02:42, Sunday, 15.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პოლიციური რეჟიმი და ნეპოტიზმი კახეთში

21.06.2010
გელა მთივლიშვილი, კახეთი

კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში ახლადარჩეული საკრებულოების პირველი სხდომები ჩატარდა. ყველა საკრებულომ აირჩია თავმჯდომარე, მოადგილე და დანიშნა გამგებელი. მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად საკრებულოებში მხოლოდ ერთი განცხადება იყო შესული. თანამდებობებზე ძირითადად კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის ნათესავები დაინიშნენ. ოპოზიციის წარმომადგენლებს არცერთი ხელმძღვანელი თანამდებობა არ მისცეს.

ჯერ კიდევ არჩევნებამდე იყო ცნობილი, რომ არჩევნების შემდეგ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას, რაიონის გამგებელი გია გოზალიშვილი დაიკავებდა, ხოლო გამგებლად დიმიტრი ლოლაძეს დანიშნავდნენ. ამის შესახებ 2010 წლის 25 მარტს, ანუ არჩევნებამდე ორი თვით ადრე ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა: http://www.ick.ge/ka/rubrics/main-news/62-bnews/728-2010-03-25-08-04-40.html .

ამ ინფორმაციის თანახმად, საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე გია წვერავა არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. სახელისუფლებო პარტიამ სიაში მის შეყვანაზე უარი თქვა.

არჩევნებამდე ორი თვით ადრე გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა. 18 ივნისის სხდომაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა საკრებულომ თავმჯდომარედ გია გოზალიშვილი აირჩია, რაიონის გამგებლად კი დიმიტრი ლოლაძე დაამტკიცეს. გოზალიშვილი კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის ბავშვის ნათლიაა. რეგიონში საკადრო პოლიტიკას სწორედ სიბაშვილი განაგებს.

არჩევნებამდე იყო ცნობილი ისიც, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას არჩევნების შემდეგ ზაქარია იაგანაშვილი შეინარჩუნებდა. ზაქარია იაგანაშვილიც კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის ახლობელია. ვიცე-გუბერნატორი ზაქარია იაგანაშვილის შვილის ნათლიაა. გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ალექსანდრე სირბილაშვილი დაინიშნა, რომელიც 2006 წლის მოწვევის საკრებულოშიც ამ თანამდებობაზე მუშაობდა. მუნიციპალიტეტის გამგებლად კი საკრებულოს წევრებმა ყოფილი პოლიციელი, შს გურჯაანის სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების ყოფილი თანამშრომელი, შოთა უტიაშვილი დაამტკიცეს. შოთა უტიაშვილიც კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის მეგობარია. 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უტიაშვილი სიბაშვილის, როგორც გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ახლადარჩეულმა საკრებულომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის პირველი ნომერი ნუგზარ ხუცაიძე აირჩია. ხუცაიძე არჩევნებამდე, 2009 წლის მარტიდან 2010 წლის აპრილის ჩათვლით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში გენერალური ინსპექციის ადამიანის უფლებათა სამმართველოს უფროსად მუშაობდა. მანამდე, კახეთში შსს კუდ-ის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი და ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ თელავის რაიონის ყოფილი გამგებელი ზურაბ ბუცხრიკიძე დაინიშნა. ბუცხრიკიძე 2009 წლის აპრილში, პირადი განცხადების საფუძველზე, გამგებლის თანამდებობიდან იმიტომ გაათავისუფლეს, რომ თბილისში მიმდინარე კარვების აქციის მხარდასაჭერად, თელავის გამგეობის შენობის წინ კარვების გაშლის შემთხვევაში, ოპოზიციის წარმომადგენლებს აქციის დარბევით დაემუქრა. საკრებულომ თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლად ვასილ დავითაშვილი დაამტკიცა, რომელიც თელავის რაიონს მანამდეც, 2009 – 2010 წლებშიც ხელმძღვანელობდა. უნდა აღინიშნოს, რომ დავითაშვილი, ისევე როგორც კახეთის ყველა სხვა მუნიციპალიტეტის გამგებელი, ვინც არჩევნებში არ მონაწილეობდა, წინასაარჩევნოდ შვებულებაში იყო გასული და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბში მუშაობდა.

უცვლელი დარჩა ხელმძღვანელობა ყვარლის, ახმეტისა და საგარეჯოს რაიონებში. ყვარლის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარედ ისევ ბესიკ ზანდარაშვილი დაინიშნა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ზაზა ლომიძე, რომელიც არჩევნებამდეც ამ თანამდებობაზე მუშაობდა. საკრებულომ ყვარლის რაიონის გამგებლად ლევან გამსახურდია დატოვა.
 
ახმეტის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა საკრებულომ თავმჯდომარედ ალექსანდრე მაილაშვილი აირჩია, მოადგილედ ჯარაფ ხანგოშვილი. მაილაშვილი საკრებულოს 30 მაისის არჩევნებამდეც ხელმძღვანელობდა, ხანგოშვილი კი მისი მოადგილე იყო. 25 დეპუტატიდან თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა  საკრებულოს მხოლოდ ერთმა წევრმა, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ზაქარია ქინქლაძემ არ მიიღო. მან სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. „ყველაფერი წინასწარ არის გადაწყვეტილი. თანამდებობები უკვე განაწილებული აქვთ“, - განაცხადა ქინქლაძემ. ახმეტის საკრებულომ მუნიციპალიტეტის გამგებლად კობა მაისურაძე დაამტკიცა, რომელიც არჩევნებამდეც ამ თანამდებობაზე მუშაობდა. მანამ, სანამ მაისურაძეს გამგებლის თანამდებობაზე დაამტკიცებდნენ, ის საკრებულოს წევრთა მუშაობაში ერეოდა და თავმჯდომარეს და სხდომის წამყვან სხვა წევრებს შეურაცხმყოფელი რეპლიკებით შენიშვნებსა და მითითებებს აძლევდა, როდის რა პროცედურა უნდა ჩაეტარებინათ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ილია ჭიაურელმა შეინარჩუნა. საკრებულომ გამგებლად გია ჩალათაშვილი დაამტკიცა, რომელიც არჩევნებამდეც აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობდა, თუმცა არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობიდან“ საგარეჯოში კენჭი იყარა და ამომრჩევლების ხმების უმრავლესობა დააგროვა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა თავმჯდომარედ რაიონის ყოფილი გამგებელი ლევან ბაღაშვილი, ხოლო მის მოადგილედ  ზაზა ფიროსმანაშვილი აირჩიეს. ფიროსმანაშვილი წინა მოწვევის საკრებულოში  სოციალურ საკითხთა კომისიას ხელმძღვანელოდა. მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობა ნიკოლოზ შანშიაშვილმა დაიკავა. შანშიაშვილი არჩევნებამდე გამგებლის მოადგილედ მუშაობდა, საარჩევნოდ კი გამგებლის მოვალეობას ასრულებდა.

სიღნაღის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - ზაზა ზედელაშვილი. იგი არჩევნებამდე სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატის ნუგზარ აბულაშვილის ბიუროს ხელმძღვანელობდა, უფრო ადრე კი სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო, საიდანაც კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის განმარტებით, იმიტომ გაათავისუფლეს, რომ „ხელისუფლების მუშაობას ფეხი ვერ აუწყო“. გამგებლის თანამდებობა ნოდარ კოჭლამაზაშვილმა შეინარჩუნა.
 
2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, კახეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში „ნაციონალური მოძრაობა“ სრული უმრავლესობით არის წარმოდგენილი. შესაბამისად, ოპოზიციის წარმომადგენლებს არცერთი ხელმძღვანელი თანამდებობა არ ერგოთ.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC