კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნები კახეთში 2010 და ლიტერატურის ჟანრები: დრამა, ეპოსი, ლირიკა

1 ივნისი, 2010
საერთაშორისო დამკვირვებლებმა 2010 წლის 30 მაისის არჩევნებზე განსაკუთრებული კმაყოფილება საოლქო და საუბნო კომისიების მუშაობაზე გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დარღვევების გარეშე, მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარდა. სხვა შეფასებას აკეთებენ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლები. მათი მტკიცებით, „სამარცხვინო არჩევნები იყო, რომელსაც ყველაფერი შეიძლება ეწოდოს გარდა არჩევნებისა“

არჩევნები და დრამა - „შლიან ნევრები კომისიის წევრებს“

კაბალის N18 საარჩევნო უბანზე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები, საერთაშორისო დამკვირვებლები და კიდევ 5 დამკვირვებელი რომლებიც ღიად ამბობდნენ, რომ „საბჭომ“ დაიქირავა და ამიტომ იყვნენ ამ უბანზე.

დღის 2 საათისთვის, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელი გელა მთივლიშვილი მორიგ საჩივარს წერდა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის მცდელობის შესახებ.

N18 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ადალათ სარდაროვმა ეს რომ დაინახა,  მოულოდნელად დამკვირვებლის გევრდით აღმოჩნდა და მარჯვენა ხელის მუჭი იმ შუშაზე დაარტყა, რომელიც მაგიდაზე იდო. შუშა დაიფშვნა. ადალათ სარდაროვს კი ხელზე ერთი წვეთი სისხლის ნაკვალევიც არ აჩნდა. იქვე, ახლომახლოს მყოფმა საერთაშორისო ორგანიზაცია „შრომის საერთაშორისო სოლიდარობის ამერიკის ცენტრის“ დამკვირვებლებმა ამ ფაქტზე სასწრაფოდ სურათებიც გადაიღეს.

ამ ინციდენტის მიუხედავად, დამკვირვებლები დარღვევების გამო საჩივრების წერას მაინც აგრძელებდნენ. ნაშუადღევს საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებმა სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, დამკვირვებლის სახელზე აქტი შეადგინეს, რომელიც 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. აქტს ხელი მოაწერა კომისიის თორმეტმა წევრმა: „ლაკოდეხის რ-ნი სოფ  კაბლის 30.05.2010წ. 1540 წ. #15 ლაკოტეხის #18 კაბლის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები შევადგინე ამ ქდის შედეგზე მაზ ზედ რომ გელა მთიკლიშვილი და ბაბულია  შაოშვილი ხელს უშლიან კომისიის წევრების ნორმალიური სამუშაო რეჟიმს. და უშლიან ნორმალიური სამუშაო საქმიანობას. ხშირად შედიან არანორმალურად მაღალ ხმით ლაბარაკით. და შლიან ნევრები კომისიის წევრებს“

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა მხოლოდ ერთ, კაბალის N18 საარჩევნო უბანზე დარღვევების შესახებ 2010 წლის 30 მაისს 16 საჩივარი დაწერა.

არჩევნები და ეპოსი - „გა(ე)უთოებულები“ და „ათასი წვრილმანი“

კახეთში არჩევნებს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი აკვირდებოდა, მათ შორის იყვნენ ეუთოს წარმომადგენლებიც. კახეთში, საარჩევნო უბნებზე ეუთოს დამკვირვებლების მიმართ სპეციალური ტერმინიც მოიგონეს და როცა უბნებზე მისულებს ხედავდნენ, იტყოდნენ „გა(ე)უთოებულები“ მოვიდნენო.

საერთაშორისო დამკვირვებლები არ მისულან სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროს N25 საარჩევნო უბანზე, რომელიც ერთ-ერთი განსაკუთრებული იყო კახეთის 305 საარჩევნო უბანს შორის. სოფელ მაღაროში ბიბლიოთეკა ჩამოინგრა, კულტურის სახლი დაინგრა და არც სკოლა ფუნქციონირებს. ამიტომ, საარჩევნო კომისიამ უბანი პატარა მაღაზიაში მოაწყო, სადაც ადრე „ათასი წვრილმანი“ იყიდებოდა. უბანი მეზობელი სოფლიდან მოტანილი მერხებით და სახლიდან წამოღებული ფარდაგებით გააწყვეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა მადონა ბატიაშვილმა სოფელ მაღაროს N25 საარჩევნო უბანს ფოტოები ტელეფონით გადაუღო.

გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახის N33 საარჩევნო უბანზე კი დამკვირვებელი თაკო ხუციშვილი ასეთ ფაქტსაც შეესწრო. ხმის მიცემის კაბინაში ჯერ ერთი ადამიანი შევიდა, მერე მეორე და მას მესამეც მიყვა. როცა დამკვირვებელმა იკითხა, თუ რატომ ხდებოდა ასე, კომისიის წევრებმა უპასუხეს: „ორი წინა ბრმა იყო და მესამე ამიტომ შეყვაო“.

სინამდვილეში, არც ერთი ბრმა არ აღმოჩნდა.

არჩევნები და ლირიკა - „სასიყვარულო“ ბიულეტენები

2010 წლის არჩევნები იმით განსხვავდებოდა სხვებისგან, რომ საარჩევნო ბიულეტენებში მხოლოდ ერთი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ, ბიულეტენზე ნებისმიერი წარწერის გაკეთების შემთხვევაშიც კი იგი ბათილად არ ითვლებოდა.

ანა შეშაბერიძეს, ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს კახეთში, კარდენახის N32 საარჩევნო უბანზე ბიულეტენებზე გაკეთებული რამდენიმე ლირიული მინაწერი განსაკუთრებით დაამახსოვრდა. ერთ-ერთ ბიულეტენზე ამომრჩეველმა არჩევანი არც ერთ კანდიდატზე არ შეაჩერა, მაგრამ იქვე დიდი ასოებით მიაწერა „მინდა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩემს ქმარს შევურიგდე“. სხვა ბიულეტენზე აზერბაიჯანულ ენაზე გაკეთებული წარწერაც იპოვეს, რომლის შინაარსი ასეთი იყო: „მე ხმას ვაძლევ იმას, ვინც ყველა სურვილს ამისრულებს“

სოფელ ყარაჯალაში, 39-ე საარჩევნო უბანზე კი ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს შორენა ლათათიას უბანზე მყოფმა ვინმე დათომ, თეთრი ლექსის სტილში შორენას ლირიული მუქარაც მიუძღვნა:

-         მე ვარ ყარაჯლელი, რიგითი მოქალაქე...
-         აქ გაუნათლებელი ხალხია...
-         გინდა? მეც დავწერო საჩივარი...
-         და პოლიციამ გაგიყვანოს აქედან...
-         თუ არ მოიქცევი ისე, როგორც უნდა მოიქცე...
-         გაფრთხილებ...
-         აქ არის ყარაჯალა...
-         ახალგაზრდა გოგო ხარ, გასათხოვარი, ალბათ...
სრული ტექსტი „მუქარა დამკვირვებელზე“ მოისმინეთ აუდიო-მასალაში www.ick.ge

 http://ick.ge/ka/photogalleries/1550---2010-------.html

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები