კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ჩვენ არა გვაქვს სხვა გზა, გარდა თანაცხოვრებისა!“ - სტუდენტები აფხაზ ხალხს მიმართავენ

20 მაისი, 2010
ნინი თოფურიძე,ნინო გელაშვილი  
                                                           

„თუ გვსურს აფხაზეთის დაბრუნება, ჯერ აფხაზი ხალხის გულები უნდა დავიბრუნოთ, უნდა აღვადგინოთ დამსხვრეული ხიდი, ერთი ქვეყნის ორ ხალხს შორის“, „სახალხო დიპლომატია და მშვიდობა დაგვეხმარება“,  „საჭიროა ცოდვათა მიტევება“ - ამბობენ სტუდენტები ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოგვარების გზებზე საუბრისას. თუმცა, კვლავ არსებობს რადიკალიზმიც: „ომით დაკარგულს, მხოლოდ ომით დავიბრუნებთ“, „რუსებისგან გონწართმეული აფხაზები“ და ა.შ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 2007 წლის მარტიდან დაიწყო  კამპანია „ბოდიში“, რომლის ფარგლებშიც ქართული საზოგადოების წარმომადგენლები, ვინც ამ პოზიციას იზიარებს, ბოდიშს უხდის აფხაზ ხალხს.

ვებ-გვერდზე www.apsni.org, რომელიც ამ კამპანიის ფარგლებში შეიქმნა, გამოქვეყნებულია ტექსტი - ერთგვარი მანიფესტი. აქვე განმარტებული კამპანიის მიზანიც: „ბოდიშის თქმა არ არის ადვილი, ხშირად - არც მისი მიღება. კამპანია „ბოდიშით“ ჩვენ ვცდილობთ, შეიცვალოს ურთიერთობის ის ფორმები, რაც ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ბოლო წლებში ჩამოყალიბდა. კამპანია „ბოდიში“ თავისი არსით აპოლიტიკური, ომის საწინააღმდეგო მოძრაობაა, რადგან მიგვაჩნია, რომ მშვიდობიან დიალოგს ალტერნატივა არა აქვს. „ბოდიშის“ მთავარი მიზანი ქართველ და აფხაზ ხალხს  შორის ნდობის აღდგენა და საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევაა. ჩვენ გვინდა, ყველა დავაფიქროთ ომის საშინელებასა და იმ შეცდომებზე, რომელიც დავუშვით“.

„ბოდიში, რომ ვერ შევაჩერეთ ომი; ბოდიში, რომ ვერ შევძელით აგვეცილებინა თავიდან ის, რაც მოხდა. ბოდიში ყველა იმ სიტყვისათვის, ყველა იმ ტყვიისათვის, რომელმაც ომი გამოიწვია“ - კამპანია დღემდე გრძელდება და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეუერთდეს მას (იხ. www.apsni.org/index.php?a=pg&pid=2&lang=ge ).

კამპანია  „ბოდიშის“ დაწყებიდან 3 წლის თავზე, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დაინტერესდა, როგორი განწყობები ახალგაზრდებში აფხაზი ხალხის მიმართ. ამ მიზნით, თბილისის სამ უნივერსიტეტში, სხვადასხვა კურსის სტუდენტებს, ერთი და იმავე კითხვებით მივმართეთ:

1) როგორ გესახებათ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაუმჯობესება?

2) მოუხდიდით თუ არა ბოდიშს აფხაზ ხალხს?

3) რას ეტყოდით აფხაზებს?

ამ შეკითხვებზე გვიპასუხეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელობის  სახელწიფო უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. გთავაზობთ ამ გამოკითხვის შედეგებს.

სალომე აჩბა, ივანე ჯავახიშვილის  სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი:
 
1)    მე აფხაზეთიდან ვარ და ბუნებრივია, ამ თემაზე ძალიან ბევრი მიფიქრია. ჩემი აზრით, კონფლიქტის გადაჭრისთის საუკეთესო გზა იქნება შეხვედრა  რაც შეიძლება მეტ აფხაზთან, დალაპარაკება აპოლიტიკურ ადამიანებთან. პირველ რიგში, ჩვენ უნდა მოვისმინოთ მათი აზრი, მოთხოვნები და სურვილები; აუცილებლად უნდა დავსხდეთ და გავარკვიოთ, რას ვითხოვთ ერთმანეთისგან, იქნებ ჯერ კიდევ გვაქვს შეხების საერთო წერტილი ორივე მხარეს – ის, რაზეც,  მოლაპარაკება შეიძლება.

2)    ჩემი აზრით, ორივე მხარემ ზუსტად თანაბრად შესცოდა. შესაბამისად, ორივე მხარემ თანაბრად უნდა მოიხადოს ბოდიში. მე ერთმა ჩემმა აფხაზმა მეგობარმა, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობს, მითხრა: ჩვენი პრობლემა მაშინ მოგვარდება, როცა ორივე მხარეს ჩვენი წილი ცოდვებისა შეგვრცხვებაო. მე, ჩემი წილი ცოდვებისა მრცხვენია. ორივე მხარეს ადამიანებს თავიანთი წილი ცოდვების რომ შერცხვეს, იქნებ მოგვარდეს კიდეც ყველა პრობლემა. თუ ბოდიშის მოხდა მხოლოდ ცალმხრივი იქნება, უაზროდ მეჩვენება, რადგან ბოდიში ორივე მხარეს აქვს მოსახდელი. გარდა ამისა, მარტო ბოდიშის მოხდასაც, სიტყვერად, თუ ამას საქმე არ მოჰყვა, არა მგონია, რამე აზრი ქონდეს. 

3)    ჩვენს კულტურასა და თვითმყოფადობას საქართველოს შემადგენლობაში შევინარჩუნებთ; ქართველები არ არიან კაციჭამიები!

სალომე კვანჭიანი, ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.

1)    ჩემი აზრით, შეცდომები ჩვენი მხრიდანაც იყო დაშვებული. ქართველ და აფხაზ მეზობლებს და მეგობრებს დღესაც კი აქვთ ურთიერთობა და კავშირი ერთმანეთთან. ხოლო ჩვენ - ახალი თაობა ერთმანეთს არ ვიცნობთ. ჩვენ ერთმანეთს უნდა დავუკავშირდეთ და დავმეგობრდეთ ისევე, როგორც ადრე იყო –  უფროს თაობაში.

2)    თუ გვინდა, დავიბრუნოთ აფხაზეთი და იმ ტერიტორიაზე შევიდეთ, ჩემი აზრით, სიამაყე უკან უნდა გადავდოთ და ბოდიშიც უნდა მოვიხადოთ. თუკი,  ეს ბოდიშის მოხდა რეალურად შეცვლის განწყობებს, მოვიხადოთ ბოდიში, რატომაც არა?!
 
3)    მოდი, დავივიწყოთ ის, რაც მოხდა. არ დავიჯეროთ ახალი, ძალადშეთითხნილი ისტორიები. გადავხედოთ წარსულს. ამ ომში ყველა დაზარალებულია, ორივე მხარეს ბევრს ჰყავს დაღუპული. თუ მარტო იმას გამოვიძიებთ,  ვინ ვინ მოკლა, ასე ურთიერთობა ვერასოდეს დათბება.

გიორგი  წიკლაური, ივანე ჯავახიშვილის  სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.

1)    პრობლემის მოგვარების მთავარი გზაა ახალგაზრდებს შორი ურთიერთობების აღდგენა. უნდა მოეწყოს ხშირი შეხვედრები აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს შორის. უნდა დავუახლოვდეთ ერთმანეთს. მესმის, ძნელია, მაგრამ ორივე მხარემ თვალი უნდა დავხუჭოთ ახლო წარსულზე.

2)    იმ ყველაფრისთვის, რაც მოხდა, ვთვლი, რომ ორივე მხარეს გვმართებს მობოდიშება. მივესალმები ამ კამპანიას. ჩემი აზრით ძალიან კარგია. მე მაქვს ასეთი იდეა და იმედი მაქვს, განვახორციელებ - ხომ ითვლება რომ „ენგურის“ ხიდი არის ქართველი და აფხაზი ხალხის გამყოფი. მინდა, სწორედ „ენგურის“ ხიდზე მოვაწყოთ მრგვალი მაგიდა, დავსხდეთ და ვისაუბროთ ქართულ აფხაზური ურთიერთობების შესახებ.

3)    ვაპატიოთ ერთმანეთს!!! 

ხატია ბაშარული, ივანე ჯავახიშვილის  სახელობის სახელმწეო უნივერსიტეტის სტუდენტი.

1)    ჩემი აზრით, ქართულ აფხაზურ ურთიერთობებში მხოლოდ პოლიტიკით ვერაფერს გავხდებით. აქ უნდა ჩაერთოს სახალხო დიპლომატია. უნდა მოხდეს აზრთა გაცვლა–გამოცვლა და გაზიარება. 

2)    არ ვიცი, რამდენად სწორად იქნება აღქმული ბოდიშის კამპანია. მე ვისურვებდი,  ბოდიში იყოს ორმხრივი და არა მხოლოდ ქართული მხრიდან. მე მოვიხდიდი ბოდიშს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ქართულმა მხარემ აფხაზების წინაშე ჩაიდინა.

3)    ჩვენ არა გვაქვს სხვა გზა, გარდა თანაცხოვრებისა!

დავით  ჩაგელიშვილი, ივანე ჯავახიშვილის  სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.

1)    ბოლო დროს ბევრს საუბრობენ აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობების მოგვარებაზე, ძირითადად - კულტურული, მეგობრული, ადამიანური ურთიერთობების აღდგენაზე. ჩემი აზრით, ამას არანაირი შედეგი არ მოყვება. შესაძლოა, ისევ ეკონომიკურ შეთავაზებას მოყვეს რაიმე ქმედითი ნაბიჯები. მე ჯერ კიდევ გაბრაზებული ადამიანის პოზიციიდან ვლაპარაკობ და ვბრაზობ მათზე. ვიცი, ჩვენი მხრიდანაც ბევრი შეცდომა იყო დაშვებული, მაგრამ როცა აფხაზეთის ომის კადრებს ვხედავ, ძალიან ვბრაზდები. სახალხო პოლიტიკით არა მგონია, რამე შეიცვალოს. არც ომით შეიცვლება რამე, მაგრამ ვფიქრობ, ეს საქმე მაინც იარაღისკენ მიდის.

2)    პოლიტიკა ისეთი რამეა, თუ საჭიროა, ბოდიშიც უნდა მოიხადო. კი, შეიძლება, ეს ბოდიში ჩვენს თავმოყვარეობას ლახავდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, თავმოყვარეობა მეორეხარისხოვანია. მე რომ ვიცოდე, ეს ბოდიში რამეს შეცვლისმ ბოდიშსაც მოვიხდიდი და მარჯვენა ხელსაც მოვიჭრიდი, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს უშედეგო იქნება.

3)    რას ვეტყოდი აფხაზ ხაალხს?.. არ ვიცი, არ მიფიქრია ამაზე. მხოლოდ ვისურვებდი, ორივე მხარეს დაგვენახა ჩვენი შეცდომები. 

ლანა ჩხეტიანი, ივანე ჯავახიშვილის  სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.

1)    აფხაზეთის კონფლიქტზე ხშირად მიფიქრია. ჩვენ ის თაობა ვართ, ვისაც ასე თუ ისე, ახსოვს კონფლიქტის მიმდინარეობა. ვფიქრობ, დამნაშავე  ორივე მხარეა. ისე არ არის, რომ აფხაზები და რუსები გამოვაცხადოთ მტრად და ქართველები ყველაფერში მართლები ვიყოთ. ჩვენი ბრალიც არის ბევრი რაღაც.

2)    კამპანია ბოდიშზე საკმაოდ დადებითად ვარ განწყობილი და ვუერთდები იმიტომ, რომ ბოდიში მოსახდელი აქვს ორივე მხარეს - როგორც ჩვენ, ისე აფხაზებს.

3)    აფხაზ ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, რომ არც ისეთი ცუდები ვართ, როგორც ეს მათ ესმით. 

ლილიანა გურეშიძე, ივანე ჯავახიშვილის  სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.

1)    აფხაზეთის კონფლიქტზე მიფიქრია, რადგან ჩემს ირგვლივ ბევრი აფხაზეთიდან დევნილია და ვხედავ, როგორ გაჭირვებულ მდგომარეობაში არიან. ჩემი აზრით, სახელმწიფო დევნილებს სერიოზულ შეღავათებს არ აძლევს და არ ეხმარება. მეორეც, საქართველოს რუკას რომ ვუყურებ და ამხელა ტერიტორია რომ გვაქვს დაკარგული, ამაზე საშინლად მწყდება გული. ჩემი აზრით, ამ კონფლიტმა მხოლოდ საქართველო არ დააზარალა. ორივე მხარე დაზარალდა. ამ კონფლიქტში გამარჯვებული მხარე არ არსებობს.

2)    კამპანია „ბოდიშს“ ვეთანხმები და ვფიქრობ, დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო მსგავსი კამპანია, რადგან ამდენი ხანი დიალოგის გარეშე ცხოვრება საშინელებაა. ჩვენც უნდა მოვუხადოთ ბოდიში, მათაც და ბოლოს და ბოლოს, დავიწყოთ ურთიერთობა.

3)    ქართველ ახალგაზრდებს მართლა არ სძულს აფხაზები და თუ დავილაპარაკებთ და ურთიერთობა გვექნება, ყველაფერი მოგვარდება. ახალგაზრდებმა უნდა გამოასწორონ სიტუაცია.

მაია არაბული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი:

1)    კარგი იქნება, თუ აფხაზებიც იაქტიურებენ და ახალგაზრდები მაინც აღვადგენთ ურთიერთობას, თუნდაც - ინტერნეტით, რადგან ჩვენ იქ ჩასვლის საშუალება არა გვაქვს. მართალია, მე არ გამიკეთებია არაფერი სიტუაციის შესაცვლელად, მაგრამ იმათ გაუკეთებიათ?!

2)    აფხაზები თუ მოიხდიან, მაშინ მეც მოვუხდი მათ ბოდიშს.

გიორგი მარგველანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი:

1)    საერთოდ ამ თემაზე ლაპარაკი მიჭირს. მირჩევია, დავწერო. კონფლიქტის მოგვარება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. უბრალოდ, სახალხო დიპლომატია უნდა ჩაერიოს ამ საქმეში აქტიურად.

2)    ვფიქრობ, ბოდიშის მოსახდელი არაფერი გვაქვს. ეს კონფლიქტი არც ქართველების ბრალია და არც - აფხაზების. ესაა რუსების მიერ მოწყობილი სისხლისღვრა.

3)    იმ შეგნებამდე უნდა მივიდეთ, რომ ორივენი ვართ საქართველოს მოქალაქეები და ერთმანეთზე უკეთესი არავინ გვყავს.   

ბექა ხომასურიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი:

1)    ჩვენ რა შეგიძლია გავაკეთოთ? აქამდე არც მიცდია, მაგრამ რომ ვცადო, რა გამოვა? არა მგონია, მოგვარებადი იყოს ეს კონფლიქტი, რადგან მესამე მხარეა ჩართული მის გაღვივებაში და მოგვარებაც მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული.

2)    რა თქმა უნდა, ვუერთდები ბოდიშის კამპანიას, მაგრამ ჩვენი ბოდიში რას შეცვლის, ეს არ ვიცი. იგივე იქნება მისაღები მათი მხრიდანაც.
 
თამთა სისვაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი:

2) ბოდიშს ვუხდი აფხაზ ახალგაზრდებს იმის გამო, რომ უმოქმედოები ვართ და იმედი მაქვს, რომ მომავალში ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენი მშობლების მსგავსად, ჩვენც ერთად ვიქნებით. ბოდიშს ვუხდი უმოქმედობის გამო და ვუერთდები თქვენს კამპანიას.

რუსუდან მღებრიშვილი  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი:

1)    კონფლიქტი მშვიდობიანი  მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს.

2)    არა! ვთვლი, რომ ბოდიშის მოხდა არასწორი და არაფრისმომცემი საქციელია.

3)    ყველაფერი მოგვარდება და ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით.

ნათია ბეჭვაია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი:

1)    ეს ის პრობლემაა, რომელიც უშუალოდ რუსეთის ნებაზეა დამოკიდებული, აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ნაკლებია ამ პრობლემის მოგვარების შანსი.

2)     არა! არა გვაქვს ბოდიში მოსახდელი!

3)    იმედი მაქვს, მალე დარწმუნდებით, რომ არჩევანი რომელიც თქვენ გააკეთეთ, მცდარია!

ლევან სულავა,  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ს სტუდენტი:

1)    ომით დაკარგულს, მოლაპარაკებით ვერ დავიბრუნეთ. საქართველოს ხელისუფლება კონკრეტულ დათმობებზე ვიდრე არ წავა და რუსეთის გაკრიტიკებას არ შეეშვება, არაფერი გამოვა. „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“.

2)    აფხაზ  ხალხს ბოდიში შევარდნაძემ უნდა მოუხადოს, რომელიც ახლა ხელშეუხებელია და თავის რეზიდენციაში ტკბილად ზის.

3)    ალბათ, თქვენი სურვილიც უნდა იყოს, საქართველოს გამთლიანება. საკუთარ გულებში ჩაიხედეთ და ისე იმოქმედეთ.

ოლია ოჩიგავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი:

1)    პირველ რიგში, რუსეთში უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. რუსეთის ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს დემოკრატიული და საღად მოაზროვნე ხალხი, რომელიც საქართველოს, მის ტერიტორიულ მთლიანობას და  მის ხელისუფლებას აღიარებს.

2)    ბოდიშს მოვიხდი, თუ ეს საჭირო იქნება.

3)    აფახაზებო, იბრძოლეთ რუსეთისაგან თავდასახსნელად და დაუბრუნდით დედასაქართველოს. თქვენ საქართველოს ნაწილი ხართ. ეს ასე იყო და იქნება,  საქართველო იარსებებს. გონს მოუხმეთ და დაივიწყეთ ყველა წყენა.

შორენა ნაროუშვილი, სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტი:

1)    ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება შეუძლებელია, რადგან აფზახები ჩვენს მიმართ ძალიან ცუდად არიან განწყობილნი. იმის მაგივრად, რომ მადლიერები იყვნენ ჩვენი ყველაფრისთვის, რაც მათთვის გაგვიკეთებია,  პირიქით, საბოლოოდ ცდილობენ, ქართული ენის აღმოფხვრას.

2)    არასოდეს! არავითარ შემთხვევაში! საბოდიშო რა მაქვს?! როცა დამნაშავე ვარ ყოველთვის ვაღიარებ და ბოდიშის მოხდაც არ მრცხვენია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს სიტყვა დიდ გაგიზიანებას და ზიზღს იწვევს ჩემში. აქეთ მოგვიხადონ ბოდიში!

3)    გონს მოდით, თუ საერთოდ გინდათ ქართველ ხალხთან ურთიერთობა.  რუსების ზეგავლების ქვეშ გონება გაქვთ დაბინდული. კიდევ ერთხელ გეუბნებით - გონს მოეგეთ! 

ახალი ამბები