კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„გაჩერდი, თორემ მამაშენი მრევლს დაკარგავს“

4 ივნისი, 2010
საბა წიწიკაშვილი, გორი

30 მაისს „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლები შიდა ქართლში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს  რამდენიმე სოფელში აკვირდებოდნენ. დამკვირვებლები დილიდანვე აქტიურად მუშაობდნენ დიდი ატენის, შინდისის, ფხვენისის, ნიქოზისა და ვარიანის საარჩევნო უბნებზე.

დილის 11 საათზე დიდი ატენის საუბნო საარჩევნო უბანი მიტოვებული ჰქონდა „ალიანსი საქართველოსთვის“ დამკვირვებელს თეიმურაზ ჭიღლაძეს. მისი განცხადებით, მას სამსახურიდან ოჯახის წევრების გათავისუფლებით, ხოლო პირადად მას ნარკოტიკების ჩადებით დაემუქრნენ.

რთული ვითარება დაგვხვდა სოფელ ფხვენისის საარჩევნო უბანზე, სადაც „ალიანსი- საქართველოსთვის“ წარმომადგენელს ნინა შალაშვილს კომისიის წევრები და დამვირვებლები ნორმალური მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. ნინა შალაშვილი ნაკადის მომწესრიგებელის ფუნქციებს ასრულებდა და ფაქტობრივად ყველა იმ დარღვევას აფიქსირებდა, რასაც უბანზე ხედავდა. კერძოდ, შალაშვილის თქმით, უბანზე მყოფი დამკვირვებლებიც კი რამდენჯერმე ყრიდნენ ბიულეტენს ყუთში.

„დამემუქრნენ, თუ არ გაჩერდები, მამაშენი სოფელში მრევლს დაკარგავსო. ყველა წევრი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს. გამამწარეს, ისეთ რაღაცეებს მეუბნებიან. აბსოლუტურად, ქაოსია. თვითონ კომისიის წევრები და დამკვირვებლები ყრიან ბიულეტენებს. საჩივრის დაწერის უფლება არა მაქვს, უბანზე მყოფი დამკვირვებლები კი საჩივარს არ წერენ“, - გვითხრა ნინა შალაშვილმა, რომლის მამაც ღვთისმსახურია - მამა გედეონი.

უბანზე ჩვენი მისვლისის დამკვირვებელი, რომლის მიმართ პრეტენზიები გამოითქვა, უბნიდან მოიხსნა, ხოლო იმის გამო, რომ ნაკადის მომწესრიგებლის უფლებები იზღუდებოდა, საჩივრის დაწერა გადავწყვიტეთ. თუმცა კომისიის თავმჯდომარისა და მოადგილის დაჟინებული მოთხოვნით, მდივანმა საჩივარი რეგისტრაციაში არ გაგვიტარა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ფხვენისის საუბნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის და მდივნის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოივითხოვეთ.

გორის რაიონის სოფელ შინდისის საარჩევნო უბანზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დამკვირვებლებმა არარეგისტრირებული ამომრჩევლის მხრიდან ხმის მიცემის ფაქტები დააფიქსირეს. კერძოდ, პატარა ლიახვის ხეობის დევნილებმა, რომლებიც ამავე სოფლის უბანზე არ იყვნენ რეგისტრირებული, ბიულეტენები საარჩევნო ყუთში ჩაყარეს. საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრს, რომელიც უბანზე საოლქო-საარჩევნო კომისიის სახელით იყო წარდგენილი, „შენიშვნა“ მისცა.

გორის რაიონის სოფელ ნიქოზში უბანზე მისვლისას 6 მიკროავტობუსი დაგვხვდა, რომელიც „გაურკვეველი“ ამომრჩევლების მოძრაობას ემსახურებოდა. ადგილზე მისვლისას დავაფიქსირეთ ასევე ის ფაქტი, რომ უბანზე არარეგისტრირებული მოქალაქე, რომელიც ასევე დევნილი იყო, ხმის მიცემის უფლებით სარგებლობდა. რესგიტრატორმა ამის გამო „გაფრთხილება“ მიიღო.

სოფელ ვარიანში ხმის დათვლის პროცესს დავესწარით. აღმოჩნდა, რომ ხელმომწერთა რაოდენობა უფრო ნაკლები იყო, ვიდრე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების რაოდენობა. პირველი დათვლის დროს სიებში ხელმომწერთა რაოდენობა 9-ით ნაკლები იყო ბიულეტენების რაოდენობასთან შედარებით. მოხდა ხელახალი დათვლა. ხელახალი დათვლის დროს ეს ციფრი შემცირდა და სხვაობამ 7 შეადგინა.

კომისიის წევრებმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლებთან მორიგება სცადეს და გვითხრეს, რომ ოქმებს მაინც დააბალანსებდნენ, ოღონდ ამაზე საჩივარი არ უნდა დაგვეწერა. ავტორიტეტული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კომისიის წევრების „შემოთავაზება“ რა თქმა უნდა, არ გაითვალისწინეს. ღამის 3 საათამდე ვარიანის კომისიის წევრები შემაჯამებელ ოქმებს არ ავსებდნენ, რადგან არ უნდოდათ დაუბალანსებელი ოქმების წაღება. გორის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ხორბალაძე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური წარმომადგენელი ადგილზე გამოცხადდნენ. მათ უბნის წევრებს განუცხადეს, რომ რა მონაცემებიც გააჩნიათ, შეეტანათ შემაჯამებელ ოქმებში, თან აუხსნა, როგორ უნდა „დაებალანსებინათ“ შემაჯამებელი ოქმები.

„როგორც ვხედავთ, ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ბიულეტენებთან შედარებით ნაკლებია და ბევრ შემთხვევაში, ეს ასე ხდება. ამიტომ გააკეთეთ ახსნა-განმარტებები, თუ რატომ ვერ ითვლით ზუსტად ხელმოწერებს და შემდეგ შეადგინეთ შესწორების ოქმები. გასაგებია?“ - მიმართა ცესკოს წარმომადგენელმა, შემდეგ კი „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელს მიუბრუნდა.

„თქვენ მე ახლა საჩივარს დაგიწერთ და ამდენი ხალხის წინაშე წაშლით იმ ჩანაწერებს, რასაც ამდენი ხანია ახორციელებთ და მერე სადაც გინდათ და როგორც გინდათ, ისე გამომაქვეყნეთ“, - გვითხრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის რეკომენდაციით მოვლენილმა წარმომადგენელმა, რომლის სახელი დავიმახსოვრეთ მხოლოდ - ქალბატონი თინიკო.

ღამის 15:40 საათზე ცესკოს წარმომადგენლებმა დატოვეს უბანი, ხოლო უბნის მდივანმა მაინც არ გაითვალისწინა ,,ზემდგომების" რეკომენდაციები და ოქმები მაინც დააბალანსეს. კერძოდ, ხელმომწერთა რაოდენობა შეუფარდეს ბიულეტენების რაოდენობას, თუმცა შეცდომა მაინც გაეპარათ. კერძოდ, მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში აღნიშნულია, რომ უბანზე მონაწილეობა მიიღო 930 ამომრჩეველმა, ხოლო პროპორციულ შემაჯამებელ ოქმში აღნიშნულია, რომ მონაწილეობა მიიღო 928 ამომრჩეველმა, სინამდვილეში კი ყველა სიის დაჯამების შემდეგ გაირკვა, რომ სიებს  ვარიანის მოსახლეობის 921 ამომრჩეველმა მოაწერა ხელი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელმა დაუბალანსებელი ოქმების გაუქმების მოთხოვნით, საჩივარი იმავე ღამეს საუბნო-საარჩევნო კომისიის მდივანს ჩააბარა. შემდგომში საოლქო-საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა საჩივარი. იგი დაეყრდნო საუბნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებებს, სადაც წერია „შესაძლოა, სიებში ხელმოწერების ნაკლებობა გამოწვეული იყოს ერთ-ერთი რეგისტრატორის მხრიდან სპეციალური დაუდევრობით“. საჩივრის ავტორი საოლქო-საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეეცდება

ახალი ამბები