კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაყალბების დამცველი „ნაციონალური“ მოსამართლეები

10 ივნისი, 2010
საბა წიწიკაშვილი, გორი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სოფელ ვარიანის საარჩევნო უბნის შედეგებთან დაკავშირებული დავა საარჩევნო ადმინისტრაციის ინტერესების სასარგებლოდ გადაწყვიტა. უფრო კონკრეტულად, ძალაში დატოვა გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის, ყოფილი პროკურორის ნიკოლოზ მარსაგიშვილის გადაწყვეტილება. სასამართლო „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლის სარჩელს იხილავდა. ფაქტობრივად შემჭიდროებულ 4 დღის ვადაში სასამართლომ დამკვირვებელს ყველა იმ პროცედურის დაცვა მოსთხოვა, რომელიც კი წლობით გაწელილ საქმეებს სჭირდება. სამაგიეროდ, არ გაითვალისწინა ის დარღვევები, რაც კი ამ უბანზე ხმის დათვლის დროს დაფიქსირდა.

გორის #32 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი ხორბალაძეს სოფელ ვარიანის #40 უბნის შედეგების დაცვა ჯერ გორის სასამართლოში მოუწია, შემდეგ - თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ორივე შემთხვევაში, დავა საარჩევნო ადმინისტრაციის სასარგებლოდ დასრულდა.

გორის საოლქო-საარჩევნო კომისიაში სულ 6 საჩივარი შევიდა. აქედან 3 საჩივარი ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“, 2 საჩივარი „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისს, ხოლო ერთი - „ლეიბორისტულ პარტიას“ ეკუთვნოდა. საოლქო-საარჩევნო კომისიამ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ერთი საჩივარი სრულად დააკმაყოფილა, ხოლო ნაწილობრივ დაკმაყოფილებული საჩივარი „სამართლიან არჩევნებს“ ეკუთვნის. სხვა ოპოზიციურ პარტიებს საოლქო-საარჩევნო კომისიაში არც ერთი საჩივარი არ წარუდგენიათ.

როგორც „სამართლიანი არჩევნების“ გორის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თეა თედლიაშვილმა განაცხადა, ისინი სოფელ ყელქცეულის საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობას ითხოვდნენ.

„ჩვენი დამკვირვებელი ამ უბანზე ძალიან დიდი წნეხის ქვეშ იყო. იგი საჩივრის დაწერას აპირებდა, მაგრამ კომისიის თავმჯდომარე სანაცვლოდ ფანჯრიდან გადაგდებით ემუქრებოდა. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ავედი საარჩევნო უბანზე, სადაც დამხვდა აბსოლუტური ქაოსი. უბნის თავმჯდომარე და დანარჩენი კომისიის მამაკაცი წევრები ნასვამები იყვნენ და საკმაოდ უცენზურო სიტყვებით მოგვმართავდნენ. სიტუაცია იქამდე დაიძაბა, რომ  ხელით შეხებასაც კი აპირებდნენ“, - ამბობს თეა თედლიაშვილი.

ყელქცეულის უბნის კომისიის წევრებმა დასახმარებლად გორის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოიძახეს. ადგილზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი თინათინ ხაჩიძე ავიდა. ხაჩიძემ საკუთარი თვალით იხილა არეულ-დარეული უბანი. მოშლილი იყო ყველანაირი პროცედურა, რაც კი უნდა აკმაყოფილებდეს საარჩევნო გარემოს. მიუხედავად ამისა, თინათინ ხაჩიძემ ყელქცეულის უბნის შედეგების განხილვის დროს განაცხადა, რომ მისი ყოფნის პერიოდში უბანზე ყველანაირი დარღვევის ფაქტი აღმოიფხვრა.

„ამდენად, მე ვერ ვხედავ ყელქცეულის უბნის ბათილობის საფუძველს, რადგან ყველანაირი დარღვევა იქ საარჩევნო ადმინისტრაციის ასვლის შემდეგ გამოსწორდა“, - თქვა საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და „სამართლიან არჩევნებს“ საჩივრის ამ ნაწილში მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა. სამაგიეროდ, უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისმა საოლქო-საარჩევნო კომისიაში ორი საჩივარი შეიტანა. ერთი ეხებოდა გორის რაიონის სოფელ ფხვენისის საარჩევნო უბანზე არსებულ დარღვევებს, რის გამოც კომისიის თავმჯდომარე და მისი მოადგილე „დაჯარიმდნენ“. კერძოდ, მათ ხელფასის გარკვეული რაოდენობა ჩამოეჭრათ. აღნიშნული საჩივარი სხვა მოთხოვნებს არ ითვალისწინებდა და ფაქტობრივად, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ეს საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა. ხოლო მეორე საჩივარი ეხებოდა ვარიანის უბნის საარჩევნო შედეგების ბათილობას.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისში აცხადებენ, რომ ვარიანის უბანზე ხმის დათვლის დროს საკმაოდ უხეშ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. კერძოდ, ბიულეტენებს კომისიის თითქმის ყველა წევრი ითვლიდა. ამავე დროს, რამდენჯერმე გაიხსნა დალუქული დოკუმენტაცია. კერძოდ, აქტიურად მიმდინარეობდა საარჩევნო სიებში ცარიელ გრაფებზე დამატებითი ყალბი ხელმოწერების ჩამატება. ღამის 3 საათზე დახურული უბანზე შეიჭრნენ საოლქო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ხორბალაძე და ასევე ცესკოს წარმომადგენელი თინათინ ხაჩიძე, რომელიც ამავე დროს საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სპეციალისტია. თინათინ ხაჩიძემ სცადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლისთვის მუშაობაში ხელის შეშლა და კატეგორიულად მოსთხოვა გადაღებული ვიდეო-მასალის წაშლა. გარდა ამისა, ვარიანის უბნის კომისიის წევრები მივლენილ დამკვირვებელს სთავაზობდნენ გარკვეულ დარღვევებზე თვალების დახუჭვას და ა.შ. ამის ამსახველი ვიდეო-მასალა ორგანიზაციამ სასამართლო პროცესზეც წარადგინა. თუმცა - უშედეგოდ. მოსამართლემ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მიუხედავად დარღვევებისა, ეს გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზეო.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გორის სასამართლოს გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს. ორგანიზაციის იურისტი ნინო ჯინჭარაძე თვლის, რომ რაიონულმა სასამართლომ წარდგენილი სარჩელის ფარგლებში ისაუბრა მხოლოდ ერთადერთ სამართალდარღვევაზე.

„რაიონული სასამართლოს მსჯელობას არ ვეთანხმებით იმ ნაწილში, სადაც იგი ზემოთაღნიშნულ დარღვევაზე საუბრობს. რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით: „საოლქო-საარჩევნო კომისიას შეუძლია, კენჭისყრის შედეგები ბათილად ცნოს იმ საარჩევნო უბანში, სადაც უხეშად დაირღვა ეს კანონი“. კანონის განმარტებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ საოლქო-საარჩევნო კომისიას შეუძლია, ბათილად ცნოს საარჩევნო უბნის შედეგები იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა კანონის (საქართველოს საარჩევნო კოდექსის) უხეში დარღვევა. შესაბამისად, უსაფუძვლო და უადგილო იყო სასამართლოს მსჯელობა იმაზე, თუ რამდენად მოახდენდა აღნიშნული დარღვევები (რომელიც დადასტურებული და აღიარებული იყო, როგორც მოწმეების, ასევე თვით სასამართლოს მიერაც) გავლენას არჩევნების შედეგებზე. ცხადია, ამაზე მსჯელობა აბსურდულიც კი არის, როცა ერთ უბანზე რეგისტრირებული მოქალაქეების რაოდენობა მაქსიმუმ 1500-ია, შეუძლებელია იმის ვარაუდიც კი, რომ ერთ უბანზე მომხდარი ნებისმიერი სახის დარღვევა გავლენას მოახდენს ზოგადად არჩევნების შედეგზე 3 000 000-იანი ამომრჩევლის ფონზე, მთელი საქართველოს მასშტაბით. სასამართლოს გადაწყვეტილებაში საუბარია არჩევნების შედეგებზე გავლენაზე, რაც საერთოდ არ არის ნახსენები კანონის ტექსტში. დაუშვებელია, სასამართლომ კანონის მოთხოვნები გაზარდოს თვითნებურად. კანონის თანახმად, იმისათვის, რომ საოლქო-საარჩევნო კომისიას, მის დაქვემდებარებაში მყოფი უბნის მონაცემები ეცნო ბათილად, საკმარისი იყო ერთადერთი პირობა - კანონის უხეში დარღვევა. სასამართლომ კი ამისათვის კანონის დარღვევის გარდა, დამატებით კრიტერიუმად ასევე არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენაც დადასახელა, რაც სცდება კანონის ფარგლებს და მნიშვნელოვან უსწორობას წარმოადგენს“, - ამბობს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ნინი ჯინჭარაძე.

საპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

რაც შეეხება ლეიბორისტული პარტიის საჩივარს, გორის საოლქო-საარჩევნო კომისიამ ეს საჩივარი საერთოდ „მასხარად აიგდო“ და მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.

არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ საკუთარ მოხსენებაში აღნიშნა, რომ „არჩევნების დღეს, წინა არჩევნების მსგავსად, სისტემური უწესრიგობები იქნა დაფიქსირებული. განსაკუთრებით - კახეთში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში“. მოხსენებაში ნათქვამია ისიც, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ აღნიშნული არჩევნები პროფესიონალურად, გამჭვირვალედ და ყველა მხარის მონაწილეობით წარმართა.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ ყურადღება გაამახვილა საჩივრების განხილვების სისტემაზე.

„ერთიანი საარჩევნო კოდექსის იმ დებულებებში, რომლებიც საარჩევნო დავებს ეხება, სასურველია მეტი სიცხადის შეტანა. ცხადი იყო, რომ როგორც მოსარჩელეებს, ისე საარჩევნო კომისიის წევრებს, კარგად არ ესმოდათ საარჩევნო საჩივრებისა და განცხადებების მარეგულირებელი პროცედურული დებულებები. პროცედურების და კომპეტენციის შესახებ კონკრეტიკიოს ნაკლებობა, საარჩევნო კომისიებს საჩივრების განხილვების მხრივ დიდი დისკრეციული უფლებამოსილება მისცა, რაც არათანმიმდევრულ პრაქტიკაში გადაიზარდა“, - წერია ეუთოს დასკვნაში.

ხმების დათვლის პროცესს ეუთოს სადამკვირვებლო მისია ყველაზე ნეგატიურად აფასებს: „ხმების დათვლის პროცესი უფრო ნეგატიურად შეფასდა, საშუალოდ, ხუთიდან ერთ შემთხვევაში ხმების დათვლის პროცესი შეფასდა, როგორც ცუდი ან ძალიან ცუდი. ხმების დათვლის პროცესის 25%-ზე მეტი ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი პროცედურული შეცდომებით და დარღვევებით. საკმაოდ ბევრ საუბნო-საარჩევნო კომისიაში კანონით მოთხოვნილი ხმების დათვლის ძირითადი პროცედურები არ შესრულდა. მაგალითად, ისეთი პროცედურები, როგორებიცაა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების ან გამოუყენებელი ბიულეტენების დათვლა და შედეგების ოქმებში შეტანა. არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ხშირად აფიქსირებდნენ ხმის დათვლის პროცესში მონაწილე პირებს, რომლებიც საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები არ იყვნენ, მათ ასევე დააფიქსირეს ამომრჩეველთა სიებში მონაცემების, შედეგების ან ოქმების გაყალბების სამი შემთხვევა. საშუალოდ, 5 საუბნო-საარჩევნო კომისიიდან ერთში დაფიქსირდა პრობლემები შედეგების ოქმების შევსებასთან დაკავშირებით. არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა 7 შემთხვევა დააფიქსირეს, როცა შედეგების ოქმები წინასწარ იყო ხელმოწერილი. საუბნო- საარჩევნო კომისიების ერთ მესამედზე მეტში ოქმები არ გამოქვეყნებულა, მიუხედავად იმისა, რომ ამას კანონი ითხოვს, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიების თითქმის 50%-მა ხმის დათვლის ოქმები შევსებისთანავე არ გადააგზავნა ცესკოში“

ახალი ამბები