კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თბილისი ააყვავა და ახალციხეს რას უზამს!“ - მესხეთში გიგი უგულავას ირჩევენ

25 მაისი, 2010

გულო კოხოძე, მესხეთი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა. ადგილობრივი მოსახლეობა არჩევნების მიმართ ინდიფერენტულია. „არაფერი არ შეიცვლება“, - ასეთია მოქალაქეთა დიდი ნაწილის პოზიცია. რეგიონში ოპოზიციურ პარტიებში წინასაარჩევნო აქტივობა ნაკლებად იგრძნობა.

პარტიები და ამომრჩევლები

ოპოზიციური პარტიები მესხეთის საოლქო-საარჩევნო კომისიებში სხვადასხვა წარმომადგენლობით არიან დარეგისტრირებულები. აქედან ჩანს, რომ ოპოზიციას არ ჰყოფნის ადამიანური და ფინანსური რესურსი, რეგიონებში ძლიერი ოფისები ჰქონდეს. მაგალითად, ადიგენის თვიმმართველობის არჩევნებში მხოლოდ ორი ოპოზიციური პარტია მონაწილეობს - „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ და „ალიანსი საქართველოსთვის“.

ახალციხის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ: 1. პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენ თვითონ“; 2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; 3. „საქართველოს კონსერვატიული პარტია“; 4. „ალიანსი საქართველოსთვის“; 5. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“; 6. „თორთლაძე - დემოკრატიული პარტია“.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოსახვედრად იბრძვიან: 1. პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“; 2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; 3. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“; 4. „ალიანსი საქართველოსთვის“; 5. „თორთლაძე -  დემოკრატიული პარტია“; 6. მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“.

თუმცა, ზოგიერთგან ოპოზიციამ მაჟორიტარებად საკუთარი კანდიდატების წარდგენა მაინც მოახერხა.

ამომრჩეველთა რაოდენობა ოლქების მიხედვით (ცესკოს მონაცემებით): #36 - ბორჯომი - 27,873; #37 - ახალციხე - 36,439; #38 - ადიგენი - 15,966;
#39 - ასპინძა - 9,870.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, სამცხეში რეგისტრირებული ოპოზიციური პარტიები აქტიურობით  არ გამოირჩევიან.

ოპოზიციური სპექტრი მმართველ პარტიასთან მიმართებაში არათანაბარ პირობებზე საუბრობს. თუმცა, დღეის მონაცემებით, საოლქო-საარჩევნო კომისიებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ შესულა. 

ახალციხეში ამ დროისთვის მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პლაკატებია გამოფენილი. აქა-იქ თუ დაინახავთ „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ პლაკატებსაც. ამავე პოლიტიკური ორგანიზაციის წევრები პირად საუბრებში ზეწოლებზე საუბრობენ, თუმცა ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებენ. ისევ  პრობლემად რჩება საარჩევნო სიები.

წინასაარჩევნო ვითარება

ახალციხეში წინასაარჩევნო კამპანიას, საარჩევნო სუბიექტების პარალელურად, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები წარმართავენ. ოფიციალურად ხელისუფლების წარმომადგენლები (ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი) შვებულებით სარგებლობენ, თუმცა საშვებულებო პერიოდს, არაოფიციალურად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო მოღვაწეობას უთმობენ.

ოპოზიციური პარტიებიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე არავინ საუბრობს. ოპოზიცია შვებულებაში გასული ახალციხის გამგებლის დავით ათუნაშვილის ამჩნევს, რომელიც ისევ სამსახურის მანქანით სარგებლობს.

„ჩვენ გიგი უგულავას უნდა მივცეთ ხმა“, – ასე განაცხადეს ახალციხის ცენტრში შეკრებილმა მამაკაცებმა.

ზოგს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნები ჰგონია და მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს პარლამენტის წევრად არჩევას უპირებს. არჩევნებზე მიმსვლელი ამომრჩევლის დიდი ნაწილი გიგი უგულავას უჭერს მხარს.

„თბილისი ააყვავა და ახალციხეს რას უზამს!“ - ასეთი არგუმენტი მოჰყავს ახალციხელ ქალბატონს, თუ რატომ უნდა მისცეს ხმა გიგი უგულავას.

ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა კი აცხადებს, რომ არჩევნებზე არ მიდის, რადგან ამით მაინც არაფერი შეიცვლება.

ელზა კაპანაძე ახალციხელია. იგი მიიჩნევს, რომ ადგილობრვი თვითმმართველობბის არჩევნები მანამდე არ გახდება მნიშვნელოვანი, სანამ არ მოხდება დეცენტრალიზაცია. „დამლაგებლიც კი ცენტრიდან ინიშნება. საკრებულოსა და გამგეობას ფუნქცია დაკარგული აქვს. რა  აზრი არ აქვს ადგილობრვი თვითთმართველობის არჩევნებს?“ – კითხულობს ის.

„კონსერვატორებისა“ და „რესპუბლიკელების“ წარმომადგენლები, რომლებიც ახალციხეში მუშაობენ, აცხადებენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები სავსეა სხვა პოლიტიკური პარტიების სახელით დაკომპლექტებული „ნაციონალებით“.

„ბოლო არჩევნებზეც ასე იყო და ეს ოპოზიციის სისუსტის ბრალია“, - ამბობს „კონსერვატიული პარტიის“ წევრი საოლქო-საარჩევნო კომისიაში ნინო ბაღდოშვილი და დასძენს, რომ ლეიბოლისტებმა ამჯერად „ნაციონალებს“ დაუთმეს ადგილი: „საოლქო საარჩევნო კომისია სვამს მათ ნაცვლად წევრებს. ხოლო ეს კომისია რასაც ჩასვამს, ყველამ კარგად ვიცით“.

ახალი ამბები