კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩეჩნეთიდან ლტოლვილები გლუკ-ის წინააღმდეგ

9 ივნისი, 2010
გელა მთივლიშვილი, კახეთი

პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩნეთიდან ლტოლვილები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (გლუკ) საქართველოს წარმომადგენლობას ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. ლტოლვილების განცხადებით, კომისარიატი, თითოეულ ოჯახს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საცხოვრებლის შესაძენად 8–10 ათასი აშშ დოლარის დახმარებას დაპირდა. ამ შეთავაზების შემდეგ, ჩეჩნეთიდან ლტოლვილებმა ლტოლვილის სტატუსზე უარი თქვეს და საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს, თუმცა გლუკ-მა პირობები შეცვალა.

8 ათასამდე ადამიანი საქართველოში 1999 წელს, ჩეჩნეთ-რუსეთის კონფლიქტის განახლების შემდეგ ჩამოვიდა. სტატისტიკური მონაცემებით, ამჟამად ქვეყანაში სულ 2000 ჩეჩნეთიდან ლტოლვილია რეგისტრირებული, აქედან უმეტესობა ეთნიკური ქისტია, ჩეჩნური წარმოშობის ლტოლვილები კი მხოლოდ 500-მდე არიან. დღეისათვის პანკისის ხეობაში ლტოლვილების რიცხვი დაახლოებით 800-მდეა.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა ჩეჩნეთიდან ლტოლვილების ინტეგრაციის მხარდაჭერის პროექტი, რომელიც საქართველოში ლტოლვილთა ნატურალიზაციას ითვალისწინებს, 2009 წლის მეორე ნახევარში დაიწყო. პროექტის განხორციელების მიზნით, გლუკ-მა, მათთვის, ვისი განცხადებაც მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში დადებითად გადაწყდება, ადგილობრივი ინტეგრაციის ხელშეწყობის პაკეტი შეიმუშავა. 2009 წლის ნოემბერში, საქართველოს ხელისუფლებამ ნატურალიზაციაზე შეტანილი პირველი 18 განცხადება დააკმაყოფილა, რის შემდეგაც გლუკ-მა განსახლებისა და დახმარების სპეციალური კომისია შექმნა. კომისია უფლებამოსილია: მიიღოს გადაწყვეტილება ადგილობრივი ინტეგრაციის ხელშეწყობის პაკეტის მისაღებად ლტოლვილის ოჯახის შესაბამისობის თაობაზე; დაადგინოს ინტეგრაციის ხელშეწყობის პაკეტში შემავალი დახმარებების ფორმები; შეიმუშაოს ინტეგრაციის ხელშეწყობის პაკეტის გავრცელების კრიტერიუმები. კომისიამ 2009 წლის 12 ოქტომბერს დაადგინა, რომ ყველა ნატურალიზებული ლტოლვილისთვის მოხდება ინტეგრაციის ძირითადი გრანტის და ერთწლიანი ფულადი დახმარების წილის გადახდა, საცხოვრებლით უზრუნველყოფის გრანტთან ერთად. ინტეგრაციის გრანტი ოჯახის უფროსსა და მეუღლეზე 500-500 აშშ დოლარს ითვალისწინებს, ყოველი დამატებითი ოჯახის წევრზე კი 100 აშშ დოლარს. ერთწლიანი ფულადი დახმარება გლუკ-ის ყოველთვიური ფულადი შემწეობის 12 თვის თანხის წინასწარ გადახდას ნიშნავს. ყოველთვიური ფულადი შემწეობა 28 ლარს შეადგენს.

2009 წლის ნოემბერში გლუკ-მა აღნიშნული ინფორმაცია პანკისის ხეობაში ახმეტის ოფისის წარმომადგენლების მეშვეობით გაავრცელა. ამასთან, ხეობაში მცხოვრებ ჩეჩნეთიდან ლტოლვილებს დაურიგდათ ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე დაბეჭდილი ჟურნალი „თავშესაფარი“, რომელიც გლუკ-ის და გაეროს ასოციაციის პერიოდული საინფორმაციო გამოცემაა.

ბიულეტენში მოცემულია, რომ საცხოვრებლის შესასყიდი გრანტი 8–10 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, გაიცემა ჩეჩნეთიდან ლტოლვილთა იმ ოჯახებზე, რომლებმაც მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა და რომლებიც 2009 წლის მარტის შემცირებების შემდეგ იღებდნენ გლუკი-ს ყოველთვიურ ფულად დახმარებას. ბიულეტენში განსაზღვრულია კრიტერიუმებიც: ლტოლვილის 4 ან მეტ წევრიანი ოჯახი, რომელიც საჭიროებს გრძელვადიანი საცხოვრებლის შეძენას, მაგალითად, ცხოვრობს კოლექტიურ ცენტრში ან დროებით ნათესავებთან - მიიღებს 10 000 აშშ დოლარს. ლტოლვილის ოჯახზე 3 და ნაკლები წევრით გაიცემა 8 000 აშშ დოლარი.

ჩეჩნეთიდან ლტოლვილმა ესიათ ბაღაკაშვილმა, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, მისთვის და მისი შვილებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადება და დოკუმენტები 2009 წლის დეკემბერში წარადგინა. „ჩეჩნეთიდან საქართველოში ომის გამო 1999 წელს ჩამოვედი. მანამდე, 5 წლის განმავლობაში მეუღლესთან ერთად გროზნოში ვცხოვრობდი, სადაც ორი შვილი შეგვეძინა. საქართველოში რომ ჩამოვედით, კოლექტიურ ცენტრებში ლტოვილები აღარ ეტეოდნენ. თავი ნათესავებს შევაფარეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ნათესავის ოჯახი მრავალრიცხოვანია, მოგვიანებით ახლობლის სახლში გადავედით და ამ დრომდე იქ ვცხოვრობთ. 1999 წლიდან ვიღებდით ლტოლვილის დახმარებას სურსათის და სხვა ნივთების სახით, რაც ბოლოს ფულადი შემწეობით შეცვალეს და ოჯახის ერთ წევრზე, თვეში 28 ლარს გვაძლევდნენ, დახმარებით თავის რჩენასაც ძლივს ვახერხებდით. ამჟამად ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, აღარც დახმარება გვაქვს და აღარც სხვა შემოსავალი. საარსებო შემწეობა 2010 წლის თებერვალში შეგვიწყვიტეს, რაც საქართველოს მოქალაქეობა მივიღეთ, მაგრამ გლუკ-ი სახლის შესაძენად დაპირებულ თანხას აღარ გვაძლევს. თქვენ კოლექტიურ ცენტრში არ ცხოვრობთ, რაც მთავარია, ეთნიკურად ჩეჩენი არ ხართ, ქისტი ხართ და 8 000 დოლარს ვერ მოგცემთ, მხოლოდ 2 500 დოლარით დახმარება შეგვიძლიაო. ამ თანხით პანკისის ხეობაში სახლის ყიდვა შეუძლებელია. ლტოლვილის სტატუსზე უარი რომ არ მეთქვა, სახელმწიფო ვალდებული იყო, თავშესაფრით უზრუნველყოფილი ვყოფილიყავი, ახლა კი უსახლკაროდ დარჩენა გვემუქრება“, - ამბობს პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრები ესიათ ბაღაკაშვილი.

„კოლექტიურ ცენტრებში მხოლოდ იმიტომ არ ვცხოვრობთ, რომ იქ ადგილი აღარ იყო. იმედი მქონდა, რომ ნატურალიზაციის შემდეგ მაინც მექნებოდა საკუთარი სახლი, მაგრამ მგონი საერთოდ თავშესაფრის გარეშე ვრჩებით“, - აღნიშნავს სოფელ დუისში მცხოვრები ირინა ქავთარაშვილი.

ჩვენს მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, გლუკ-ის ახმეტის ოფისმა საცხოვრებლის შესაძენად გათვალისწინებული ფულადი დახმარება 8 – 10 ათასი აშშ დოლარის ოდენობით მისცა კაკო ბორჩაშვილს, ფატი ქავთარაშვილს, მარინა მაჩალიკაშვილს და სხვებს, მიუხედავად იმისა, რომ არც ისინი ცხოვრობდნენ ლტოლვილთა კოლექტიურ ცენტრებში და ისინიც ეთნიკური ქისტები არიან.

გლუკ-ის ახმეტის ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის კოკი ფერაძის თქმით, პროექტი, რომლის განხორციელებაც კომისარიატმა 2009 წელს დაიწყო, პილოტური იყო. „პროექტი 2010 წელსაც გაგრძელდა, მაგრამ კორექტირება მოხდა საპილოტო ფაზის დროს მიღებული გამოცდილების და დონორთა დახმარების შესაბამისად, რომლებმაც დაფინანსების თანხა შეამცირეს. გარდა ამისა, წინა ეტაპზე აღმოჩნდა, რომ საცხოვრებლის შესაძენად გრანტი ისეთმა ოჯახებმაც მიიღეს, რომლებსაც ფაქტობრივ მფლობელობაში სახლები ჰქონდათ. პანკისის ხეობაში საჯარო რეესტრის სააგენტოში სახლი ბევრს არ აქვს დარეგისტრირებული და მესაკუთრის ვინაობის დადგენა ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, 8 – 10 ათას დოლარს საცხოვრებლის შესაძენად მხოლოდ ეთნიკურად ჩეჩნებზე გავცემთ, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს და კოლექტიურ ცენტრებში ცხოვრობენ“, - განაცხადა ფერაძემ და დასძინა, რომ გლუკ-ი კორექტირებული პირობების გადახედვას არ აპირებს.

ეთნიკური ქისტები, რომლებმაც ჩეჩნეთიდან ლტოლვილის სტატუსზე უარი თქვეს და საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს, პროექტის ნიშნად, უახლოეს დღეებში, გლუკ-ის ახმეტის ოფისთან უვადო შიმშილობის დაწყებას აპირებენ.

ახალი ამბები