კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგახსნილ საპატიმროში ადვოკატები პატიმრებთან შეხვედრას ვერ ახერხებენ

14 ივნისი, 2010
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

რუსთავში ახალი #1 სასჯელაღსრულების დაწესებულების გახსნაზე რამდენიმე დღის წინ ვწერდით. გეგმის მიხედვით, საპატიმრო 7 თვის შემდეგ უნდა გაეხსნათ. თუმცა გახსნის ცერემონიალი 1 ივნისს ჩატარდა „ნაციონალური“ პიარ-ცერემონიითა და რაღა თქმა უნდა, პრეზიდენტ სააკაშვილის თანხლებით.

ცოტა ხანში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატიმრო ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. საპასუხოდ, სასჯელაღსრულების დაპარტამენტმა დააზუსტა, რომ დასრულებული არ არის მხოლოდ ციხის საცხობი. თუმცა ირკვევა, რომ საცხობთან ერთად დაუსრულებულია ადვოკატებისა და მსჯავრდებულების შეხვედრის ოთახებიც.

სავარაუდოდ, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც 7 ივნისს ადვოკატები საპატიმროში მსჯავრდებულებთან არ შეუშვეს. პარალელურად, მსჯავრდებულთა ახალობლებს შორის გავრცელდა ჭორი, რომ პატიმრები არიან ნაცემები და ამიტომაც არ უშვებენ ადვოკატებს.
 
პატიმრის დედა იურისტი ნანა ანდღულაძე დიდხანს ცდილობდა შვილთან შეხვედრას და გარკვევას, იყო თუ არა იგი ნაცემი: „მეუბნებოდნენ, რომ ჩემი შვილი ნაცემი იყო და დილით 4 საათი გადასხმებს უკეთებდნენ. ვერ გეტყვით, ვინ მომაწოდა ეს ინფორმაცია. ახლა ეკა ბესელიას დახმარებით შემიშვეს ციხეში და მაჩვენეს ჩემი შვილი. მითხრა, რომ მისთვის არანაირი გადასხმა არ გაუკეთებიათ და არავის უცემია. მეც ვერანაირი ცემის კვალი ვერ შევატყვე და დავმშვიდდი“.

ნანა ანდღულაძისა და სხვა პატიმრების ახლობლების დამშვიდება ეკა ბესელიას მოუწია. ვითარების გასარკვევად იგი 10 ივნისს #1 საპყრობილეში იმყოფებოდა.

ეკა ბესელია, საზოგადოებრივი მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ თავმჯდომარე: ,,მე თვითონ შევედი დაწესებულებაში და შიდა ტერიტორიის დათვალიერების საშუალებაც მომეცა. შეხვედრის საშუალება მქონდა ერთ პატიმართან. მან თქვა, რომ არავითარი პრეტენზიები არა აქვს ციხის ადმინისტრაციასთან.  ერთადერთი რაც არის სასწრაფოდ გადასაწყვეტი,  ადვოკატების საპყრობილეში შესვლის საკითხია. მე თავად ვესაუბრე ადმინისტრაციის დირექტორს კიკნაველიძეს, რომ ადვოკატებს უნდა ჰქონდეთ ციხეში დაუბრკოლებლად შესვლის საშუალება და არ უნდა ხდებოდეს ამ უფლების შეზღუდვა. მითხრეს, რომ ორშაბათიდან დაიწყება ადვოკატების შეშვება. პრობლემაა, რომ სარემონტო სამუშაოები არ იყო დასრულებული, ისე გახსნეს აღნიშნული საპატიმრო. 

მე ვუთხარი, რომ თუ არ არის დამთავრებული ციხე, ჯერ არ უნდა მომხდარიყო მისი გახსნა. ადვოკატებს ხელი არ უნდა შეეშალოთ ამის გამო მუშაობაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პატიმრებს უნდა მოექცნენ ზუსტად ისე, როგორც  კანონით არის გათვალისწინებული - ყოველგვარი ძალადობის გარეშე. პირადად მე პატიმარი, რომელიც ვნახე ფოცხვერაშვილი ამბობს, რომ მის მიმართ ძალადობას ადგილი არ ქონია.

არსებობდა ინფორმაცია, რომ პატიმრები ნაცემები იყვნენ და ადვოკატებს ამიტომაც არ უშვებდნენ ციხეში. მე ამის არც უარყოფა და არც დადასტურება არ შემიძლია. ერთადერთი, გეტყვით, რომ საკუთარი თვლით ვნახე მსჯავრდებულებისა და ადვოკატების შეხვედრისთვის განკუთვნილი ოთახები. ეს ადგილები არ არის დასრულებული. უნდა მოხდეს ამ ადგილების დროული მოწესრიგება. კონსტიტუციით, ჩვენი შიდა კანონმდებლობით (საპროცესო კოდექსით) ადვოკატს აქვს შეუზღუდავი უფლება, შეხვდეს დაცვის პირს“.

რუსთავში #1 საპყრობილესთან პატიმრების შესაძლო ცემის ფაქტს როცა არკვევდნენ და სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობდნენ, შეკრებილებს ასაკოვანმა ქალბატონმა შესჩივლა: „ეს რა დამემართა?! სად გადაიყვანეს ჩემი ბავშვი? იქნებ, ეგეც ცემეს. რა ვქნა, სად წავიდე?! ბებია კი არა დედ-მამა ვერაფერს შველის თავის შვილს. მე - მოხუცი ქალი ვის რას გავაგონებ ჩემსას?“ ქალბატონი ციხის გარეთ წინ და უკან დადიოდა. მან კომენტარზე უარი გვითხრა, მაგრამ თქვა, რომ გორიდანა ჩამოსული და სწორედ ის მოქალაქეა, რომლის დასისხლიანებული სახე რუსეთ-საქართველოს ომის დროს მთელმა მსოფლიომ ნახა.

ლეილა კაკაშვილი ნამდვილად 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის სახეა. მისი ცრემლების დანახვისას პატიმრის ახლობლებმა გვითხრეს: „ამ უბედური ქალის გულისტკენად ღირდა დაუსრულებელი ციხის გახსნა?! ან იმას რა უნდა, რომ ციხიდან ვინმე პასუხისმგებელი პირი გამოვიდეს და უთხრას, რომ მისი შვილიშვილი კარგადაა და არავის უცემია?!

ახალი ამბები