კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავით წიქარიშვილი: „გყავს პატრონი - დარჩები სკოლაში, არ გყავს პატრონი - წახვალ“

5 ივლისი, 2010
ნინო გელაშვილი

ბოლო კვირის განმავლობაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრის საპირისპირო მტკიცების მიუხედავად, სკოლებში მასწავლებელთა მასობრივი შემცირება დაიწყო. მინისტრ დიმიტრი შაშკინის თქმით, პედაგოგთა შემცირება არ მოხდება, სამინისტრო სკოლებს მხოლოდ მასწავლებელთა სამართლიანი დატვირთვის რეკომენდაციას აძლევს. „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ სკოლებში მიმდინარე პროცესებზე განათლების მუშაკთა თავისუფალი პროფესიული კავშირის - „ერთობის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, დავით წიქარიშვილი ესაუბრება.

- ბატონო დავით, სამსახურის გარეშე დარჩენილ განაწყენებულ მასწავლებლებს სკოლის დირექტორები სამინისტროში ამისამართებენ. თავად სამინისტრო მცირე დატვირთვის მქონე მასწავლებელთა გათავისუფლების ბრძანებას უარყოფს. რასთან გვაქვს საქმე? 
 
- საქმე გვაქვს სატელეფონო ბრძანებასთან. მინისტრი ამ ბრძანებას წერილობით ვერ გამოსცემდა, რადგან მის უფლებამოსილებაში ასეთი ბრძანების გაცემა არ არის. ეს იმიტომ, რომ სახელმწიფო აფინანსებს ბავშვს და არა მასწავლებელს. მასწავლებლის ხელფასი დამოკიდებულია იმ საათების რაოდენობაზე, რომელსაც ის ატარებს. მე-5 კლასში რომ მიდის ბავშვი, იმისთვის გამოყოფილია ვაუჩერი და არსებობს ამ ვაუჩერის შესაბამისი სასწავლო გეგმა. ამდენად, არავითარი პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, ამ ბავშვს გაკვეთილს ჩაუტარებს 18-საათიანი, 24 საათიანი თუ 12 საათიანი დატვირთვის მქონე მასწავლებელი. შესაბამისად, არავითარ ეკონომიას ეს არ იძლევა. მინისტრი ცდილობს, თქვას, რომ ამას ვაკეთებ არა მე, არამედ აკეთებენ სკოლის დირექტორები. სკოლას აქვს ავტონომია და ამ ავტონომიაში უხეში ჩარევისგან მინისტრმა თავი შეიკავა. 

- ზეპირი ბრძანება მხოლოდ იმიტომ გაიცა, რომ სკოლის ავტონომია არ დაირღვას?

- მარტო მაგიტომ არა. სინამდვილეში პასუხისმგებლები ნამდვილად სკოლის დირექტორები იქნებიან, მაგრამ სკოლის დირექტორები ამბობენ, რომ ამას აკეთებენ რესურს-ცენტრები.სინამდვილეში, რესუსრს-ცენტრები სკოლის დირექტორებს აძლევენ საშტატო განრიგს და ეუბნებიან - შენ როგორც გინდა, ისე გააკეთე. რესურს-ცენტრისგან სკოლის დირექტორს არავითარი წერილობითი მითითება არ გააჩნია, თქვას, რომ აი, ამის საფუძველზე გავაკეთე ეს. ხოლო პასუხისმგებელი სასამართლოში, ცხადია, სკოლის დირექტორი იქნება.  

- რამდენად სამართლიანია მასწავლებლისთვის 18-საათიანი დატვირთვის მოთხოვნა?

- შემცირების პრინციპად ნამდვილად არ არის არჩეული 18 სასწავლო საათის ქონა-არქონა. ჯერ ერთი, ზუსტად 18 საათის გამომუშავება მასწავლებლისთვის შეუძლებელია. ამ სატელეფონო ბრძანებაში, როგორც ჩანს, იგულისხმება, მინიმუმ 18 საათი, მაგრამ 36 საათის ზუსტად ორ მასწავლებელზე განაწილებას ვერავინ შეძლებს-იმიტომ,რომ არსებობს გაკვეთილების ცხრილი და უაზრობაა,ერთსადაიმავე კლასში კვირაში 2 გაკვეთილს ერთ საგანში ერთი მასწავლებელი ატარებდეს და მესამეს-სხვა. ამიტომ მცირე საათებზე მომუშავე მასწალებელი თუ წავა, ის საათები გადანაწილდება ორ მასწავლებელზე არათანაბრად, ან ერთს მიეცემა. ერთ მასწავლებელს გამოუვა 22-24 საათი და ეს ძალიან ბევრია. შესაბამისად, საქმე გვაქვს სულ სხვა პრინციპთან. პრინციპი არის არა მცირესაათიანი მასწავლებლების წასვლა, პრინციპი არის სულ სხვა.  

- მაინც რა?

- როგორც იკვეთება მასწავლებელთა შემცირების პრინციპი და მიზეზი არ არის საბიუჯეტო სახსრების ეკონომია. ხოლო, სხვა რა მიზანი უნდა ჰქონდეს სამინისტროს, ეს არ ჩანს. ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიცი, რა მიზანს ისახავს ეს ყველაფერი. ალბათ, მარტო იმისთვის კეთდება, რომ მერე თქვან - აი, მასწავლებლებს ხელფასები მოვუმატეთო.

- ანუ ეს მხოლოდ პიარის ნაწილია?

- დიახ, მაგრამ თვითონ მასწავლებლებს რაც შეეხება, არც ის 23 თუ 24-საათიანი დატვირტვის მქონე მასწავლებელი იქნება დალხინებული, რადგან ხუთ დღეში ჩატარებული 24 გაკვეთილი ნიშნავს ძალიან მძიმე დატვირთვას. ჯერ ერთი, ყველა გაკვეთილი თანაბრად პროდუქტიული ვერ იქნება. ძალიან მყარი ნერვული სისტემაა საჭირო, ძალიან დიდი ძალის პატრონი უნდა იყოს მასწავლებელი, რომ თუნდაც 3 თვის განმავლობაში მოახერხოს ყველა გაკვეთილი ასე თუ ისე ნაყოფიერი ჰქონდეს კვირაში 24 საათის განმავლობაში, ხანგრძლივი დასვენების გარეშე.

- ერთი საგნის მასწავლებელს თითქმის არასრული და თანაბარი დატვირთვა როცა აქვს, რა შეიძლება იყოს კრიტერიუმი მისი სკოლაში დასარჩენად? რამდენიმე სკოლაში ასეთ კრიტერიუმად ასაკი დაასახელეს... 

- რაიონებში და რეგიონებში ყველაფერი მარტივია, ყველა ყველას იცნობს და გასაგებია, რომ პიროვნული ურთიერთობები ითამაშებს აქ დიდ როლს. გამგებლის რძალს ხომ არ გააგდებენ სკოლიდან?!.. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სკოლებში დიდი აურზაურით აირჩიეს სამეურვეო საბჭოები და დაიწყეს მტკიცება, რომ  სამეურვეო საბჭო არის უზარმაზარი ნახტომი ქართული განათლების ისტორიაში. კი, ბატონო, მაგრამ სწორედ სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების სფეროა, გადაწყვიტოს, რომელი მასწავლებელი რამდენ შტატზე უნდა იყოს. ასევე საბიუჯეტო სახსრების თავისუფალი ნაწილი და არასაბიუჯეტო სახსრები მთლიანად არის სამეურვეო საბჭოების კისერზე. არც ერთ ქალაქში, გარანტიას გაძლევთ, მე არ გამიგია სამეურვეო საბჭოს თავისი აზრი მაინც გამოეხატოს ან მისთვის ვინმეს რაიმე ეკითხოს. აქ ჩანს დემოკრატიის თავისებურება ჩვენს სკოლებსა და განათლების სისტემაში.

- შეიძლება მასწავლებელთა შერჩევა პოლიტიკური ნიშნით მოხდეს?

- პოლიტიკა საქართველოში უკვე ერევა ყველაფერში, მაგრამ ერთი ასეთი დეტალი მინდა გითხრათ, რომ ბევრ მასწავლებელს, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალების“ მხარეს მუშაობდა, ახლა ათავისუფლებენ, რადგან პატრონი არ ჰყავს. კორუფცია და პატრონი წყვეტს სკოლაში მასწავლებელთა დარჩენა-არდარჩენას და არა პოლიტიკა. იგივე გამგებლის რძლის მაგალითი ავიღოთ... გნებავთ, ამას პოლიტიკა დაარქვით, გნებავთ - კორუფცია. მე ეს კორუფცია მგონია. რაც შეეხება თვითონ პრინციპს, ასეთი პრინციპია: გყავს პატრონი - დარჩები სკოლაში, არ გყავს პატრონი - წახვალ.

- წელს იწყება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები. ეს გამოცდები ხომ ისედაც გამოიწვევდა მასწავლებელთა გაცხრილვას. მაშინ რაღა საჭირო იყო წინასწარ ასეთი ზომების მიღება?

- ჯერ ერთი, სერტიფიცირება მასწავლებლებს ვერ გაცხრილავს, იმიტომ, რომ საქართველოს კანონმდებლობაში რაც გინდა ჩაწერო, საერთაშორისო კანონმდებლობას აქვს თავისი წესები. მარტო იმიტომ, რომ მასწავლებელმა ვერ ჩააბარა რაღაცა, თუ მისი შრომის ნაყოფიერება არის ნორმალური, მისი მოსწავლეები კარგ შედეგებს აჩვენებენ, ამ დროს რაღაცა სისულელის გამო მასწავლებლის სკოლიდან გაშვება გამორიცხულია. ეს ყველამ იცის.

რაც შეეხება მიმდინარე პროცესების კავშირს სერტიფიცირებასთან, მასწავლებელებს, რომელთაც ახლა სკოლებიდან გაყრიან, არ ეძლევათ სერტიფიცირებაში მონაწილეობის უფლება. წარდგენა უნდა გააკეთოს სკოლამ ან რესურს-ცენტრმა. ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტის სტადიაშია, მაგრამ უდავოა, რომ უმუშევარ მასწავლებელს, დებულების პროექტით, სერტიფიცირებაში მონაწილეობის უფლება აქამდე არ ჰქონდა. ესენი, როგორც წესი, „უპატრონო“ მასწავლებლები არიან. სხვაგვარად, მათ ექნებოდათ სრული შტატი და არა ნაკლები.

ახალი ამბები