კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რწმუნებულების კაბინეტები „ნაციონალების“ პლაკატებითაა გადაჭედილი

27 მაისი, 2010
შორენა ღლონტი, გურია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულების სამუშაო კაბინეტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პლაკატებითა და ბუკლეტებითაა გადაჭედილი. როგორც იურისტები აცხადებენ, მსგავსი ქმედება, საარჩევნო კოდექსის 126/18 მუხლის შესაბამისად, სამართალდამრღვევი პირის (მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში – რწმუნებულის) 1500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის რწმუნებული ბახვა კვერღელიძე აცხადებს, რომ სოფელ გურიანთის ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციულ შენობაში, კონკრეტულად კი მის სამუშაო ოთახში „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბია განთავსებული.
–    ბატონო ბახვა, რატომ გაქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ პლაკატები სამუშაო კაბინეტში გამოკრული?
–    „ნაციონალების“ შტაბია აქ და იმიტომ გვაქვს, გარეთ ხომ არ გვექნება.
–    შტაბი სოფლის რწმუნებულის კაბინეტშია?
–    დიახ. დიახ.
–   ეს რა სიებია?    
–    ეს საოლქო საარჩევნო სიებია.
–    რატომ დევს თქვენს მაგიდაზე გურიანთის #60/24 უბნის სამუშაო სია?
–    იმიტომ დევს, რომ გადავაქსეროქსე და მინდა, ამის შესახებ ვიმუშაო 60/24 უბანში, რომ არ მოხდეს გარღვევა.
–    თქვენ აკეთებთ ამ ყველაფერს?
–    შტაბის შემადგენლობა აკეთებს ყველაფერს და მიმაქვს, შემდეგ ვაწოდებ ინფორმაციას, რომ ნორმალურად არის თუ არა. აგერ, მინიშნებულია. 
–    ეს რა სიებია?
–    ეს არის ჩემი შიდა სამუშაო სამსახურეობრივი სხვა სია.
ბატონი ბახვა სამსახურეობრივ სიას იმ მონაცემებს უწოდებს, რომელშიც ამ სოფლის ყველა ამომრჩევლის ვინაობაა მითითებული, ისევე როგორც საკონტაქტო ინფორმაცია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა მათგანზე მონაცემებია აღნიშნული, მაგალითად: როგორც კვერღელიძეს გაურკვევია, კაპანაძე თენგო არჩევნებზე არ მიდის, არობელიძე რუსიკო მოწინააღმდეგე ყოფილა, კვაჭანტირაძე გოგოლა – მომხრე, პატარავა გოჩას თავი შეუკავებია, მალაზონია კარლო კი არ იქნება. ასეთი მონაცემებით ბახვა კვერღელიძის სამუშაო მაგიდა გადატვირთულია, ისევე როგორც სოფელ მერიის რწმუნებულის ვაჟა ჩანჩიბაძისა. თუმცა, ბატონი ვაჟა, ბატონ ბახვასგან განსხვავებით, უფრო მოხერხებული აღმოჩნდა და ჩვენი სტუმრობისთანავე ინფორმაციით „დატვირთული“ ფურცლების გაზეთში შეფუთვა მოახერხა, იქვე მის სამუშაო მაგიდაზე დალაგებული მმართველი პარტიის სააგიტაციო ბუკლეტების გადამალვა არ უცდია, ასევე ყურადღებიდან გამორჩა ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი, სადაც მომხრე და მოწინააღმდეგე პლუს-მინუსებითაა აღნიშნული, იქვეა მითითებული მათი მობილურის ნომრებიც.
–    ბატონო ვაჟა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ხართ?
–    რა თქმა უნდა.
–    ამ ბუკლეტებს სად ავრცელებთ?
–    მე არსად არ ვავრცელებ. უბრალოდ, იდო ეგერ, ავიღე და შემოვიტანე, ხომ არ გადავყრიდი ამხელა იმას...
–    ამხელა რას?
–    ამხელა ნამუშევარია, ფულია ხო გადახდილი ამის გაკეთებაში, რატო უნდა ეყაროს ქუჩაში? ავიღე და შემოვიტანე ოთახში.
ასევე „ნაციონალების“ მხარდამჭერია სოფელ ოზურგეთის რწმუნებული. როგორც გრიგოლ ჩხაიძე ამბობს, ზუსტადაც რომ ხელისუფლების წარმომადგენლის ოთახში უნდა ელაგოს მმართველი პარტიის პლაკატები.
–    ბატონო გრიგოლ, მმართველი პარტიის პლაკატები რატომ გაქვთ კაბინეტში?
–    მე ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ და შვიდიანები ხომ არ მექნება.
–    ხელისუფლების წარმომადგენელი რომ ხართ და შვებულებაში არ იმყოფებით, მაგას გეუბნებით. აქვეა თვალსაჩინოდ გამოკრული, რომ „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“?
–    ნუ, ახლა მაგი, გასაკეთებელი კიდევ ბევრია... ვაკეთებთ და არ შეიძლება ხოო? მე თქვენ გეკითხებით.
–    ხელისუფლების წარმომადგენელი რომ ხართ, ამიტომაც არ შეიძლება ადმინისტრაციულ შენობაში რომელიმე პარტიის პლაკატების გამოკვრა.

სოფელ ოზურგეთის საბავშვო ბაღის შენობასაც მხოლოდ მმართველი პარტიის საარჩევნო პლაკატი ამშვენებს. როგორც ჩვენთან საუბარში, ამავე ბაღის გამგე მადლენა ანდღულაძე აღნიშნავს, ყველაფერი „ნაციონალებმა“ გაუკეთეს და ახლაც ისინი ამარაგებენ სხვადასხვა სახის პროდუქტით.
–    რამდენჯერმე დაგვეხმარნენ ზეთით, შაქრით, ფქვილით, საჩუქრებით.
–    ახლა თუ გეხმარებიან?
–    კი, ყველაფერზე, რაც შეუძლიათ, ყველაფერს აკეთებენ. ახლა კაბინეტს და შემოსასვლელს გვიკეთებენ.
–    ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით კეთდება და არა გამგეობის?
–    კი, „ნაციონალური მოძრაობა“, გამგეობა და ჩვენ ყველა ერთად ვართ შეკრული.
როგორც „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის“ იურისტი ირაკლი პაპავა აცხადებს, კანონით აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, საკულტო ნაგებობებზე, ასევე საგზაო ნიშნებზე (ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, მუხ. 75.4).

მისივე განცხადებით, საქმე გვაქვს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევასთან სამსახურებრივი ფუნქციის შესრულებისას იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული სოფლის რწმუნებულის სამუშაო ოთახში გამოკრულია არჩევნებში მონაწილე რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მხარდამჭერი პლაკატი, ხოლო სამუშაო მაგიდაზე კი იმავე პოლიტიკური სუბიექტის მხარდამჭერი საარჩევნო ბუკლეტები აწყვია დასარიგებლად გამიზნული და გამზადებული. ხოლო ამავე დროს, რწმუნებული აცხადებს, რომ მის სამსახურებრივ კაბინეტში ნაცმოძრაობის საარჩევნო შტაბია. ეს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 761-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყოვლად დაუშვებელია.

„არდა იმისა, რომ მსგავსი ქმედება, საარჩევნო კოდექსის 126/8 მუხლის შესაბამისად, სამართალდამრღვევი პირის (მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში –რწმუნებულის) 1500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებს, ასეთ შემთხვევაში თავისუფლად შეიძლება დადგეს თვითონ რწმუნებულის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხიც“, – გვითხრა ირაკლი პაპავამ.

ამ ფაქტებთან დაკავშირებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივარი შეიტანა

ახალი ამბები