კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონფლიქტის რეგიონში ცხოვრება გაუსაძლისია, ხალხის შემოსავლებმა კატასტროფულად იკლო

23 ივნისი, 2010
შორენა ლათათია

20 ივნისი ლტოლვილთა საეთაშორისო დღეა.  სულ რაღაც 9 წელია, რაც ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც აღნიშნავენ. „რეალური ხალხი - რეალური საჭიროებები“ - ასეთი იყო გაეროს უმაღლესი კომისარიატისა და  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ ჩატარებული საქველმოქმედო აქციების დევიზი 2009 წლის 20 ივნისს. თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ დევიზი საკმარისი არ არის და რეალურ საჭირობებს პრობლემების რეალური გადაჭრის გზების მოძიება სჭირდება. 

გაეროს მონაცემებით, დღეისათვის მსოფლიოს მასშტაბით სულ 43.3 მილიონი დევნილი, ლტოლვილი და დროებითი თავშესაფრის მაძიებელი პირია.
 
ლტოლვილები საქართველოში 1994 წლიდან გამოჩნდნენ, თუმცა მათი რაოდენობა 1999  წლამდე ერთეულებს შეადგენდა. 1999 წელს რუსეთ-ჩეჩნეთის ომის გამო, ჩეჩნეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ლტოლვილის სტატუსის მაძიებელის მოთხოვნით, დაახლოებით 7 000 ჩეჩნეთის მოქალაქე შემოვიდა. საქართველოს ხელისუფლებამ მათ ჯგუფური მიდგომის საფუძველზე მიანიჭა ლტოლვილის სტატუსი და პანკისის ხეობაში, მონათესავე ეთნოსის ქისტებთან განათავსა. თუმცა, ომის დასრულების შემდეგ მათი ნაწილი ე.წ. ნებაყოფლობითი რეპატრიაციის ფარგლებში დაბრუნდა ჩეჩნეთში, ნაწილი კი დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გაემგზავრა, სადაც მიიღეს კიდევაც თავშესაფარი. 

რაც შეეხებათ დევნილებს, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში აფხაზეთიდან (1992-1993 წწ.) და ცხინვალის რეგიონიდან (1989-1992 წწ.) - 251 000-ზე მეტი, ხოლო - 2008 წლის ომის შედეგად - 26 000-მდე პირი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი.

20 ივნისს „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ შიდა ქართლის კონფლიქტის რეგიონში რამდენიმე სოფელი მოინახულა (კარალეთი, ტყვიავი, კარბი, კოშკა, მერეთი და  გუგუთიანთკარი). ამ სოფლებში არსებული პრობლემები დევნილებსაც და ადგილობრივებსაც ერთნაირად აწუხებთ.

2008 წლის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ სოფლებში მოსახლეობას დამწვარი და დაბომბილი სახლების სანაცვლოდ სახელმწიფომ 15 000 დოლარი დაურიგა. კარალეთელი ჰამლეტ პეტუაშვილის თქმით, ეს თანხა სახლის გადასახურადაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი. სოფელში თითქმის ვერავინ შეძლო დანგრეული სახლის აღდგენა და ისინი დღემდე იმ ერთოთახიან სახლებში ცხოვრობენ, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით  აშენდა.

„ძალიან მიჭირს ყოველ დღე ჩემი დანგრეული სახლის ყურება. გამუდმებით ის დღე მახსენდება, ჩემს სახლს რომ ცეცხლი წაუკიდეს და ჩემს თვალწინ ჩაიფერფლა“, - ამბობს ტყვიაველი ცისანა ქასანიშვილი.

კარალეთში მცხოვრები ლამარა თედლიაშვილი  გულისტკივილით აღნიშნავს, რომ ომის შემდეგ ისინი ყველამ დაივიწა. 2009 წლის დეკემბრიდან კი ის მინიმალური სასურსათო პროგრამაც შეუწყდათ, რითაც მანამდე საზრდოობდნენ. საუბარია  გაეროს ეგიდით განხორციელებულ რვათვიან სასურსათო პროგრამაზე, რომლის გაგრძელების შესახებაც ორგანიზაცია დღეს ინფორმაციას არ ფლობს.

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტამდე ამ რეგიონის მოსახლეობის შემოსავლის ერთადერთ წყაროს სასოფლო სამეურნეო საქმიანობა წარმოადგენდა. მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ხალხის ნაწილმა წელს მიწების დამუშავება ვერ მოახერხა. სამწუხაროდ, უკეთეს დღეში არც ისინი არიან, ვინც უკანასკნელი თეთრები გაიღეს და ხეხილის ბაღები დაამუშავეს - იმ იმედით, რომ ბაღებიდან მიღებული შემოსავლით ცოტაოდენ დანაზოგს გაიჩენდნენ. თუკი ომამდე ერთი ყუთის გასაყიდი ვაშლის ფასი 15-30 ლარამდე მერყეობდა, დღეს იგივე რაოდენობის ვაშლი 4 ლარი ღირს.

„ერგნეთის ბაზარი სანამ დაიკეტებოდა, ვაშლი და სხვა ხეხილი სწორედ იქ გაგვქონდა გასაყიდად. ფასი ყველასთვის მისაღები იყო - 15-30 ლარი. თუმცა, პირადი კონტაქტების დახმარებით, ხეხილის გაყიდვას ერგნეთის ბაზრის დაკეტვის შემდეგაც ვახერხებდით. წელს კი ვაშლის გაყიდვის ერთადერთ წყაროდ ის ქარხნები რჩება, სადაც ადრე უვარგის ვაშლებს მინიმალურ ფასად ვაბარებდით“, – ამბობს კარალეთელი ზურაბ ზაალიშვილი.

სოფელ კარბის ქარხნის თანამშრომლის, დათო ხოხობაშვილის განმარტებით, მოსახლეობისგან მიღებული ვაშლისგან მზადდება კონცენტრატი, რომელიც შემდგომ საზღვარგარეთ, კერძოდ - გერმანიაში გააქვთ გასაყიდად. მისივე თქმით, ქარხანა დღეში მხოლოდ 10 ტონა ვაშლის დამუშავებას ახერხებს.  სოფლებში ვაშლის შემოსავლის  საერთო რაოდენობა კი გაცილებით მეტია. შესაბამისად, ხალხს ვაშლის ჩასაბარებლად რამდენიმე დღის  განმავლობაში რიგში დგომა უწევს.

„მართალია, ის ფასი, რასაც ერთ ყუთ ვაშლში აღნიშნულ ქარხნებში გვაძლევენ, სასაცილოა და მის დასამუშავებლად გაღებულ ხარჯებსაც ვერ ფარავს, მაგრამ სხვა გზა არა გვაქვს. სად უნდა წავიღოთ ამდენი ვაშლი?! იძულებული ვართ, არასასურველ ფასად ჩავაბაროთ. რამდენჯერმე ვცადეთ ვაშლის გორში ან თბილისში გაყიდვა. თუმცა, მყიდველი არც იქ გამოგვიჩნდა და უკან დაბრუნებულებს მგზავრობისა და ტრანსპორტირების ხარჯის საკუთარი ჯიბიდან დაფარვა მოგვიწია“, - გვითხრა სოფელ გუგუთიანთკარში მცხოვრებმა ლუბა ბერუაშვილმა.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას სოფლებში უსაფრთხოება წარმოადგენს. სოფელ გუგუთიანთკარში მცხოვრები მოსახლეობის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიის მხრიდან თითქმის ყოველ დღე ისმის სროლის ხმები, რის გამოც მათ იმ ბაღებში შესვლაც კი ეშინათ, რომელსაც ქართული მხარე აკონტროლებს. 

ამრიგად,  რეალური პრობლემები და საშიროებები მართლაც ბევრია. ცალკე საკითხია, ვინ და როგორ აპირებს მათ მოგვარებას.

ახალი ამბები