კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის გუბერნატორი საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, ჟურნალისტებთან ურთიერთობისას მეტი ტაქტი გამოიჩინონ

6 ივლისი, 2010
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის  გამგებლის მიერ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილისთვის  ვიდეოკამერის დაზიანების ფაქტზე კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა კომენტარი გააკეთა. გუბერნატორი  საჯარო მოხელეებს  მოუწოდებს, ჟურნალისტებთან ურთიერთობისას მეტი ტაქტი გამოიჩინონ.

„ძალიან ვწუხვარ გამგებელსა და ჟურნალისტს შორის მომხდარი უთანხმოების გამო, თუმცა თავად გამგებელი ამ ფაქტს არ ადასტურებს. პირადად მე კონსტრუქციული ურთიერთობები მაქვს კახეთის რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებთან და მათ შორის გელა მთივლიშვილთან. მოვუწოდებ ყველას განსაკუთრებული ტაქტი გამოიჩინონ ჟურნალისტებთან ურთიერთობაში“, - აღნიშნავს ღვინიაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ვიდეოკამერა დაუზიანა. ინციდენტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან შაბათს, 3 ივლისს მოხდა, როცა ჟურნალისტი მოსახლეობის ბრალდებებთან დაკავშირებით გამგებლის კომენტარის ჩაწერას ცდილობდა.

 „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ლია ხუროშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ჟურნალისტისთვის კამერის დაზიანების ფაქტს დანაშაულებრივ ქმედებად აფასებს. მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით, საინფორმაციო საშუალებებით ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, პროკურატურა ვალდებული იყო გამოძიება დაეწყო.

„მთივლიშვილმა პოლიციას რომ მიმართოს განცხადებით, გამოძიება კი დაიწყება, იმიტომ, რომ ამას სისხლის სამართლის საპროცესო კანონი ავალდებულებთ, მაგრამ გამოძიება აღარ დასრულდება, ისევე, როგორც არ დასრულებულა ათობით საქმეზე, რომელიც ჟურნალისტებზე თავდასხმებს, მუქარებს, მკვლელობის მცდელობას, ცემას და სხვა დანაშაულებს ეხება. პოლიცია და პროკურატურა გუბერნატორის ნების წინააღმდეგ არ წავლენ. როცა გუბერნატორი არ გმობს დაუსჯელობის სინდრომით გათავხედებული გამგებლის დანაშაულებრივ ქმედებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ის თავისი უმოქმედობით ამას ხელს უწყობს“, - აღნიშნავს ხუროშვილი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის თამარ გურჩიანის  განცხადებით, როცა საჯარო მოხელე ჟურნალისტს საზოგადოებისთვის საინტერესო თემაზე სრულყოფილად  მუშაობის საშუალებას არ მისცემს, ეს არის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლა, რაც დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით. 

„კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე რა ინფორმაციაც  არის განთავსებული, ასეთ შემთხვევაში, დანაშაულთან გვაქვს საქმე. საჯარო მოხელე ვალდებულია, ხელი შეუწყოს ჟურნალისტს ახალი ამბების მომზადებაში და არა პირიქით. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები რეგიონებში ხშირად ხდება“, - აღნიშნავს გურჩიანი.

საქართველოს რეგიონული  მედიის ასოციაციის თავმჯდომარის ია მამალაძის განცხადებით, „ჩინოვნიკები ისე არიან გათავხედებულები, რომ არაფერს აღარ ერიდებიან. „სამწუხაროა, რომ ახლადდანიშნული გამგებელი ასე იწყებს თავის საქმიანობას“, - აცხადებს მამალაძე.


ახალი ამბები