21:18, Sunday, 29.03.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ზუგდიდელები ქალაქში ხეების გაჩეხვას აპროტესტებენ

30.06.2010
ინგა გვასალია, სამეგრელო

რამდენიმე  კვირაა,  ზუგდიდში ხეების მასობრივი გაჩეხვა დაიწყო, რამაც საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების მწვავე პროტესტი გამოიწვია.

თავის დროზე ლევან დადიანმა ზუგდიდში იშვიათი ჯიშის ხეები დარგო.  სამეგრელოს დედოფალმა, ალექსანდრე ჭავჭავაძის ასულმა ეკატერინემ  საფრანგეთიდან ჩამოტანილი ნერგებით გააშენა უმშვენიერესი ბაღი, რომელიც დღემდე ზუგდიდელების სიამაყეა. დღეისთვის ეს სიამაყე საფრთხის წინაშეა – ბაღში არსებული ათობით ასწლოვანი ხე ორიოდე წლის წინ მუნიციპალიტეტის გამგეობის ბრძანებით გაიჩეხა და მის ნაცვლად უცხოეთიდან ჩამოტანილი ძვირადღირებული ნერგები დარგეს.

„კონსერვატიული პარტიის“ ზუგდიდის რაიონული ბიურო გამგეობის წამოწყებას ეწინააღმდეგება. მოძრაობის ადგილობრივი ლიდერი კობა ვაზგანავა ამბობს, რომ ხელისუფლება დადიანისეული ბაღის გაჩეხვას და ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებას გეგმავს.

„ხეების გაჩეხვა ვანდალიზმია. ისინი წლებია, ამშვენებენ ქალაქს. მათ ნაცვლად კი უცხოეთიდან ჩამოიტანეს პატარა ბუჩქები და მას რგავენ. საბიუჯეტო თანხები იხარჯება ამ ნერგებში. ამ დროს, ჩვენს ქვეყანაში იზრდება ათასობით ჯიშის მცენარე. მიკვირს, რატომაა გამგეობა დაინტერესებული, მაინცა და მაინც სხვა ქვეყანაში შეიძინოს ნარგავები. საქმე ისაა, რომ გამგეობას უნდა, მოჭრას ხეები, რათა უცხოეთში (არავინ იცის, ვის საკუთრებაში არსებულ კომპანიაში) 500 დოლარად იყიდოს თითო ნერგი. ეს ყველაფერი, შესაძლოა, ვიღაცის გამდიდრებას, ჯიბის გასქელებას ემსახურებოდეს. მინდა, მოგაწოდოთ ერთი საინტერესო ინფორმაციაც. როგორც შევიტყვეთ, იგეგმება ზუგდიდის დადიანისეული ბოტანიკური ბაღის გარკვეული ტერიტორიის გაჩეხვა და გამოთავისუფლებულ ადგილზე სასტუმროს აშენება. ზუგდიდის მოსახლეობამ არაფრით უნდა დაუშვას მსგავსი რამ“, - აცხადებს კობა ვაზგანავა. 

საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა კახა მიქაიამ კი ქალაქის ცენტრში, ისტორიულ ბულვარში, ორ ყველაზე მაღალ ხეზე გაბმულ ჰამაკში შიმშილობის აქცია დაიწყო. იგი შიმშილობის დაწყების მიზეზად, ბულვარის გაჩეხვის თაობაზე გამგეობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ასახელებს.  მიქაიამ და მისმა თანამოაზრეებმა მანამადე რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან საპროტესტო მანიფესტაცია გამართეს და მთავრობას ქალაქში 2 თვის წინ დაწყებული ხეების მასობრივი გაჩეხვის შეწყვეტა მოსთხოვეს.

ზუგდიდის მკვიდრი მარინა ბაძაღუა ამბობს: „გამგეობა მოსახლეობას ტოვებს ჰაერის გარეშე. ამოძირკვეს და მოჭრეს დიდი ხეები, რომლებიც არ იყო არც გამხმარი და არც რაიმე საფრთხეს ქმნიდა. იტალიიდან და გერმანიიდან ჩამოიტანეს დაფნის ძირები და მთელ ქალაქში რგავენ. პირველ რიგში წინააღმდეგი ვარ რაც ხდება, მაგრამ, თუკი ძველი ხეები მაინც მოჭრეს, ნერგები საქართველოში არ არსებობს? იტალიიდან რატომ უნდა შემოიტანონ?“

ზუგდიდის გამგეობაში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. რაიონის მუნიციპალიტეტის პარტნიორმა, გამწვანების კომპანია შპს „კოლხი პეიზაჟის“ დირექტორმა ბესიკ ჭითანავამ კი გვითხრა, რომ ხეები მხოლოდ საზოგადოებისთვის საფრთხის აცილების მიზნით მოჭრეს. ხოლო იტალიიდან ერთი ნერგის ჩამოტანა (რომელიც მოჭრილ მარადმწვანე ხეებს ჩაანაცვლებს) სახელმწიფოს 32-დან 350 ევრომდე უჯდება: „მოჭრილი ხეები აზიანებდა სამანქანო ტრასას და მოსახლეობის სავალ ნაწილს. რამდენიმე თვის წინ, ძლიერი ქარის დროს, ერთი ასეთი ხე გადატყდა და ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამბობენ, თითქოს ჩვენ უცხოეთში ვყიდულობთ დაფნის ნერგებს. ეს დაფნა არ არის. ეს არის მარადმწვანე მუხა და ჩამოტანილია იტალიის ერთ–ერთი სანერგიდან, რომელსაც ჩვენ ვენდობით. მარადმწვანე მუხის ერთი ნერგი სახელმწიფოს 350 ევრო, ბუჩქები 32 ევრო, ხოლო ფიჭვი 45 ევრო უჯდება. ზუგდიდის რაიონის ბიუჯეტიდან ქალაქის გამწვანებისთვის გამოყოფილია წელიწადში 191 000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი 197 000 ლარი. დარწმუნებული ვარ, 100 წლის შემდეგ ჩემს მიერ დარგული ხე არავის შეუქმნის პრობლემას“.
 
ქალაქის ცენტრში, გამგეობას რიგითი მოქალაქეებიც დაუპირისპირდნენ. იმ შემთხვევაში თუ საზოგადოებრივი მოძრაობის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ზუგდიდელები მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

„ვუერთდები „დაიცავი საქართველოს“ მოთხოვნას. თუ კიდევ ერთი ძირი ხე მოიჭრება, არ ვაპატიებთ გამწვანების სამსახურს. უძველესი ხეები სამარცხვინო ნერგებით ჩაანაცვლეს. ყველა ზუგდიდელს მოვუწოდებ, შეეწინააღმდეგონ გამგეობის ამ საქციელს. ეს ალიკა ქობალია - ზუგდიდის გამგებელი, მთლად ნორმალური არ უნდა იყოს! აბა, საღად მოაზროვნე პიროვნება ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს?!“ - აცხადებს დალი ლატარიამ. მას არც ჟურნალისტი კლარა აბრამია ჩამორჩა: „ეს ხეები ზუგდიდის ფილტვებია. თუ გაბედავს ხელისუფლება და  ბულვარის გაჩეხვასაც დაიწყებს, ხალხი უნდა აჯანყდეს. ადგილობრივი მთავრობა უსუსური და უუნაროა და ასრულებს ცენტრალური ხელისუფლების უგუნურ დავალებას“.

„დაიცავი საქართველოს“ ბრალდებებს ბესიკ ჭითანავა სერიოზულად არ აღიქვამს: „ყველა ჭორს არ დაუჯეროთ! ბულვარის გაჩეხვას არავინ აპირებს. მეგრელებისთვის დიდ ღირებულებას წარმოადგენს ბულვარი და ბოტანიკური ბაღი. თუ ეს ტერიტორია გავჩეხეთ, მაშინ რაღას დავტოვებთ ქალაქში?! სამუშაოები უკვე დასრულებულია. კეთილმოწყობის სამსახურმა მოჭრა დაზიანებული ხეები და მის ნაცვლად დავრგეთ იტალიური ნერგები. ეს იყო სულ მთელი ამბავი“.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

შშმ მსჯავრდებულთა უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში
შვიდი წელია არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრში ვმუშაობ და ამდენივე წელია, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა უფლებრივ მდგომარეობას ვსწავლობ.
ვრცლად...
გორაშვილი vs ნაჭყებია
სიკვდილით სავსე ქალაქი
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC