კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაერთიანებულმა პროფკავშირებმა „ჯორჯიან მანგანეზთან“ მემორანდუმი გააფორმა

21 ივნისი, 2010
თამთა კაკაურიძე, ზესტაფონი

ზესტაფონსა და ჭიათურაში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ დასაქმებულები საწარმოს ადმინისტრაციიდან დაპირებების შესრულებას ელოდებიან. ამ ხნის განმავლობაში „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასა და საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებს შორის სისტემატური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. რამდენჯერმე იყო საშიშროება, რომ მასობრივი საპროტესტო აქციები კვლავ განახლებულიყო. პროტესტის უფლებას დასაქმებულები იმ შემთხვევაში გამოიყენებდნენ, თუ მოლაპარაკებებით სასურველ შედეგს ვერ მიაღწევდნენ.

4 ივნისს მოლაპარაკებები დასრულდა. „ჯორჯიან მანგანეზმა“ და საქართველოს გაერთიანებულმა პროფკავშირებმა მემორანდუმი გააფორმეს, რომელსაც ხელს „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორი ალექსანდრ ვიშნევსკი და საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი აწერს ხელს.

მემორანდუმის მიხედვით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ცვლის პერსონალის ღამით ნამუშევარი საათების ანაზღაურება გაიზრდება 20%-ით, მიმდინარე წლის მაისის თვიდან, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ საწარმოო პერსონალის სატარიფო განაკვეთები (დარიცხული ხელფასი) გაიზრდება საშუალოდ, 15%-ით. ხელფასის ზრდასთან ერთად, ახალი სატარიფო განაკვეთების განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნება შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და კვალიფიკაცია, რითაც აღმოიფხვრება განსაზღვრული კატეგორიების მუშაკთა თანამდებობრივ სარგოებს შორის დღეისათვის არსებული უსამართლო განსხვავებები.

გარდა ამისა, საწარმოო მაჩვენებლების შესრულებასთან დაკავშირებით, პრემიალური ფონდი განისაზღვრება სატარიფო განაკვეთების 10%-ის დონეზე. დამსაქმებელი განსაზღვრავს პრემიის თანხის ოდენობას ყოველი კონკრეტული თვისათვის ინფლაციის დონისა და საარსებო მინიმუმის მიხედვით. კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით კი, 2011 წლის ივნისში განიხილება ხელფასების შემდგომი ზრდის საკითხი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წლის მე-3 კვარტლიდან შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ მინიმალური ხელფასის ოდენობად, ყველა სახის გადასახადისა და დაქვითვის გათვალისწინებით, დადგინდება არანაკლებ 200 ლარი. შედარებისთვის - საპროტესტო აქციებამდე ჭიათურის მაღაროში დასაქმებული მუშის მინიმალური ხელფასი 105 ლარი იყო. ამიერიდან დასაქმებულებთან გაფორმდება უვადო შრომითი ხელშეკრულებები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მუშაკი სამუშაოზე მიღებულია კონკრეტული სახის სამუშაოს (პროექტის) შესასრულებლად, ასევე გამონაკლისი შემთხვევების გარდა.

მემორანდუმში აღნიშნულია, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან მოხდება კოლექტიური ხელშეკრულების პროექტის განხილვა, ჭიათურის სამთოგამამდიდრებელ კომბინატში მიწისქვეშა სამუშაოებზე დასაქმებულ მუშაკთა სიის კორექტირება უფასო მშრალი საკვებით მათი უზრუნველყოფისათვის. მემორანდუმი ამ საკვების ხარისხის მონიტორინგსაც ითვალისწინებს.

მემორანდუმში ასევე აღნიშნულია, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ სასამართლოდან გამოიწვევს სარჩელს გაფიცვის არაკანონიერად ცნობის შესახებ, რომელიც 2010 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. 2010 წლის საინვესტიციო ბიუჯეტის გეგმის ფარგლებში კი, განხორციელდება სოციალური მიმართულების პროექტები (საწარმოო შენობების, ნაგებობების, კომუნიკციების და სასადილოების რემონტი და აღჭურვა, სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის აღდგენა).

მემორანდუმის მიხედვით, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები იღებს ვალდებულებას, მკაცრ კონტროლზე აიყვანოს თანამშრომელთა მიერ უსაფრთხოების წესების დაცვა, დასაქმებულთა საწარმოო და შრომითი დიცსიპლინის საკითხები, არ დაუშვას საწარმოო პროცესის თვითნებურად შეწყვეტა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დასაქმებულები, რომლებიც სამუშაო ადგილზე გამოცხადდებიან არაფხიზელ მდგომარეობაში, იქურდებენ ან მიატოვებენ სამუშაო ადგილს, დაექვემდებარებაიან სამსახურიდან დათხოვნას.
 

„ეს მემორანდუმი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, თუ რისი მიღწევა შეიძლება, როცა ბიზნესი და პროფკავშირი ერთმანეთთან თანამშრომლობს. საუბარია ორ უმსხვილეს საწარმოზე საქართველოში, რომელთა ხელმძღვანელობასთან დღეს უკვე კონსტრუქციული დიალოგი გვაქვს. ამგვარი ურთიერთობებით მოიგებს მთლიანად საქართველო“, – განაცხადა საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა მემორანდუმის ხელმოწერისას.

ახალი ამბები