კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლება მესაკუთრეს ატერორებს

3 ივნისი, 2010
                                                                                                                 ნინი თოფურიძე

ნოდარ ბეგიაშვილი სტუდია „მონიტორის“ საგამოძიებო ფილმის მთავარი გმირია. ჟურნალისტური გამოძიება აფთიაქის მეპატრონისთვის შპს „ფარმაკონ 11“-ის კუთვნილი ფართის უკანონოდ ჩამორთმევის ამბავს გვიამბობს. შპს „ფარმაკონ 11“-ის მეპატრონეს  შემოსავლების სამსახურთან პრობლემა მას შემდეგ შეექმნა, რაც აფთიაქის მეწილეებმა შპს-დან საკუთარი წილები გაიტანეს. საგადასახადო ინსპექციამ წილების გატანა საქონლის ხელახალ მიწოდებად მიიჩნია, ანუ - ხელახალ გაყიდვად და ერთადერთ მეპატრონეს, ნოდარ ბეგიაშვილს, სახელმწიფო დაბეგვრის მიზნით, ბიუჯეტის სასარგებლოდ, 342480,6 ლარის გადახდა დააკისრა.

სააფთიაქო აქციონერთა ამხანაგობა 1995 წელს შეიქმნა -  მას შედეგ, რაც აფთიაქის ყოფილმა თანამშრომლებმა საკუთარი სახსრებით გამოისყიდეს #11 აფთიაქის ყოფილი შენობა და შპს „ფარმაკონ 11“ დააარსეს. პარტნიორების მიერ საკუთარი წილების გატანის შემდგომ დარჩენილი ერთადერთი აქციონერი, ნოდარ ბეგიაშვილი საგადასახადო დავალიანებას არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ მის მიმართ ხორციელდება მიზანმიმართული ზეწოლა - აიძულებენ, სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს კუთვნილი ფართი.

„რამდენიმე თვის წინ მოვიდნენ და აღწერეს მთელი ფართი. მოიყვანეს ამზომველიც, რომელმაც ჩემი აზრით, შენობა  იმაზე ძვირად  შეაფასა, ვიდრე რეალურად ღირს. ამის გარდა, ფართი იმდროინდელი ფასებით აღწერეს. მოგეხსენებათ ფასები მაშინ ძალიან იყო გაზრდილი. გადასახადის შეტანაც ახალი საფასურით მოგვთხოვეს. ასე მითხრეს - ამხელა ქონება  გაგაქვს და  არაფრის გადახდა არ გინდაო?!“

ბეგიაშვილმა საჩივრით საგადასახადო შემოსავლების სამსახურს მიმართა, რომელმაც მომჩივანის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და შპს „ფარმაკონ 11“ -ს შესატანი თანხა (342480,6 ლარი)  41007, 65  ლარით  შეამცირა. გამოტანილი გადაწყვეტილება ბეგიაშვილისათვის მიუღებლი აღმოჩნდა და ახლა მან საჩივრით  ფინანსთა სამინისტროს მიმართა, რომელმაც არ დააკმაყოფილა მომჩივანის მოთხოვნა. საჩივარს საჩივარი მოჰყვა და „ფარმაკონ 11“-ის საქმემ ერთმანეთის მიყოლებით მოიარა სხვადასხვა სამართლებრივი ინსტანცია. მას, შემდეგ, რაც ფინანსთა სამინისტრომ საჩივარზე უარი უთხრა, ბეგიაშვილმა საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. მოსამართლე მირანდა ერემაძემ სრულად დააკმაყოფილა მეპატრონის საჩივარი და დაადგინა, რომ „ფარმაკონ 11“ არ ექვემდებარებოდა დაბეგვრას.

თუმცა, ახლა უკვე საგადასახადო ორგანომ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ნესტან  ლონდარიძე განმარტავს: „საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისთვის საქონელზე საკუთრების გადაცემა სასყიდლით - ესაა კანონის ენით განმარტება. გაუგებარია,  ბეგიაშვილის საქმეში, თითოეულ მეწილეს ერთმანეთისთვის ხელახლა როგორ უნდა მიეყიდათ წილები?! აი, წარმოდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ კომპიუტერი საკუთრებაში, მე - ტელეფონი და ჩვენ გავაერთიანეთ ქონება. თუ ჩვენი ნივთების გატანა მოგვინდა, რა, ამისთვის ფული უნდა გადავიხადოთ?!  საქართველოს საგადასახადო კოდექსის, 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ - პუნქტით,  ფინანსური ოპერაციების განხორციელება, ანდა ფინანსური მოსახურება თავისუფალია დამატებითი გადასახადისაგან. გაუგებარია, რატომ მიიჩნია საგადასახადომ წილების გატანა ხელახალ გაყიდვად?!“

ნოდარ ბეგიაშვილის მტკიცებით, ზეწოლა ხორციელდებოდა „ფარმაკონ 11“- ის შემმოწმებლებზეც. ზეწოლის ფაქტი დაადასტურა შემოწმებაზე მყოფმა მამუკა ჯიბუტმაც, რომელმაც აღიარა, რომ მასზე ზეწოლას ახორციელებდა ქალაქ თბილისის საგადასახადო ინსპექციის მაშინდელი უფროსის  მოადგილე, ლაშა ლოლაძე  და აუდიტის სამმართველოს უფროსი ზვიად მერაბიშვილი, რომლიც მოგვიანებით ქრთამის აღების ფაქტზე დაიჭირეს.  

პრეცედენტის თვალსაზრისით, საინტერესოა, რომ ანალოგიური დავა წილების გატანისა და გადასახადის დაკისრებასთან დაკავშირებით, 2008 წელს განიხილა სააპელაციო სასამათლომ  შპს „ლიმბოს“ მიმართ და მესაკუთრის სარჩელი დააკმაყოფილა. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა უზენაესმა სასამართლომაც.

„ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ეს არის ორი ზუსტად ერთნაირი საქმე.  „ლიმბოს“ შემთხვევაში სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა, მე კი ასე სასამართლოებში მიწევს სიარული. ამჟამად საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავს, პროცესი 24 ივნისს არის ჩანიშნული.  არ ვიცი, ყოველივე ამას რა დავარქვა, არაკომპეტენტურობა, სასამართლოზე ზეწოლა თუ უბრალოდ დაუდევრობა. ზუსტად ვიცი, მათ ჩემთვის ფართის წართმევა უნდათ. საკმაოდ დიდი ფართია და თანაც ძალიან კარგ ადგილზე“,  - აცხადებს  შპს „ფარმაკონ 11“-ის მეპატრონე ნოდარ ბეგიაშვილი.

„სწორედ საგადასახადო კოდექსის, 230 მუხლს ეყრდნობოდა, შპს „ფარმაკონ 11“-ისა „შპს ლიმბოს“ საქმეებში პირველი ინსტანციის სასამართლო. გაუგებარია, რაზე დაყრდნობით გამოიტანა გამამტყუნებელი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ შპს „ფარმაკონ 11“-ის მიმართ, როცა ამავე სასამართლოს ანალოგიურ დავაზე საპირისპირო გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი. ეს მრავალ კითხვას ბადებს!“  -  ამბობს იურისტი ნესტან ლონდარიძე.

თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბეგიაშვილის კუთვნილი ქონება სახელმწიფო აუქციონზე გაიყიდება. თუ ობიექტი პირველ აუქციონზე ვერ გაიყიდა, მისი ფასი მეორე აუქციონისთვის განახევრდება.  ამის შემდგომაც თუ არ გაიყიდა, უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფოას. ბეგიაშვილი ეჭვობს, რომ მის ქონებას მყიდველი არც ერთ აუქციონზე არ გამოუჩნდება და ამ ფართის სახელწიფოსთვის ნაძალადევად ჩუქება მოუწევს. ამ უკიდურესობის თავიდან ასაცილებლად ბოლო ეტაპზე მან მიმართა საგადასახადო ინსპექციას და ითხოვა მითითებული თანხის ნაწილობრივი გადახდა, რაზეც უარი მიიღო.

სარჩელი უზენაესმა სასამართლომაც თუ არ დააკმაყოფილა, ნოდარ ბეგიაშვილი კუთვნილი ფართის შენაჩუნებისთვის ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში აპირებს.

ახალი ამბები