კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აზერბაიჯანულ სოფლებში ისევ „ბეშ-ბეში“ ისმოდა

1 ივნისი, 2010
მარი ოთარაშვილი, სპეციალურად „რეზონანსისთვის“ საგარეჯოდან

დილიდან საგარეჯოს რაიონში, სოფელ თულარის 48-ე საარჩევნო ოლქში, შედარებით სიწყნარე იყო. თუმცა, შუადღიდან დარღვევების „კასკადი“ დაიწყო.
კომისიის თავმჯდომარე რამდენიმე ამომრჩეველს აძლევდა საშუალებას, კენჭისყრაში მონაწილეობა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე მიეღოთ. ჩემი, როგორც დამკვრივებლის შენიშვნის შემდეგ, მითხრა, მერე რა მოხდა, დარჩა სახლში, შორი გზიდან არის მოსული და უნდა მივცეთ ხმის მიცემის საშუალებაო.

ერთ ამომრჩეველზე მითხრა, მოხუცია, კანკალებს და რა ვუყოთ, მისცეს ხმა. შემდეგ, კატეგორიულად მოვითხოვე საჩივრის დაწერა, დამკვირვებლის სტატუსი მაძლევს უფლებას, ჯერ შენიშვნა მივცე, აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი გავასაჩივრო. როცა აღარ გაითვალისწინა შენიშვნა, საჩივრის დაწერა გადავწყვიტე, თვითონ კომისიის თავმჯდომარემ მამედ მამედოვმა მითხრა, რომ საჩივრის დაწერას აზრი არ აქვს, მაინც დაგიხევთ, ჩვენ თუ არა, საოლქოში დახევევნო. ამას მოჰყვა მეორე დარღვევა.

აქ მოსახლეობის უმეტესობა აზერბაიჯანელია. ამომრჩევლები რომ შემოდიოდნენ კომისიის წევრებიდან ზოგიერთი ეუბნებოდა „ბეში“ (5) შემოხაზეო. ამაზე შენიშვნა მივეცი და მათაც გაითვალისწინეს. თუმცა, მოგვიანებით გამოჩნდა ადგილობრივი მამაკაცი, რომელმაც გადაწყვიტა, მიხმარებოდა აზერბაიჯანელ მოსახლეობას ხმის მიცემის პროცედურაში. როგორც აქ ამბობენ, ამომრჩევლებმა ქართული წერა-კითხვა არ იციან და მათ ყველას ეუბნებოდა, ბეში შემოხაზეთო.

თითოეულ მოქალაქეს კაბინაში შეყვებოდა და ახაზინებდა 5-ს. ამაზე რომ შენიშვნა მივეცი, მითხრა, არ იციან წერა-კითხვა, არც ის იციან, რა შემოხაზონ და ვეხმარებიო. მერე კი ერთ-ერთს ღიად მიაძახა, „ბეში“ შემოხაზეო. როცა ისევ მივეცი შენიშვნა, კომისიის წევრებმა მას თვალები დაუბრიალეს და გაჩუმდა. ჩავთვალე, რომ ისიც კომისიის წევრი იყო, რადგან ამომრჩეველთა სიების დათვლა დაიწყო და ეს კანონით მხოლოდ კომისიის წევრს შეუძლია. ანუ ესეც დარღვევა იყო. როცა შენიშნვა მივეცი ამაზე და სახელი და გვარი ვკითხე, საარჩევნო უბნიდან გავიდა და აღარ გამოჩენილა. მოვითხოვე კიდეც, მოიყვანონ, გავარკვიოთ, ვინ არის, და არ მოიყვანეს. ამას გარდა კიდევ უამრავი დარღვევა იყო. საარჩევნო ყუთთან მჯდომმა პირმა, რომელიც ვერ გავიგე, ვინ იყო - კომისიის წევრი თუ სხვა ვინმე, ჩაგდების წინ, ამომრჩევლის ბიულეტენი ნახა და დაამატა, ხომ „ბეშიაო“. გარდა ამისა, ხმის მიცემის პროცედურის დასრულებამდე, ვადარებდით, არჩევნებზე მოსული ამომრჩევლები ჩაყრილ ბიულეტენებზე 10-ით ნაკლები აღმოჩნდა. ამასთან, მარკირების პროცედურა ძალიან უწესრიგოდ მიდიოდა, ხან ავიწყდებოდათ სითხის დასხმა, ხან გასინჯვა ამომრჩევლის შემოსვლისას. იმიზეზებდნენ, ყველას ვიცნობთ სახეზე და ისედაც ვიცით, რომ არ ყოფილა არჩევნებზეო.

საერთო ჯამში ცდილობდნენ, წყნარად ჩაეარა არჩევნებს, როგორც ამბობენ, წყნარად, აყალბებენ „აბეშებენ“ პროცედურას. კიდევ მოხდა ერთი ინციდენტი, „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობიდან მოვიდა ერთი პიროვნება, სახელი და გვარი არ უთქვამს, მითხრა უბრალოდ, რომ ამ პარტიიდან იყო. რომ მოვიდა რაღაცაზე იჩხუბეს, კომისიის წევრებთან, მაგრამ აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ და ვერ გავიგე, რაზე დაობდნენ, რომ ვიკითხე, არავინ მიპასუხა რაზე ჩხუბობდნენ. რაც შეეხება ამომრჩევლებს, ისინი ჯგუფურად მოჰყავდათ ხმის მისაცემად.

დამკვირვებლად მარტო ვიყავი. არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. არის მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელი, გიორგი ოსიყმიშვილი. კიდევ არის ერთი ადგილობრივი დამკვირვებელი, ქალი, რომელიც ყველაფერში ხელს უწყობდა მათ, მაწყნარებდა, ყველამ იცის, რომ ხმა 5-ს უნდა მისცეს და რა თავს იტკიებო, კომისიის თავმჯდომარემაც ეს მითხრა, გააჩერე ნებისმიერი გარეთ, ხმას ყველა 5-ს აძლევსო, რატომ გიკვირსო. ეს ქალი, დამკვირვებელი, რომელიც კი არ ამხელს, ხელს უწყობს დარღვევებს, ამბობს, იმ ტოტს, რომელზეც ვზივარ, რატომ მოვჭრიო, კარლო მარტიაშვილი, კომისიის მდივანი, დარღვევებზე ხელს იქნევს და თავი დაანებეო, მეუბნება. რაც შეეხება განცხადებებს, არაფრით არ მაწერინებდნენ, ბლანკი რომ ამოვიღე საჩივრის დასაწერად, კომისიის თავმჯდომარემ ბლანკზე ამიკრა ხელი, თან ძალიან მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა.

სანამ უჩა ნანუაშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი არ მოვიდა, არაფრით არ მომცეს საჩივრის დაწერის საშუალება. მერე როგორც იქნა, დავწერე ორი საჩივარი,  მაგრამ ბეჭედს არ არტყამდნენ. ბოლოს ესეც მოვახერხეთ და როცა ძალით მიაღებინა უჩამ საჩივარი, გადმომილაპარაკა, დამიჭირონ, თუ რა გინდაო. ისე, ზოგადად, ცდილობდნენ, ცუდად არ ელაპარაკათ, თუმცა, საჩივრის შემდეგ თავიანთ დამოკიდებულებას ვეღარ მალავდნენ.

კენჭისყრის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, სიტუაცია, დარღვევების კუთხით, თითქმის უმართავი ხდებოდა. იქ, თითქმის ყველა უბანზე ასე იყო. მარკირება ბოლოს აღარც კეთდებოდა და წამოსვლისას ესეც დავაფიქსირე. ჩემი მითითების მერე, „უი“-ო ასე თქვეს, და ისევ დაიწყეს მარკირების პროცესი. ამ დარღვევების მიუხედავად, ყველა აღნიშნავს, რომ მშვიდად ჩაიარა არჩევნებმა, თუმცა ამბობენ, რომ წინა წლებში გაცილებით უარესი სურათი იყო. თვითონ კომისიის წევრები ამბობენ, ეს არჩევნები და დარღვევები არაფერია 5 წლის წინანდელთან შედარებითო.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები