კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს უხეირო არჩევნები

11 ივნისი, 2010
 იაკუბ პარუსინსკი, www.opendemocracy.net  2010 წ. 9 ივნისი

ნამდვილად იმსახურებსთუ არა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო ოვაციებს მისი პარტიის მიერ 2010 წლის 30 მაისის არჩევნებში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების გამო? რაც თავად ვნახე და მოვისმინე  სხვა დამკვირვებლებისგან, ცხადს ხდის, რომ 30 მაისს საქართველოში არჩევნებზე პროცედურული დარღვევები და მიზანმიმართული გაყალბების ფაქტები იმაზე უფრო ფართომასშტაბიანი და ორგანიზებული აღმოჩნდა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.

30 მაისს მიხეილ სააკაშვილის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ჩატარებულ პირველ არჩევნებში. მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებმა უკვე მიულოცეს პრეზიდენტ სააკაშვილს მისი პარტიის გამარჯვება. ეუთოს ანგარიშში ნათქვამია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა „აშკარა პროგრესი ეუთოსა და ევროსაბჭოს მოთხოვნების შესრულების მიმართულებით“. მიუხედავად ამისა, ანგარიში აღიარებს „მნიშვნელოვან დარღვევებსაც“ მათ შორისაა - „არათანაბარი წინასაარჩევნო პირობები და არჩევნების დღეს დაფიქსირებული დარღვევების ცალკეული შემთხვევები“. სამწუხაროდ, მსგავსი დასკვნა არ ასახავს იმ გარემოებებს, რომელშიც არჩევნები ჩატარდა.

არჩევნებს ვაკვირდებოდი თბილისის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“  სახელით. შესაბამისად, საშუალება მქონდა, საკუთარი თვალით მეხილა ის პირობები, რომელშიც არჩევნები ჩატარდა. რაც მე ვიხილე, ნაკლებად იმსახურებს ქებას. დამკვირვებელთა მობილური ჯგუფები მოძრაობდა სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე კახეთის რეგიონში, მათ შორის - ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში თელავისა და გურჯაანის რაიონებში. მსგავსმა დაკვირვებამ ცხადი გახადა, რომ პროცედურული დარღვევები და მიზანმიმართული გაყალბება შემთხვევითობა კი არა უკვე წესად ქცეული ჩვეულება იყო.

ქალაქგარეთ არსებული მხოლოდ რამდენიმე საარჩევნო უბანი იყენებდა მარკირების აპარატს. ერთ-ერთ უბანზე მისვლისას ჩვენ დავინახეთ, რომ კომისიის წევრები საარჩევნო კაბინებში იყვნენ შესულები ამომრჩევლებთან ერთად და კარნახობდნენ შემოეხაზათ მე-5 ნომერი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი. ერთ-ერთი სამთავრობო დამკვირვებელი მოგვიანებით გვიხსნიდა, რომ ბევრმა ამომრჩეველმა არ იცოდა ქართული წერა-კითხვა; ზოგს ციფრების გარჩევაც კი არ შეეძლოთ. მისი აზრით, დამკვირვებლების საჩივრების წერის ნაცვლად, საარჩევნო კომისიის წევრებს უკეთესი ტრენინგები უნდა ჩატარებოდათ როგორ გამკლავებოდნენ რთულ შემთხვევებში. ამ დროს, როცა დამკვირვებელი ახსნა-განმარტებებს გვაძლევდა, დავინახეთ, რომ ერთ მამაკაცს უბნიდან სრულიად უპრობლემოდ გაჰქონდა საარჩევნო ყუთი. როდესაც შევაჩერეთ, მამაკაცმა გულუბრყვილოდ გვიპასუხა: „უბანზე ადგილს იკავებს და მანქანაში უნდა ჩამედო“.

ყველა დარღვევა არ ყოფილა ასეთი „უმნიშვნელო“. დამკვირვებლებზე მიდიოდა ზეწოლა; მათ საჩივრებს არ არეგისტრირებდნენ საუბნო კომისიები, და როგორც კი დამკვირვებლები ტოვებდნენ უბანს ან თვალს მოაშორებდნენ, კომისიის წევრები წყვეტდნენ ამომრჩევლების შემოწმებას.

ლიიზ ტიპმა, დამკვირვებელმა „მშვიდობისა და განვითარების აკადემიიდან“ , მითხრა: „ერთ-ერთ უბანზე, სადაც ჩვენ რამდენიმე საჩივარი დავწერეთ მარკირების აპარატის არგამოყენების გამო, კომისიის წევრები იგნორირებას გვიკეთებდნენ. როცა გადავწყვიტეთ ხალხი ჩვენვე შეგვემოწმებინა, ვნახეთ, რომ 6 ამომრჩეველს უკვე ჰქონდა მარკირება სხვაგან გაკეთებული. მეორე უბანზე ცოტა ხნით საარჩევნო ყუთს ზურგი შევაქციეთ; უკან მოხედვისას დავინახეთ, რომ ერთი მამაკაცი ცდილობდა 10-20 კონვერტი ერთად ჩაეყარა ყუთში. ამას გარდა, ბევრი ადამიანი იყო დარეგისტრირებული, როგორც საზღვარგარეთ მყოფი, მაგრამ დღის ბოლოს მათ გრაფაში ხელმოწერები აღმოვაჩინეთ“.

პრობლემა არც ამით ამოწურულა. არასრულწლოვნები და ზრდასრული ადამიანები გადაქსეროქსებული პირადობის მოწმობებით ხმას აძლევდნენ უბნებზე. ერთ-ერთ უბანზე ოპოზიციური პარტიის შეწუხებულმა დამკვირვებელმა გვთხოვა, დავრჩენილიყავით უბანზე, რადგან სერიოზული გაყალბების ეშინოდა. მალე დავინახეთ, რომ ხალხით სავსე მანქანები გაჩერდა უბანთან; მათ უკმაყოფილოებმა დატოვეს ტერიტორია, როცა გაიგეს, რომ ჩვენ ვამოწმებდით მარკირებას. მოგვიანებით, იგივე ხალხი დაბრუნდა გაწმენდილი ცერა თითებით - მათ იპოვეს გამოსავალი და მოიცილეს მარკირების სითხე. ერთ-ერთმა მათგანმა სამჯერ მისცა ხმა იმ დღეს. ჩვენ ვერ შევძელით ამ დარღვევის აღკვეთა.

მარტო ადგილობრივ დონეზე არ ყალბდებოდა შედეგები. სამთავრობო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტი მოვიდა და უბნის საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს სთხოვა, წაეკითხა მის მიერ დაწერილი ტექსტი, თითქოს არჩევნების პროცედურები ინციდენტების გარეშე მიმდინარეობდა. გაურკვეველი წარმომავლობის დამკვირვებლებიც პრობლემას წარმოადგენდა. როცა ერთ-ერთს ვკითხეთ, რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდა, დახედა თავის საშვს და გვიპასუხა: „სპორტსმენთა პარტია“. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელმა მოგვიანებით მითხრა, რომ მსგავსი კითხვა კიდევ სამ დამკვირვებელს დაუსვა, მაგრამ ყველამ უპასუხა - „არ ვიცით“. დამკვირვებელი დაჟინებით ეკითხებოდა მათ, ვინ გადასცა სამკერდე ნიშნები. ბოლოს „დამკვირვებლებმა“ აღიარეს, რომ ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობაში მისცეს ისინი.

ასეთი მარტივი მეთოდები მხოლოდ გარეუბნებში გვხვდებოდა, სადაც მე ვიმყოფებოდი. თუმცა, ქვეყნის სხვა რეგიონებშიც ხდებოდა გაყალბები. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“
დამკვირვებლები, რომლებიც არჩევნებს ქუთაისსა და თბილისში აკვირდებოდნენ, ასევე აფიქსირებდნენ სერიოზულ დარღვევებს. მათი ანგარიშის მიხედვით: „დამკვირვებლებს არ უშვებდნენ საარჩევნო უბნებზე; მათზე ახოერციელებდნენ ზეწოლას; ხალხი ხმას აძლევდა სხვისი პირადობის მოწმობით; დამატებით სიებში გაზრდილი იყო ამომრჩეველთა რიცხვი და საარჩევნო ყუთში უფრო მეტი კონვერტი იყო ჩაყრილი, ვიდრე ხელის მოწერა იყო დაფიქსირებული ამომრჩეველთა სიაში“.

მთავრობის დამკვირვებლები იწერდნენ იმ ადამიანების სახელებს, რომლებიც საარჩევნო უბნებზე მოდიოდნენ. მიუხედავად ამისა, ისინი ამტკიცებენ, რომ მსგავსი რამ მასობრივად არ ხდებოდა და არჩევნები შეიძლება ჩაითვალოს კანონიერად. „საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის“ დამკვირვებლებმა არჩევნები შეაფასეს, როგორც კარგი ან ძალიან კარგი ქვეყნის ტერიტორიის 96 %, მათ შორის კახეთში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში 90% -ით. თუმცა, ფაქტია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები რჩებოდნენ მხოლოდ ადვილად მისადგომ უბნებზე და ერთ შემთხვევაში ვერც შეამჩნიეს, რომ ამომრჩევლებს მარკირების აპარატით არ ამოწმებდნენ. ეს ეჭვს ბადებს მათი შეფასების სისწორეში.

უფრო მეტიც, არჩევნები არ შეიძლება განხილული იყოს ხელისუფლების ბოლო წლების საქმიანობისაგან განყენებულად. ამ პერიოდში, სააკაშვილის რეჟიმმა აქტიურად გააძლიერა ნაციონალისტური რიტორიკა და უსაფრთხოება მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ამის მტკიცებულებაა ტელეკომპანია „იმედის“ მოდელირებული „ქრონიკა“, რომელშიც აცხადებენ, რომ პრეზიდენტი მოკლეს, მოხდა სამხედრო გადატრიალება და რუსეთის არმია შემოიჭრა ქვეყანაში. უფრო მეტად აღმაშფოთებელი იყო ე.წ. „ხურჩის ინციდენტი“, რა დროსაც აფხაზმა სეპარატისტებმა თითქოს დაჭრეს სამი ქართველი, რომლებიც ავტობუსებით საარჩევნო უბნებზე მიდიოდნენ ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს. ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ანგარიშში ეჭვია გამოთქმული ამ ოფიციალური ვერსიის შესახებ. აღნიშნული ეჭვები შემდგომმა დამოუკიდებელმა გამოძიებებმა დაამტკიცა, რომლის შედაგადაც აღმოჩნდა, რომ ავტობუსებს საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ესროლეს. მათ დაადანაშაულეს საქართველოს უშიშროების სამსახურები, რომ აღნიშნული ინციდენტი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს არჩევნების გაყალბების დასაფარავად ქართულმა მხარემ მოაწყო.

არ არსებობს ეჭვი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს ხალხის მხარდაჭერა. და ეს დაიმსახურა კიდეც. მან გაატარა რეფორმები და წინ წავიდა ქვეყანა. პატიოსანი და შედარებით ეფექტური პოლიცია პატრულირებს ქუჩებში თანამედროვე მანქანებით. ბიუროკრატიზმი დამთავრდა და ბიზნესი ყვაოდა, ვიდრე ის ორმაგ დარტყმას არ მიიღებდა მსოფლიო ფინანსური კრიზისისა და რუსეთთან ომის სახით. დაბალი და საშუალო დონის ადმინისტრაცია თავისუფალია კორუფციისაგან. თუმცა, პრეზიდენტის ავტორიტარულმა მიდრეკილებამ თავისი საქმე გააკეთა, განსაკუთრებით - სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებაში, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ვარდების რევოლუციის საწყის ეტაპზე. მე ვკითხე „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელს ეუთოს ანგარიშის შესახებ მისი აზრი; აღნიშნული ინსტიტუტი ძალიან აქტიური იყო შევარდნაძის მმართველობის დროს, მაგრამ ახლა ახლო კავშირშია ხელისუფლებასთან. მას არ გააჩნდა მიზეზი, რომ არ დასთანახმებოდა ანგარიშს - თავისუფლების ინსტიტუტი არ აკვირდებოდა არჩევნებს. შევეკითხე, რომ ინსტიტუტი, რომელიც ადრე აქტიურად მუშაობდა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დემოკრატიის განვითარების მიზნით, დაინტერესებული იყო თუ არა ისევ არჩევნებით; მან კი მიპასუხა რომ „დიდად აღარ იყვნენ დაინტერესებულები არჩევნებით“.

სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობას“ მალე გაუშვებენ მხოლოდ მაჯაზე ხელის დარტყმით. თუ მთავრობის წარმომადგენლები მხარს დაუჭერენ საარჩევნო დარღვევებს, როცა მოსახლეობას უნდა უჭერდნენ მხარს, ადამიანს დააინტერესებს რა მოხდება საპირისპირო შემთხვევაში. საქართველოს კვლავ მოუწევს ხელისუფლებაში დემოკრატიული ცვლილებების გადატანა. ახლანდელი ხელისუფლებით, რომელიც არ ღალატობს ავტორიტარულ ტენდენციებს და აკანონებს ასეთ არჩევნებს, საფუძველს უქმნის მომავალ რევოლუციას სააკაშვილის განსადევნად. მოვლენების ასეთი შემობრუნება, სავარაუდოდ, გაწირავს ფერადი რევოლუციის იდეას, რომელიც უკვე გაუფერულდა უკრაინაში იუშენკოს სისუსტით და ბაკიევის დამარცხებით, რაც ყირგიზეთში ბოლოდროინდელ მოვლენებს მოყვა. შესაბამისად, სააკაშვილის რეჟიმის ანგარიშვალდებულება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცისათვის.

საქართველოს ოპოზიციური პარტიების მარცხი მათი გაერთიანების არარსებობით აიხსნება. ოპოზიციურმა პარტიებმა აღიარეს ეს შეცდომა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვება. თუმცა, 2 ივნისს, ირაკლი ალასანიამ, მთავარი ოპოზიციური ბლოკის „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერმა, აღიარა, რომ დარღვევები უფრო მეტი იყო, ვიდრე ეს პირველად გამოაცხადეს და მოუწოდა ყველას, რომ დაიწყონ კანონიერი ბრძოლა 200-მდე საქმის სასამართლოში შეტანით. მას მიჰყვა ნინო ბურჯანაძე - „დემოკრატიული მოძრაობა - გაერთიანებული საქართველოსთვის“ ლიდერი (რომელმაც არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა); ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ეს არჩევნები ავტორიტარიზმისაკენ გადაგმული ნაბიჯი იყო. 2007 წლის საყოველთაო საპროტესტო აქციების განმეორება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა, ეკონომიკური კრიზისი და განმეორებითი მარცხი ასუსტებს დემონსტრატორების სულისკვეთებას.

საქართველოს ოპოზიციური პარტიები, ალბათ, ცუდ განწყობაზე არიან. მაინც საშიშია ვარაუდი, რომ საარჩევნო დარღვევები მიუღებელია მხოლოდ მაშინ, როცა ამას შედეგად ოპოზიციის მარცხი მოსდევს. მსგავსი გამოცდილება მხოლოდ ცუდი ჩვევების გამყარებას ემსახურება და გარანტიას იძლევა, რომ უარესი პრობლემები შეგვექმნება. საქართველოს მთავრობა ნამდვილად იმსახურებს მილოცვას მთელი მისი მიღწევებით, მაგრამ საკუთარი პრობლემების დადებითად წარმოჩენა არაპროდუქტიულია. ძველი პრინციპის მიხედვით, ნამდვილი მეგობრები პატიოსნები უნდა იყვნენ თქვენთან მაშინაც კი, როცა თქვენ არ გინდათ ეს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ საქართველოს ნამდვილად აკლია ასეთი მეგობრები.

ახალი ამბები