კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაციონალური გარიგება

27 მაისი, 2010
 ნატალია სარქისაშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

საქართველოში 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად ჩატარება, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის ღირსების საკითხია. მან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ისიც უთხრა, რომ „სალაპარაკო არ მიეცათ ოპოზიციური პარტიებისთვის“, რაც საარჩევნო პროცესში სახელისუფლებო პარტიის ჩაურევლობასაც გულისხმობდა. თუმცა, კახეთის მაგალითზე აღმოჩნდა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების მდივნებს, რომლებიც ოპოზიციურმა პარტიებმა წარადგინეს და წესით, ოპოზიციის ინტერესებს უნდა იცავდნენ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აქვთ კავშირი.

პროლოგი

2008 წლის საპარლამენტო არჩევნები „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო, რომელმაც პარლამენტში 150 ადგილიდან 119 დაიკავა. პოლიტიკური გარემო მას შემდეგ მკვეთრად პოლარიზებული რჩება. მრავალმა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა, მათი მტკიცებით, არჩევნების დარღვევებით ჩატარების მიზეზით. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის შეფასებით, პოლიტიკური დაძაბულობის ზრდას ხელი შეუწყო 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულმა კონფლიქტმა. 2009 წლის აპრილის თვეში თბილისში ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები გაიმართა. მონაწილეები მოითხოვდნენ კონსტიტუციური და საარჩევნო რეფორმების გატარებას, ასევე მედიისა და სასამართლო სისტემის თავისუფლებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

ვაშინგტონში დაფუძნებული საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელშეწყობით, 2009 წლის მარტში საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის წევრებმა მოლაპარაკებები დაიწყეს. ამ პროცესში პოლიტიკურ პარტიებთან ერთად სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც მონაწილეობდნენ. მოლაპარაკებების შედეგად თვითმმართველობის არჩევნებისთვის საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფი შეთანხმდა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში მდივნების თანამდებობას ოპოზიციის წარმომადგენლები დაიკავებდნენ. 2009 წლის დეკემბერში, აღნიშნული შეთანხმება პარლამენტმა ერთიან საარჩევნო კოდექსში ცვლილებით დაამტკიცა. 221 მუხლის მე-2 პუნქტის 21 ქვეპუნქტის  თანახმად, „საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აირჩევა პარტიების მიერ დანიშნულ წევრთაგან, გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა“.

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა კაციტაძის განმარტებით, არჩევნების დროს ყველა პროცედურა მდივნის ხელმოწერით ფორმდება და მისი ოპოზიციიდან დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მეტად მნიშვნელოვანია.

საარჩევნო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, საუბნო-საარჩევნო კომისიის მდივანი: „ამზადებს კომისიის განკარგულებათა პროექტებს; პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე; ადგენს საარჩევნო კომისიის სხდომების ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს; ახორციელებს საარჩევნო კოდექსით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას“.

ამ ცვლილების პარალელურად, საარჩევნო კოდექსის 55-ე და 12626-ე მუხლებით განისაზღვრა, რომ კენჭისყრისა და არჩევნების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორება იწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. რესპუბლიკური პარტიიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ზურაბ მარაქველიძის განცხადებით, NDI-ს ოფისში მოლაპარაკებების დროს ადმინისტრაციულ სასჯელთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა და ეს ცვლილება პარლამენტმა კოდექსში მას შემდეგ შეიტანა, რაც საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფი შეთანხმდა, რომ უბნებზე მდივნებს ოპოზიცია შეარჩევდა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სახელისუფლებო პარტიიდან მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ „საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომელიც ძალიან რთული შრომის პროდუქტია, არის ძალიან დიდი ნაბიჯი იმისკენ, რომ საქართველოში თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს“.

82,6% - „ჩვენ თვითონ“, „მრეწველები“ და „ქრისტიან დემოკრატები“

საუბნო საარჩევნო კომისიები ყოველი არჩევნებისთვის ხელახლა იქმნება. საარჩევნო კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე, საუბნო-საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო 7 წევრს ნიშნავენ კვალიფიციური პოლიტიკური პარტიები. კვალიფიციური სუბიექტი არის პოლიტიკური პარტია ან ბლოკი, რომელიც პარლამენტში ფრაქციით არის წარმოდგენილი, ან უკანასკნელ არჩევნებში პროპორციული სისტემის საფუძველზე მიიღო საქართველოს ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 4%-ისა.

ცესკოს ღონისძიებათა გრაფიკის მიხედვით, საუბნო-საარჩევნო კომისიები ბოლო ვადის ამოწურვამდე, ანუ 26 აპრილამდე დაკომპლექტდა. საარჩევნო კოდექსში შესული ბოლოდროინდელი ცვლილებების თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიების მდივნები არჩეულ იქნენ ოპოზიციური პარტიების წევრებიდან, რაც მნიშვნელოვანი ელემენტია საარჩევნო პროცესების დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობისათვის“, - აღნიშნა 26 აპრილს ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა ჩვენთან საუბარში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტატისტიკური მონაცემებით, კანონით მინიჭებული ეს უფლება, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გამოიყენა, თუმცა კახეთის მასშტაბით, 305 საარჩევნო უბნიდან 252 საარჩევნო უბანში მდივნების თანამდებობები პარტიების „ჩვენ თვითონ“, „მრეწველების“ და „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის“ სიებით წარდგენილმა წევრებმა დაიკავეს. როგორც ჩვენმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი მდივნების უმრავლესობა მმართველ პარტიასთან, ნაცმოძრაობასთან კავშირშია. ზოგი მათგანი საჯარო მოხელეა, ზოგიც - სახელმწიფო დაფინანასებაზე მყოფი ორგანიზაციის თანამშრომელი. ამ ტიპის სამუშაო ადგილების შენარჩუნება კი, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად, კახეთშიც ადგილობრივი ხელისუფლების კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული.

აღსანიშნავია, რომ „ჩვენ თვითონ“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ერთი საარჩევნო ბლოკის სტატუსით მონაწილეობს.

მდივნების კავშირები ნაცმოძრაობასთან

პოლიტიკურ გაერთიანებას „ჩვენ თვითონ“ კახეთის რვა მუნიციპალიტეტიდან არც ერთში საკუთარი ოფისი არა აქვს და არც წარმომადგენლები ჰყავს. ამ პარტიიდან საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრები ძირითადად მასწავლებლები არიან.

სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამების დირექტორის, ნინა ხატისკაცის განცხადებით, მასწავლებლები, როგორც საჯარო მოსამსახურეები, სახელისუფლებო ზეწოლას განიცდიან და ისინი ხელისუფლებისათვის სანდო ადმინისტრაციულ რესურსს წარმოადგენენ.

გურჯაანის მე-12 საარჩევნო ოლქის მუკუზნის მე-12 საარჩევნო კომისიის მდივანი მზევინარ ხეჩოშვილი - პარტიდან „ჩვენ თვითონ“, ამავე სოფლის საჯარო სკოლის საქმის მწარმოებელია; ამავე პარტიიდან, სოფელ ჩუმლაყის მე-19 საარჩევნო უბნის მდივანი ნინელი გოგოსაშვილი ჩუმლაყის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის ხელმძღვანელია; ჩუმლაყის მე-20 საარჩევნო უბნის მდივანი ნუნუ ბერულაშვილი, ასევე ჩუმლაყის საჯარო სკოლის მასწავლებელია; სოფელ ველისციხის მე-14 საარჩევნო უბნის მდივანი ნინო ლეკაშვილი სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია; სოფელ ვაზისუბნის მე-11 საარჩევნო უბნის მდივანი ტარიელ აბაზაშვილი, 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის კოორდინატორი იყო სოფელ ვაზისუბანში.

მასწავლებლები, სახელმწიფო ორგანიზაციების თანამშრომლები და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები არიან საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრები და მდივნები პარტიიდან „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“. გურჯაანის მე-12 საარჩევნო ოლქის ნომერ პირველი საარჩევნო უბნის მდივანი მზია ათაბეგაშვილია. იგი ს/ს „კურორტ ახტალის“ ბუღალტერია. კურორტი „ახტალა“ სახელმწიფო ორგანიზაციაა. პირველი საარჩევნო უბნის თავმჯდომარეა ამავე კომპანიის დირექტორი, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი გოგა უტიაშვილი;
გურჯაანის მე-5 საარჩევნო უბნის მდივანი „მრეწველების“ სიით წარდგენილი წევრი ზურაბ მჭედლიძეა, რომელიც სააქციო საზოგადოება „გურჯაანგაზის“ მთავარი ბუღალტერია. კომპანიის დირექტორი გიორგი მაჭავარიანი კი ამავე საარჩევნო უბნის თავმჯდომარეა;

გურჯაანის მე-4 საარჩევნო უბნის მდივანი ასევე „მრეწველების“ სიით წარდგენილი მანანა არაყიშვილია. იგი შპს „კომუნალური სერვისის“ ეკონომისტია. ეს ორგანიზაცია მთლიანად გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი წლიური დაფინანსება 134 700 ლარს შეადგენს. ორგანიზაციის დირექტორი დავით იმერლიშვილია. მისი მეუღლე, თამარ სამხარაული გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კანცელარიის გამგეა, ამჟამად კი მე-4 საარჩევნო უბნის თავმჯდომარედ არის დანიშნული. აღსანიშნავია, რომ დავით იმერლიშვილის კუთვნილ შენობაშია განთავსებული „ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული საარჩევნო შტაბი;

სოფელ გურჯაანის 22-ე საარჩევნო უბნის მდივანია „მრეწველების“ სიით წარდგენილი ნანული ჩუგოშვილი. იგი შპს „აისი - გურჯაანის ნაყინის“ თანამშრომელია. ამ კომპანიის გენერალური დირექტორი გურამ ბერიკაშვილი გურჯაანის რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის მე-4 ნომერია.

სოფელ ვეჯინის 26-ე საარჩევნო უბნის მდივანი „მრეწველების“ სიით წარდგენილი თამარ პაპაშვილია, რომელიც სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლაში ინფომენეჯერად მუშაობს.

სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის მასწავლებლები არიან მაია თანდაშვილი და ნინო ტეტელოშვილი, რომლებიც კარდენახის 31-ე და 33-ე საარჩევნო უბნებში „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ კვოტით მდივნებად არიან დანიშნულნი.

სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლის მასწავლებელია ნუნუ ბერულაშვილი, რომელიც „მრეწველების“ სიით ჩუმლაყის მე-20 საუბნო - საარჩევნო კომისიის წევრი და მდივანია.

ჩვენ დავუკავშირდით რამდენიმე საარჩევნო უბნის მდივანს და ვთხოვეთ, აეხსნათ, როგორ მოხდა, რომ ისინი კომისიის წევრებად ოპოზიციურმა პარტიებმა წარადგინეს, მაშინ როდესაც სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერთა ჯგუფში მოიაზრებიან.

შორენა ზურაბიშვილი, ყვარლის საარჩევნო ოლქის 21-ე შილდის საარჩევნო უბნის მდივანი პარტიიდან „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“:

– კომისიაში ნათესავმა შემიყვანა, რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, ვინ არის. ჩატარდა კრება, დამასახელეს მდივნად და ამირჩიეს.

- ვინ დაგასახელათ მდივნად?

- პარტიის „ჩვენ თვითონ“ წარმომადგენელმა თამარ კევლიშვილმა.

- „მრეწველების“ წევრი ხართ?

- დიახ ვარ.

- პარტიის წევრის მოწმობა გაქვთ? შეგიძლიათ მაჩვენოთ?

- არა, არ მაქვს. არ ვარ პარტიის წევრი.

- იცით, ვინ არის პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი?

- არ ვიცი და არც მაინტერესებს“.

მაია შალუტაშვილი, შილდის 22-ე საარჩევნო უბნის მდივანი პარტიიდან „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.

– კომისიის მდივნად ია იორდანიშვილმა წარმადგინა, რომელიც კომისიის წევრია პარტიიდან „ჩვენ თვითონ“. „მრეწველების“ წევრი არ ვარ, კომისიაში ამ პარტიის სიით ახლობელმა შემიყვანა.

- ვინ არის თქვენი ახლობელი, „მრეწველების“ წევრია? პარტიის რაიონულ ორგანიზაციაში ვინმეს იცნობთ?

- რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის. არავის არ ვიცნობ“.

მზევინარ ხეჩოშვილი,  გურჯაანის საარჩევნო ოლქის მუკუზნის მე-12  საარჩევნო კომისიის მდივანი, პარტიიდან „ჩვენ თვითონ“:

– კომისიაში როგორ მოვხვდი და როგორც სხვები მოხვდნენ. შემიყვანეს.

- ვინ შემოგთავაზათ, რომ პარტიის „ჩვენ თვითონ“ კვოტით კომისიის წევრი ყოფილიყავით?

- გითხარით, რომ როგორც სხვები მოხვდნენ, ისევე მოვხვდი მეც.

- არჩევნებზე მუშაობის გამოცდილება გაქვთ?

- კი, ვმუშაობდი.

- როდის და რაზე მუშაობდით? 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კომისიის წევრი იყავით?

- არა, აგიტატორი ვიყავი უბანზე.

- რომელი პარტიიდან?

- საიდან ვიქნებოდი, „ნაციონალური მოძრაობიდან“. (საუბარში საუბნო-საარჩევნო კომისიაში საოლქო კომისიის მიერ არჩეული წევრი ჩაერია: პაატა დავითაია როგორი ოპოზიციაც არის, ისეთივე ოპოზიციონერიც არის ეს. რას ერჩით?).

- ხო, მეტი რა გინდა რა.

- ხელისუფლებიდან შეგიყვანეს და რასაც გავალებენ იმას აკეთებთ?

- ხო. მერე, მეტი რა გაინტერესებს? რა პრობლემაა. ნუ მიწყობ სასამართლოს“.

ნუნუ ბერულაშვილი, გურჯაანის საარჩევნო ოლქის სოფელ ჩუმლაყის მე-20 საარჩევნო უბნის მდივანი, პარტიიდან „ჩვენ თვითონ“: „პარტიის წევრი არ ვარ. მასწავლებლები დაგვიბარა სოფლის გამგებელმა აბო კასრელიშვილმა სოფლის გამგეობის შენობაში და იქ მოვილაპარაკეთ. კასრელიშვილმა მითხრა, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრად ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიიდან ვიქნებოდი და მეც დავთანხმდი“.

მაია გაბიტაშვილი, გურჯაანის საარჩევნო ოლქის სოფელ ვეჯინის 26-ე საარჩევნო უბნის მდივანი, პარტიიდან „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“: „კომისიაში წევრად სოფლის გამგებელმა გურამ ჭანყოშვილმა შემიყვანა“.

როგორ მოახერხეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საუბნო-საარჩევნო კომისიებში ოპოზიციური პარტიების „მრეწველების“ და „ჩვენ თვითონ“ კვოტით სასურველი პირების წარდგენა? ამ კითხვით „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ თავმჯდომარეს ზურაბ ტყემალაძეს მივმართეთ, რომლის ხელმოწერითაც არის დადასტურებული კომისიების წევრებად კანდიდატურების წარდგენის ბლანკები. „მე არც გვარი ვიცი, არც სახელი და არც მამის სახელი. კანდიდატურებს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე არჩევს. „ნაციონალები“ არ არიან ჩვენი პარტიიდან წარდგენილები და თუ მოხვდნენ, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ბრალია“, - აღნიშნა ტყემალაძემ.

საარჩევნო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, საოლქო–საარჩევნო კომისიას უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო–საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 46-ე დღისა, ანუ 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ბოლო ვადა 14 აპრილი იყო. „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ლადო ქიტუაშვილის განცხადებით, მან პარტიის ცენტრალურ ოფისში, საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებად დასანიშნი პირების კანდიდატურების სია, შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად, 10 აპრილს წარადგინა.

ლადო ქიტუაშვილი: „10 აპრილს, დღის 3 საათზე, თბილისში, ნაფარეულის ქუჩაზე, „მრეწველების“ ოფისში თვითონ ჩავიტანე პარტიის აქტივისტების სია გურჯაანის 51-ვე უბანზე. კომისიის წევრის არც ერთი კანდიდატურა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ასოცირდებოდა. სია პარტიის საქმეთა მმართველს ქალბატონ როენა ჭელიშვილს ჩავაბარე. ამას ესწრებოდა პარტიის რეგიონების კურატორი მურმან კაცაძეც.

სამშაბათს, 13 აპრილს, მე დავუკავშირდი ოფისს, ველაპარაკე ბატონ კაცაძეს, რომელმაც მითხრა, რომ რწმუნებას და სპეციალურ ბლანკებს, რაზედაც უნდა გადამეტანა შეთანხმებული სია და წარმედგინა საოლქო-საარჩევნო კომისიაში, ცენტრალური ოფისიდან აქტივისტი ჩამომიტანდა. ჩემთვის არც რწმუნება გადმოუციათ და არც ბლანკი.

14 აპრილს, რამდენჯერმე დავრეკე ოფისში და პასუხი ვერ მივიღე, ტელეფონი გამითიშეს. ამის შემდეგ დავუკავშირდი გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიაში „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ კვოტით დანიშნულ წევრს ნაზი ქიტუაშვილს, რომელიც ჩემი მეუღლეა და ვთხოვე, გაერკვია, რა ხდებოდა ჩვენი პარტიის სიასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ საოლქო-საარჩევნო კომისიაში, ჩემი გვერდის ავლით, უცნობი პირის მიერ უკვე წარდგენილი იყო „მრეწველების“ მოთხოვნა კომისიის წევრებად კანდიდატურების დანიშვნასთან დაკავშირებით. ვინ შეიტანა ეს სია, ჩემთვის უცნობია. ქალბატონმა ნაზიმ გადმომცა სიის ქსეროასლი. როცა ჩემს მიერ პარტიის ცენტრალურ ოფისში წარდგენილ სიას, საოლქო კომისიიდან მიღებული სია შევადარე, აღმოჩნდა, რომ ჩემს მიერ შერჩეული 51 კანდიდატურიდან მხოლოდ 5 იყო დატოვებული. დანარჩენი ჩემთვის უცნობი ხალხია. მათ „მრეწველებთან“ არანაირი შეხება არ ჰქონიათ. მე კომპრომისებიც ვიცი, მოლაპარაკებაც ვიცი და ყველას ინტერესის გათვალისწინებაც. მაგრამ, ვინც შეეცდება, რომ იმ 51 კაცის თვალში, გამყიდველად წარმომაჩინოს, პარტიაში დარჩენას ჩემთვის აზრი არ აქვს“.


ახალი ამბები