კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაგოდეხში გადასხმული „დესანტის“ თავგადასავალი

7 ივნისი, 2010

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ლაგოდეხის რაიონში, კაბალის საარჩევნო უბნებზე ვაკვირდებოდი. პირველივე საჩივარმა, რომელიც მე-18 საარჩევნო უბანზე დილით, წილისყრის პროცედურის დარღვევაზე დავწერე, ხმაური გამოიწვია. „ნუ წერ საჩივარს! ბიჯო, ეს რა შაუგნებელი რამეა. შარია რა. კაბალს იქით გზა არ იცი, სულ აქ რაზე მოხვედი?“ - ყვირილით მეკითხებოდა საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ადალათ სარდაროვი. პირველ საჩივარს მეორე, მესამე, მეოთხე და საერთო ჯამში, მარტო ამ უბანზე 16 საჩივარი მოჰყვა.

ზოგი დაარეგისტრირეს, ზოგიც - არა. კენჭისყრის პროცესის შეწყვეტა როცა  მოვითხოვე, კომისიის თავმჯდომარემ სიბრაზისგან მდივნის მაგიდაზე მინას მუშტი დაჰკრა და დაფშვნა. მერე აქტიც შემიდგინეს - კომისიის წევრებს „ნევრები მოუშალა“ და გარეთ გაიყვანეთო.

22-ე ყარაჯალას საარჩევნო უბნიდან „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელმა, ჟურნალისტმა მარინა ზარდიაშვილმა დამირეკა, საარჩევნო ყუთში ბიულეტენებს ყრიან და სწრაფად მოდი, იქნებ გადაღება მოვასწროთო.

სანამ მე-18 საარჩევნო უბნიდან თვითონ გავიდოდი, სარდაროვმა მითხრა - საჩივარი რომ დაწერე, დაიფიცე, თუ მართალი ხარო. ანთებული სანთებელა ახლოს მომიტანა, მეორე ხელში საკეც დანას ათამაშებდა - დაიფიცე ალაჰი, თუ მართალი ხარო. სიტუაციის განმუხტვის მიზნით ვუთხარი, ღმერთი არ მწამს-მეთქი, მაგრამ არ მომეშვა - დაიფიცე, თუ მართალი ხარო. მას კომისიის სხვა წევრებიც აჰყვნენ და ყველა ერთად ყვიროდა: „დაიფიცე, თუ მართალი ხარ და თუ არადა ალაჰი ცეცხლში დაგწვავს“ და ანთებული სანთებელა სულ უფრო ახლოს მოჰქონდათ. სიმწრისგან გამეცინა თუ არა, კომისიის ერთ-ერთი წევრი ამომრჩეველთა რეგისტრატორის მაგიდაზე ახტა: „რა გაცინებს, ბოზი ხარ?!“ კომისიის წევრების ხმაურზე უბანში ჩვენი სადამკვირვებლო ჯგუფის სხვა წევრებიც შემოვიდნენ და მომეშველნენ.  

22-ე ყარაჯალას საარჩევნო უბანში მისვლამდე, მე-18 უბნიდან ჩვენმა დამკვირვებელმა დამირეკა - ყუთში ბიულეტენების ჩაყრა სცადეს, ახლოს მივედი აღკვეთისათვის და ფიზიკური ძალის გამოყენებით გამომიყვანესო.

ყარაჯალას უბანში რომ მივედით, მარინას საჩივარი უკვე დაწერილი ჰქონდა: „უბანში შემოსულმა დაუდგენელმა მამაკაცმა ყუთში ერთხელ რომ ჩაყარა ბიულეტენები, მეორედ წავართვი, რადგან თავმჯდომარე რეაგირებას არ ახდენდა, თუმცა ხელიდან გამომგლიჯეს და ისიც ჩაყარეს“. უბანში რომ შევედი, ვნახე, ყველა მარინას ეჩხუბებოდა - თავმჯდომარეც, მდივანიც, წევრებიც და დამკვირვებლებიც - ორგანიზაციებიდან „ბათუმელი“, „დემოკრატიის ცენტრი“, „საზოგადოებრივ ინიციატივათა ალიანსი“ და ა.შ. უბანში ლაგოდეხის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ივანე ზურიკაშვილიც იყო მისული და მშვიდად უყურებდა, როგორ აგინებდნენ აზერბაიჯანულად „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელს. მარინას მონათხრობზე დაყრდნობით, საჩივარი დავწერე და საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესის შეწყვეტა მოვითხოვე. ერთი საათის განმავლობაში, სანამ საჩივრის რეგისტრაციაში გატარებას ვიხვეწებოდი და გადაკარგულ მდივანს ვეძებდი, საარჩევნო კაბინებში, რომელიც სხვა ოთახში იყო მოწყობილი, ამომრჩევლები სულ ტყუპ-ტყუპად შედიოდნენ და გამოდიოდნენ, საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კი რეაქცია არ ჰქონდა. „აქ გადაწყვეტილებას ქმრები იღებენ და ზოგს 4-5 ცოლი ჰყავს“, - განმარტავდნენ კომისიის წევრები ჩვენს მითითებებზე.

მდივნის ძებნაში გადასატან საარჩევნო ყუთს წავაწყდი, სკოლის დირექტორის კაბინეტში. ყუთი დალუქული არ იყო. იქვე იდო ბიულეტენებისა და კონვერტების ნაწილი. ზურიკაშვილს რომ ვკითხე, გადასატან საარჩევნო ყუთს აქ რა უნდა-მეთქი, იღლიაში ამოიდო და წაიღო. კენჭისყრის ოთახში შევიდა და ეს გავაუქმოთო, გაიძახოდა, მაგრამ არავინ უსმენდა. მდივანი როცა ვიპოვე და საჩივრის რეგისტრაციაზე დავითანხმე, აღმოჩნდა, რომ ჩანაწერთა წიგნი ზონარგაყრილი არ იყო და საჩივრის დარეგისტრირებას აზრი არ ჰქონდა. მოვითხოვე, საჩივრის ასლი გადაეღოთ და ბეჭდით დაემოწმებინათ, ჩაბარების ნიშნად. ამ დროს უბანში უკვე ლამის მთელი საოლქო-საარჩევნო კომისია იყო მოსული, ასევე - ეუთოს დამკვირვებლებიც. ასლი გადამიღეს, მაგრამ ახლა ბეჭედი გახდა საძებნი. კომისიის თავმჯდომარე ფოლიევი, რომელიც იმ სკოლის დირექტორია, სადაც საარჩევნო უბანი იყო მოწყობილი, ისევ თავის კაბინეტში აღმოვაჩინე. ბეჭედი ჯიბეში ედო. ვთხოვე საჩივრის ასლი ბეჭდით დაემოწმებინა. დაამოწმა. ამის შემდეგ საჩივარს გაეცნო და როგორც კი ჩაიკითხა, იყვირა: „დამფალი. სანინ ანინ... კომისიის ცევრებს ხელი გიშლის მუშაობაში. ამასაც აქტი შაუდგინეთ“. მანამდე მარინა ზარდიაშვილისთვის უკვე შეედგინათ ერთი აქტი: „შევადგინედ ესე აქტი მას ზედ, რომ ცსკიოს დამკვირვებელმა მარინე ზარდიაშვილმა არჩევნების ჩაშლის მიზნით არასწორი ქმედებით არის დაკავებული და უნდა იქნეს გაწეული არჩევნებიდან არასწორი ინფორმაციის მიწოდების და არასწორი საჩივარის შედგენის გამო. ამომრჩევლებს ბრალს დებს რომ, ვითომ ერთი კაცი ორ სამი ჯერ შედის და ასე შემდეგ. ჩვენ არავითარი არასწორი ქმედა არ გვაქვს დანახული არჩევნების მსვლელობის დროს მის მიერ აღნიშნული ბრალდება არის სუცურიე, სიმართლეში  ყველა ფერი მიდის ნორმალურად და არავითარი პრობლემატიური არა ფერი არ არის საარჩევნო უბანში“ (სტილი დაცულია). აქტს ხელს კომისიის 13-ვე წევრი აწერს.

თავმჯდომარის მითითებით და უბანში მყოფი საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრების დახმარებით (განსაკუთრებით ცესკოს წარმომადგენელი ვინმე ალეკო აქტიურობდა), აქტი მეც შემიდგინეს: „საარჩევნო უბანში შემოვიდა გელა მთივლიშვილის „ბუნტი“ მასთან შემოსული ადამიანები რაოდეობით 6-7 კაცი, რომლებიც დიდი შეურაცხობა მიაღენა არჩევნებში მყოფი ხალხს, რათა სურათებს იყებდნენ აპარატით, ტელეფონით, ჯერ ქვევიდან, მერე ზევიდან, მერე გვერდიდან, ესე რომ, ჩვენ ვარ მუსულმანები ქალების ქვევიდან ზევიდ გადაღება არის დიდი ცოდვა, გარდა ამისა ხელის შეშლა მოხდა მათი მხრიდან ამიტომ რომ, ხალხს არ აძლევდნენ საშუალებას რათ მისცენ ხმა სასურველ კანდიდატს. თან მუქარით ლაპარაკობნენ, ასე ვიზამთ ისე ვიზამთ. ჩვენ შევაფასეთ მათი ქმედება არადემოკრატიული. შარს დებდნენ რომ, ვითომ ხალხმა რამოდენიმეჯერ შევიდა არჩევნებში რაც არა მართალი. კომისიის წევრების ნევრებზე ზეწოლას ახდენდნენ, რათა რაიმე უსიამოვნება ყოფილიყო“ (სტილი დაცულია).

1 ივნისს, ლაგოდეხის საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომა იყო დანიშნული, სადაც ჩვენი საჩივრებიც უნდა განეხილათ. შევედი თუ არა გამგეობის დარბაზში, სადაც კომისიის სხდომა იმართებოდა, კაბალის საარჩევნო უბნების წევრებმა ჩხუბი დაიწყეს. „აქ რად უნდა? ნევრები შლის, ისევ საჩივარი. კელში ამოვიდა. გაუხმეს ხელები, ალაჰჰჰჰ“, - ყვიროდნენ ისინი. ფოტოაპარატით სურათების გადაღება როგორც კი დავიწყე, 21-ე უზუნთალას საარჩევნო უბნის თავმჯდომარე წამოხტა: „შარია რა, შარია“. მას 22-ე ყარაჯალას საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ფოლიევიც აჰყვა: „ჯერ იქ გადუღო ქალებს ქვეშიდან და ზეიდან, ახლა აქ“.

შეურაცხმყოფელ რეპლიკებს არ იშურებდა საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ლია კიკილაშვილიც. „კაბალში გაუნათლებელი ხალხი ცხოვრობს, თქვენც ხომ იცით ეს. კანონი რას ჰქვია? დაუწერელი კანონებიც ხომ არსებობს?! რას იღებდით ფოტოებს რომ იღებდით, ან რომ მოსდეთ მედიას, რომ კაბალში არჩევნები გაყალბდაო, ვინ მოგცათ ამის უფლება, უზრდელო შენ“. კიკილაშვილმა ყველანაირად სცადა ჩვენი პროვოცირება, მაგრამ პროტესტის ნიშნად, სხდომა დროულად დავტოვეთ. კომისიამ ჩვენი მხოლოდ ერთი საჩივარი დააკმაყოფილა, 22-ე საარჩევნო უბნის გადასატანი საარჩევნო ყუთი სცნო ბათილად.

სხდომას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გია გოზალიშვილიც ესწრებოდა, რომელმაც არჩევნებში კენჭი „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყარა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას უმიზნებს. „რაღა ლაგოდეხში გადმოსხი დესანტი? სხვა რაიონებში ვერ წახვედი? სანამ არ დაგჟეჟავენ ამ კაბალში, მანამდე არ შეგვეშვები?“ - მკითხა. „თქვენ არავინ გკითხავთ, ბატონო გია, სად დავაკვირდებით არჩევნებს. რაც შეეხება იმას, რომ არ გვცემეს, ამაზე მადლობას არ გეტყვით“, - ვუპასუხე მე.

ლაგოდეხის საოლქო-საარჩევნო კომისიის განკარგულებების გასაჩივრების ვადა 3 ივნისის 20:00 საათამდე გვქონდა. გურჯაანის სასამართლოში პროცესი, რომელიც არჩევნებს უკავშირდებოდა, 19:00 საათზე დასრულდა და იურისტთან ერთად ლაგოდეხში მაშინვე წავედი. მანამდე არაერთხელ შემომითვალეს, რომ ლაგოდეხის სასამართლოში სარჩელი არ შემეტანა, რაც არ გავითვალისწინე. 19:35 საათზე, სოფლების კაბალისა და ბაისუბნის საზღვართან ლაგოდეხის პოლიციის „პიკაპის“ მანქანა დაგვეწია. გვანიშნეს, გააჩერეთო. გავაჩერეთ. გადმოვიდნენ და მართვის მოწმობა მოგვთხოვეს. მივეცით. დიდი სისწრაფით მოძრაობდითო - გვითხრა თეიმურაზ ჩაჩანიძემ, ლაგოდეხის პოლიციის გამომძიებელმა და საჯარიმო ოქმის შედგენა დაიწყო. ვთხოვე, ცოტა სწრაფად შეადგინე ეგ ოქმი და გაგვიშვი-მეთქი. უფრო გაწელა, თან კონსულტაციებს ტელეფონით იღებდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან ის მუხლიც კი არ იცოდა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში უნდა გამოეყენებინა. სანამ 20:00 საათი არ გახდა, არ გაგვიშვა. ოპერაციას სახელწოდებით „ხელის შეშლა - ასლარიანი ჯარიმით“ - ლაგოდეხის პოლიციის თანამშრომელი გიორგი ლეკიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც გია გოზალიშვილის დისშვილია. 20:04 საათზე ლაგოდეხის სასამართლოში მხოლოდ მანდატურიღა დაგვხვდა.

ახალი ამბები