კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სკოლებს რეფორმის ახალმა ტალღამ გადაუარა

25 ივნისი, 2010
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისის სკოლებში მღელვარება ყოველდღიურად მატულობს. პედაგოგები განათლების მინისტრის ახალ ინიციატივას აპროტესტებენ. „ეს ჩვენი უფლებების შელახვაა და სხვა არაფერი. რატომ ფიქრობენ, რომ მასწავლებელი მხოლოდ მაშინ არის ღირებული, თუ მას 18 საათი აქვს? გვითხრან, ბოლოსდაბოლოს, რომ აღარ ვართ საჭირო და დაამთავრონ. ოღონდ, ერთი პირობით: ქუჩაში არ გაგვყარონ და ახალი სამუშაო ადგილები შემოგვთავაზონ“, - ასეთი პათოსით იწყება და მთავრდება პედაგოგთა ყოველდღიური შეკრებები ქუთაისის თითქმის ყველა სკოლაში.

განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივა სკოლების პენსიონერი და სრული განაკვეთის არმქონე პედაგოგებისგან გაწმენდას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებმა (რა თქმა უნდა, სკოლის დირექტორების მეშვეობით) სექტემბრისთვის სკოლაში მხოლოდ ე.წ. 18-საათიანი პედაგოგები უნდა დატოვონ. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ საქართველოში უმუშევართა რიცხვს ათასობით პედაგოგი დაემატება.

„ეს არის მარაზმი და სხვა არაფერი. ეს არის ის, რომ პოლიციურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და განათლების სამინისტროს ძალოვანები მართავენ. მინისტრს წარმოდგენა არა აქვს, რა არის სკოლა და როგორ უნდა მუშაობდეს ადამიანი სკოლაში. ამ ადამიანს საკანონმდებლო ბაზა არა აქვს შექმნილი და მხოლოდ იმ დირექტორებს უსმენს და ესაუბრება, სახეზე დიდი ასოებით „გავძეხი“ რომ აწერიათ. ასე არ შეიძლება. მასწავლებელი, ხუთსაათიანი სამუშაოც რომ ჰქონდეს, სკოლიდან კი არ უნდა გაუშვას, ყველა პირობა უნდა შეუქმნას, რომ არსად წავიდეს. მაგრამ ეს არ ესმის ჩვენს მინისტრს და არც შეიძლება ესმოდეს. მისთვის სკოლა აბსოლუტურად უცხოა და შესაბამისად, სულერთია, რა მოუვა პედაგოგს“, - აცხადებს პედაგოგი მანანა კოხრეიძე.

ინფორმაციას, რომ მინისტრის ახალ ინიციატივაზე სკოლებში უკვე სერიოზული მუშაობაა დაწყებული, დირექტორები არ უარყოფენ. თუმცა, საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

„დირექტორები ცუდ დღეში არიან. განათლების სამინისტრო ცდილობს ეს ძალადობრივი პროცესი დირექტორების ხელით განახორციელოს. ამ მხრივ, ყველაზე მეტად ჩვენი, ქუთაისის რესურს-ცენტრი აქტიურობს. არადა, არსებობს განათლების მინისტრის (კახა ლომაია) 2005 წლის #576 ბრძანება „საათობრივი დატვირთვის შესახებ“, რომლის მიხედვით, მასწავლებელს უფლება აქვს, სკოლაში ორ საათზეც კი იმუშაოს. როგორც ჩანს, ეს არ იციან, ან არ სურთ იცოდნენ განათლების სამინისტროს მესვეურებმა, რომლებიც ათიათასობით პედაგოგს ულუკმაპუროდ ტოვებენ“, - ამბობს საქართველოს მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლია რატიანი.

„რეფორმა მიმდინარეობს, ყველაფერი იხვეწება და ამას კარგი დასასრული ექნება. მეტს არაფერს გეტყვით. დაელოდეთ მოვლენების განვითარებას“, - ასეთ კომენტარს აკეთებს ქუთაისის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ლადო პატარიძე.

პედაგოგთა განმარტებით, განათლების სამინისტრო მთელ რიგ საკითხებს მასწავლებლებთან და სხვა კომპეტენტურ პირებთან შეუთანხმებლად, ყოველგვარი რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე წყვეტს. არ არსებობს სოციალური დიალოგი, სადაც მოხდება საკითხზე მსჯელობა და ერთ, საბოლოო აზრზე შეთანხმება.

„როცა წყვეტ ისეთ საკითხებს, როგორიცაა პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები, საათობრივი დატვირთვა და მითუმეტეს, ამ ნიშნით სკოლიდან ხალხის გაშვება,  პედაგოგებთან, სულ ცოტა, კონსულტაცია მაინც უნდა გაიარო. არ შეიძლება მხოლოდ გაზულუქებულ დირექტორებს ელაპარაკო ან რესურს-ცენტრის ხელმძღვანელებთან საუბარში გადაწყვიტო ამხელა საქმე. თქვენ იცით, რას ნიშნავს სკოლაში მხოლოდ 18 საათიანი პედაგოგის დატოვება? ეს არის უამრავი ოჯახისთვის შემოსავლის წყაროს გადაკეტვა და ათიათასობით ადამიანის მრავალწლიანი შრომის წყალში ჩაყრა. ეს საქმე ასე იოლად არ დასრულდება. ამას არავინ შეეგუება და დიდი ამბავი ატყდება“, - ამბობენ პედაგოგები.

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე უკვე გაიგზავნა წერილი. პედაგოგები გოკა გაბაშვილს თხოვნით მიმართავენ, გაირკვეს რა ხდება და საკითხი მათ სასარგებლოდ გადაწყდეს. „ბოლოსდაბოლოს, თითის ქნევის პოზიცია  უნდა დასრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წერილობითი თხოვნები მასშტაბური საპროტესტო აქციებით შეიცვლება“, - აცხადებენ პედაგოგები. 

ახალი ამბები