კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქვემო ქართლის გლეხები მიწის არასამართლიან განაწილებას აპროტესტებენ

28 ივნისი, 2010
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

მარნეულის რაიონის სოფელ საბირქენდის მოსახლეობა მიწების სამართლიან გადანაწილებას მოითხოვს. 67 წლის ალიკ ომაროვი ამბობს, რომ ხუთი წელია, სამართალს უშედეგოდ ეძებს. „შეიძლება 300 ოჯახის საკმარისი მიწა ერთი კაცის ხელში იყოს?! არენდატორი ზაჰირ გაჯიევი უკანონოდ დაეპატრონა მიწას და ჩვენ ოჯახებისთვის ლუკმა-პურის შოვნის საშუალებას არ გვაძლევს“, – განაცხადა ომაროვმა 21 ივნისს რუსთავის მერიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე.

საბირქენდიდან ჩამოსულმა გლეხებმა ქვემო ქართლის გუბერნატორს მათი პრობლემის მოგვარება სთხოვა. „ერთი უწყებიდან მეორეში გვაგზავნიან. ვერ გავიგეთ, ვის შეუძლია ჩვენი დახმარება. 5 წელია, პატრონი არ გამოუჩნდა ჩვენ საქმეს. ქარხნები ჩვენ არა გვაქვს და რამე სხვა დასაქმების საშუალება. ერთადერთი მიწაა, რაც გვარჩენს და ეს საკითხი ჩვენთვის სასიცოცხლოა. არენდატორი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, სიტყვიერ და ფიზიკურ შერაცხყოფას გვაყენებს. ერთი თვის წინ ჩვენი თანასოფლელი ბახადურ გასანოვი სცემა“, – ამბობდნენ აქციის მონაწილეები. ერთ-ერთმა გასანოვთან მიგვიყვანა და მისი საუბარი ქართულად გვითარგმნა: „არენდატორმა 15 ჰექტარი მომცა არენდით. შემდეგ რამდენიმე დღეში თავის შვილთან ერთად მოვიდა და მითხრა, რომ მიწა 200 ლარად სხვას უნდა მივცეო. ვუთხარი, ჩვენ ასეთი შეთანხმება არ გვქონია-მეთქი. ამის გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა“.

აქციის დღეს საბირქენდის მოსახლების წარმომადგენლებს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ხუსეინ იუსუპოვი შეხვდა. შეხვედრიდან გამოსულმა წარმომადგენლებმა თვიანთი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვეს და განაცხადეს, რომ გუბერნიის დანაპირების სჯერათ: „ერთ კვირაში ჩვენი საკითხის მოგვარება დაიწყება. მოხდება ერთ მოიჯარეზე გაცემული მიწების პრივატიზაცია. ჩვენ ყველას გვჯერა გუბერნატორის რადგან გუბერნია იგივე სახელმწიფოა“.

საბირქენდელების დიდი ნაწილი ასეთ ინიფრომაციას უკმაყოფილო შეხვდა: „ამ არენდატორს ვერავინ ერევა. მარნეულის გამგებელს „მაკარიჩს“ უკეთებს და ისიც ჩუმადაა. როცა ჩვენი თანასოფლელი გასანოვი ცემა, პოლიცია კიდევ აქეთ შემოგვედავა - იმის მაგივრად, რომ ჩარეულიყო და კონფლიქტი მოეგვარებინა“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ესაუბრა ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეს ხუსეინ იუსუპოვს. მისი თქმით, უკვე წლებია, რეგიონში მიწის პრობლემა დგას. მიწების პრივატიზაციის პროცესი ეტაპობრივად არის განსახორციელებელი. „1997 წელს მიწები იჯარით გაიცა რამდენიმე პიროვნებაზე. შესაბამისად, ბევრი ოჯახი მიწის გარეშე აღმოჩნდა. ამის მოსაგვარებლად ვიწყებთ მიწების პრივატიზაციას. ჩვენ რამდენადაც კანონით გვექნება ასეთ საკითხებში ჩარევის უფლება, იმდენად ჩავერევით“, – განაცხადა გუბერნატორის მოადგილემ.

მისგან განსხვავებით მარნეულის გამგებელმა ზაზა დეკანოიძემ, რომელსაც საბირქენდელები მოიჯარესთან მაღარიჩის აღებას აბრალებენ, განაცხადა, რომ მიწების პრივატიზაცია ამ შემთხვევაში საბირქენდელებს ვერ დაეხმარებათ.

„დაახლოებით ათი წლის წინ მიწა, რომელსაც საბირქენდის მოსახლეობა  ითხოვს, იჯარით ერთ ადამიანზე გაიცა. საქართველოს კანონმდებლობით, პრივატიზაციისას მის შესყიდვაზე პრივილეგია ენიჭება მოიჯარეს. შესაბამისად,  მიწაც იმ ადამიანმა შეისყიდა, ვისაც ეკონომიკის სამინსტრონისგან სრული კანონის დაცვით ჰქონდა იჯარით გაფორმებული. თავის მხრივ, საბირქენდის მოსახლეობაც მართალია. მოიჯარემ, რომელიც მთელი მიწის მეპატრონეა, ეს ხალხი მოატყუა. ისინი მას ქვემოიჯარეებად ჰყავდა გაფორმებული. მათ სიტყვიერად დაპირდა, რომ გადაფომების შემდეგ მიწას მათაც გაუნაწილებდა და დაასაქმებდა. თუმცა, ასე არ მოხდა. გამგეობა, მოსახლეობასთან ერთად, მოიჯარეს ვთხოვთ, წამოვიდეს შეთანხმებაზე, მაგრამ ამ ეტაპზე - უშედეგოდ. რაც შეეხება რეგიონში დაწყებულ მიწის პრივატიზაციას, ეს ვინმეს საკუთრებაში არსებულ მიწაზე არ ვრცელდება. საუბარია მხოლოდ თავისუფალ მიწებზე. ამ პროცესში საბირქენდის მოსახლეობასაც შეუძლია ჩართვა. თუმცა, მათ ზუსტად ის მიწა უნდათ, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდნენ“, – ამბობს მარნეულის გამგებელი ზაზა დეკანოიძე.

მისი თქმით, საბირქენდის მიწების მოიჯარე ზაჰირ გაჯიევის მისი მეგობრობა სიცრუეა. გაჯიევთან შეხება მხოლოდ მიწის პრობლემის მოსაგვარებლად ჰქონდა.

ქვემო ქართლში მიწის პრობლემა საბირქენდის გარდა სხვა მრავალ სოფელსაც აწუხებს. მთავრობა კერძო საკუთრების ხელშეუხებლობაზე საუბრობს. სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები კი დახმარების სათხოვრად მისულ მოქალაქეებს ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციებს აწვდიან.

ახალი ამბები