კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის საიდუმლო ვიზიტი არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში

23 ივნისი, 2010
მადლენ მაჭარაშვილი, „ახალი 7 დღე“

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში სააკაშვილის ვიზიტსა და კომპანია „ეტისალატის“ წარმომადგენლებთან შეხვედრას საგულდაგულოდ მალავს. არსებობს ვარაუდი, რომ პრეზიდენტის ვიზიტის მთავარი მიზანი იმ ტექნოლოგიების გაცნობა იყო, რომლებიც მობილური ტელეფონებიდან კონფიდენციალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სპეციალური სანქციების გარეშეც უზრუნველყოფს.

„არც უარვყოფთ და არც ვადასტურებთ“,– ასე გვიპასუხეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ჩვენ მიერ დასმულ კითხვაზე, იყო თუ არა 20 ივნისს პრეზიდენტი სააკაშვილი ვიზიტით არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში.

პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გადაუციათ ქართულ ტელეარხებს და, საერთოდ, ეროვნულ მედიასაშუალებებს. შესაბამისი ინფორმაცია უცხოურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. dubaichronicle.com იუწყება, რომ მიხეილ სააკაშვილი 20 ივნისს არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. http://www.emiratesweek.net/2010/06/1462  - ეს ინტერნეტწყარო კი იტყობინება, რომ საქართველოს პრეზიდენტი და ქართული დელეგაცია სატელეკომუნიკაციო კომპანია „ეტისალატის“ გენერალურ მენეჯერს აჰმედ ან ჯარვანს შეხვდნენ.

კომპანიის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს მიესალმნენ და აღნიშნეს, რომ ამ შეხვედრაზე შესაძლებელი გახდა „ეტისალატის“ მიზნებისა და კომპანიის განვითარების შესახებ ინფორმაციის გაზიარება. თავის მხრივ, მადლიერება გამოთქვა სააკაშვილმაც იმ კომპანიაში სტუმრობის გამო, რომელიც უახლეს ტექნოლოგიებს აწარმოებს: „აღტაცებულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, გავმართოთ დისკუსია მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგიების მწარმოებლებთან. „ეტისალატის“ წარმოადგენს მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურას და ცნობილია, როგორც წარმატებული სტრატეგიის მქონე ორგანიზაცია“.

კომპანია „ეტისალატი“ ახლო აღმოსავლეთის, აზიასა და აფრიკის 18 ქვეყანაში მუშაობს და ამ ქვეყნებში მცხოვრები 2 მილიარდი ადამიანიდან 107 მილიონი მისი მომხმარებელია.

სატელეკომუნიკაციო კომპანია „ეტისალატი“ ცოტა ხნის წინ სკანდალში გაეხვია. 2009 წლის 8 ივლისს ამ კომპანიამ თავის ქსელში ისეთი პროგრამული უზრუნველყოფა დააყენა, რომელიც მობილურ ტელეფონებზე არასანქცირებული შეღწევის საშუალებას იძლევა. ცნობილი კომპანია BlackBerry-ის შვილობილმა კომპანიამ Research in Motion (RiM) გაავრცელა დასკვნა, რომ ახალი ტექნიკის მეშვეობით „ეტისალატს“ ეძლეოდა მომხმარებლების მობილური ტელეფონებიდან კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებისა და მისი გაკონტროლების საშუალება.

საქართველოს პრეზიდენტის არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში ვიზიტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არც პრეზიდენტის ვებსაიტზე დევს. პრეზიდენტის ვიზიტების ნუსხაში მხოლოდ მისი ერთი წლის წინანდელი ვიზიტის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული.

მიხეილ სააკაშვილი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში 2009 წლის 1 მარტსაც იმყოფებოდა. პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის მიზანი საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა იყო.

ამავე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტს აბუ დაბის აეროპორტში დახვდა ემირატების მმართველი სამეფო ოჯახის წევრი შეიხი ნაჰიანი, რომელიც მთელი ვიზიტის განმავლობაში პირადად ატარებდა მიხეილ სააკაშვილს საკუთარი ავტომანქანით. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრები გამართა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა, ინფრასტრუქტურისა და განათლების მინისტრებთან. შეხვედრისას მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვით საქართველოს მოქალაქეები ემირატებში უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე იმყოფებოდა რას ალ-ჰაიმის საემიროში, რომელიც ახორციელებს ინვესტიციას ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში - ფოთის პორტში, ასევე აშენებს დიდ სავაჭრო ცენტრს თბილისის შემოსასვლელში, აფინანსებს ტელეკომპანია „იმედს“ და მთაწმინდის პარკის მშენებლობას.

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო გაერთიანებული არაბეთის საემიროების ეკონომიკას ზიანი მიადგა, რამაც ბევრ ქვეყანაში შეაფერხა არაბული ინვესტიციები. ამის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გარანტია, რომ საქართველოში მათი ინვესტიციები არა მარტო გაგრძელდება, არამედ გაიზრდება კიდეც.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ეკონომიკური დიპლომატიის გაგრძელება იყო.

ახალი ამბები