კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტალინის ძეგლს განაჩენი სტალინურად გამოუტანეს და გააქრეს

29 ივნისი, 2010
საბა წიწიკაშვილი, გორი

სტალინის ძეგლის დემონტაჟის ბრძანების დოკუმენტების საჯაროობას გორის საკრებულო დღემდე აჭიანურებს. 25 ივნისამდე, ანუ ძეგლის დემონტაჟის დღემდე, ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებს ამ საკითხზე საერთოდ არ უმსჯელიათ. საკრებულოს თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ეს გადაწყვეტილება საკრებულომ ჯერ კიდევ 16 ივნისს მიიღო. 25 ივნისიდან დღემდე „ადამიანის უფლებათა ცენტრი“  ცდილობს, ეს დოკუმენტები მოიპოვოს, თუმცა - უშედეგოდ.

„უბრალოდ არ მეგონა, თუ მაინც გაბედავდნენ ამ ძეგლის აღებას“, – ამბობს გორის საკრებულოს წევრი დავით რაზმაძე სტალინის ძეგლის დემონტაჟის შესახებ. იგი პირადად ესწრებოდა 2010 წლის 16 ივნისს წინა მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომას, სადაც ძეგლის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

რაზმაძე ოპოზიციური პარტიის „ალიანსი საქართველოსთვის“ გორის ორგანიზაციის თავმჯდომარეა. იგი ახალი მოწვევის საკრებულოს წევრიცაა და ამბობს, რომ ფაქტი იმიტომ არ გაახმაურა, რომ ვერ წარმოიდგენდა, თუ ხელისუფლება ამას გააკეთებდა.

„სხვათა შორის, ამ საკითხს მხარი არ დავუჭირე. ესეც მორიგი პიარაქცია მეგონა. რას წარმოვიდგენდი, რომ ამას მართლა გაბედავდნენ და გააკეთებდნენ“, – თქვა დავით რაზმაძემ.

საკრებულოს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ზვიად ხმალაძემ კი, ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ საკრებულომ მართლაც 16 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება ძეგლის დემონტაჟის შესახებ. თუ ვინ შეიტანა აღნიშნული საკითხი სხდომაზე, ხმალაძემ არ გვითხრა. სამაგიეროდ, „ალიანსის“ წევრმა დავით რაზმაძემ გაიხსენა, რომ ეს საკითხი გამგეობის მიერ იყო ინიცირებული.

„ნამდვილად ვიცი, რომ საკრებულოს კომისიაზე ეს საკითხი არ განხილულა. გამგეობამ პროექტი გაფართოებულ სხდომაზე შემოიტანა“, – ამბობს დავით რაზმაძე.

გამგეობის აპარატის უფროსი კახა ტოლიაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ამ საკითხში ჩახედული არ არის: „ნამდვილად არ ვიცი, ამ საკითხში არ ვარ ჩახედული“. 25 ივნისს, გორის საკრებულოში სხდომა იყო ჩანიშნული. 14 საათზე დანიშნული სხდომა 18 საათისთვის გადაიდო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ძეგლთან დაკავშირებული საკითხების განხილვას მოელოდა, სხდომაზე სტალინის ძეგლი არც მმართველი პარტიის წარმომადგენლებს უხსენებიათ და არც ოპოზიციონერ დეპუტატებს.

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელ ზურაბ როსებაშვილისთვის ასევე მიუღებელია ძეგლის აღების ფორმა: „დილით ადრე ვვარჯიშობ ხოლმე „ახალ ბაღში“ და ამჯერად ისე გავიარე ცენტრალური მოედანზე, ვერც მივხვდი, რომ ძეგლი აღარ იდგა კვარცხლბეკზე. შემდეგ უკვე პარკში მითხრეს, რომ ძეგლი აიღეს. ხალხისთვის მაინც ეკითხათ აზრი. უკვე მეორე სხდომა ჩატარდა ახალი მოწვევის საკრებულოში, არც ერთხელ არ უხსენებიათ ეს საკითხი. მეც გაოცებული ვარ, ასე რომ მოხდა“.

გავრცელებული ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ხელმოწერები „შევიდა“.  გორში მცხოვრები შალვა ტლაშაძე, რომელიც ბოლო ხანს ოპოზიციურ პარტიულ ცხოვრებიდან  საზოგადოებრივ ორგანიზაციაში გადაინაცვლა, ირწმუნება, რომ ხელმოწერები პედაგოგებს შეაგროვებინეს.

ჯერჯერობით არ სახელდება ძეგლის ადგილსამყოფელი. საკრებულოს წევრი დავით რაზმაძე იხსენებს, რომ 16 ივნისის სხდომაზე მხოლოდ ძეგლის აღებაზე იმსჯელეს. „მაშინ საუბარი არ ყოფილა იმის შესახებ, სად უნდა წაეღოთ ძეგლი“, -  ამბობს რაზმაძე.

საკრებულოს სხდომის დამთავრების შემდეგ საკრებულოს აპარატში 16 ივნისის განკარგულება მოვითხოვეთ. აპარატის უფროსმა გურამ დაბრუნდაშვილმა გვითხრა, რომ ამ საბუთს ორშაბათს, 28 ივნისს, გადმოგვცემს.

ალბათ, ბედის ირონიაა, რომ სტალინის ძეგლს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაჩენი სტალინურად - ერთპიროვნულ-პარტიული წესით გამოუტანა და შუაღამისას ისე გააქრო, როგორც სტალინურ-ჩეკისტური რეპრესიული  მანქანა აქრობდა ადამიანებს. თუმცა, საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ახლა სხვა დროა და ხელისუფლება თავის გადაწყვეტილებებსა და ქმედებებში ხალხთან უნდა იყოს ანგარიშვალდებული.

ახალი ამბები