კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნუ წამართმევთ იმ ლუკმა პურს, რომელიც ჩემივე სიღატაკით მეკუთვნის“

22 ივნისი, 2010
მაკა მალაყმაძე, აჭარა

ძველი ავეჯი, ფუნქციაშეცვლილი მაცივარი და საბჭოთა წარმოების ტელევიზორი „რეკორდი“ _ ეს არის ყველა ის ნივთი, რასაც სოციალური სუბსიდიების ერთიან სიაში რეგისტრირებისას მოქალაქე ელმირა ბაგიროვას ჰქონდა და დღესაც აქვს. თუმცა, 2009 წლის ივლისიდან ის დახმარებას ვეღარ იღებს, რადგან სოციალურმა აგენტმა თავიდან აღწერისას მისი სარეიტინგო ქულა გააორმაგა.

ელმირა ბაგიროვას ოჯახი დღეს ორი წევრისგან შედგება. იგი შვილთან, რუსლან ჯოშოაინთან ერთად, ბათუმში ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე (#86ა) ცხოვრობს. ოჯახის შემოსავალი მხოლოდ მისი პენსიაა. ელმირა ბაგიროვა დიაბეტითაა დაავადებული და გული აწუხებს, შვილს კი ნერვული სისტემის პრობლემები აქვს.

„შვილს ვერ ვმკურნალობ. მხოლოდ სასწრაფო დახმარებას ვიძახებ, როცა ძალიან ცუდად ხდება. მეორე შვილი - დავითი ისიც კი არ ვიცი, ცოცხალია თუ არის. გემი, რომელზეც ის იმყოფებოდა, 2006 წელს ჩაიძირა. ჩემი შვილი ვერც ცოცხალი ვიპოვე და ვერც გარდაცვლილი“, - წუხს ელმირა ბაგიროვა.

2009 წლის ივლისში, ბაგიროვას ოჯახის საკონტროლო შემოწმებისას ქულები გაორმაგებულია. დოკუმენტში ოჯახის ორი წევრია მითითებული. ოჯახის შესახებ სოციალური აგენტის მიერ შევსებული დეკლარაცია ასეთია: „ელმირა ბაგიროვას პენსია _ 83 ლარის ოდენობით, 1 მობილური ტელეფონი, საბჭოთა წარმოების მაცივარი, 1 ცალი „უცხოური (არასაბჭოთა წარმოების) ტელევიზორი“. ამ დეკლარაციით, ბაგიროვას ოჯახმა დააგროვა 123 620 ქულა. ამიტომ ის ვეღარ იღებს სოციალურ დახმარებას და ვეღარც პოლისით სარგებლობს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ელმირა ბაგიროვას ოჯახის აღნიშნული დეკლარაცია წინა აღწერის დეკლარაციას შეადარა. წინა დეკლარაციაში წერია: „შემოსავალი, ელმირასა და მისი მეუღლის _ რუბენ ჯოშოიანის 55-55 ლარიანი პენსია, 1 მობილური ტელეფონი, 1 საბჭოთა წარმოების ტელევიზორი და ელექტროენერგიაში ბოლო 12 თვის მანძილზე 120 ლარი გადახდილი“.

როგორც ელმირა ბაგიროვა ამბობს, იმ აგენტმა მაცივარი დეკლარაციაში არ შეიყვანა, რადგან ნახა, რომ არც ჩართული იყო და მხოლოდ ქვაბებისა და ტაფების შესანახად იყენებდა. აღნიშნული დეკლარაცია 2008 წლის 10 ივნისს არის შევსებული და მის მიხედვით, ბაგიროვას ოჯახის ქულის ოდენობა მხოლოდ 56 050-ია.

„შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ სიტუაცია, როცა ოჯახში არაფერი შემომიმატებია და მიუხედავად ამისა, მანამდე არსებული 56 050 ქულა მაინც 123 620-მდე გაიზარდა, ანუ გაორმაგდა. ეს ტელევიზორი „რეკორდია“ და თქვენ თვითონ განსაჯეთ, ის უცხოური წარმოებისაა თუ საბჭოთა. თან, სოცაგენტს ვაჩვენე ამ ტელევიზორის პასპორტი. მიუხედავად ამისა, მას მიუთითებია, როგორც უცხოური წარმოებისააო. ეს ჩემთვის მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ოჯახის დეკლარაცია გამოვითხოვე სოციალური დახმარების სააგენტოს ბათუმის ფილიალიდან“, - ამბობს ელმირა ბაგიროვა.

ბაგიროვამ წერილით საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების მინისტრს, ალექსანდრე კვიტაშვილსაც მიმართა: „გთხოვთ, დამეხმაროთ და თქვენმა წარმომადგენელმა შეისწავლოს ჩემი მდგომარეობა. მეწვიეთ ჩემს ოჯახში და დარწმუნდეთ, რომ აჭარაში სოციალური დახმარებები უკანონოდ გაიცემა. თუ არა და, ჩემს მდგომარეობაში მყოფს, აბა, 123 620 ქულა როგორ ექნება? მე არ ვამბობ არაფერს, სხვა ჩემზე მეტად შეძლებულ ოჯახებს, როგორ აქვთ ეს შემწეობა... მაგრამ, გთხოვთ, მეც ნუ წამართმევთ იმ ლუკმა პურს, რომელიც ჩემივე სიღატაკით მეკუთვნის“.

ახალი ამბები