კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უსახლკაროდ დარჩენილი 14 ოჯახი ამხანაგობის თავმჯდომარეს უჩივის

30 ივნისი, 2010
თამთა კაკაურიძე

თბილისში შარტავას ქ.#75-ის ყოფილი მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ორსართულიანი კორპუსი, რომელიც 14 ოჯახის საკუთრება იყო, 3 წელია, ახალი მშენებლობის დასაწყებად დაანგრიეს.  ოჯახები ახალი ბინების ჩაბარებამდე ქირით ცხოვრობენ. მშენებლობის დაწყება კი უსასრულოდ გაჭიანურდა.

2007 წლის 23 იანვარს მესაკუთრეებს შორის დაიდო ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება, რომლის მიზანი შარტავას ქ.#75-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ შენობის საკუთრებაში მიღება იყო. საცხოვრებელი სახლის შენობის მშენებლობა მოიცავს შენობის სრული კარკასით აღმართვას, ყველა აუცილებელი კომუნიკაციის მიერთებას, გარე ფასადის კარ-ფანჯრებით აღჭურვას და საერთო სარგებლობის ფართების მოპირკეთებას. 2007 წელსვე გაფორმდა ინდივიდუალური ხელშეკრულება ყველა მესაკუთრესთან, თუმცა ბინების მფლობელებს ეჭვი აქვთ, რომ ეს ხელშეკრულებები მათი მოტყუების ერთ-ერთი ხერხი იყო.

ამხანაგობა „შარტავას ქ. #75-2007“’-ის თავმჯდომარე ბადრი გაფრინდაშვილი მესაკუთრეებთან დადებულ პირობას არ ასრულებს.

„ხელშეკრულების თანახმად, ყოველ თვეში 200 დოლარი უნდა გადაეხადა ჩვენი ბინის ქირა და არაფერს გვაძლევს. 3 წელია, პროცენტიანი ვალებით ქირას თავად ვიხდით. ყოველ შეხვედრაზე გვატყუებს - ისესხეთ ფული და მერე გაგისტუმრებთო. ქუჩაში გამოგვყარა, ბინები დაგვინგრია და უსახლკაროდ დაგვტოვა, მეტი შეურაცხყოფა რაღა უნდა მოგვაყენოს?! ამ ბოლო დროს ტელეფონის ზარებსაც არ პასუხობს, ბინაშიც მივაკითხეთ და კარი არ გაგვიღეს“, - აცხადებს ერთ-ერთი მესაკუთრე, დალი კანტიძე.

„ამხანაგობის“ გამგეობის თავმჯდომარე ბადრი გაფრინდაშვილი ასეთ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს: „სახელმწიფო შემოწმების დასკვნაში წერია, რომ ეს ორსართულიანი შენობა ლისის ტბის ფილტრაციამ დააზიანა, კედლები დაბზარული იყო. მესაკუთრეების ნაწილი ამ შენობაში აღარ ცხოვრობდა. მე არაფერი დამინგრევია. ტერიტორიის გაწმენდა ერთობლივი გადაწყვეტილების შემდეგ მოხდა. ამ პიროვნებებმა კი უკვე აშენებულ კორპუსში ახალი ბინები უნდა მიიღონ. ერთადერთი დანაშაული, რაც მათ წინაშე მაქვს, ის არის, რომ ბინის ქირას თავის დროზე ვერ ვუხდი. ესეც არ არის ჩემი ბრალი. ინვესტიციების მოზიდვა ვერ ხერხდება გარკვეული პრობლემების გამო, თუმცა გპირდებით, რომ ყველა პრობლემა ივნისის ბოლომდე მოგვარდება“.

„ამხანაგობის“ მიერ მესაკუთრეებთან გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, ახალი კორპუსის მშენებლობა 2009 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ ტერიტორიაზე ჯერ არაფერი აშენებულა. მხოლოდ საძირკველია ჩასხმული.

ბადრი გაფრინდაშვილი ვერ აკონკრეტებს, როდის განახლდება სამშენებლო სამუშაოები. ეს კიდევ უფრო აღრმავებს მესაკუთრეების ეჭვს, რომ უბინაოდ კიდევ დიდხანს მოუწევთ ყოფნა.

„2009 წლის ბოლოს უკვე აშენებული ბინები უნდა ჩაგვბარებოდა, მაგრამ თქვენც ხედავთ, მხოლოდ საძირკველია ჩაყრილი. თუ ეს ადამიანი ამხანაგობის თავმჯდომარის პოსტზე კიდევ დარჩება, არც კი ვიცით, კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს ლოდინი. მშენებლებს და ინვესტორებს ჩვენთან შეუთანხმებლად ელაპარაკება. ისეთ თანხებს უსახელებს, რომ ყველა ინვესტორი უარს აცხადებს მშენებლობის დაწყებაზე. იძულებულს გვხდის, ვუჩივლოთ და ასე დავიბრუნოთ წართმეული ქონება“, - აცხადებენ მესაკუთრეები. 

ამხანაგობა „შარტავას ქ. #75-2007“-ის გამგეობის წევრებმა რამდენჯერმე განცხადებით მიმართეს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს განყოფილებას. სამმართველოს მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში მითითებული, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება სამოქალაქო დავის საგანს წარმოადგენს და მოსარჩელე მხარეს უფლება აქვს, სარჩელით მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. მესაკუთრეებს სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავთ. თუმცა აპირებენ ეს შანსიც გამოიყენონ თავიანთი ქონების დასაბრუნებლად.

ახალი ამბები