კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატი ვახტანგ მაისაიას იზოლირებულ საკანში გადაყვანას მოითხოვს

18 ივნისი, 2010
ალექსი ბეჟანიშვილი

ჯაშუშობისთვის ბრალდებული სამხედრო ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ 18 ივნისს მოწვეულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს აცნობა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პატიმარზე კვლავ გრძელდება ფიზიკური და მორალური ზეწოლა. 6 ივნისს ვახტანგ მაისაია მის საკანში მყოფმა პალადი ბირკაიამ სცემა, რის შემდეგაც პასუხისმგებლობა სამხედრო ექსპერტსაც დაეკისრა და იგი ათი დღით კარცერში გადაიყვანეს. პალადი ბირკაიას კი საპყრობილის ადმინისტრაციამ კარცერში პატიმრობა მხოლოდ სამი დღე შეუფარდა.

ნათია კორკოტაძის თქმით, პალადი ბირკაია „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის დამფუძნებელი და ერთ-ერთი ყოფილი ლიდერია. როგორ მოხვდა იგი #8 საპყრობილეში და კონკრეტულად ვახტანგ მაისაიას საკანში, ადვოკატისთვის უცნობია. თუმცა, ადვოკატიც და მისი დაცვის ქვეშ მყოფიც ეჭვობენ, რომ ბირკაია მაისაიას პროვოკაციის მოსაწყობად მიუჩინეს. იგი დიდი ხნის განმავლობაში შეურაცხყოფას აყენებდა მაისაიას, რის შემდეგაც  სამხედრო ექსპერტმა მას კორექტულობისკენ მოუწოდა. საპასუხოდ, ბირკაიამ მაისაიას საფერფლე ესროლა და სცემა. ადმინისტრაციამ ორივე პატიმარს დააწერინა ახსნა-განმარტება, რის შემდეგაც ბირკაია კარცერში სამი დღით გაამწესეს, მაისაია კი - ათი დღით.

7 ივნისს ნათია კორკოტაძე შეხვდა #8 საპყრობილის ადმინისტრაციის უფროსს, თამაზ მელაძეს და მოსთხოვა ვახტანგ მაისაიას იზოლირებულ საკანში გადაყვანა.

„ჩემს კითხვაზე - რატომ აყენებენ სამხედრო ექსპერტს და პროფესორს ამდენ შეურაცხყოფას, მელაძემ ირონიულად ჩაიცინა: „ა, ვახტანგ მაისაია პროფესორია?“ მოვითხოვ, სასჯელაღსრულების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ უზრუნველყოს ვახტანგ მაისაიას იზოლირებულ საკანში გადაყვანა. მას საკანში თან აქვს მის მიმართ გამოტანილი საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომელსაც გრიფი „საიდუმლო“ ადევს. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მაისაიასადმი პროვოკაციები გაგრძელდეს“, - განაცხადა ნათია კორკოტაძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, ვახტანგ მაისაია კარცერში უკვე მეოთხედ მოათავსეს და წინა სამი შემთხვევაც პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა.

პრესკონფერენციას პატიმრის მეგობარი, სამხედრო ექსპერტი ნოდარ ეფრემიძე და მეუღლე ელენე მაღრაძეც ესწრებოდნენ. „ვახტანგ მაისაია არის უაღრესად განათლებული, რაფინირებული პროფესორი. მისი დაპატიმრება ხელისუფლებას სპექტაკლ „მუხროვანის ამბოხების“ შესაფუთად სჭირდებოდა. უნდოდათ, ეჩვენებინათ, რომ თითქოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება უმაღლეს დონეზე იყო დაგეგმილი და მასში ასეთი ავტორიტეტული მეცნიერები მონაწილეობდნენ“, - განაცხადა ნოდარ ეფრემიძემ.

ვახტანგ მაისაიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 20-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ამჟამად საქმე სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული. სასამართლოს პროცესი 10 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ საქმეზე გამოყოფილი მოსამართლე დიმიტრი მჭედლიშვილი ცოტა ხნის წინ ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს ( http://24saati.ge/index.php/category/news/justice/2010-06-01/7218 ). პროცესის დაწყების ახალ თარიღად 27 ივნისი გამოცხადდა.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ სააპელაციო სასამართლო საქალაქო სასამართლოს განაჩენს არ შეცვლის. თუმცა, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დადგიმიდან ოჯახს  საშუალება ეძლევა სარჩელით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართოს. ნათია კორკოტაძეს სტრასბურგში გასაგზავნი მასალები პრაქტიკულად მზადა აქვს და იმედოვნებს, რომ ევროსასამართლო ვახტანგ მაისაიას უსამართლო დევნას წერტილს დაუსვამს.

ახალი ამბები