კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსთავში ფოლადის მწარმოებელი მუშები გაიფიცნენ

20 მაისი, 2010
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

17  მაისს რუსთვში შპს „ჯეოსთაილის“ მუშები გაიფიცნენ. „დაბალი ანაზღაურება, საპირფარეშოებისა და სასმელი წყლის არქონა ჩვენი მთავარი პრობლემაა. კვირაში ორი დღე-ღამე გვიწევს მუშაობა და გვიხდიან 300 ლარს თვეში. ეს მონობაა. იციან გაჭირვებული ქვეყანაა, ხალხიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს და ამიტომ ხდება ეს ყველაფერი ასე. 7 თვის წინათაც გავიფიცეთ. იგივე მოთხოვნები გვქონდა. დაგვპირდნენ, მაგრამ ჩვენ სასიკეთოდ არაფერი გაკეთდა“, – ამბობს ქარხნის თანამშრომელი ბესო ბაზაძე. გაფიცულთა თქმით, მათ მუშაობის შემდეგ დაბანის საშუალება არა აქვთ. „ჩვენთვის არც აბანოა და არც სასადილო“.

„ჯეოსთაილის“ მუშების პრეტენზიების მთავარი ადრესატები საწარმოს მფლობელები არიან. შპს „ჯეოსთაილი“ წარმოადგენს JSW India-სა და G Georgian Steel Group Holding-ის  ერთობლივ საწარმოს. აწარმოებს ფოლადს. საწარმო ინდური კაპიტალით მუშაობს. საქართველოში ამ საინვესტიციო გუნდის შემოსვლისას ითქვა, რომ ჯგუფი მიზნად ისახავს კავკასიის რეგიონის უზრუნველყოფას საუკეთესო ხარისხის ფოლადის არმატურით.
„თუ გაფიცვა არ შეწყდება და საწარმო გაჩერდება, ვერავინ ვერაფერს მიიღებს. ვერ დავეთანხმები მოთხოვნას, რომ ჩვენთან კრიტიკულად დაბალი ხელფასებია. რაც შეეხება აბანოებს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახალი კომპანია ვართ, რომელიც ნოემბრის თვიდან მუშაობს და არა ვართ ფინანსურად ისეთი ძლიერები, რომ
ყველაფერი უცებ მოვაგვაროთ. გაფიცულთა წარმომადგენლებს შევხვდით. ვთხოვთ მათ, წერილობით მოგვაწოდონ მოთხოვნები და ერთი კვირის მანძილზე განვიხილავთ“, – განაცხადა „ჯეოსთაილის“ კადრების მენეჯერმა შალვა ბეჟიაშვილმა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ მუშათა გაფიცვას პოლიტიკური სარჩულიც ედოს: „ძალიან სწრაფად მოვიდნენ პოლიტიკური პარტიები გაფიცვის მხარდასაჭერად. საერთოდ ეს ასე არ ხდება“.

ერთადერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რომელიც გაფიცვაზე ვნახეთ, ლეიბორისტი მამუკა მაისურაძე იყო.

ჩვენ მოგვეცა საშუალება გავცნობოდით საწარმოს ხელმძღვანელთა წერილობით პასუხს, რომელიც შვიდი თვის წინ მუშათა გაფიცვისას შედგა. მასში შემდეგი სახის ინფორმაციას ვკითხულობთ: „ღამე ცვლაში მუშაობისათვის ხელფასი დამატებით არ გადაიხდება. სასადილოს გამოყენება შესაძლებელი იქნება ღამის საათებშიც. კომპანიას არ შეუძლია, თანხები დახარჯოს გამოსაცვლელი ოთახებისა და აბანოების მოწყობაზე. თუმცა, ვგეგმავთ მის განხორციელებას, როდესაც ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს. ასევე არავინ გათავისუფლებულა სამსახურიდან დემონსტრაციის გამო და არც პოლიცია იყო გამოძახებული ადმინისტრაციის მიერ. თუმცა, ასეთი ხასიათის დემონსტრაციები არ შეიძლება იყოს წახალისებული. პრინციპი „არ მუშაობა - არ ანაზღაურება“ გამოყენებული იქნება ასეთი გამოსვლების დროს“.

ამჯერად ხელმეორედ გაფიცვაზე გამოსვლისათვის დაკარგავენ თუ არა მუშები სამსახურს, დრო გვიჩვენებს. წინა დემონსტრაციისგან განსხვავებით ამჯერად „ჯეოსთაილმა“ ადმინისტრაციულ შენობასთან საპატრულო პოლიცია გამოიძახა. თვითმხილველთა თქმით, ადგილზე რუსთავის პოლიციის უფროსიც იმყოფებოდა.

ახალი ამბები