კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურამ წინასაარჩევნოდ გაყალბებულ ოქმზე გამოძიება დაიწყო

21 მაისი, 2010
შორენა ღლონტი, გურია

გაურკვეველ  ვითარებაში შეცვლილი ოქმის გამო, პროკურატურამ ძიება დაიწყო, ხოლო #62 საოლქო საარჩევნო კომისიამ მისგან დანიშნული წევრები უკან გამოიწვია.

26 აპრილს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბლაციხის #9 საარჩევნო უბნის, კომისიის 12 წევრმა თავმჯდომარედ რამაზ დოლიძე აირჩია და ჩოხატაურის #62 საოლქო საარჩევნო კომისიაში 12-ვე წევრის ხელმოწერილი ოქმი დოლიძესვე გაატანა. 27 აპრილს კი გაირკვა, რომ ოქმი შეცვლილი იყო - თავმჯდომარედ ნანული ჩხიკვიშვილი ეწერა, ხოლო მის მოადგილედ - რამაზ დოლიძე.

როგორც „ალიანსი საქართველოსთვის“ ჩოხატაურის ოფისში აცხადებენ, კომისიის თორმეტივე წევრმა მხარი რამაზ დოლიძის თავმჯდომარედ არჩევას ერთხმად დაუჭირა: „თუმცა 27 აპრილს გაირკვა, რომ ოქმი, რომლის მიხედვითაც დოლიძე აირჩიეს კომისიის თავმჯდომარედ და რომელზეც 12-მა ადამიანმა მოაწერა ხელი, დახიეს და საჯაროდ ისეთი ოქმი წარმოადგინეს, როგორიც მათ სურდათ“.

ოქმზე, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა, გარკვევით ჩანს, რომ მდივნის, თამარ ჯინჭარაძის ხელწერა სხვადასხვა გვერდზე სხვადასხვანაირად არის. „გურია ნიუსის“ ჟურნალისტთან საუბრისას ჯინჭარაძე ადასტურებდა, რომ დოლიძეს ის ოქმი გაატანეს, რომლის მიხედვითაც ეს უკანასკნელი იყო თავმჯდომარედ არჩეული და მან, როგორც კომისიის მდივანმა, ხელი ნამდვილად დოლიძის თავმჯდომარედ არჩევას მოაწერა.

როგორც ნანული ჩხიკვიშვილი ამბობდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეასრულებდა საარჩევნო პერიოდში მასზე დაკისრებულ მოვალეობას, რის გამოც მან კომისიის შემადგენლობიდან გაწვევა მოითხოვა.

28 აპრილს მსგავსი განცხადებები შევიდა საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომლის თანახმადაც, დაბლაციხის საარჩევნო კომისიის მდივანი თამარ ჯინჭარაძე უარს აცხადებდა უბნის მდივნობაზე და მოადგილედ  გადაყვანილი დოლიძეც თანამდებობის შეწყვეტას ითხოვდა.

რამაზ დოლიძე საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართავს: „მოგახსენებთ რომ ამა წლის 26 აპრილს დაბლაციხის საარჩევნო უბნის პირველი სხდომის ჩატარების შემდეგ სხდომის შედეგები ჩამოტანილი იქნა საოლქო საარჩევნო კომისიაში დასამტკიცებლად. ოქმში არსებული ტექნიკური ხარვეზის გამო არ იქნა დამოწმებული და მე როგორც სარჩევნო უბნის თავმჯდომარემ უარი განვაცხადე თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებაზე და ოქმი წამოღებულ იქნა. ოქმის შედეგები იქნა გადასწორებული ჩემს დაუსწრებლად“.

დოლიძე ამბობს, რომ ოქმი არ გაუყალბებია: „რა ვიცი, საიდან გაყალბდა და საიდან გაჩნდა მეორე ოქმი. ფაქტია რომ ვიღაცამ წამოიღო“.

როგორც დაბლაციხის საარჩევნო უბანში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ხაბეიშვილი აღნიშნავს, 26 აპრილს ხმა რამაზ დოლიძის კანდიდატურას დაუჭირა და ვიღაცამ მისი ხმაც გააყალბა. 

იურისტები აცხადებენ, რომ ოქმის გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია და გამოძიება უნდა დაიწყოს. ამ საკითხზე ჩოხატაურში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილიც ჩავიდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღნიშნავენ, რომ ამ ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს.

ვიდრე ცესკო და პროკურატურა სიმართლეს გაარკვევს, დაბლაციხის საუბნო საარჩევნო კომისია ისევ სკანდალში გაეხვა. 13 მაისს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელზე, აღნიშნული უბნის სამმა წევრმა - რამაზ დოლიძემ, მარინა მჟავიამ და ია შარაშიძემ კვლავ განცხადებები დაწერეს და უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვეს.

რამაზ დოლიძე, რომლის მიმართაც უამრავი შეკითხვა ისევ არსებობს, თემურ კუტუბიძეს წერს: „საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე და ოჯახური პირობების გამო, მიმაჩნია, რომ ვერ შევძლებ ჩემზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას და გთხოვთ, გამათავისუფლოთ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობიდან“.  მარინა მჟავია კი, კომისიის წევრობიდან განთავისუფლებას ჯანმრთელობის გაუარესების გამო ითხოვს. იგივე შინაარსისას ია შარაშიძის განცხადებაც: „ავადმყოფობის გამო მესაჭიროება ხანგძლივი მკურნალობა, გთხოვთ, გამანთავისუფლოთ კომისიის წევრობისგან“.

ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თემურ კუტუბიძე ამბობს, რომ კომისიის წევრებმა განცხადებები საკუთარი სურვილით დაწერეს: „სამივემ საკუთარი სურვილით დაწერა განცხადება. არავის არაფერი დაუძალებია. ან კიდევ მე რა უფლება მქონდა გამეშვა რომელიმე მათგანი“.

როგორც „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ხინთიბიძე აცხადებს, დაბლაციხის საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობაში მიმდინარე პროცესები სერიოზული განსჯის საგნად უნდა იქცეს ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, ეჭქვეშ დადგეს ამ უბანზე არჩევნების სამართლიანად ჩატარების ალბათობა. რაც შეეხება ხელმოწერებისა და შესაბამისად ოქმის გაყალბებისთვის პასუხისმგებელი პირების ბრალეულობას, პროკურატურის ობიექტური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მას უნდა მიეცეს კვალიფიკაცია, რადგანაც ეს ფაქტი აშკარად ატარებს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ოლქიდან დანიშნულ წევრებს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეთ.

ახალი ამბები