კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მასწავლებლების შემცირება უკვე დაიწყო!

1 ივლისი, 2010
გელა მთივლიშვილი

არჩევნების შემდეგ აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საჯარო სკოლებში პედაგოგთა მასობრივი შემცირება იგეგმებოდა. 17 ივნისს განათლების მინისტრმა  გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. „მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არავითარი მასწავლებელთა შემცირება არ იგეგმებოდა, არ იგეგმება და არ შეიძლება დაიგეგმოს“, - აღნიშნა შაშკინმა. ამ განცხადების მიუხედავად, საჯარო სკოლების დირექტორებმა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ უკვე გააფრთხილეს მასწავლებლები, რომლებსაც 18 სასწავლო საათი არა აქვთ.

ქალაქ გურჯაანის, მე-2 საჯარო სკოლის მასწავლებელი:(ვინაობას რესპონდენტების თხოვნით არ ვამჟღავნებთ): „სკოლის დირექტორმა მანანა გზირიშვილმა თათბირი ჩაატარა და გამოგვიცხადა, რომ ვისაც 18 სასწავლო საათი არა გვაქვს და ვინც აქამდე მისი მხრიდან რაიმე შეღავათებით ვსარგებლობდით, ვეღარ ვისარგებლებთ. ჩვენ ვკითხეთ - თუ ორი მასწავლებელი ვართ ერთ საგანში და არც ერთს გვაქვს 18 საათი, შევსების დროს რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებდა. ამაზე გვითხრა, რომ პრიორიტეტს ახალგაზრდას მიანიჭებს. რაც შეეხება პენსიონერ მასწავლებლებს, დირექტორმა განაცხადა, რომ მტკივნეული იქნება, მაგრამ დიდი ალბათობით პენსიონერ მასწავლებლებს სამსახურის დატოვება მოუწევთ. ამ თათბირის შემდეგ დაიწყეს მასწავლებლებმა სირბილი რესურს-ცენტრში, გამგეობაში, გუბერნატორის ადმინისტრაციაში, ვისაც სად შეეძლო მისვლა. თათბირიდან რამდენიმე დღე გავიდა და დირექტორი ზოგიერთი მასწავლებლის მიმართ პოზიციას უკვე ამჟღავნებს, რომ ის სკოლაში დარჩება და ვისაც გაშვებას გვიპირებს, ისიც კი გვითხრა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ საჩივრით არავის არ უნდა მივმართოთ. მინისტრის დავალებაა, რომ ამ პროცესმა უხმაუროდ უნდა ჩაიაროს და თუ საჩივარს სადმე შეიტანთ, თქვენი ოჯახის წევრებს პრობლემები შეექმნებათო, - ასე დაგვემუქრა სკოლის დირექტორი“.

ხმეტის მე-2 საჯარო სკოლის მასწავლებელი: „ტარიფიკაციები ასე ადრე არასოდეს  შეუდგენიათ. საათებს ყოველთვის სექტემბერში ანაწილებდნენ. დირექტორებმა ტარიფიკაციები რესურს-ცენტრში უკვე წარადგინეს. როგორც ვიცი, ამ ტარიფიკაციაში დაახლოებით 10 პედაგოგი ვეღარ მოვხვდით, ვისაც 7-14 საათი გვქონდა. გაფრთხილებაზე ხელიც მოგვაწერინეს. გვითხრეს, რომ ზაფხულის ხელფასს ავიღებთ და სექტემბრიდან სკოლაში აღარ ვიმუშავებთ. დირექტორი ამბობს, რესურს-ცენტრიდან დამავალესო, რესურს-ცენტრი სამინისტროს აბრალებს, მინისტრი უარყოფს“.

ჩვენთან არაოფიციალურ საუბარში რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებმა დაადასტურეს, რომ სკოლის დირექტორებმა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მასწავლებლები წერილობით ნამდვილად გააფრთხილეს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სამინისტროს ერთადერთი თხოვნა სკოლის დირექტორების მიმართ იყო ის, რომ მასწავლებლებისთვის საათები სამართლიანად გადაენაწილებინათ.

„სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს სამინისტროს მხრიდან იყო მითითება სკოლაში დარჩეს მხოლოდ 18 სასწავლო საათის მქონე პედაგოგი. სკოლის დირექტორების მიმართ სამინისტროს ერთადერთი თხოვნა იყო - სამართლიანად  გადაენაწილებინათ მასწავლებლებისთვის საათები, რაზეც დამოკიდებულია პედაგოგთა ხელფასები. სკოლების დირექტორებს ვთხოვეთ, წარმოადგინონ საშტატო განრიგები, რათა შევძლოთ მასწავლებლების ხელფასების მომატება. რეგიონებში პროცესი 20 ივნისიდან დაიწყო და 1 აგვისტომდე დასრულდება. მასწავლებლის სრული განაკვეთი 18 საათია, ზედმეტ საათებში მუშაობას კი პედაგოგს სახელმწიფო არ უნაზღაურებს. ბევრ სკოლაში არიან მასწავლებლები, რომლებსაც მაგალითად, მათემატიკაში ან ქართულ ენაში 23 ან 21, ზოგს კი მხოლოდ 15 საათი აქვს. ჩვენ ვთხოვეთ დირექტორებს, საათები ისე გადანაწილდეს, რომ მასწავლებლებმა სრული განაკვეთი და შესაბამისად, მეტი ხელფასი მიიღონ. ჩვენი თხოვნა იყო, პირველ რიგში მიეცათ მასწავლებლებისთვის შესაძლებლობა, სრული განაკვეთის 18 საათი აეღოთ. ამის შემდეგ კი, ნაკლები საათობრივი დატვირთვა წარმოედგინათ“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ცნობით, სკოლებში მასწავლებლების შემცირება მართლაც არის დაგეგმილი და განათლების მინისტრი საზოგადოებას ატყუებს.

„საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს უკვე მომართეს პედაგოგებმა, რომლებიც მინისტრის ახალი „ინიციატივის“ მსხვერპლნი გახდნენ. პედაგოგებს ხელს აწერინებენ გაფრთხილების ფურცელზე, რომ რეორგანიზაციის გამო, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ისინი გაფრთხილებულნი არიან სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების ან საათობრივი დატვირთვის შემცირების შესახებ. პროფკავშირში გვაქვს ინფორმაცია ყველა რაიონიდან, სადაც დირექტორებმა მასწავლებლებს მომავალი სასწავლო წლისთვის საათები სწორედ მინისტრის ზეპირი განკარგულების საფუძველზე აღარ მისცეს, რის შედეგადაც პედაგოგები უმუშევრები დარჩნენ“, - აღნიშნავს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მაია ლიპარტელიანი.

მისივე თქმით, სკოლის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის შეთანხმება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სიახლე არ არის: „პრობლემა ისაა, რომ სამინისტრო არ ასრულებდა კანონით მასზე დაკისრებულ ფუნქციას. კერძოდ, ყველა საჯარო სკოლის დირექტორი წარადგენდა საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს სამინისტროში დასამტკიცებლად და პასუხსაც ვერ იღებდნენ, დაუმტკიცეს თუ - არა“.

„მასწავლებლის საათობრივი დატვირთვის სახეები განსაზღვრულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებით, რომლის მიხედვითაც მასწავლებელს შეიძლება ჰქონდეს ნაწილობრივი, სრული და სრულზე მეტი დატვირთვა. ის ფაქტი, რომ ზოგ მასწავლებელს 23 ან 21 საათი აქვს, ხოლო ზოგს - 15 საათი, ეს დამოკიდებულია ეროვნულ სასწავლო გეგმასა და სასკოლო სასწავლო გეგმაზე, რომელთა მიხედვით განისაზღვრება ამა თუ იმ კლასში რამდენი საგაკვეთილო საათი ეთმობა საგანს. მაგალითად, თუ ქართულ ენასა და ლიტერატურაში კვირაში 21 საათი უნდა ჩაატაროს მე-10 კლასის მასწავლებელმა, როგორ შეიძლება, რომ მას მოაკლო 7 საათი და სხვა, მეორე მასწავლებელი შეუშვა იმავე კლასში? გამოდის, რომ ერთი და იგივე კლასში ორი სხვადასხვა მასწავლებელი ასწავლის. ასევე, ერთ კონკრეტულ საგანში არის სამი პედაგოგი - ერთს აქვს 8, მეორეს 12 და მესამეს 14 საათი, როგორ უნდა შეავსოს დირექტორმა ამ პედაგოგების საათობრივი განაკვეთები 18 საათამდე, ისე, რომ ერთიც არ წავიდეს სკოლიდან? ამასთან, რომელი საკანონმდებლო ნორმის, რა კრიტერიუმის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს დირექტორმა, რომელ მასწავლებელს ჩამოართვას საგაკვეთილო საათი და რომელს მისცეს? თუ მინისტრის ინიციატივის მიზანი მასწავლებელთა ხელფასების მომატებაა, მაშინ შესაბამისი ცვლილება უნდა განხორცილდეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებაში და მასწავლებლებს მიეცეთ ანაზღაურება იმ საგაკვეთილო საათებზე, რომელიც 18 საათს აღემატება. ეს საკითხი ჩვენ არაერთხელ დავაყენეთ. მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტმა ჩვენთან შეხვედრის დროს დაავალა სამინისტროს, რომ აენაზღაურებინათ ეს საათები, მაგრამ - უშედეგოდ. ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, 18 საგაკვეთილო საათს 1 მასწავლებელი ჩაატარებს თუ 18 მასწავლებელი, დაახლოებით ერთი და იგივე ანაზღაურება უნდა გაიცეს სკოლის ბიუჯეტიდან. განათლების რეფორმის არსი ამ მიმართულებით ის იყო, რომ მასწავლებელი დაინტერესებული არ უნდა ყოფილიყო ბევრი საათების ჩატარებით, რაც შესაბამისად, ხარისხიანი გაკვეთილის ჩატარების გარანტი იქნებოდა“, - ამბობს მაია ლიპარტელიანი.

ახალი ამბები