სოლიდურ თანხას სთავაზობდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ. ტერორი შეწყდა მას შემდეგ, რაც ამ საქმეს იმჟამინდელმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა საერთაშორისო რეზონანსი მისცა; შავაძის ოჯახისა და ნათესავების დატერორების ამბავზე პარლამენტის ტრიბუნიდან გიორგი თარგამაძემ ილაპარაკა; ჯარისკაცის ქვრივი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, თომას ჰამარბერგსა და საქართველოში საფრანგეთის ელჩს, ერიკ ფურნიეს შეხვდა და საქმის ვითარება გააცნო.
 
აღსანიშნავია ისიც, რომ მკვლელობის წინა დღეს როინ შავაძეს კუდ–ის წარმომადგენელმა, გიორგი ჩიქოვანმა, მეტსახელად „მაიმუნამ“ (გავრცელებული ინფორმაციით, კუდ–ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას დავალებების უშუალო შემსრულებელმა) მიაკითხა, აჭარის კუდ–ის შენობაში მიიყვანა და ნახევარ საათში უკან დააბრუნა.

როინ შავაძის მეუღლე იხსენებს: „რა ხდება-მეთქი, - ვკითხე მეუღლეს. „მე ეს ხალხი არ მომწონს. რაში სჭირდებოდათ ჩემთან იარაღით მოსვლა?! სამინისტროში მიმიყვანეს; ერთ-ერთ კაბინეტში ჩემთვის უცხო კაცი იჯდა. აგერ, მოვიყვანე და კითხეო, - უთხრა მას „მაიმუნამ“. მერე და ვინ დაგავალა მისი მოყვანა, ან რა უნდა ვკითხოო?! - ხელები გაშალა იმ კაცმა. გზაში „მაიმუნას“ უკითხავს - თუ იცი, რამდენია მკვდარიო? ამის გამო რომა აღელვებული იყო - მე რა, მკვდრებს ვითვლიდი, თუ დასათვლელად ვყავდი გაშვებული? ეს რატომ მკითხეს, რა უნდათ ჩემგანო?! რომამ მითხრა - „უკან რომ წამომიყვანეს, ისინიც მაყუჩიანი იარაღებით იყვნენ და აღმოსავლური კილო ჰქონდათ. ნუთუ უნდა მომკლან?!“ რატომ უნდა მოგკლან-მეთქი, - ვკითხე შეშფოთებულმა, რაზეც მომიგო: „მე არაფერი ვიცი, მე არაფერი გამიკეთებიაო“.
 
როინ შავაძის დაკრძალვამდე მისი ცხედარი ოჯახის ახლობელმა ექიმმა დაათვალიერა. ჩვენ მას როინ შავაძის მკვლელობიდან ერთი თვის შემდეგ შევხვდით და ვესაუბრეთ. გთავაზობთ მის ნაამბობს, მაგრამ ვინაობას, როინ შავაძის ოჯახის თხოვნით ვერ ვასახელებთ: „წინა მხრიდან 22 შემავალი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მთელ სხეულზე – ჰემატომები. მარცხენა ბარძაყი მოტეხილი იყო, ოღონდ ამას ტყვიას ვერ დავაბრალებ - აშკარად ეტყობოდა, რომ მოტეხეს. მარცხენა ხელი, შუა მკლავთან წრეზე შემოკერილი და დამოკლებული ჰქონდა, მარჯვენა ხელი - მოტეხილი. თავის არეში მარცხენა ყურიდან მარჯვენამდე მთლიანად გადაკერილი იყო; ნატყვიარი არ ჩანდა და რატომ, არ ვიცი. ეტყობოდა რომ სახეში „დუბინკა“, ან სხვა რამ ჰქონდა ნარტყამი. ნიკაპზე, მარცხენა მხარეს 12 ნაკერამდე ჰქონდა, მაგრამ არა ტყვიისგან მიყენებული ჭრილობით. მარცხენა ხელზე 2 თითი მოტეხილი და გადაგლეჯილი, კანზე იყო ჩამოკიდებული. სავარაუდოდ ხერხემლის მეშვიდე მალა ჩატეხილი ჰქონდა; კისრის გადატეხვა, ალბათ, მაშინ მოხდა, როცა აიყვანეს, რადგან თავად ძალიან დიდი და ფიზიკურად ძლიერი იყო და თუ უკნიდან არ მიეპარებოდნენ, ისე ვერ წააქცევდნენ. დაახლოებით 5 ავტომატი მაინცაა ნახმარი, ზოგი ტყვია ახლოდანაა მოხვედრილი, ზოგი შორიდან - ჩემი აზრით, ნაწვალებია და მერე დაცხრილული“.

ჯარისკაცის ქვრივი, ციცინო შავაძე ამბობს, რომ ცხედარზე მთლიანობაში 84 ნატყვიარი დათვალეს. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის დირექტორი, ალექსანდრე გეჯაძე განმარტავს, რომ ოჯახის წევრების და ექიმის მიერ დათვლილ ნატყვიარებზე ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს – „მე მხოლოდ და მხოლოდ იმ ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით შემიძლია ვისაუბრო, რომელიც თქვენ მომაწოდეთ“.

აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურში, როინ შავაძის ცხედრის ექსპერტიზა (N1739/1–111) პირველად 2008 წლის 16 აგვისტოს დაიწყო და იმავე წლის 21 ოქტომბერს დამთავრდა. დამატებითი ექსპერტიზა 2008 წლის 16 დეკემბერს დაინიშნა და ორ თვეში – 2009 წლის 18 თებერვალს დასრულდა (N2963/1). ექსპერტიზა ორივე შემთხვევაში მამუკა მეტრეველმა ჩაატარა, რომელსაც სასამართლო მედიცინაში 21–წლიანი სტაჟი აქვს.

ექსპერტიზის პირველი დასკვნის აღწერილობითი ნაწილის შესწავლის შემდეგ, ალექსანდრე გეჯაძე ცალსახად ამბობს, რომ ცეცხლნასროლი დაზიანებების რაოდენობაზე, სროლის მანძილსა და სროლის მიმართულებაზე (ანუ ცეცხლნასროლი დაზიანებები წინიდან უკან განვითარდა, უკნიდან წინ თუ როგორ), არამცთუ კატეგორიული, არამედ, სავარაუდო დასკვნების გამოტანაც კი შეუძლებელია, მარტივი მიზეზის გამო – ცეცხლნასროლ დაზიანებებთან დაკავშირებით, ექსპერტს ადეკვატური, სრულყოფილი პასუხი გაცემული არ აქვს; სათანადოდ არ არის აღწერილი და დასაბუთებული ცეცხლნასროლი დაზიანებების ყველა ის დამახასიათებელი ნიშანი, რაც ექსპერტს საშუალებას მისცემდა, დაედგინა, რამდენი ცეცხლნასროლი დაზიანება იყო, სად იყო განლაგებული ტყვიის შესავალი ხვრელი, სად გამოსავალი.

„პრესა.გეს“ კითხვაზე – ეს უვიცობის შედეგია, თუ შეგნებულადაა გაკეთებული? დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის დირექტორი პასუხობს: „ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ექსპერტის სამუშაო სტაჟი არის 21 წელი და დანარჩენი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თქვენთვის მომინდვია“.

როინ შავაძის მკვლელობის საკითხზე კომენტირებისას, ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სიტუაციაში, მათ შორის ჩვენთან საუბრისას აცხადებდნენ, რომ თითქოს ეჭვი მიიტანეს, რომ შავაძე მოწინააღმდეგესთან თანამშრომლობდა. ის დააპატიმრეს და თბილისში გადაყვანის დროს, გაქცევის მცდელობისას დაიღუპა. როინ შავაძის მკვლელობის ადგილად ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, ქობულეთი–ოზურგეთის საავტომობილო გზასთან არსებული აჭარა–გურიის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლი. ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ შავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებული არაოფიციალური ვერსია 3 მიზეზის გამოა არადამაჯერებელი:

1.    თუ როინ შავაძე მოწინააღმდეგესთან მართლაც თანამშრომლობდა, მაშინ წაგებული ომის მთავარსარდლებმა სამაგალითოდ რატომ არ გაასამართლეს და დასაჯეს, როგორც მოღალატე? რა შუაშია იყო მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა ნარკოტიკული დანაშაულის მუხლით?!

2.    გზიდან როგორ უნდა გაქცეოდათ ადამიანი, რომელსაც ოქროს ბირჟასთან, დაკავების დროს, ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა ლამის სული ამოხადეს, ისე ცემეს?!

3.    დავუშვათ, მართლაც გაექცათ – მაშინ რატომ არ არის ექსპერტიზის დასკვნაში ტყვიის მიმართულება დაფიქსირებული?! თუ გაქცევის ვერსია უტყუარია, მაშინ ჯარისკაცს ტყვიებიც უკნიდან უნდა ჰქონდეს მოხვედრილი, რაც ექსპერტიზის დასკვნაში არ წერია. გამომძიებელს ექსპერტიზის წინაშე არც პირველად დაუსვამს კითხვა სროლის მიმართულების შესახებ და ეს არც დამატებითი ექსპერტიზის დროს გაუკეთებია.

დამოუკიდებელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის აზრით, შავაძის ცხედარზე არსებულ „სხვა სახის დაზიანებებზე“ დასკვნაში სრულფასოვანი პასუხია გაცემული: „ექსპერტს ადეკვატურად უწერია, რომ ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები არის სხეულის ბლაგვი ტრავმა. გამომძიებელი ექსპერტს, არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში არ ეკითხება, თუ რითია ეს დაზიანებები მიყენებული, მაგრამ ექსპერტი ადეკვატურად პასუხობს, რომ ეს დაზიანებები რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნების მოქმედებითაა მიყენებული. ამ დაზიანების მიღება დაცემით შეეძლო, თუ მაგალითად ცემის დროს, ამას გამომძიებელი არ ეკითხება. და თუ არ ეკითხება, ამ შემთხვევაში ექსპერტი ვალდებული არ იყო ამ ორ შეკითხვაზე პასუხი გაეცა. რადგან ახლა თქვენ მეკითხებით, გპასუხობთ – ეს დაზიანებები შესაძლებელია განვითარებულიყო ცემის დროს, წინააღმდეგობის გაწევის დროს და ნებისმიერ სხვა რეჟიმში, მაგრამ ცალსახაა, რომ ამ დაზიანებებს შავაძე საკუთარი სხეულის სიმაღლიდან ერთჯერადი დაცემით ვერ მიიღებდა“.

ერთ–ერთი მთავარი საკითხი, რასაც გამოძიება ექსპერტს უსვამს, როინ შავაძის გარდაცვალების მიზეზის დადგენაა. ექსპერტიზის პირველ დასკვნაში, ჩამოთვლილ 11 კითხვას შორის რიგით მესამეა – „რა არის როინ შავაძის სიკვდილის უშუალო მიზეზი?“

ალექსანდრე გეჯაძე: „პირველი ექსპერტიზის გაფორმებისას ექსპერტს არ დაუფიქსირებია შავაძე რისგან გარდაიცვალა, რა იყო სიკვდილის უშუალო მიზეზი, რასაც გამოძიებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. თუ რატომ მოხდა ეს, ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, მაგრამ ეს არის ყველაზე მთავარი, რისთვისაც პროზექტურაში გვამი სასამართლო მედიკური წესით იკვეთება. კი, ყველამ იცოდა, რომ დაზიანებები ცეცხლსასროლი იარაღით იყო მიყენებული, რომ ის გულის ინფარქტით არ მოკვდებოდა, მაგრამ ამ 4 თვის მანძილზე გამოძიებას არ გააჩნდა სიკვდილის მიზეზზე ოფიციალური წერილობითი ინფორმაცია – ექსპერტის დასკვნა; გამოძიებამ დოკუმენტალურად არ იცოდა რისგან მოკვდა შავაძე. ეს იურიდიული ნონსენსია და არა სასამართლო მედიკური. ამას გეუბნებით, როგორც იურისპრუდენციასთან მოსაზღვრე სპეციალობის მქონე პირი“.

დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნის დროს გამომძიებელმა 4 კითხვა დასვა, რაზეც პირველ ექსპერტიზაში პასუხი ვერ მიიღო – რა იყო სიკვდილის უშუალო მიზეზი? რამდენ ხანში დადგებოდა სიკვდილი? შეეძლო თუ არა როინ შავაძეს დაზიანებების მიღების შემდეგ ემოძრავა, ან შეესრულებინა რაიმე მოქმედება, ეყვირა, ან ელაპარაკა? აღნიშნული დაზიანების არსებობისას შეეძლო თუ არა როინ შავაძეს გონზე მოსვლა და რამდენი ხნით?

„გამოძიებისთვის, ალბათ, ღირებული იყო ეს შეკითხვები, რამეთუ 4 თვის შემდეგ ისევ დაისვა, რაზეც ექსპერტი პასუხობს, რომ გარკვეული დროის მანძილზე, შავაძეს შეეძლო გადაადგილება, გარკვეული მოქმედებების შესრულება; მოქმედებების შესრულებაში ექსპერტი გულისხმობს ყვირილსაც, ლაპარაკსაც, რასაც მე კატეგორიულად გამოვრიცხავ. შეეძლო თუ არა შავაძეს გონზე მოსვლა, ამაზე პირველ ექსპერტიზაში არაფერია ნათქვამი, ხოლო მეორე ექსპერტიზის წარმოების დროს, ექსპერტი პასუხობს, რომ ამ საკითხის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია.

გვამის გამოკვლევის მონაცემებიდან და იმ დაზიანებებიდან გამომდინარე, რა დაზიანებებიც ამ პიროვნებას ჰქონდა მიღებული (გულის, ფილტვების, ღვიძლის, ნაწლავების), მე შემიძლია ცალსახად გიპასუხოთ, რომ შავაძეს გონზე მოსვლის არანაირი შანსი არ ჰქონდა, რადგან ეს დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო“, – ამბობს ალექსანდრე გეჯაძე.

როინ შავაძის სიკვდილის მიზეზად, ექსპერტიზის დასკვნაში N2963/1 მითითებულია: „როინ შავაძის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული შინაგანი ორგანოების (გული, ფილტვები, ღვიძლი, ნაწლავები) დაზიანებებით, მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად“.

ალტერნატიული სასამართლო სამედიცინო ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის განმარტებით, შავაძის სხეულზე ცეცხლნასროლი დაზიანებების რაოდენობის განსაზღვრა ტანსაცმლის ფიზიკო–ტექნიკური ექსპერტიზით სავსებით შესაძლებელია, მაგრამ არც ოჯახმა, არც ადვოკატმა არ იცის, ჩატარებულია თუ არა როინ შავაძის ტანსაცმელზე ფიზიკო–ტექნიკური ექსპერტიზა; მეტიც – მათ არც „პრესა.გეს“ მიერ მოპოვებული ექსპერტიზის დასკვნები უნახავთ.

ადვოკატმა რამინ პაპიძემ საქართველოს მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას მარტში თხოვნით მიმართა, ზომები მიეღოთ, რადგან საქმის მასალების გაცნობის საშუალებას ადვოკატს კვლავ არ აძლევენ და ციცინო შავაძეც დღემდე არ არის ცნობილი დაზარალებულად. აპრილში ადვოკატს აჭარის პროკურატურიდან უპასუხეს, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს და ვინმეს ბრალეულობის გამოკვეთის შემდეგ გაირკვევა, ადვოკატის მიერ დასმული საკითხები.

ახალი ამბები