კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ვიდეომტკიცებულებების იგნორირება შეუძლებელია

3 ივნისი, 2010
 ნინო გელაშვილი

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ საგანგებო პრესკონფერენციაზე გავრცელებულმა ვიდეომტკიცებულებებმა არჩევნების გაყალბებისა და დარღვევების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლების ყურადღება მიიპყრო. სამარცხვინო დარღვევევის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საგარეჯოს საოლქო-საარჩევნო კომისიას ამ კადრების განხილვა დაავალა. საოლქო-საარჩევნო კომისიამ კი ორ უბანზე არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, წინა დღით ამავე კომისიამ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ საჩივრების დაკმაყოფილებაზეც და ვიდეომტკიცებულებების მიღებაზეც უარი უთხრა.

30 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს კახეთის რეგიონში დაფიქსირებული დარღვევების ამსახველი ვიდეომასალა „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ორი დღის შემდეგ „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ მედიაცენტრში საგანგებო პრესკონფერენციაზე წარმოადგინა. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ კახეთის რეგიონში არჩევნებს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებით დასახლებულ სოფლებში აკვირდებოდა.

ვიდეოკადრების ჩვენებამდე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, უჩა ნანუაშვილმა დარღვევები ზოგადი სახით ჩამოაყალიბა: „საარჩევნო კაბინებში ხშირად იმყოფებოდა ორი ან მეტი ადამიანი; ამომრჩეველთა უმრავლესობა არ ფლობდა ქართულ ენას და ვინაიდან საარჩევნო ბიულეტენები დაბეჭდილი იყო მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე, ამომრჩევლებს სხვა პირები, მათ შორის საარჩევნო კომისიის წევრები აზერბაიჯანულ ენაზე უთითებდნენ, სიიდან რომელი პარტიის ნომერი ან კანდიდატი უნდა შემოეხაზათ; საარჩევნო უბნებზე იყო მობილიზებული მიკროავტობუსები და მსუბუქი ავტომობილები, რომელთაც ჯგუფ-ჯგუფად მოყავდათ ამომრჩევლები. ხშირ შემთხვევაში აღნიშნული ავტომობილების მძღოლებს ჰქონდათ ცესკოს მიერ გაცემული დამკვირვებლის მოწმობა ან საარჩევნო კომისიის წევრის მოწმობა“.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ის, რაც ამ რეგიონში ჩატარდა, არჩევნები არ იყო: „ეს იყო ყველაფერი, გარდა არჩევნებისა“. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლებს საჩივრების ჩასაბარებლად ერთი საათით დროის დაკარგვა უწევდათ. რადგან თავმჯდომარეები კატეგორიულ უარს აცხადებდნენ საჩივრების მიღებაზე. 

„დამკვირვებლებზე მიმდინარეობდა სერიოზული ზეწოლა. იყო მუქარაც. ჩემი ნათესავები რადგან ცხოვრობენ ამ რეგიონში, პირადად ჩემს მიმართ განხორციელდა მუქარა, რომ პრობლემები შეექმნებოდათ ჩემს ნათესავებს და უშუალოდ დამისახელეს მათი სახელები. მუქარა იყო დამკვირვებლებზეც. მათ ემუქრებოდნენ, რომ გახდებოდა 8 საათი, დაიხურებოდა საარჩევნო უბნები და მათ „მოუვლიდნენ“. საღამოს 19:15 საათზე სიტუაცია რადგან ძალიან დაიძაბა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საგარეჯოს საარჩევნო უბნებიდან ჩვენივე დამკვირვებლების გამოწვევის შესახებ. უსაფრთხოების გარანტია არ არსებობდა, რადგან ამ რეგიონში ორი წლის წინ სცემეს ჩვენს დამკვირვებლებს, პირადად მე დამიმტვრიეს ვიდეოკამერა“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

დარღვევებზე ისაუბრა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ვიდეოპორტალის რედაქტორმა გიორგი ჯანელიძემ. მისი თქმით, ამომრჩევლებს ხშირად უშვებდნენ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე. ისინი ამბობდნენ, რომ ამ ამომრჩევლებს დიდი ხანია, იცნობენ. ჯანელიძემ ასევე გაიხსენა, როგორ აძლევდნენ ხმებს საარჩევნო უბანზე არასრულწლოვნები.

წარმოდგენილ ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს, როგორ დახია საგარეჯოს მე-11 ოლქის 47-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ ბიულეტენები, როცა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა აღმოაჩინა, რომ ერთ ამომრჩეველს ერთბაშად 6 ბიულეტენი ჰქონდა მიღებული. ვიდეომასალა დევს ცენტრის ვიდეოპორტალზეც -  hridc.tv/index.php?a=view&id=413&lang=geo .

ვიდეომტკიცებულებებში ასევე კარგად ჩანს, როგორ კარნახობენ უბანზე ამომრჩევლებს  „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომრის - ხუთიანის შემოხაზვას.

ვიდეომასალის გაცნობის შემდეგ უჩა ნანუაშვილს დაეთანხმა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე“, თამარ ხიდაშელი. „ამ ყველაფერს არჩევნებთან კავშირი საერთოდ არა აქვს. ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება მანიპულირებს ეთნიკური უმცირესობებით“, - განაცხადა ხიდაშელმა. მისი აზრით, მომხდარზე ცესკოს უნდა ჰქონდეს უმძიმესი რეაქცია.

საგარეჯოს საოლქო-საარჩევნო კომისიამ „კეთილი ინება“

არჩევნების მეორე დღეს - 31 მაისს საგარეჯოს საოლქო-საარჩევნო კომისიამ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლების არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა და ვიდეომასალის მტკიცებულებად მიღებაზეც უარი განაცხადა.

2 ივნისს კი საგარეჯოს საოლქო-საარჩევნო კომისიას „ზემოდან“ საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება აიძულეს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლების მიერ გადაღებული ვიდეომასალის საფუძველზე, საგარეჯოს საოლქო-საარჩევნო კომისიამ მუღანლოსა და ზემო ლამბალოს საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგები გააუქმა.

როგორც საგარეჯოს საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაკა ბარიხაშვილმა „კახეთის საინფორმაციო ცენტრს“ განუცხადა, აღნიშნულ უბნებზე არსებული დარღვევების შესახებ დამკვირვებლების მიერ გადაღებული ვიდეომასალა განსახილველად მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მიიღეს.

„კომისიამ იმსჯელა ვიდეომასალაში მოცემულ ფაქტებზე. მუღანლოს საარჩევნო უბანზე არასრულწლოვანმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ზემო ლამბალოს საარჩევნო უბანზე კი კომისიის თავმჯდომარემ ბიულეტენები დახია. ორივე უბნის შედეგები გაუქმდა“, - განაცხადა ბარიხაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ წინა დღით „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა მედიაცენტრში პრესკონფერენცია გამართა და ვიდეომასალა ჟურნალისტებს გააცნო. ვიდეოკადრებზე იმდენად თვალშისაცემია უხეში დარღვევები, რომ ცესკომ მასზე თვალი ვერ დახუჭა. ცესკომ საგარეჯოს საოლქო-საარჩევნო კომისიას ვიდეომასალის განხილვა სწორედ ამ კადრების საინფორმაციო საშუალებებით გავრცელების შემდეგ დაავალა.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სერიოზული დარღვევები კახეთში სხვა საარჩევნო უბნებზეც მრავლად იყო. დარღვევების ამსახველი ვიდეომასალები შეგიძლიათ ნახოთ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“  ტელესტუდიის საიტზე www.Hridv.tv განყოფილებაში „არჩევნები“ (http://hridc.tv/index.php?a=files&catid=22&lang=geo&page=1

ახალი ამბები