კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისელ „ხმების ქურდებს“ „ალიანსი“ პროკურატურაში უჩივის

11 ივნისი, 2010
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი
 
„ალიანსი საქართველოსთვის“ ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისის პროკურატურას მიმართავს და სისხლის სამართლის საქმის აღძრას ითხოვს. ნატო ქათამაძე 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში განხორციელებული დარღვევების ფაქტების გამოძიებას და დამნაშავე პირების, კერძოდ, ე. წ. ხმების ქურდების დასჯას ითხოვს.   

ნატო ქათამაძის განმარტებით, ქუთაისის 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიამ დარღვევებზე  რეაგირება არ მოახდინა, რითაც ქუთაისში არჩევნების გაყალბებას მაქსიმალურად შეუწყო ხელი.

„ჩვენ არჩევნებში მრავალი დარღვევა დავაფიქსირეთ. გამოვავლინეთ საარჩევნო კარუსელებში მონაწილე რამდენიმე პიროვნება. არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობდნენ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები და საუბნო-საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები, ისე რიგითი ამომრჩევლები. არაფერს ვამბობ მერიის მაღალჩინოსნებზე, რომლებმაც წინასაარჩევნო შვებულება საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენეს“, - ამბობს ნატო ქათამაძე.

საჩივარში, რითაც „ალიანსი საქართველოსთვის“ ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისის პროკურატურას, კერძოდ - პროკურორ კახა კოჩივარს მიმართავს, კონკრეტული პიროვნებებია ჩამოთვლილი. ასევე, აღწერილია უშუალოდ დარღვევის ფაქტები.

ფაქტი # 1

„ხ. მ. მცხოვრები ქუთაისში, ჭავჭავაძის #27-ში, ხმის მიცემას მეორედ ცდილობდა. ერთხელ მან ხმა 29-ე საარჩევნო უბანზე დილით მისცა, სადაც საღამოს საათებშიც გამოცხადდა. ფაქტი კომისიის „რესპუბლიკელმა“ წევრმა გამოავლინა, რომელმაც უბანზე ხელმეორედ მისული პირი ამოიცნო. ნაკადის მარეგულირებელმა კი, მარკირებული ამომრჩეველი უპრობლემოდ გაატარა“.

ფაქტი # 2

„თ.ფ. მცხოვრები ქუთაისში, დავითაშვილის #13-ში, მე-13 საარჩევნო უბანზე მარკირებული გამოცხადდა. ბუნებრივია, მას ხმის მიცემის უფლება მხოლოდ აღნიშნულ საარჩევნო უბანზე ჰქონდა. არადა, ფაქტია, მანამდე ხმა სხვა უბანზეც მიაცემინეს“. 
 
ფაქტი # 3

„ნ. ზ. მცხოვრები ქუთაისში, სულხან-საბას #19-79-ში, ცდილობდა, ხმა 28-ე საარჩევნო უბანზე სხვა, იტალიაში მყოფი პირის სახელით მიეცა.  ნ. ზ. ამტკიცებდა, რომ მას ამომრჩევლის ბარათი კოორდინატორმა (ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა) მისცა და უთხრა აღნიშნულ საარჩევნო უბანზე მისულიყო“.

„აქ იკვეთება როგორც ამომრჩევლისა და „ნაცმოძრაობის“ კოორდინატორის, ისე 28-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის ლელა ბასილაძის პასუხისმგებლობის საკითხი. მან, პრაქტიკულად, საზღვარგარეთ წასული ამომრჩევლის საარჩევნო ბარათი გაასხვისა. იყო საარჩევნო უბნები (მე-13, 91-ე), სადაც „ნაცმოძრაობის“ კოორდინატორები ამომრჩევლის ბარათებს არჩევნების დღეს, უშუალოდ საარჩევნო უბნებზე არიგებდნენ. თუმცა, ფაქტების დაფიქსირება ვერ მოხერხდა, რადგან ამომრჩევლები გაიქცნენ“, - ამბობს ქათამაძე.

მის მიერ შედგენილი, გაყალბებაში მონაწილე პირთა სია გაცილებით გრძელია და მასში მხოლოდ ამომრჩევლები არ არიან დაფიქსირებული. „ალიანსი საქართველოსთვის“ ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატი აცხადებს, რომ თუ პროკურატურა საქმეს ობიექტურად განიხილავს, დამნაშავეთა წრე გაიზრდება და 5-10 ლარზე გაყიდული რიგითი ამომრჩევლების გარდა, ცნობილი გამყალბებლებიც გამოვლინდებიან.

ქათამაძის მიერ დასახელებულ ფაქტებს  „არასერიოზულს“უწოდებს ქუთაისის 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისია, რომელმაც, განკარგულების მიხედვით, აღნიშნული საჩივარი განუხილველი დატოვა.

ახალი ამბები