კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„პარიზის რეისი გადაიდო, ახლა ლენინგორში წადით!“ - რუსი სამხედროების მოდელირებული გეზი ქართველი მგზავრებისათვის

18 ივნისი, 2010
 მარი ოთარაშვილი, თბილისი-ახალგორი-თბილისი

ახალგორის ადმინისტრაციულ საზღვართან რუსი სამხედროები, ყავისფერლაქებიან-ხაკისფერ ვაგონთან ერთად, აკურატულად გამოიყურებიან. თუკი თვალწინ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დღეები გაგირბენს და გაგახსენდება, როგორი დაფეთებით ელოდა თბილისი რუსული ტანკების ქალაქში შემოჭრას, ავტომატურად იგულისხმებ, რომ აქაც, ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნთან, სასტიკი სახის რუსები უნდა იდგნენ... მაგრამ საქმე მთლად ასე არაა. 18-20 წლის ცხვირპაჭუა რუსი წვევამდელები ისეთი სახით დგანან, თითქოს ავტომატის ნაცვლად, ხელში სათამაშო ეჭიროთ. ისინი ახალგორსა და მიმდებარე სოფლებში მიმავალ მგზავრებს თავაზიანი ღიმილით არეგისტრირებენ. ეტყობათ, ბრძანება აქვთ ასეთი.

სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის დაქირავებული მესაზღვრეები ყველა მგზავრს თქვენობით ელაპარაკებიან, მოხუცებს კიდევ უფრო ზრდილობიანად ექცევიან. არაღიარებული ქვეყნის ე. წ. სახელმწიფო საზღვართან მისული ტრანსპორტიდან ყველა მგზავრი ვალდებულია, ჩამოვიდეს და პირადობის მოწმობის დამადასტურებელი ასლი (ნოტარიულად დამტკიცებული) თავად წარადგინოს. აი, მოხუცებს კი უფლება აქვთ, სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოუსვლელად გადააწოდონ თავიანთი მგზავრობისთვის განსაზღვრული დოკუმენტი. 

სასაზღვრო ვაგონის თავზე, რუსულ ენაზე გამოკრულია სხვადასხვა ინფორმაციები, თუ რა ტიპის დოკუმენტაციები სჭირდებათ გადაადგილების მსურველებს „საზღვარზე“. აქ მხოლოდ ერთადერთი ქართული წარწერაა: „ნუ დაანაგვიანებთ“, რომელიც ასაკოვან ადამიანებს საბჭოთა პერიოდს ახსენებს, ისევე, როგორც ახალგორის სეპარატისტული სახელწოდება - ლენინგორი.       

როგორც დავაკვირდი, რუსი სამხედროები ადგილობრივებთან საკმაოდ შინაურულად არიან. ვიდრე რუსი „მესაზღვრე“ მგზავრებს არეგისტრირებდა, „მარშრუტკის“ მძღოლი მათ გრძელ სკამზე ჩამოჯდა და ღიმილით ჰკითხა: „აბა, რითი გაგვიმასპინძლდები?“

„აგერ, ერთი „ურალი“ მოდის - ნამცხვრებით სავსე, ჩემმა ცოლმა გამომიგზავნა და თუ მოიცდით, გაგიმასპინძლდებით“, – უთხრა ღიმილითვე ერთმა ცისფერთვალა მესაზღვრემ. ეტყობოდა, მართლა რაღაც სასიხარულოს ელოდა.

სწორედ მას გამოველაპარაკე: აქ როგორ ხართ, არ გიჭირთ აქ ყოფნა-მეთქი. „ძნელად შევეჩვიეთ, მაგრამ ზოგმა ცოლ-შვილი აქ ჩამოვიყვანეთ უკვე. გარდა ამისა, ცუდადაც არ გვიხდიან ხელფასს. ცოტა ამ ვაგონში ჭირს - ზამთარში ცივა, ზაფხულში კი ძალიან ცხელა, თორემ გუსაძლისი აქ არაფერია“, – მიპასუხა მან.

სამხედრო კაბინასთან კვლავ მგზავრების რიგი იდგა. ახალგორში ჩაუწერავ მოქალაქეებს ეკითხებოდნენ, ვისთან მიდიოდნენ. მათგან ზოგი სტუმრად, ზოგიც ნათესავთან მიდიოდა. რიგი გრძელი იყო და სიცხეში ყველა ხელს იშველიებდა მარაოდ. ხალხს მაინც სიცხე ურჩევნია. „თქვენ ის უნდა ნახოთ, წვიმაში ან თოვლში რომ ვდგავართ ხოლმე აქ. სანამ არ მორჩება რეგისტრაცია, ასე უნდა ვიდგეთ“, – თქვა ერთმა ქალბატონმა.
 
რეგისტრაციის დასრულებამდე ერთ-ერთი რუსი სამხედრო „მარშრუტკის“ საჭესთან დაჯდა და სიცილით დაიძახა: „აბა, ვის გინდათ პარიზში ჩაყვანა?! იქ ახლა თქვენი გაბერილი სააკაშვილია“. ხალხმა სიცილი დაიწყო. ერთმა ბებომ წამოიძახა: „მარტო სააკაშვილი კი არა, თქვენი პუტინიც არ ვარგა და არც თქვენი მედვედევია ოქრო“. ხალხმა ანიშნა - გაჩუმდი, უკან არ გაგვაბრუნონო. ბებო არ დაწყნარდა და უფრო გულმოდგინედ დაუწყო პუტინსა და მედვედევს ძაგება, მაგრამ სამხედროებმა არაფერი უთხრეს. მხოლოდ გაიცინეს.

რეგისტრაცია რომ დასრულდა, რუსი სამხედრო გადმოვიდა „მარშუტკიდან“ და ირონიული სიცილით გვაცნობა: „პარიზის რეისი გადაიდო! ახლა ლენინგორში წადით“.

როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ის რუსი სამხედრო მართლაც ელოდა მარტო ნამცხვრებით კი არა, მეუღლის მიერ გამოგზავნილი სხვადასხვა სურსათ-სანოვაგით სავსე „ურალს“. დიდმა სატრვირთო მანქანამ მთელი რუსეთი გამოიაირა და ცხინვალის გზით ახალგორში ჩავიდა.

ახალგორის რაიონულ ცენტრში რუსი სამხედროები პრაქტიკულად არც ერთ ორგანიზაციაში არ დგანან. აქ მხოლოდ დე ფაქტო მილიცია პატრულირებს და თანაც - ძალიან ინტენსიურად. რუსი სამხედროები დაბაში მხოლოდ სურსათის საყიდლად ჩადიან. მათთვის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ქართული ლუდი ყოფილა.

როგორც ახალგორელები ამბობენ, ახალგორში გადასროლილი რუსი სამხედროები თავიდან ძალიან გაჭირვებაში იყვნენ - საჭმელ-სასმელი, ტანსაცმელი, საცხოვრებელი პირობები არ ჰქონდათ. ახლა კი ასე აღარ არის. მათ უკვე ყველაფერი აქვთ, რადგან ახლა გაცილებით მეტს უხდიან, ვიდრე მაშინ ჰქონდათ. 50 000 რუბლი (3000 ლარი) ახალგორში საცხოვრებლად პატარა ხელფასი მართლაც არ არის. მათთვის ხელახლა გაიხსნა ახალგორში არსებული ერთადერთი ბანკი, რომელმაც ომის შემდეგ მუშაობა შეწყვიტა. სამხედროებს რუსეთიდან ხელფასები სწორედ აქ ერიცხებათ.

გარდა პირობებისა, რუს სამხედროებს გაძლებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უშლიდა ხელს: დაოჯახებულებს ცოლ-შვილი ენატრებოდათ. უმეტესობამ ეს პრობლემაც მოხსნა. მათ ოჯახები ახალგორში ჩამოიყვანეს.

შუადღისას ან საღამოს ახალგორის ბუნებრივად გამწვანებულ პარკს თუ ჩაუვლით, პატარა ბავშვებით მოსეირნე რუს ქალბატონებს დაინახავთ. როგორც გავარკვიე, ისინი ახალგორიდან წამოსული ვინმე ადგილობრივის ბინაში კი არ სახლობენ, არამედ გამოცარიელებულ, უმოქმედო ორგანიზაცია-დაწესებულების შენობებში.

უმეტესობას კი საცხოვრებელი სახლი ახალგორიდან წასულ-გაქცეული მეპარტონისგან აქვთ დაქირავებული და ქირას არა მარტო პატიოსნად იხდიან, ზედმეტსაც კი აძლევენ მეპატრონეს.

„ერთმა რუსმა ბინის მეპატრონეს უთხრა, რამდენი გადაგიხადო ქირადო. მეპატრონემ ზუსტი თანხა არ იცოდა, რა ეთქვა და შენ რამდენიც გაგიხარდებაო – უპასუხა. ისიც იმდენს უხდის, ლამის მეც გამოვიდე ჩემი ბინიდან და გავაქირავო“, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ახალგორელები იმასაც ამბობენ, რომ რუს სახედროებს მათთან ცუდი ურთიერთობა არა აქვთ. მათი მეუღლეებიც თბილად ურთიერთობენ და როგორც გარემოსთან, ასევე მოსახლეობასთან ადაპტაციას ცდილობენ.

ადგილობრივებს გავახსენე სამი კვირის წინ გავრცელებული ინფორმაცია ახალგორში ერთი რუსი ჯარისკაცის თვითმკვლელობის შესახებ, რაზეც ყველას ერთი პასუხი აღმოაჩნდა – „არაფერი ვიცით. ამაზე მარტო ტელევიზორით გავიგეთ, თორემ აქ არაფერი გვსმენია“. 

სამაგიეროდ ახსოვთ ერთი შემთხვევა - შარშან ადგილობრივი ილურიძის პატარა გოგონას, მდინარე ქსანზე ყოფნისას ქვაზე ფეხი რომ დაუცურდა და გულწასული მდინარის სწრაფმა დინებამ გაიტაცა. იქვე მყოფი დედის წივილ-კივილზე რუსმა სამხედროებმა მიირბინეს, მდინარეში შეცურეს, წყალწაღებულს დაედევნენ და ნაპირზე გამოიყვანეს.     

ცხადია, რუსი სამხედროები ოკუპანტის იმიჯის დამსხვრევას ცდილობენ და იმაზეც ფიქრობენ, რომ ადგილობრივებთან ადამიანური ურთიერთობით პირველ რიგში თავიანთი საქმე კეთდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მტრულ გარემოცვაში აღმოჩნდებოდნენ და უსაფრთხოებაზე მეტი ზრუნვა მოუწევდათ. ძალიან ძნელია, ადგილობრივებს 2008 წლის აგვისტოს კოშმარი დაავიწყო, მაგრამ დრო, ალბათ, მართლაც ყველაფერს კურნავს. ამიტომ გრძელ სკამზე რუს სამხედროებთან ჩამომჯდარი ქართველი მძღოლიც არ უნდა გაგვიკვირდეს და არც მისი მანქანის საჭესთან დროებით მიმჯდარი რუსი - მოდელირებული ევროპული გეზიდან უკან რომ უხვევს და მგზავრები საბჭოთა წარსულში - ლენინგორში მიჰყავს.

ახალი ამბები