კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნაციონალებს“ შედეგი აქვთ უზარმაზააარი - ძველი ბიუროკრატია და დავიწყებული ადამიანები რუსთავში

1 ივლისი, 2010
მანონ  ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქალაქ რუსთავის ახალ საკრებულოში  4 ოპოზიციონერი და 21 „ნაციონალი“ დეპუტატია.  პირველი სხდომის დაწყებიდან 20 წუთში მერიის შენობაში ელექტროენერგია გაითიშა. „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“ – მაშინვე აღნიშნეს საკრებულოს „ნაციონალმა“ წევრებმა. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს რუსთავის მმართველობისთვის არანაირი სიახლე არ მოუტანია. ხმათა უმრავლესობით საკრებულომ ქალაქის მერად კვლავ მამუკა ჩიქოვანი აირჩია. საკრებულოს ხელმძღვანელის თანამდებობაც ისევ ძველ თავმჯდომარეს, კახა გურგენიძეს შერჩა.

რუსთავის საკრებულოში 4 ქალბატონი მოხვდა. მათ ქვემო ქართლის გუბერნატორის დავით კირკიტაძისგან საჩუქრად თაიგულები გადასცეს. შესაშურ განწყობაზე იყო ჩვენი ყოფილი რესპოდენტი, ახალი საკრებულოს „ნაციონალი“ წევრი მამუკა აბულაძე, რომელიც არჩევნებამდე მუქარანარევად გვირჩევდა, მისთვის არასასიამოვნო მასალა არ გამოგვექვეყნებინა. „შედეგი გვაქვს უზარმაზააააარი“ – იძახდა აბულაძე სამტრედიული კილოთი.                              

უშუქობა რომ არა, ყველაფერი საზეიმო  ვითარებაში ჩაივლიდა. „მე ცრურწმენების არ მჯერა და არ ვფიქრობ, რომ საკრებულოს პირველ სხდომაზე შუქის ჩაქრობა რაიმე ცუდის ნიშანი იყოს. შუქის წასვლის მიზეზი გზის მშენებლობაა. ჩვენი პრიორიტეტებია უამრავი პრობლემის მოგვარება, რაც რუსთაველებს აწუხებთ.  პირველ რიგში აუცილებელია მათი უზრუნველყოფა სამუშაო ადგილებით“, - განაცხადა რუსთავის ძველმა და უკვე ახალმა მერმა მამუკა ჩიქოვანმა.

საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ მერიის კიბეებზე მოქალაქე ნინა ბერელიძე შეგვხვდა. მან გვთხოვა დავინეტერესებულიყავით მისი მეზობლის გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობებით. ქალბატონი ნინა თავის მეზობლად ახალი საკრებულოს წევრების წაყვანას აპირებდა. თუმცა, ისე მოხდა, რომ მის მეზობელს - როსტომ მაღრაძეს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ესტუმრა.

„15 წელია, ეს კაცი არაადამიანურ პირობებში ცხოვრობს. მეზობლების გარდა, არავინ ჰყავს ლუკმის მიმწოდებელი. ჩვენ რომ რიგ-რიგობით ერთი ჯამი სადილი არ მივაწოდოთ, შიმშილით მოკვდება. არადა, 50-წლის კაცია. კარგი ადამიანია“, - გვითხრა მაღრაძის მეზობელმა მაია ბაცანიძემ.

მეზობლების თქმით, უკვე არაერთხელ მიმართეს მერიას განცხადებით, მაგრამ მათ მეზობელს არავინ დახმარებია. როსტომ მაღრაძე რუსთავში ყოფილ საერთო საცხოვრებელში, ბათუმის ქ. #19 ცხოვრობს. შენობის პირველ სართულზე, რომლის შესასვლელში იატაკია აყრილი და სარდაფი ჩანს, ფიცრებია გადებული. ამ ფიცრებით მაღრაძის საცხოვრებელში შევდივართ. კარი ანჯამებიდან ამოგდებულია, ან შეიძლება ითქვას, საერთოდ სხვა ოთახისაა და უბრალოდ, მისაფარებლადაა გამოყენებული. დამტვრეული სკამებისა და ადგილ-ადგილ ამომწვარი გადასაფარებლებისგან საწოლი გაკეთებული. გვერდით კი ოთახი პლასტმასის ბოთლებითაა გაყოფილი. ფანჯრებს მინების ნაცვლად დახეული ნაჭრები ჰკიდია.

„რუსთავში 1966 წლიდან ვცხოვრობ. თავიდან ქიმიურ ქარხანაში ვმუშაობდი, შემდეგ - მეტალურგიაში. მაშინ მეტალურგიის თანამშრომები აქეთ გადმოგვიყვანეს საცხოვრებლად და აქ დავრჩი. ამჟამად არც სამსახური და არც საბუთები მაქვს (საბუთები მომპარეს).  მეზობლები მარჩენენ. ძალიან ვთხოვ ქალაქის ხელმძღვანელობას, დამეხმაროს. მეც მინდა, თავი ადამიანად ვიგრძნო“, – ამბობს როსტომ მაღრაძე.

ბათუმის ქ. #19 ნომერში მცხოვრებნი ამ შენობის ავარიულ მდგომარეობაზე ჩივიან. საერთო საპირფარეშოები და მოუწესრიგებელი კანალიზაცია ის თემებია, რაზეც ისინი აპირებენ, ახალ საკრებულოს მიმართონ. მათი თქმით, საკრებულოს ახალ წევრებს ერთ-ერთი პირველი მათი შენობის მდგომარებისა და ბატონი როსტომის დახმარება მოუწევთ.

თვითმმართველობის ახალი არჩევნებით რუსთავმა ძველი ბიუროკრატია შეინარჩუნა. რუსთაველების პრობლემების მცოდნე „ნაციონალებს“ ლოზუნგი „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“, ალბათ, მომდევნო არჩევნებშიც გამოადგებათ. თუმცა, საკითხავია, ახალი საკრებულოს წევრებიდან საქმისთვის ვინმე თუ მოიცლის. 

ახალი ამბები