კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„წადით სახლში!“ - პოლიტიკური ნიშნით

24 ივნისი, 2010
 გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა მაისურაძემ გამგეობის აპარატის სპეციალისტი თენგიზ მაილაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა. გამგებლის განცხადებით, მაილაშვილი თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. მაილაშვილი კი ამბობს, რომ განცხადება ზეწოლის შედეგად დაწერა. მისი თქმით, იგი გამგებელმა სამუშაო ოთახში დაიბარა და დაემუქრა, რომ თუ სამსახურს პირადი განცხადებით არ დატოვებდა, მას და მისი ოჯახის წევრებს სამაგალითოდ დასჯიდნენ.

„ჩემი შვილი თეა მაილაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატში სპეციალისტად მუშაობს. მისი მეუღლე ზაქარია მამაგულაშვილი ცოტა ხნის წინ ირაკლი ალასანიას პარტიაში გაწევრიანდა და 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ალიანსი საქართველოსთვის“ კანდიდატი იყო პარტიული სიით. ამავე დროს, აღნიშნული საარჩევნო ბლოკიდან თეამ სოფელ ქისტაურში კენჭი იყარა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. ჯერ კიდევ მაშინ დამემუქრნენ, როგორ გაბედა ჩემმა შვილმა ოპოზიციიდან კენჭისყრა. არჩევნები რომ ჩატარდა, დამიბარეს კობა მაისურაძის კაბინეტში და გამგებელმა გამომიცხადა: „რა ნამუსით მოხვედი სამსახურში? ვისთან ერთად უნდა იმუშაო და ვისთან უნდა გქონდეს ურთიერთობა?!“ მე ვუთხარი, რომ სამარცხვინო არაფერი გამიკეთებია და ურთიერთობას ყველასთან გავაგრძელებდი. რამდენიმე დღეში მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსმა ივერი წითელაურმა დამიბარა თავის სამუშაო ოთახში და მომთხოვა, დამეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ, ყოველგვარი მიზეზის განმარტების გარეშე. იყო სხვადასხვა სახის მუქარები, რომ თუ განცხადებას ჩემი ნებით არ დავწერდი, უარესს დამმართებდნენ მეც და ჩემი ოჯახის წევრებსაც. გამაფრთხილეს, რომ პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან წასვლა ყველაზე ლმობიერი გადაწყვეტილება იყო“, - ამბობს თენგიზ მაილაშვილი.

2010 წლის 9 ივნისს, თენგიზ მაილაშვილმა, გამგებლის სახელზე, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. გამგებელმა კობა მაისურაძემ მაილაშვილის განცხადება რეაგირებისათვის იმავე დღეს დააწერა გამგეობის აპარატის უფროსს ივერი წითელაურს და იმავე დღეს გამოსცა ბრძანება 546 - თენგიზ მაილაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა მაისურაძის თქმით, თენგიზ მაილაშვილი საჯარო სამსახურში მუშაობის პარალელურად სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა, რაც კანონით აკრძალულია და პირადი განცხადების საფუძველზე მან სამსახური ამიტომ დატოვა: „პროფესიით არის ვეტექიმი. მას ხელშეკრულებები ჰქონდა გაფორმებული ხორცის სარეალიზაციო პუნქტებთან, ასევე ახმეტის ბაზართან და იღებდა შემოსავალს. ეს იყო კანონდარღვევა. როგორც ჩანს, მიხვდა და გადაწყვიტა, ერთ-ერთ სამსახურზე უარი ეთქვა“.

- ბატონო კობა, საიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ თენგიზ მაილაშვილი გამგეობაში მუშაობის პარალელურად სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა?

- საიდან და გვერდებიდან. მაქვს და მორჩა. გადავამოწმეთ და დადასტურდა.

- სად და ვისთან გადაამოწმეთ?

- სადაც საჭირო იყო.

- მაილაშვილი მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად პოლიტიკურ მოტივებს ასახელებს.

- ვიცი მე, ეგ რასაც ამბობს, მაგრამ არასწორია. ჩვენ პოლიტიკური ნიშნით არავის ვდევნით. მაგალითად, სპორტსკოლის დირექტორის მოადგილე თამაზ ობოლაშვილი ოპოზიციონერია.

- რომელ პარტიას წარმოადგენს?

- „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრია და აქტიური მხარდამჭერი.

ახმეტის ბაზრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თენგიზ მაილაშვილს მათთან ხელშეკრულება გაფორმებული არა აქვს. მაილაშვილს ხორცის შემოწმების თაობაზე 2010 წელს დადებული და მოქმედი ხელშეკრულებები არც ხორცის სარეალიზაციო პუნქტებთან აღმოაჩნდა.

თენგიზ მაილაშვილი: „2008 წლის 1 აპრილიდან 2008 წლის 1 ივლისამდე შრომითი ხელშეკრულებით ვმუშაობდი ქისტაურის ტერიტორიულ ორგანოში სპეციალისტად. ამ პერიოდში ხორცის სარეალიზაციო პუნქტთან ნამდვილად მქონდა ხელშეკრულება გაფორმებული, მაგრამ 2009 წლის 10 აგვისტოდან სამუშაოდ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გადამიყვანეს, ჯერ შრომითი ხელშეკრულებით, ხოლო 2010 წლის 2 მარტიდან გამგეობის აპარატის სპეციალისტად დავინიშნე. ამ პერიოდში სამეწარმეო საქმიანობას აღარ ვეწეოდი“.

თეა მაილაშვილი: „არჩევნებში მონაწილეობის გამო კუთვნილ შვებულებაში ვიყავი გასული, რომლის ვადაც 23 ივნისს ამომეწურა. სამსახურში რომ დავბრუნდი, ივერი წითელაურმა მითხრა, რომ მათ ოთახში ვეღარ ვიმუშავებდი. დროებით ცალკე ოთახი მომცეს. გამაფრთხილეს, რომ დავალებები არ მექნება და უსაქმოდ უნდა ვიყო. აპარატის უფროსმა ისიც მითხრა, რომ როცა გამგეობაში შემცირებები დაიწყება, შემეხება, რადგან საქმე არა მაქვს და გამგეობისთვის საჭირო აღარ ვარ. გამგეობის თანამშრომლები ვერ მელაპარაკებიან, გამარჯობასაც კი ვერ მეუბნებიან“.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსი ივერი წითელაური თენგიზ და თეა მაილაშვილების ბრალდებებს უარყოფს: „ტყუიან. თენგიზ მაილაშვილმა განცხადება თვითონ დაწერა. არავის მასზე ზეწოლა არ მოუხდენია“.

- ბატონო ივერი, არ გიკითხავთ, რატომ დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ? განცხადებაში მიზეზი მითითებული არ არის.

- არა, არ მიკითხავს. რაში მაინტერესებს! მე არც ერთი არ დამიბარებია სამუშაო ოთახში და არავინ შემივიწროებია.

- რატომ ჩამოაშორეთ გამგეობის საქმიანობას თეა მაილაშვილი?

- ეს პრეტენზიაც უსაფუძვლოა“.
 
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის ლია ხუროშვილის განცხადებით, თენგიზ და თეა მაილაშვილები ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლისგან პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან: „ამ ადამიანებზე არჩევნებამდეც ჰქონდა ადგილი ზეწოლას. მათ მიანიშნებდნენ, რომ „ხელისუფლების ღალატისთვის“ არჩევნების შემდეგ გაუსწორდებოდნენ. როგორც კი დამთავრდა არჩევნები, რაიონის გამგებელმა მუქარა სისრულეში მოიყვანა. ის პირობები, რომელშიც თეა მაილაშვილს ამყოფებენ, არის ფსიქოლოგიური ზეწოლა. მას აიძულებენ, სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს“.

ახალი ამბები